გიორგი და ეკა უკვე 15 წუთზე მეტი იყო, რაც პოტენციური კლიენტი კომპანიის დამფუძნებლის კაბინეტში ისხდნენ.
გიორგი ბლოკნოტს უკირკიტებდა, ეკა კი მაგიდაზე მის წინ დადებულ საგნებს აკვირდებოდა. ხუთი საათი იდო სწორ ხაზზე და სინქრონულად წიკწიკებდა.
კაბინეტში შემოსვლამდე მდივანმა მოკრძალებული ღიმილით გააფრთხილა, რომ მხოლოდ 15 წუთი ჰქონდათ. ბატონი ირაკლი ძალიან დაკავებული იყო. იმდენად, რომ ჯერაც არ ჩანდა.
მდივანმა შემოიხედა და ყავის დამატება შესთავაზა. ორივემ თავაზიანად გააქნია თავი.
რამდენიმე წუთში ბატონი ირაკლიც მოვიდა.
– ახალ აღმასრულებელ ასისტენტს ვარჩევთ და გასაუბრებაზე შემაყოვნეს… – ორივეს ბოდიში მოუხადა და თავის სკამში ჩაჯდა. დროის დაკარგვა არც ერთს აღარ უნდოდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ.
მშვიდი ტონით ყვებოდა თავისი კომპანიის შესახებ, საიდან გაუჩნდა დაფუძნების იდეა, მანამდე რას საქმიანობდა, იმის მერე რა გზა გაიარა… თითები ერთმანეთზე ჰქონდა გადაჭდობილი. ჯერ გიორგის შეხედავდა ხოლმე თვალებში, მერე ეკას, რომელსაც ლეპტოპი ედო წინ და ცდილობდა მისი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა.
– პრობლემა იმაშია, რომ ძალიანაა ხარჯები გაზრდილი. რომ შეადაროთ წინა წლებს… აი უზომოდ… შემოსავლები კიდევ შემცირებულია. მე მგონია, რო ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში.
– ხარჯებში რას უკავია ყველაზე დიდი ადგილი?
ბატონი ირაკლი უფრო მოიხარა და ტუჩები მომუწა. კარებისკენ გაიხედა, თითქოს ვიღაცას ელოდებაო. მერე მათკენ გადმოიხარა და თითქმის ჩურჩულით თქვა:
– მოკლედ, ხელფასებში არის ყველაზე დიდი გარღვევა. ხარჯების ყველაზე დიდი წილი მაგაზე მოდის.
დიდი ამბავიო, გაიფიქრა ეკამ და ჩაწერა შეაჩერა. ხელფასები რომელ კომპანიაში არაა დიდი ხარჯი. გიორგის გახედა, რომელიც ჩვეული წარბშეკვრით უყურებდა ბატონ ირაკლის.
– და როგორ მივიდა მაქამდე საქმე?
– ნუ… მოდი ასე ვთქვათ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროება იყო. – წარბები აწია, თითქოს აშკარა უნდა ყოფილიყო, რა იგულისხმებოდა მისი სიტყვებით. – ურთიერთობები, კავშირები, სტაბილურობა… ხო ხვდებით? გეოპოლიტიკური სიტუაციაც გასათვალისწინებელი იყო…
გიორგი გაჩერდა. ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და გადაშლილი ბლოკნოტი ისევ კალთაზე ედო. მერე ისევ ჰკითხა:
– და… ახლა თქვენი აზრით, აღარაა ეგ საჭიროებები?
– მმ… ზოგი კი, ზოგი არა. – ბატონმა ირაკლიმ ჩაახველა. მერე შუაში დადებულ საათს მოკიდა ხელი, ვერცხლისფერს. მაჯაზე რომელიც ეკეთა, ის მოიხსნა და ამ საათით ჩაანაცვლა. მოხსნილი კი ფრთხილად დადო მის ადგილას.
– მოკლედ, თქვენგან ეგ გვჭირდება ზუსტად. ამ ხარჯების შემცირებაში უნდა დაგვეხმაროთ, თორე ძალიან დიდ ზარალზე გავალთ მალე. უნდა გავიგოთ, ვინ რა დატვირთვით მუშაობს, ვინაა ზედმეტი…
ამ ერთმა სიტყვამ შუქურასავით გაუელვა ეკას თავში.
– ხალხის გაშვებას გულისხმობთ? – ინსტინქტურად იკითხა.
ამჯერად თვითონ იგრძნო გიორგის მზერა და სახე გაუხურდა.
ბატონმა ირაკლიმ ისევ ისე მომუწა პირი და თავი გააქნია.
– მმ… არა, მთლად ეგრეც არა… უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ სადაა ყველაზე მეტი გარღვევა…
– დიაგნოსტიკას ჩავატარებთ, გავესაუბრებით თანამშრომლებს და გაგიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს. – უთხრა გიორგიმ და ბლოკნოტი დახურა.
*
მაღვიძარა მეხუთედ გამორთო და დამძიმებული თვალები ძლივს გაახილა.
ოდნავ რომ გამოერკვა ძილბურანიდან, მობილურს გადაწვდა და ეკრანს დახედა.
11-ის ნახევარი იყო. 11-ზე პატარა ქოლი ჰქონდა. მანამდე იყო ჯერ დრო.
თავი უსკდებოდა. ყელი წყალს ითხოვდა.
ოცდაათამდე მესიჯი ჰქონდა.
ჩათებს ჩამოუარა.
„მიღებულია“ „ვადასტურებ“ – უცებ მიიწერა რამდენიმეგან.
„ჩაგიგდებ მაგის ნომერს მოგვიანებით.“ – მიწერა სხვას.
ჩატიდან მესიჯი – „გაშვებულია ეგ პარტია“ – გადააკოპირა და მენეჯერების ჩატში ჩააგდო.
მერე ადმინისტრაციული ასისტენტის მესიჯი გახსნა. სწერდა, რომ ვიღაც კონსულტანტები იყვნენ მოსულები კომპანიაში, ირაკლის დაუქირავებია. „გასაუბრება უნდათ თანამშრომლებთან. აინტერესებთ აქ როგორ მოხვდი, რას აკეთებ და ეგეთები…“
„არ მცალია ის კვირა“ – მიწერა და მობილური გადადო. იბიცაზე მიდიოდნენ მეგობრები. თან ეგეთი გასაუბრება მაინც დროის კარგვა იყო. გაგებული ჰქონდა ამ კონსულტანტებზე, ყურმოკვრით.
ცოტა ხანიც, და ადგებოდა. რაღაცები ჰქონდა საყიდელი, მოლშიც უნდა გასულიყო. საათის სამაჯური ჰქონდა გამოსაცვლელი. მანქანებსაც შეათვალიერებდა მერე. ახალ მაზერატიზე ედგა თვალი. შემდეგ ხელფასზე უეჭველად გამოიყვანდა.
ტელეფონმა დაიბზუილა და ისევ გადაწვდა. „45 წუთი უნდათ მარტო. მეტს არ მოგაცდენენ.“
45 წუთიც დიდი დროა.
ამოიხვნეშა.
„კაი ჩამისვი ხვალ შუადღეზე. ოღონდ ონლაინ“, მიწერა და ნელ-ნელა წამოდგა, ნაბახუსევი თავი კიდევ უფრო რომ არ შეერყია.
„შემცირებებს ხო არ აპირებენ…“ გაუელვა თავში. უსიამოვნოდ დაუარა ტანში ამ აზრმა.
იქნებ მაინც ჯობდა დალაპარაკებოდა. ხომ უნდა სცოდნოდათ, როგორი მნიშვნელოვანი თანამშრომელი იყო.
წამოდგა და მძიმედ დაიძრა აბაზანისკენ.
*
ეკასთვის უკვე მესამე ინტერვიუ იყო იმ დღეს. პოზიციის დასახელებებს კი სიტყვები ემატებოდა და ემატებოდა.
საოპერაციო მიმართულების ბიზნეს სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.
ამჯერად ცისფერ პერანგში გამოწყობილი, მაღალი შავგვრემანი კაცი შემოვიდა ოთახში.
მკლავი შემოეხვია ლეპტოპისთვის და ბლოკნოტისთვის. მეორე ხელში ყავის ჭიქა ეკავა.
უცებ დაიკავა ადგილი და ყველაფერი ფრთხილად დაალაგა ეკას წინ.
ეკა გაეცნო და მოკლედ გამოკითხა, ამ კომპანიაში მოსვლამდე რას საქმიანობდა და აქ როგორ მოხვდა. დირექტორის მეგობარი იყო. რამდენიმე წელი ცენტრალურ აზიაში მუშაობდა. მერე აქედან კარგი შეთავაზება გაუკეთეს და ჩამოიყვანეს.
– იქაურ კომპანიებთან დამევალა პარტნიორული ურთიერთობების დალაგება. ფაქტიურად ჩვენი პარტნიორების უმეტესობა ჩემი მოყვანილია…
– გასაგებია. და ახლა რას აკეთებთ აქ? რა გევალებათ?
– ახლა… – კაცმა ლეპტოპი გახსნა და მაუსს გაუსვა ხელი, – ახლა ამ პარტნიორებთან ურთიერთობების ოპტიმიზაცია რა… პროცესების კოორდინაცია. რაღაც საკითხების გარკვევა, დალაგება, იქ ჩასვლა, აქ ჩამოყვანა, საქმიანი ვიზიტები და ეგეთები. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ… კომუნიკაცია. ოპერატიულობა…
– და რა საკითხებია ხოლმე მაგალითად, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც არკვევთ ხოლმე პარტნიორებთან?
– აი თუ რამე გაეჭედება რა… ნებისმიერი. – კაცმა ისევ ლეპტოპს ჩახედა და მერე ეკასკენ მოატრიალა თავისი გაფერადებული კალენდარი. – მარტო ამ კვირაში რამდენი ქოლი მაქვს… რაოდენობებს გავდივართ, მოცულობებს, ვადებს…
ეკამ კალენდარში გაფერადებულ უჯრებს გადახედა. უმეტესობა ძალიან წვრილი, 15-წუთიანი შეხვედრების იყო. ზოგს სათაურიც არ ეწერა, ან გაურკვეველი იყო, რას ნიშნავდა. გაეღიმა, მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა. აქამდეც ენახა მსგავსი, სპეციალურად გადაჭრელებული, კალენდარი.
– და თუ ყველაფერი აწყობილია პროცესის მიხედვით, რატომ არის საჭირო ამდენჯერ დაზუსტება?
კაცი გაჩერდა და ყელზე მოისვა ხელი. მერე თმა გადაიწია.
– თუ არ ვაკონტროლე ეს ყველაფერი, ერთი გაუგებრობა და შეიძლება ჩამოიშალოს მთელი ეს სისტემა… – თქვა პაუზის მერე.
– ჰმ… – ეკამ ექსელის ფაილი გახსნა, სადაც ამ კომპანიის თანამშრომლების ხელფასები იყო მოცემული. ამ კაცის სახელს გააყოლა თვალი. ხუთნიშნა რიცხვი იყო. – მასალის ჩამოტვირთვა სადაც ხდება, იქ ხომ არ იცით, რა პრობლემებია?
– არაა, მანდ მე არ დავდივარ ხოლმე. ხო ნახეთ ჩემი კალენდარი. ეხლაც ნახევარ საათში ქოლი მაქვს და უნდა გავიდე. მარა იქ ყველაფერი რიგზეა, როგორც მე ვიცი. მაგრად მუშაობენ ბიჭები… ხო კიდე ექსელიც უნდა მეჩვენებინა. – ამჯერად სხვა ფაილი გახსნა და ისევ მოატრილა ლეპტოპი. თვალები გაფართოებოდა, ოდნავ ცმუკავდა. – ეს ჩვენი პარტნიორების სიაა, თავისი საკონტაქტო პირებით. მე გავაკეთე ეს ბაზა. ეს ბაზაა კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი, ესეც ჩაიწერეთ…
ეკამ გაუღიმა და თავი დაუქნია. რამდენიმე კითხვის და პასუხის მერე, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ინტერვიუს ჩანაწერს გადაავლო თვალი. კალენდარი, ოპტიმიზაცია, სისტემა, ბაზა…
ისევ ხელფასების ფაილი გახსნა.
მაინც ვერ გაერკვია, რანაირად ჰქონდა ამ კაცს მთავარ მექანიკოსზე მაღალი ხელფასი.
*
7:52 წუთზე დააფიქსირა საშვი ტაბელზე.
წესისამებრ, ჯერ გასახდელში ავიდა. ბიჭებს მიესალმა. ფორმა მალევე ჩაიცვა, ხელები დაიბანა, ხელთათმანები გაიკეთა და მიმღებ ზონაში ჩავიდა.
იქაც მოიკითხა, ვინც დახვდა.
კონვეირის შემოწმებაზე გადავიდა. ლენტებს ჩამოუარა, დარწმუნდა, რომ გადაბმის ყველა ადგილას სათანადოდ იყო დაწებებული, ან რამე მტვერი, ნაგავი, ან სხვა საგანი ხომ არ იყო სადმე, რაც პოტენციურად ვაგონის გავლას შეუშლიდა ხელს. გვირაბებიც შეამოწმა და მერე თავისი კაბინისკენ წავიდა. ნესტით ჩახუთული ჰაერი დახვდა, მის ყოველდღიურობად რომ იყო გადაქცეული.
– ზურა როგორა ხარ აბა? – ჩასძახა რაციაში თავის პარტნიორ ოპერატორს.
კაბინის ფანჯრიდან გახედა და ხელი დაუქნია.
პასუხს აღარ დალოდებია, ახალ ფურცლებს დახედა და მონაცემების გადამოწმება დაიწყო: რამდენი შემოვიდა ტვირთი, სად უნდა დაყრილიყო, მერე სად უნდა გაეშვათ და რამდენი…
– დენი წავიდა ღამე და გამოსასვლელი დავრჩი. – ამოსძახა ზურამ არც ისე ომახიანად.
– ვიცი ხო. დიდი ხნით?
– ასე 15-20 წუთით. კინაღამ დაეყარათ მასალა.
– ზედმეტი ხო არ მოუვიდათ ჩაყრა?
– არა რავიცი, შემოწმებული იყო. მაგრა გადავრჩით მოკლედ. მოყომარდა მალე.
– შესამოწმებელია მანდ რაღაცა. წინაზეც ცოტა აპასნი ხმებს გამოსცემდა.
მერე ჩავიდა და შეამოწმა, ყველაფერი ადგილზე იყო თუ არა. მასალაც აწონილი იყო და უკვე იცოდნენ, სად რამდენი უნდა წასულიყო. კაბინაში დაბრუნდა და დათქმულ დროს დაელოდა. მერე ერთხელ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. კიდევ გახედა მანქანებს და ღილაკს თითი დააჭირა.
ერთმანეთის მიყოლებით გაისმა ნაცნობი ხმაური. უკვე თითქმის ზეპირად იცოდა ყველა დანადგარიდან წამოსული გრუხუნი. კონვეირმა მოძრაობა დაიწყო.
უყურებდა და სუნთქვაშეკრული ელოდებოდა. უკვე რამდენი წელი იყო, რაც აქ მუშაობდა და ეს მომენტი ყოველთვის გულს უჩქარებდა.
შუა წერტილში რომ მივიდა, კონვეიერი ოდნავ შეყანყალდა. ძარღვებში სისხლი გაეყინა და კინაღამ თვალები გადმოყარა. შეფერხება გადაილახა და ჩვეულებრივად განაგრძო სვლა.
არა, ეგ ადგილი შესამოწმებელიაო, გაიფიქრა, შარში რომ არ გახვეულიყვნენ მერე.
როგორც იქნა, შესრულდა. დაჯდა და მუხლები გაუტკაცუნდა. მტკივანი წელი გაჭიმა.
სადილის მერე დაურეკეს, თბილისიდან არიან ჩამოსულები, გასაუბრება უნდათო. ყველა თანამშრომელს უნდა შეხვდნენ, აინტერესებთ, ვინ რას აკეთებს, ხელფასები, მოტივაცია და რამეო.
აქ ყველაფერი მშვენივრად იყო, არაფერს უჩიოდა. წლის ბოლოს კარგი პრემიაც აიღეს… უცებ გაახსენდა, ბავშვის მასწავლებელთან რომ ჰქონდა გადასარიცხი. სანამ ისევ ამოუვარდებოდა თავიდან, მობილური აიღო და გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო.
რაციამ დაიხრიწინა. შემდეგი პარტია ჰქონდათ დასაბინავებელი.
– ზურა, რო მოვრჩებით, ჩამო მერე ერთი, ნარდიც გავაგოროთ უცებ, ჰა?!
– აბა რა, დავაი!
*
ეკა ისევ ინტერვიუების ფაილს უყურებდა. არ უნდოდა, რამე მნიშვნელოვანი გამორჩენოდა მხედველობიდან. ეგონა, რომ ამაზე იყო დამოკიდებული ბევრი რაღაც. პრინციპში, იყო კიდევაც.
ის ფაილი გახსნა, სადაც ბუნდოვანი და არასაჭირო როლები ჰქონდათ ჩამოთვლილი. მათგან ზოგთან პირადად იყო შეხვედრილი. სახეზეც კი ახსოვდა. ხმაზეც.
ხელები გაუჩერდა კლავიატურაზე.
– მაინც… – ხმა ჩაიწმინდა და გიორგის გახედა, – მაინც არ ვიცი რამდენად სწორია. ამ ადამიანების ასე გაშვება.
– ჩვენ არ ვეუბნებით მაგას, ესა და ის გაუშვიო.
– და რა უნდა ვუთხრათ აბა? მაგას არ ელოდებიან ჩვენგან?
გიორგი სკამით უკან გადაიწია და ხელებით მაგიდის კიდეს მოეჭიდა. თვალები დაწვრილებოდა და ისე უყურებდა კომპიუტერის ეკრანს.
– მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა ხელფასები არაა. – თქვა და გაჩუმდა. თითქოს რაღაცას ელოდებაო.
სკამი გაასწორა და წინ გადმოიხარა.
– სტრუქტურაა გასამართი, პირველ რიგში, საჭირო როლები უნდა განისაზღვროს. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. და მეორე რიგში, შეფასება არ ხდება ამ თანამშრომლების და ეგ არის მნიშვნელოვანი. პერიოდული ობიექტური შეფასება. KPI-ები არაა საერთოდ და მაგიტომ არა აქვს ხალხს აღქმა, რასაც აკეთებენ, რამდენად კარგად, ან სწორად აკეთებენ. რამდენად სწორად იხარჯება მაგათი რესურსი…
– და ხელფასებს რა უნდა უქნან ახლა?
– ხელფასები კიდევ ცალკე თემაა. ჩვენ რომ ახლა ვუთხრათ ვის რამდენი ხელფასი უნდა ჰქონდეს და როგორ, კი, შეიძლება შეცვალონ ეგრე, მარა ორ-სამ თვეში ხო ისევ შეიცვლება ეგ სიტუაცია. აირევა მონასტერი ისევ. შეიძლება უარესიც მოხდეს.
– შეფასების სისტემა არსად არ მოსწონთ ხოლმე თანამშრომლებს. როგორც წესი…
– თანამშრომლებს შეიძლება არა, მაგრამ ორგანიზაციისთვის ხო მნიშვნელოვანია? – გაეღიმა გიორგის და წარბები აწია. – რა ითვლება კარგად მუშაობად, რა შედეგები უნდა დაიდოს… დროთა განმავლობაში თანამშრომლებიც მიეჩვევიან. ვინც მუშაობს და მართლა ვინც აკეთებს საქმეს, იმისთვის სულერთია, დამიჯერე. და ვინც არაფერს აკეთებს ისეთს, რომ თავი მოქონდეს… ის მიხვდება მალევე, რომ მაგისი ადგილი არაა მანდ.
ეკა გაჩუმდა და დაფიქრდა. ახალი დოკუმენტი გახსნა და მოსმენილის გადატანა დაიწყო, თან თავის ფიქრებსაც ამატებდა. კლავიატურის კაკუნის ფონზე, ნელ-ნელა დალაგდა მის თავშიც ყველაფერი, რაც გიორგის უკვე გააზრებული ჰქონდა.
აკრეფვას მორჩა, საზურგეს მიეყრდნო და ეკრანს მიაშტერდა.
საბოლოოდ, იცოდა, რომ ამ პროექტის შედეგად, ვიღაც მაინც დაკარგავდა სამსახურს. ზოგს ოჯახი ეყოლებოდა, შვილები, ვალები… ან უბრალოდ სხვადასხვა გეგმები. ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული, რამდენად კომფორტულად გრძნობდა თავს ამ აზრთან.
ახლაც ახსოვდა, რა იგრძნო, პირველად რომ გაიგო, რომ მასთან ინტერვიუს მერე ერთ-ერთი კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა. ვერც ვერაფერი უპასუხა კლიენტს, რომელიც თანამშრომლის დაკარგვის გამო მას საყვედურობდა ირიბად.
არადა, მარტივი კითხვა იყო… აინტერესებდა, რას აკეთებდა.
იქნებ, გიორგი მართალი იყო. ლოგიკურად მაინც.
ვინც დასარჩენი იყო, დარჩებოდა.
ვინც თავის პოტენციალს საკმარისად ვერ იყენებდა, სხვანაირი მოტივაცია მიეცემოდა.
და ვინც მიხვდებოდა, რომ არც არაფერს მნიშვნელოვანს არ აკეთებდა აქ, თავის ადგილს სხვაგან იპოვიდა.
ლეპტოპი დახურა. ვერ გადაეწყვიტა, კლიენტისთვის ამ ყველაფრის ახსნა უფრო რთული იყო, თუ რაც ამას მოყვებოდა, იმასთან გამკლავება.