ჭერამდე აზიდული თაროები დაუთვლელი რაოდენობის ღვინის ბოთლს იტევდა. სხვადასხვა ფერის ეტიკეტები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბოთლები: ისე იყო ყველაფერი ჩამწკრივებული ერთმანეთის მიყოლებით, არც რაიმე სისტემა ჰქონდა, არც განლაგების რაიმე კონკრეტული პრინციპი; ზოგი უფრო გამოწეული იყო, ზოგი უფრო შეწეული, ზოგი ოდნავ გვერდით შეტრიალებული, ზოგი კი ამაყად წინ გამოშვერილი. ეტიკეტის ფერებიც ერთმანეთში არეულიყო.
ბოლო 5 წუთის განმავლობაში, რაც ეკა უმიზნოდ აცეცებდა თვალებს ამ თაროებზე, მიხვდა, რომ ასეთი, ერთი შეხედვით, არა ორგანიზებული განლაგება მის მზერას უცნაურად ამშვიდებდა. საშუალება ეძლეოდა, განცალკევებულად დაკვირვებოდა თითოეულ ბოთლს და მიმხვდარიყო, რით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან. ალბათ ზომის, ფორმისა და ფერის მიხედვით რომ ყოფილიყო ჩამწკრივებული, ყურადღებას ნაკლებად მიიქცევდაო, ამ ფიქრმაც გაუელვა გონებაში წამიერად, სანამ მისი ყურადღება მაგიდას დაუბრუნდებოდა.
მაგიდასთან კი განხილვა აქტიურ ფაზაში შედიოდა.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მათი კლიენტის, ღვინის მაღაზია-ბარის სამუშაო ჯგუფთან ერთად, მან და გიორგიმ არაერთი იდეა დაამუშავეს, თუ როგორ უნდა გაზრდილიყო ღვინის გაყიდვები მაღაზიაში.
თავიდან არც ისე რთული ეჩვენებოდა ეს ამოცანა, მაგრამ რაც უფრო უღრმავდებოდნენ ამ საკითხს, უფრო და უფრო მეტი დეტალი იჩენდა თავს. აღმოჩნდა, რომ ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იყო, რაც გაყიდვების მაჩვენებელს განსაზღვრავდა; მათ შორის, ბოთლების სწორად განლაგება, სივრცისა და ღვინის თაროების ზონებად დაყოფა, მაღაზიაში მეტი კლიენტის შემოყვანის სტრატეგია, აქციების სწორად დაგეგმვის მეთოდები… გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ეს ფაქტორი დაამუშავეს, სხვადასხვა იდეები მოიფიქრეს და გაარჩიეს კლიენტის სამუშაო ჯგუფთან ერთად.
მაინც, ახლა, ამ მაგიდასთან მჯდომს, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ რაღაც იყო უფრო მნიშვნელოვანი, რაც მათი ყურადღების მიღმა რჩებოდა. გიორგიმაც იგივე უთხრა, სანამ ამ შეხვედრაზე მოვიდოდნენ. ამას მაღაზია-ბარის მფლობელის, ნიკას ემოციებიც ადასტურებდა, რომელთა წაკითხვაც არც ისე მარტივი იყო.
– არ ვიცი, რა… მერჩენდაიზინგია მთავარი პრობლემა… ეგრე მგონია. – ნიკა თაროებს გვერდს უვლიდა, შიგადაშიგ ჩერდებოდა, ბოთლის წვერს თითებს ადებდა და ოდნავ ატრიალებდა ზედაპირზე, თან თავისთვის აგრძელებდა საუბარს, – მარტო განლაგებაზეც ვერ იქნება ალბათ… რაღაცნაირად ის მთავარი კონცეფციაც არ მინდა დაიკარგოს, რო მომხმარებელს ღვინო გააცნო, ღვინო შეაყვარო…
ისევ თავის სკამთან დაბრუნდა და ხელებით საზურგეს ჩამოეყრდნო. გიორგიმ, რომელიც მის მოპირდაპირე მხარეს იჯდა, თავი აწია და თითქოს წამიერად თვალები გაუფართოვდა; თითქოს ახალმა აზრმა გაუელვა თავშიო.
– ვამუშავებთ მერჩენდაიზინგის საკითხს, – მშვიდი სახით ახედა ნიკას ელენემ, კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა, მერე ეკას გამოხედა – ეკასთან ერთად გავიარეთ ეგ იდეები და გვაქვს უკვე გეგმა, ისე დავიწყებთ გადალაგებას, კლიენტი რომ შემოვა, ფასების აღქმა მისთვის უფრო მარტივი და კომფორტული იყოს.
ეკამ გაუღიმა და თავი დაუქნია. თან დაამატა:
– მაგის გარდა, აქციების კალენდრის სისტემაც გვაქვს შემუშავებული, ნატოსთან ერთად, – გახედა ნატოს, ღვინის პრომოციის მენეჯერს, – აქციების უფრო ორგანიზებულად და ხარისხიანად დაგეგმვას დაეხმარება.
– კი, აბა რა. – ნატო წინ გადმოიხარა სკამზე და ხელები მარმარილოს მაგიდის ზედაპირზე დააწყო, – ძაან მაგარი რამეა, აქამდე რო ასე ქაოტურად ვაკეთებდით მაგას, ეხლა უკვე მეცოდინება რა როგორ უნდა დავგეგმო და მეღვინეებთანაც იქნება შეთანხმებული.
ნიკამ ისევ დაიწყო თაროების გაყოლებაზე სიარული. თან თავს მსუბუქად აქნევდა. უკმაყოფილება ეტყობოდა. ეკა ჯერ ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ შინაგანად რაღაც ღრღნიდა. შეიძლება ნიკას უკმაყოფილება უმძაფრებდა დანაკლისის განცდას. გიორგის გახედა, რომელიც ჩაფიქრებული იჯდა და მაგიდის ზედაპირზე ჰქონდა მზერა გაშტერებული.
რაღაც აკლდათ. აშკარა იყო.
ბოთლებს მოავლო ისევ თვალი.
ლეპტოპი გახსნა და მასალებში ჩაიხედა. რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი, რასაც სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ. ინტუიცია კარნახობდა, რომ ძალიან მარტივი იყო ეს გამოსავალი. მხოლოდ მოძებნა უნდოდა.
რამდენიმე-კომპონენტიან პრეზენტაციას გადაავლო თვალი. მერჩენდაიზინგი, ბოთლების განლაგება, აქციების დაგეგმვა, მომხმარებლების ბაზა, კლიენტების ნაკადების სტიმულირება… არა, ეს ისევ იმ ადგილის ტკეპნა იყო.
ის ფაილი გახსნა, რომელშიც ჩატარებული ინტერვიუების ანალიზის შემდეგ გამოვლენილი სავარაუდო საკითხები ჰქონდა ჩამოწერილი. აქედან ზოგზე უკვე ნამსჯელი ჰქონდათ, ზოგი თვითონ კლიენტმაც იცოდა, რომ პრობლემა იყო და მუშაობდნენ ამაზე, ზოგი კი თავად მისი და გიორგის, როგორც უცხო, მესამე პირის ობიექტური დაკვირვების შედეგად იყო გამოვლენილი.
დაახლოებით 40-მდე საკითხს რომ ჩაუყვა ბოლომდე, თვალში ერთი ხაზი მოხვდა, ყვითლად გაფერადებული: „სომელიეების არასათანადო ჩართულობა; მათი საქმის არსის არასათანადოდ გააზრება.“
ამ ხაზს დააკვირდა და ეცადა გაეხსენებინა, განვლილი სამუშაო შეხვედრებიდან რომელიმეზე მაინც თუ განიხილეს ეს უფრო დეტალურად, უფრო ყურადღებით. არაფერი ახსენდებოდა მსგავსი.
უცებ, თითქოს რაღაც ტალღა მოაწვაო შიგნიდან, წინ გადაიხარა და დაუფიქრებლად გააღო პირი:
– სომელიეს როლის წამოწევა ხო არ შეცვლიდა სიტუაციას?..
მაშინვე გაშეშდა. გიორგის გახედა, რომელიც ამჯერად მას უყურებდა და მსუბუქი ღიმილი უთამაშებდა თვალებში. ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა და ინერციით ისევ უკან წავიდა, სკამის საზურგისკენ.
დანარჩენებს მოავლო თვალი ფრთხილად. ისე უყურებდნენ, თითქოს ისინიც არ ელოდნენ მისგან მსგავს წამოძახილს.
– მაგარია… – გაიგო ნიკას ხმა შორიდან და იგრძნო, როგორ მოეშვა დაჭიმული მხრები.
ნიკა ისევ სკამს ჩამოეყრდნო და თანამშრომლებს გახედა:
– ღვინო სომელიემ უნდა გაასინჯოს კლიენტს. სომელიემ უნდა აუხსნას, უნდა ურჩიოს, კონსულტაცია უნდა გაუწიოს. ახლა აბა დარბაზში დარბიან სომელიეები და შეკვეთებს იღებენ…
– სხვანაირად ძნელი იქნება… ბარშიც გვჭირდება დახმარება და სომელიე მარტო ერთ ადგილას ხო არ დადგება. – ფრთხილად თქვა ბარის მენეჯერმა.
– ხო, სომელიე მნიშვნელოვანია, მარა ამ როლს მარტო მაგაზე ვერ დავიყვანთ, ერთ ადგილას რო დადგეს სულ და მეტი არაფერი აკეთოს. – დაეთანხმა ნატოც.
დანარჩენებსაც არ ჰქონდათ განსხვავებული აზრი. ნიკა კი ჩაფიქრებული იდგა. მერე ისევ მოშორდა ადგილს და აქეთ-იქით სიარული გააგრძელა. სომელიესთან გაჩერდა, რომელიც თვითონ ჩასვა ამ სამუშაო ჯგუფში პროექტის დაწყებამდე. მხარზე მსუბუქად დაადო ხელი:
– შენ რას იტყვი, სოსო?
ახალგაზრდა ბიჭმა უხერხული ღიმილი მაშინვე მოიშორა სახიდან, ღრმად ჩაისუნთქა და თითქოს კარგად დაფიქრდაო, მერე ფრთხილად გააღო პირი:
– არ ვიცი. როგორც საჭირო იქნება. ბარშიც უნდა ვიყო ალბათ და სადეგუსტაციო მაგიდასთანაც. სადაც საჭირო ვიქნები.
ამ პასუხს ნიკაში დიდი ცვლილება არ გამოუწვევია. უხეშად მოშორდა სოსოს და ოდნავ აუჩქარა ბოლთის ცემას.
– ეგ არის პრობლემა რა… – გაჩერდა ისევ თავის სკამთან და თითები ერთმანეთს გადააჭდო, – პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ ამ ადამიანებს, – გახედა გიორგის, – რაც არ უნდა დავავალოთ, მაინც ჩვენ გვიყურებენ და თავისით ვერ წყვეტენ ვერაფერს.
წამიერი დუმილის შემდეგ, ჰაერი ნატოს ხმამ გაჭრა:
– მოიცა, რას გულისხმობ?! ვის არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება? მე?! ყველანი ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და მეტი რა უნდა ვქნათ…
ნიკამ წარბები აწია და ნატოს ჩახედა.
ეკა უფრო მჭიდროდ მიეყრდნო სკამს. მოუნდა, რომ მის ზურგსუკან აზიდული უზარმაზარი მინის მიღმა გაუჩინარებულიყო.
– თუ მარტო სომელიეებს ეხება ეგ, მგონი არასწორი განზოგადებაა… – უფრო მშვიდი ტონით აღნიშნა ელენემ, – არა აქვთ იმხელა ძალაუფლება, რომ ეგ პასუხისმგებლობა იგრძნონ. ამათი საქმეა, რო კლიენტს ღვინო გაასინჯონ და კონსულტაცია გაუწიონ.
– ხოდა, ეგ არაა მერე საკმარისი, ფაქტია. – ნიკამ ოდნავ აუწია ხმას. ამას ნატოს საპასუხო რეაქცია მოყვა და რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზი მათი კამათის ექოთი გადაიჭედა.
– სომელიეები ძალიან კარგად აკეთებენ თავის საქმეს, მეტი რა უნდა ქნან, ბოდიში ახლა, სახლში ვერ გაყვებიან და იქ ვერ გაუხსნიან ღვინოს. ვინ ყოფილა უკმაყოფილო ამათი მომსახურებით… – ნატო გაცხარებით იცავდა სომელიეების პოზიციას.
– უკმაყოფილებაზე არაა, მეტს უნდა აკეთებდნენ, ნატო!.. – არ ნებდებოდა ნიკა, – არაა ეგ საკმარისი. მომხმარებელი რო შემოვა, ყოველთვის ადგილზე უნდა იყოს, ეგრევე უნდა შეხვდეს, გამოკითხოს, რამე… რავიცი მე, მოემსახუროს უნდა… საუკეთესოდ!
– მაგას აკეთებენ კიდეც. ძალიან უსამართლოდ ამბობ ეხლა ამას. ტონა საქმე აქვთ ამათაც და ერთ ადგილას რანაირად უნდა იდგნენ სულ, ვერ ვხვდები… მაღაზიაში ხო არიან სხვებიც და ისინიც ხო მიხედავენ…
გიორგიმ ჩაახველა და მხრებში გასწორდა. ეკა მის სახეს დააკვირდა. აშკარა იყო, რომ რაღაც პასუხი დაიჭირა ჰაერში დატრიალებული სიტყვების კორიანტელიდან.
– ძალიან სწორი აქცენტები დაისვა, ჩემი აზრით. – დაიწყო გიორგიმ და ყველამ მას დაუგდო ყური, – პირველ რიგში ის, რომ გაყიდვების გაზრდაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას და არა მარტო ერთი. ყველა ამ ფაქტორს კიდევ ცალ-ცალკე ჭირდება დამუშავება და გააზრება. აქციების კალენდარი იქნება ეს, დარბაზში ბოთლების განლაგება თუ კლიენტების მომსახურება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა გავიაზრე მე პირადად, ისაა, რომ აქაურობა უბრალო მაღაზია არ უნდა იყოს. ამ მიზნით არ დაარსებულა და ეს დანიშნულება არ უნდა ჩამოუყალიბდეს, ჩემი აზრით. თუ ვამბობთ, რომ აქაურობის დანიშნულებაა მომხმარებლისთვის ღვინის კულტურის გაცნობა, ღვინის შეყვარება, სწორად შერჩევა და ამით მათი ნდობის მოპოვება, შესაბამისად, გაყიდვების გასაზრდელად საუკეთესო მექანიზმი შეიძლება იყოს ღვინის გასინჯვა… დეგუსტაცია, რასაც ისედაც აკეთებთ. უბრალოდ, ახლა უფრო სხვანაირად შეიძლება შეხედოთ ამ პროცესს. ის კი არა, რომ უბრალოდ მათთვის საინტერესო ღვინოს უსხამდნენ და ასინჯებდნენ კონსულტანტები, უფრო მჭიდრო, უფრო ინტიმური რომ გახდეს ეს მომენტი. ამით მიიჯაჭვებთ კლიენტს და ამით დაამახსოვრებთ თავს. როგორ კითხვებს დაუსვამ, როგორ ვარიანტებს შეურჩევ, როგორ დაიმახსოვრებ მერე მის გემოვნებას და ამაზე მორგებულს რომ შესთავაზებ რამეს, მეორედ რომ შემოვა… ჩემი აზრით, უბრალოდ კონსულტაციის გაწევაზე კი არ უნდა იყოს სომელიე პასუხისმგებელი, ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა ჯობია იყოს მთავარი ამოცანა. ეს სულ არ ნიშნავს, რომ მთელი ეს დრო ერთ ადგილას უნდა იდგეს. კარგი იქნება, რომ გონება მიმართოს ამისკენ უბრალოდ. ამის მიხედვით დაგეგმოს კონსულტაციის გაწევის მეთოდებიც და თითოეული დეგუსტაციაც. თუ ისე მოხდება, რომ თვითონ ვერ შეძლებს იმ მომენტში იქ ყოფნას, დანარჩენ კონსულტანტებს აუხსნის და თავისით გადაწყვეტს, რომელი დადგება მის მაგივრად სადეგუსტაციო მაგიდასთან. მგონია, რომ ძალიან კარგად შეძლებენ მაგ პასუხისმგებლობის აღებას, – გახედა ნიკას, წარბები აწია და გაუღიმა, – ასე უფრო საინტერესო იქნება მათთვისაც.
ნიკამაც გაიღიმა და თავი დახარა. მხრები მოადუნა და ხელები ჩამოუშვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგის და ეკას ცალკე უთხრა:
– სიმართლე გითხრათ, პოზიტიურად ვუყურებ ამ სომელიეების საკითხს. აქამდე ამაზე ეგრე არ მიფიქრია, მაგრამ, როგორც კი ახსენეთ, მაშინვე რაღაც გამინათდა თითქოს გონებაში და ყველაფერი თავის ადგილას დაჯდა, რა. მაღაზიის მეშვეობით უნდა გავაცნოთ და შევაყვაროთ კლიენტს ღვინო, ეგ უნდა იყოს პრიორიტეტი. მარტო გაყიდვები ცარიელი რიცხვებია აბა…
გიორგი დაეთანხმა, გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
ეკამ საათს დახედა. 7 ხდებოდა.
საინტერესო დღე გამოვიდა.
საინტერესო იყო, რომ სამუშაო პროცესის სწორად წაყვანით გარედან მოსულ ადამიანებს, როგორებიც თვითონ და გიორგი არიან, შეეძლოთ სიტუაციისთვის ახლებურად შეხედვა და გადაწყვეტების დანახვა.
ისეთი გადაწყვეტების, რაც ერთი შეხედვით აშკარაა, თუმცა იმ ადამიანებს, ვინც მთლიანად ამ საქმეშია ჩართული, არ აკლიათ არც კომპეტენცია და არც მოტივაცია, მაინც შეიძლება გამორჩეთ და ყოველდღიურ ქაოსში გაეპაროთ.
გვერდით, სადეგუსტაციო მაგიდისკენ გააპარა თვალი. ოცამდე ბოთლი იყო ჩამწკრივებული და დიდ რკალს ქმნიდა.
კარგი იქნებოდა რამის მოწრუპვა სახლში წასვლამდეო, გაიფიქრა.