ეკა უკვე აღარ იყო დარწმუნებული, შეხვედრა ოდესმე თუ დამთავრდებოდა.
დამთავრებით შეიძლებოდა დამთავრებულიყო, მაგრამ უფრო მეტად იმის ეშინოდა, რომ არც ისეთი შედეგით დასრულდებოდა, როგორიც თავად უნდოდა.
უკვე მერამდენე შეხვედრას უთმობდნენ ამ საკითხის განხილვას. დრო კი მაინც შეუმჩნევლად გადიოდა და ბოლოც აღარ უჩანდა.
სანამ კლიენტი კომპანიის მმართველი გუნდის წევრები კამათობდნენ, ლეპტოპში პრეზენტაციას ჩახედა, ორი შეხვედრის წინ რომ გააცნო მათ პირველად. თანამშრომლების მოტივაციის სისტემის ამოქმედების გეგმაში თითქოს ყველაფერი გასაგები იყო.
ყველაფერი ლოგიკური და მათ სიტუაციაზე მორგებული იყო. ახლა მათ თავად უნდა შეესხათ ხორცი ამ გეგმისთვის და აემუშავებინათ. ისინი კი მაინც ვერ თანხმდებოდნენ.
რაღაც მაინც არ მოსწონდათ. რაღაცისგან იკავებდნენ თავს.
არადა, ყველაფერი ამაზე იყო დამოკიდებული.
შეხვედრაზე მჯდომ ეკას, მთელი ის ენერგია, დრო და ემოციები, რაც ამ კომპანიის შესწავლას, ანალიზს, შეფასების კრიტერიუმების მოფიქრებას, ფორმულების გაწერასა და საბოლოო დოკუმენტის აწყობას დაახარჯა, ახლა თითქოს უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა. გახდებოდა კიდეც უმნიშვნელო, თუ კომპანიის მმართველი გუნდი ამ სათუთად შეკოწიწებულ მოტივაციის სქემას სწორად არ აამუშავებდა.
გიორგის გახედა, უფროს კონსულტანტს, რომელიც შეჭმუხნილი წარბებით აკვირდებოდა მოსაუბრეებს და პარალელურად რაღაცაზე ფიქრობდა. არ ეტყობოდა, ისიც ეკასავით ამაოდ თუ უყურებდა ამ ყველაფერს.
ფინანსური ხელმძღვანელი ისევ იმავეს ამტკიცებდა:
კომპანიას არ ჰქონდა საკმარისი რესურსი, რომ ყველა მიმართულების თანამშრომლისთვის ერთდროულად აემუშავებინა მოტივაციის სქემა.
ძირითადი მიმართულებების ხელმძღვანელებს კი ეს არ მოსწონდათ. ყველას ჰქონდა მიზეზი, რის გამოც პირველს სწორედ მათ გუნდს უნდა დაეწყო ბონუსების მიღება შეთანხმებული სქემით.
– ჩემებს მალე თუ არ მივცემთ ბონუსებს, ესენიც გამექცევიან, დარჩენილი ვინცაა. – წუხდა გაყიდვების ხელმძღვანელი, – სირცხვილია მართლა… პირველებმა ამათმა უნდა დაიწყონ ბონუსების მიღება, შედეგებზე ყველაზე დიდ გავლენას ესენი ახდენენ. ამათ რო არ გაყიდონ, ისე შემოსავალი საიდან შემოვა?! უსამართლობა იქნება უბრალოდ, კიდე რო ამდენ ხანს ვალოდინოთ… წავლენ უეჭველი.
– გასაგებია, მარა საწარმოს რა ვუყოთ… – დაიჩივლა კახამ, კომპანიის დირექტორმა, – შენი გაყიდვები არც არიან ბოლომდე დარწმუნებულები, რო გეგმებს შეასრულებენ. აქამდე რო აჭარბებდნენ გეგმას, მაგიტოა ამხელა შემოსავალი რო გვაქვს, აბა!… შეასრულონ გეგმები და იქნება ბონუსები. საწარმო არ ახდენს შედეგებზე გავლენას, შენი აზრით?! ეგენი რო წავიდნენ, მაგათი გამოცდილების ჩანაცვლება ნახე მერე რა ძნელი იქნება… ჩამოგვექცევა თავზე ყველაფერი.
– მართალია. – დაეთანხმა საწარმოს მიმართულების უფროსი, რომელიც აქამდე შედარებით ჩუმად იჯდა, – ისინიც უკმაყოფილოები არიან ხელფასით. არ აწყენდათ ბონუსები არც ამათ. ფიზიკური სამუშაო აქვთ და იღლებიან ძალიან. რაც ამათ იციან, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე კატეგორიების დამახსოვრებაა.
– ეგრე თუ წავიდა ლაპარაკი, საწყობის ბიჭებიც არ არიან ნაკლებად დატვირთულები. – თქვა საწყობის და ლოჯისტიკის უფროსმა, – ძლივს ისწავლეს ამ ახალ პროგრამაში მუშაობა. მერე კიდე, არეული ნაშთების გასწორება უწევთ სულ… შედეგებზე შეიძლება არა აქვთ ასე პირდაპირი გავლენა, მარა მოტივაცია ამათ უნდათ თუ უნდათ, და დაფასება. კი კარგია, რო რაც მეტ პროდუქციას გაატარებენ, უფრო მეტი დაუგროვდებათ საბონუსე ფონდი… ისიც კაია, რო გუნდურად გადაინაწილებენ მაგ ფონდს, მარა მე იმისი მეშინია, – ჯერ ეკას და მერე გიორგის გახედა, – შეცდომებზე თუ პირიქით მოაკლდათ ეს ისედაც ძლივს დაგროვილი ბონუსები, უარესად დემოტივაცია არ გამოიწვიოს მაგან…
– თავიდან შეიძლება. – თავი დაუქნია გიორგიმ და წარბები ოდნავ გახსნა, – მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვევიან მაგას და დროთა განმავლობაში ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ. თან, ინვენტარიზაციის ჯგუფის ბონუსები პირდაპირ მაგაზეა დამოკიდებული, რამდენ უზუსტობას აღმოაჩენენ.
საწყობის ხელმძღვანელმაც დაუქნია თავი, გასაგებიაო.
ამჯერად, მარკეტინგის და ბრენდის უფროსმა აწია ხელი.
– ბოდიში, მეც უნდა ვთქვა რა, თუ შეიძლება… მეც მინდა, რა თქმა უნდა, რომ ყველას ქონდეს თავისი დამსახურებული ბონუსი. ისიც გასაგებია, რომ შეიძლება ყველას დაკმაყოფილების რესურსი არ გვაქვს, მაგრამ რაღაცით მაინც ხო უნდა დავიწყოთ. ჩემებსაც უნდათ ბონუსები, როგორ არ უნდათ. მაგრამ ჯობია შევთანხმდეთ პრიორიტეტებზე და ნელ-ნელა გავუშვათ. ვიღაცეები მაინც თუ დაიწყებენ მიღებას, სხვებსაც მიეცემათ მერე იმედი… არა?!
– უკაცრავად, მაგრამ ეგრე შეიძლება არ გამოვიდეს. – ადმინისტრაციის უფროსი წინ გადმოიხარა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, – მე ყველაზე კარგად ვიცი, როგორ ელოდებოდა ხალხი ამ პროექტს. ჩვენ რომ მარტო ერთ ნაწილს მივცეთ ახლა და სხვები ასე დავტოვოთ, მოლოდინის რეჟიმში, ეგ სულ გადარევს ამ ხალხს. უსამართლობა იქნება, ჩემი აზრით. ან ყველასთვის უნდა დაიწყოს, ან არავისთვის…
ამ სიტყვებმა ჩოჩქოლის მორიგი ტალღა გამოიწვია და ეკა და გიორგიც ისევ ისე დარჩნენ, ერთმანეთის შემყურეები.
ეკას უკვე იმაზე ფიქრიც არ ასვენებდა, რომ იქნებ, რაღაც გამოტოვა დიაგნოსტიკის დროს… საკმარისად კარგად ვერ შეისწავლა სიტუაცია.
არადა, რამდენი ინტერვიუ ჩაატარეს, რამდენ თანამშრომელს შეხვდნენ… ყველას ემოცია და მოლოდინი პირადად მიიღო და გადაამუშავა.
ზოგი იმდენი წელი მუშაობს აქ და ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მათი შრომა დაუფასებელია. ზოგს მადლობასაც კი იშვიათად უხდიან, არადა რამდენჯერ გადაურჩენია კომპანია მნიშვნელოვანი ზარალისგან. იდეაში, ევალებოდა კიდეც, და უნდა გაეკეთებინა. მაგრამ, მადლობა მაინც რა დასამადლებელია… ადამიანად იგრძნობდა თავს. პრემიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
ასეთ დროს კი მათი, როგორც კონსულტანტების, გამოჩენა ამ პროექტით ამ ადამიანებისთვის იმედის მომცემი აღმოჩნდა.
დაფიქრდნენ, რომ კომპანია თურმე ზრუნავს მათზე.
ხელმძღვანელებს თურმე ადარდებთ თანამშრომლების განწყობა და ერთგულება.
იფიქრეს, როგორც იქნა, შეიცვლება სიტუაცია და ჩვენი შრომით დამსახურებულ, სამართლიან ანაზღაურებას მივიღებთო.
რამდენი შემოსულა ეგეთი ანთებული თვალებით ინტერვიუზე. მადლობას რომ ეუბნებოდნენ მარტო იმის გამო, რომ მათი აზრის მოსმენა ჩათვალეს საჭიროდ. თვითონაც სჯეროდა, რომ ამ ადამიანებს იმედებს გაუმართლებდა და ამ პროექტის ბოლოს გაახარებდა კიდეც თავისი გაკეთებული საქმით.
ბონუსების არარსებობასთან ერთად, ბევრი იმითაც უკმაყოფილო ჩანდა, რომ ხელფასი წლების განმავლობაში იგივე ჰქონდათ. მაინცდამაინც პოზიცია უნდა შეეცვალათ და მენეჯერები გამხდარიყვნენ, რომ ანაზღაურება მომატებოდათ. არადა, უმეტესობას საერთოდ არ ჰქონდა მენეჯერობის სურვილი. ისიც მოსწონდა, რასაც არსებულ პოზიციაზე აკეთებდნენ. ლოგიკური იყო.
ახლაც ახსოვს, როგორი სიამოვნება განიცადა, როცა სწორედ ამ ადამიანებზე მორგებული გადაწყვეტა მოიფიქრა და გიორგისთან ერთად შესთავაზა მმართველ გუნდს: ყველას ჰქონოდა საშუალება, თავისი პოზიციისთვის საჭირო კვალიფიკაციის მატებასთან ერთად მომატებოდა ანაზღაურებაც, შესაბამისი კოეფიციენტით. დიდხანს იმსჯელეს ამ საკითხზე და საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ ადამიანს კონკრეტულ პოზიციაზეც ჰქონდა უამრავი რამ სასწავლი და განსავითარებელი და ამის წამახალისებლად თუ ხელფასსაც მოუმატებდნენ, ამით კომპანიაც იხეირებდა და თანამშრომლებიც.
ისეთებიც იყვნენ, რა თქმა უნდა, რომლებიც თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს. ისინიც ერთგულები არიან კომპანიის, სადაც უკვე ამდენი წელია, რაც მუშაობენ. სწორედ ამ გამოცდილების გამო არ სჯეროდათ, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა რამე.
ყველაზე მეტად არ უნდოდა, ამ ადამიანების მოლოდინები გამართლებულიყო და ეს პროექტიც დროისა და ენერგიის მორიგი ფუჭი ხარჯვა აღმოჩენილიყო. პირიქით, ყველაზე მეტად სწორედ მათთვის უნდოდა იმის დამტკიცება, რომ შეეძლოთ მშვიდად დარჩენილიყვნენ და გაეგრძელებინათ თავიანთი საქმის კეთება; არა იმიტომ, რომ შრომის ბაზარი არასტაბილურია და უკეთესი სამსახური შეიძლება დიდ ხანს ვერ ნახონ, არამედ იმიტომ, რომ მართლა შეიძლება იყვნენ კმაყოფილები იმით, სადაც არიან.
ახლა კი მმართველი გუნდის წევრების საუბარი ამ იმედს ნელ-ნელა უქრობდა. იმაში უფრო რწმუნდებოდა, რომ საბონუსე და სახელფასო სისტემის ამუშავების გამოწვევა ფინანსების ნაკლებობაზე მეტად, ამ ადამიანებს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო. არც ერთს ეტყობოდა, სხვისი პოზიციის გათვალისწინებას თუ აპირებდა.
ყველაზე რეალურ საფრთხედ ის ეჩვენებოდა, რომ შეიძლებოდა არც ერთს არ ჰქონოდა დრო და სურვილი, ამ სისტემის დანერგვაზე პასუხისმგებლობა რომ აეღო. იქნებ, ამაზეც დამატებითი მოტივაცია იყო მათთვის საჭირო, თუნდაც ერთჯერადი… კალამი აიღო და ბლოკნოტში ჩაინიშნა, რომ გიორგისთვის ეკითხა მოგვიანებით.
ალბათ ყველა პროექტს ახასიათებს ასეთი სირთულეო, გაიფიქრა. უნდოდა, რაღაც ეთქვა ისეთი, რაც ამ ყველაფერს გადაწყვეტდა, მაგრამ რადგან მისთვის ეს პირველი ასეთი პროექტი იყო, წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა დაერწმუნებინა ეს ადამიანები ამ გეგმის სისწორეში.
გიორგის გახედა, რომელსაც ისევ შეეტყუპებინა წარბები. ეტყობოდა, რომ თავისი სათქმელისთვის ემზადებოდა. ნეტავ, ეს სათქმელი მაინც თუ მოუღებდა ამ ქაოსს ბოლოს…
მანამდე კახამ გააჩუმა ყველა მაგიდაზე ხელის სამჯერ დაბრახუნებით.
– ვერ შევთანხმდებით ჩვენ ასე კიდევ კაი ხანს. გიორგი, გვიშველე რამე რა, გეხვეწები.
ყველამ მას შეხედა. გიორგიმ ამოიოხრა, ლეპტოპი დახურა და ძირს დაიხედა, მაგიდაზე. რამდენიმე წამი ყველა გასუსული იჯდა და მას უყურებდნენ.
ოთახში ჰაერი დაიძაბა.
ბოლოს გიორგიმაც ამოიხედა და ისე, რომ არავისთვის შეუხედავს თვალებში, დაიწყო:
– ყველა ამოცანა, რაზეც აქამდე გვიმუშავია და რაზეც ზოგადად ვმუშაობთ, თავისებურია და სირთულეებიც თავისებური აქვს. ამ ამოცანის სირთულე ის იყო, რომ სწორად დაგვეჭირა თანამშრომლების სურვილები და მერე კომპანიის რესურსებთან მოგვეყვანა შესაბამისობაში. ჩვენ ეგრე გვჯერა და თქვენც დაგვეთანხმებით ალბათ, რომ კომპანიისთვის შედეგები ადამიანების მუშაობას მოაქვს, პირველ რიგში. ზოგს შეიძლება უშუალო გავლენა აქვს ამ შედეგებზე, ზოგს კიდევ – ცოტა უფრო ირიბი. მაგრამ მთავარია, ყველას სამართლიანად უნაწილდებოდეს წვლილი იმ საერთო შედეგიდან, რაც მათ მუშაობას მოაქვს. მარტო ასე ექნებათ სამართლიანობის განცდა. მშვიდადაც იქნებიან და ერთმანეთსაც უფრო დაეხმარებიან.
– სამართლიანობის განცდა კი კარგია მაგრამ… – აიჩეჩა მხრები კახამ, – ყველა ერთნაირად ხო არ უყურებს მაგას?! ერთისთვის რაც სამართლიანია, ის მეორესთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს მასე…
გიორგიმ თავი დაუქნია და გააგრძელა:
– მათთან ერთად ვიმუშავეთ ყველა ეტაპზე. ინტერვიუების დროსაც გახსნილები იყვნენ და ყველაფერი გვითხრეს, როგორც შეეძლოთ, ისე. გვითხრეს, რა წარმოუდგენიათ სამართლიანად; როგორ უნდა შეფასდნენ, ვინ უნდა შეაფასოს, როდის იგრძნობენ თავს დაფასებულად და ასე შემდეგ. საკმაოდ რეალისტურად უყურებენ ყველაფერს… მეტნაკლებად. მაგ ყველაფრის საუკეთესო შეჯერებული ვერსია შევათანხმეთ თქვენთან. მაგიტომ გამოვიდა საბოლოოდ ობიექტური და რეალური კრიტერიუმები. ახლა კიდევ ამ ყველაფრის განხორციელება თუ დადგა საფრთხის ქვეშ, მარტო გაყიდვებს კი არა, ყველას დარჩება უსამართლობის განცდა. იფიქრებენ, რომ დრო დაკარგეს და იმასაც აღარ დაიჯერებენ, რომ კომპანია მათზე ზრუნავს. არადა, ამ ადამიანების უმეტესობა ისედაც ლოიალურია თქვენ მიმართ… დამატებითი კეთილდღეობა კიდევ, გრძელ ვადაში დატოვებს აქ. კომპანიაც კეთილსინდისიერი უნდა იყოს. ცალმხრივად არ უნდა შეხედოთ ამ საკითხს. თქვენკენ თუ გადაქაჩავთ ამ თოკს და მარტო რესურსებით თუ იხელმძღვანელებთ, ეგრე შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი დაკარგოთ ამ ადამიანების სახით. ჩვენ ჩვენი დავალება ეგრე გვესმის – პირად პასუხისმგებლობად ვიღებ, რომ ეს ნამუშევარი ფურცელზე არ დარჩეს და რეალური, ლოგიკური და სამართლიანი აღსრულება მოყვეს. ავიღოთ ყველაზე კრიტიკული მიმართულებები – გაყიდვები, საწარმო და საწყობი და დავთქვათ, რომ პირველი ექვსი თვე მათ მოტივირებაში ჩადებს კომპანია თანხას. დანარჩენებს კიდევ ერთხელ ავუხსნათ გასაგებად, რომ მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში მათი სქემებიც ამუშავდება. გაყიდვები თუ გაყიდის, საწარმო თუ შეკვეთებს დროზე შეასრულებს და საწყობი თუ ორგანიზებულად გაუშვებს, მალე ისე დადებითად აისახება ეგ შედეგები კომპანიის ჯიბეზე, რომ ხალხიც კმაყოფილი დარჩება და თქვენც. ეგრე ამუშავდება ეს სისტემაც.
გიორგიმ სათქმელი რომ დაამთავრა, ეკამ იგრძნო, როგორ მოეხსნა სიმძიმე მხრებიდან. გაეღიმა და დანარჩენებს გადახედა. მათ თვალებში შფოთვა აღარ ჩანდა. ისინიც იღიმოდნენ და მსუბუქად უქნევდნენ თავს, თანხმობის ნიშნად.
ლიფტის კარი დაიხურა თუ არა, ეკამ ინსტინქტურად საათს დახედა მობილურში.
9 იყო დაწყებული.
სახე უხურდა. ყველა კუნთი დაბუჟებული ჰქონდა ამდენი ხანი ჯდომისგან. მხოლოდ ერთ რამეს გრძნობდა წელის ტკივილთან ერთად – კმაყოფილებას.
ოღონდ, უჩვეულო კმაყოფილება იყო. მისთვის ალბათ პირველიც.
პირველი პროექტი დაასრულა.
პირველი რთული ამოცანის გადაწყვეტაში მიიღო მონაწილეობა.
კმაყოფილი იყო, რადგან უკვე ჰქონდა იმედი, რომ ეს წვალება ფუჭად არ ჩაივლიდა.
რაღაც კარნახობდა შიგნიდან, რომ აუცილებლად გამოიღებდა შედეგს.