GEO ENG
GEO ENG

სტუდენტური ქალაქი – ახალი შესაძლებლობა დეველოპერებისათვის

დეველოპერული კომპანიებისათვის კარგი შესაძლებლობა შეიძლება აღმოჩნდეს სტუდენტური ქალაქის მშენებლობა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სტუდენტი რეგიონებიდან ჩამოდის თბილისში და საცხოვრებელ ფართს საჭიროებენ, ამასთან, დედაქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც უჩნდებათ სურვილი დამოუკიდებლად იცხოვრონ, სტუდენტურ საცხოვრებლებზე მოთხოვნა მართლაც დიდი იქნება.

 

დეველოპერს, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდება, შეუძლია იაფად შეისყიდოს დაუსახლებელი მიწები  ქალაქის რომელიმე გარეუბანში და მოაწყოს დიდი სტუდენტური ქალაქი. აქ უნდა შედიოდეს როგორც საცხოვრებელი ფართები, ასევე მცირე სავაჭრო, დასასვენებლი, შემეცნებითი და გასართობი კომპლექსები. საჭირო იქნება  ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რომელიც სტუდენტებს წაიყვანს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

 

 

საცხოვრებელი ფართები რადიკალურად განსხვავებული იქნება ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინებისაგან, რადგან თითოეულ სტუდენტზე მხოლოდ ერთი პატარა ოთახიც საკმარისი იქნება და ფართიც მაქსიმალურად დაიტვირთება.

 

 

ამ ფართს კომპანია  მიყიდის ან მიაქირავებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს, რომლებიც თვითონ უზრუნველყოფენ დაინტერესებული სტუდენტების შესახლებას და ფართების მენეჯმენტს. სხვადასხვა დანიშნულების ფართების შეძენით კი მარტივად დაინტერესდებიან შესაბამისი კომპანიები. ეს სასწავლებლებისათვისაც მომგებიანი იქნება, რადგან დადებითად იმოქმედებს მათ პრესტიჟზე და უფრო მეტი სტუდენტის მოზიდვის საშუალებას მისცემს.

 

 

როდესაც უნივერსიტეტებთან შეთანხმება მიღწეული იქნება, დეველოპერულ კომპანიას არ გაუჭირდება ინვესტორების მოძიება და ამ საქმის წამოწყება.