GEO ENG
GEO ENG

როცა მთლიანი სურათის დანახვა გვიჭირს

მთლიანი სურათის ხედვის საჭიროება და მნიშვნელობა რომ დიდია ლიდერებისთვის და უკვე არამარტო ლიდერებისთვის, ყველასთვის ცხადია. მუდმივად თუ არა პერიოდულად მაინც, მთლიანი სურათის წარმოდგენა და  ყველაზე სასურველ სურათთან შედარება ერთგვარი საშუალებაა, რომ დროულად მივხვდეთ, ჩვენი საქმე სწორ გზას ხომ არ ასცდა.

 

ეს საქმე კი, რომელსაც ვაკეთებთ, ერთ დიდ ასაწყობ თავსატეხ სურათს ჰგავს. დაწყების წერტილები თითქოს ადვილი საპოვნელია, მაგრამ გაგრძელებაა რთული. თუ ნერვებმა არ გვიმტყუნა და ბოლომდე ვეწვალეთ ამ თავსატეხს ხომ კარგი, ოდესღაც გაგვიმართლებს დამაკმაყოფილებლად. თუ არადა შუაში გავწყვეტთ საქმეს და სხვა თავსატეხს მოვკიდებთ ხელს იმ იმედით, რომ ამას უკეთ შევძლებთ.

 

ხანდახან ისე ვართ ჩართულები დღევანდელი დღის გეგმების მოსწრების ფერხულში, რომ შეიძლება გვავიწყდება კიდეც მთლიანი სურათი როგორი გვინდა იყოს. გვავიწყდება, რომ ერთი ნაწილის მეორესთან დაკავშირება კი არ არის ჩვენი მოვალეობა, არამედ მთლიანი სურათის ასაწყობად იმ მთავარი ნაწილების მოძებნაა, რაც ამ თავსატეხის „გასაღებს“ იპოვის და სურათს დაამსგავსებს.

 

ყველაზე მეტად მთლიან სურათზე დაფიქრება მაშინ უნდა გვენიშნოს, როცა განსაკუთრებითბევრ ოპერაციულ პრობლემას ვაწყდებით, ან კიდევ მაშინ, როცა ყველაფერი უბადლოდ კარგად მიდის. დინებას, შეიძლება ძალიან სწრაფსაც, დაუფიქრებლად მივყვებით და ჩვენი სწორი დინების შექმნის დრო აღარც გვრჩება.

 

არადა, ამ დიდ ორომტრიალში, პერიოდულად, უბრალოდ შეჩერება, დაკვირვება, დაფიქრება, პროცესის გარედან დანახვა, გარე პირისთვის აზრის დაკითხვა ისე შეიძლება დაგვეხმაროს, საქმე გაგვიმარტივოს, კონკრეტული ცვლილებების საჭიროება დაგვანახოს, რომ რასაც აქამდე გაუაზრებლად ვეწვალებოდით, ადვილად ამოგვახსნევინოს და საქმე უფრო სწრაფად და გააზრებულად გაგვაგრძელებინოს.

 

ბევრ და მეტად რთულ თავსატეხებს გისურვებთ, ვფიქრობთ, რომ ეს მთლიანი სურათის დანახვაში უფრო დაგვახელოვნებს და უფრო და უფრო რთულ ამოცანებს გადაგვაჭრევინებს.