GEO ENG
GEO ENG

როდესაც გვეჩვენება, რომ ყველა ჩვენი წინააღმდეგია

როდესაც გვეჩვენება, რომ ჩვენს გარშემო ყველა ჩვენი წინააღმდეგია, თითქოს გადაირივნენ და გვებრძვიან, ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებენ, ჩვენი დავალებების მოსმენა არ სურთ. გვიღიმიან, მაგრამ ზურგს უკან ჩვენზე ლაპარაკობენ, შეიძლება დაგვცინიან კიდეც ან გვჭორავენ – ეს ნიშნავს, რომ ჩვენში რაღაცა წესრიგში არ არის და დროა, რაღაცა მნიშვნელოვანი შევცვალოთ ჩვენს ქცევაში, მიდგომებში, აზრებშიც.

 

 

ხანდახან ისე ხდება, რომ ხელმძღვანელი განსაკუთრებით შორდება თავის თანამშრომლებს, მათი ქცევა აღარ ესმის, აეჭვებს, მათი ერთმანეთში ხმადაბლა საუბარი არ სიამოვნებს, არ ასვენებს იმის განცდა, რომ მას ან შეთქმულებას უწყობენ, ან უბრალოდ ჭორავენ. თითქოს ყველა ამხედრებულა მის წინააღმდეგ. ალბათ ყველა ხელმძღვანელს აქვს ხანდახან ასეთი განწყობა.

 

ამ დროს ყველაზე კარგი წამალი საკუთარ თავში იმ მიზეზების ძებნაა, რამაც გუნდთან დაშორება გამოიწვია, საჭიროა სასწრაფოდ გაირკვეს, რა ხდება ჩვენში ისეთი არასწორი, რომელიც დაუყოვნებლივ ცვლილებას მოითხოვს.

 

ერთი კარგი მეთოდი ამ დროს არის სთხოვოთ თქვენი გუნდის წევრებს, მოგწერონ წერილი, რას ფიქრობენ თქვენზე, რა არის ისეთი, რაც თქვენში არასდროს არ უნდა შეიცვალოს და რა არის ისეთი, რისი ცვლილებაც, მათი აზრით, გუნდისთვის სასიკეთო იქნებოდა.

 

ყველა გულახდილი არ იქნება, მაგრამ ყველას წერილში იქნება ის, რაც ძალიან საგულისხმო და მნიშვნელოვანი იქნება გასათვალისწინებლად. გააერთიანეთ წერილები და თავიდან ყოველ დილით, შემდეგ კი კვირაში ერთხელ მაინც წაიკითხეთ, სანამ ყველაფერი თქვენს გარშემო არ მოწესრიგდება. თვალნათლივ დაინახავთ, როგორ სწრაფად დაიწყებს ყველაფერი თავისი ადგილებისაკენ დაბრუნებას.

 

მე, პირადად, რამდენიმეჯერ მომიწია ამის გაკეთება და ზუსტად ვიცი, მუშაობს.