GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს უფრო თანმიმდევრული გახადონ განვითარების პროცესი განვითარების საბჭოების მეშვეობით

თუ თქვენი ორგანიზაცია შექმნის განვითარების საბჭოს, რომელშიც შევლენ უმაღლესი და საშუალო რანგის, ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, თუ საბჭო თვეში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება და განვითარების საკითხებს განიხილავს, გადაწყვეტილებებს მიიღებს და ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობას გადაამოწმებს, ორგანიზაციის განვითარების პროცესი ბევრად დაჩქარდება.

 

განვითარების საბჭოს არსებობას რამდენიმე დადებითი ეფექტი აქვს:

 

ა) მენეჯმენტის მხრიდან განვითარების საკითხებზე მუშაობა გახდება რეგულარული და თანმიმდევრული.

 

ბ) ყოველი შეხვედრისათვის დღის წესრიგის განსაზღვრა წინ წამოწევს საკითხებს, რომლებიც ყველაზე აქტუალურია ორგანიზაციისათვის და მისი სამსახურებისათვის.

 

გ) კომუნიკაცია მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის გაუმჯობესდება, მათ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია ერთმანეთის გეგმების შესახებ და შესაბამისად, მეტი კოორდინაციის და დახმარების შესაძლებლობაც.

 

საბჭოზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე პრიორიტეტებზე მსჯელობა, როგორც მთლიანი ორგანიზაციის, ისე მისი ქვედანაყოფების შესახებ. ამისათვის წინასწარ შეთანხმებული სამუშაო გეგმით უნდა მოხდეს ჯერ უმაღლესი მენეჯმენტის, შემდეგ კი სამსახურების ხელმძღვანელების პრიორიტეტებისა და სამოქმდო გეგმების მოსმენა და განხილვა.

 

საბჭოს უნდა ჰყავდეს მდივანი. სასურველია იგი იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელი, რომელსაც კარგად ესმის ორგანიზაციის და მისი ძირითადი სამსახურების საქმიანობის სპეციფიკა.

 

საბჭო, სასურველია, შედგებოდეს მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან. მაშინაც კი, როცა ამა თუ იმ სამსახურის ხელმძღვანელს, შესაძლოა, ძალიან ხშირად უწევდეს ყოფნა სხდომაზე, მას მაინც უნდა ჰქონდეს მოწვეული წევრის სტატუსი, თუ, სავარაუდოდ, განიხილება საკითხები, სადაც მისი დასწრება აუცილებელი არ იქნება.

 

საბჭოს ყოველი შეხვედრის წინ მდივანი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა ათანხმებდნენ შეხვედრის დღის წესრიგს, აცნობდნენ მას დანარჩენ წევრებს.  შეხვედრები, სასურველია, მიყავდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

 

დროთა განმავლობაში, სასურველია, საბჭოს მუშაობაში იმ რიგითი თანამშრომლების ჩართვა, რომლებსაც აქვთ სურვილი უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის განვითარების პროცესში. ამისათვის საჭიროა, საბჭოს არსებობის შესახებ ინფორმირებული იყოს ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, იმ თანმშრომლების შესახებ, რომლებსაც ექნებათ მენეჯმენტისათვის საინტერესო იდეები, ხედვები ან ინფორმაცია – მიიწვევენ სხდომაზე და მისცემენ საშუალებას, მათი მოსაზრებები უშუალოდ წარუდგინონ საბჭოს წევრებს.

 

რიგითი თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ სურვილი თავი გამოიჩნინონ და კარიერა გაიკეთონ ამ შესაძლებლობით აუცილებლად ისარგებლებენ. ეს საბჭოს სხდომებს ბევრად უფრო ცოცხალს და საინტერესოს გახდის.