GEO ENG
GEO ENG

როგორ შეუძლიათ დეველოპერებს თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ და თვითონაც დამატებით შემოსავლები მიიღონ

თუ რომელიმე დეველოპერული კომპანია თბილისში და მის გარშემო არსებული გამოუყენებული დიდი ნაგებობების და საწარმოო ეზოების აღწერას გააკეთებს, მოიფიქრებს მათი ეფექტური გამოყენების გზას, ხოლო ამის შემდეგ მფლობელებს ასეთი შენობების გაყიდვაში ან გაქირავებაში დახმარებას შესთავაზებს, შემოსავლებსაც მიიღებს და თბილისისთვისაც კარგ საქმეს გააკეთებს. 

 

ასეთი შენობების და ტერიტორიების რაოდენობა თბილისშიც, მის გარშემოც და მთელი საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდია. მათი გამოყენება დღეს, ფაქტიურად, არ ხდება. არადა, ძალიან ბევრი ფუნქციაა, რომელიც მათ, შეიძლება, წარმატებით შეასრულონ სულ მცირე გადაკეთებებით, სახელის დარქმევით და რეკლამირებით. ამისათვის საჭიროა ვიღაცამ იფიქროს, ვინ შეიძლება გამოიყენოს ეს შენობები და რისთვის, რა არქიტექტურული თუ გეგმარებითი ცვლილებებია საჭირო, რათა გახდეს ისინი მათთვის უფრო საინტერესო.

 

ასეთი ფუნქციები საკმაოდ ბევრია: გასართობი კომპლექსები, სპეციალიზირებული სავაჭრო კომპლექსები, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, მაღალი დონის სკოლა-პანსიონი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ფასიანი ციხე, ავტოგამოფენა, აუქციონი და უამრავი სხვა, რომელიც, კარგი დაგეგმარების შემთხვევაში, ასევე კარგი მარკეტინგული კონცეფციით, ბევრი ინვესტორის ან კონკრეტული მცირე და მსხვილი ოპერატორი კომპანიისთვის შეიძლება გახდეს საინტერესო შესაძენად, საქირავებლად ან ინვესტირებისათვის.