GEO ENG
GEO ENG

რის გაკეთებას ვურჩევდით ქალაქის მერს

ეს ინსაიტი დაიწერა ამ თემაზე სტრატეგიული კლუბის წევრების მოსაზრებების შეჯერებით

 

თბილისში, როგორც მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემაა, რომლებიც გადაჭრას საჭიროებენ. ძირითადი პრობლემებია: 

• გადაადგილება და ტრანსპორტი

• სისუფთავე

• ქალაქის განტვირთვა

 

გადაადგილებას ძალიან უშლის ხელს ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები. კარგი იქნება, თუ განვითარდება მეტრო და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ ადგილას(ვაზისუბანში და ა.შ). ყვითელი ავტობუსები მინიმალურად უნდა შემცირდნენ, რადგან არამარტო საცობებს იწვევენ, არამედ აბიმძურებენ ქალაქს გამონაბოლქვით. ასევე ხალხის უკმაყოფილებას იწვევს სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებში ახდილი ლუქები. კარგი იქნება, თუ მოხდება შემოვლითი სატრანზიტო გზების განვითარება (გურჯაანიდან კასპში მიმავალმა თბილისში რომ არ გაიაროს).

 

მეორე ძირითადი პრობლემა სისუფთავეა: სახლებიდან პირდაპირ ერთჯერადი ცელოფნით ყრიან ნაგავს, მანქანებიდან ისვრიან საჭმლის ნარჩენებს. ამისთვის აუცილებელია შემოიღოს დიდი ჯარიმები, დააყენოს სათვალთვალო კამერები და შეაჩვიოს ხალხი წესრიგს. იმ ადგილას, სადაც ბაზრობებია, შეიძლება გაკეთდეს სპეციალიზირებული სავაჭრო რიგები: მაგალითად, თევზის რიგი, ყველის რიგი… სადაც ლამაზ და სუფთა დახლებზე შეფუთული და დაფასოებული პროდუქტი იქნება დალაგებული . არ იქნება ფეხქვეშ არეული გაფუჭებული, დამპალი პროდუქტი, მტვერი, ტალახი, კარდონი, ქაღალდი და კიდევ სხვა ნაგავი… ძალიან წარმატებულად შეიძლება – ეს ყველაფერი ძალიან კოლორიტულს გახდიდა თბილისს, მის ქუჩებს, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა ტურისტებისათვის… შესაძლოა გლეხებს გამოეყოთ ადგილები, სადაც სოფლიდან ჩამოსული მზისგან გარუჯული პაპები და ბებიები პირდაპირ პირველი ხელიდან გაყიდიან თავიანთი ჯაფით მოყვანილ პროდუქტებს და ერთხელ და სამუდამოდ მოისპობოდა გადამყიდველების პრობლემა. ისინი ხომ გლეხს მთელი წლის მანძილზე ნაწვალებ სარჩოს კაპიკებში ართმევს და ძვირად ყიდის ქალაქში.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია. ამის მოსაგვარებლად შეიძლება შემდეგი ღონისძიებების გატარება:

 

საბითუმო, სასურსათო ბაზრების და ე.წ. “ბაზრობების” გატანა, ოღონდ ამ შემთხვევაში ახლო მდებარე ტერიტორიბზე: მისაქციელი, სართიჭალა. სადაც დაინიშნებოდა იაფი ტრანსპორტი ქალაქის ცენტრალური უბნებიდან, სამაგიეროდ განთავისუფლდებოდა: ვაგზალი, ელიავა, დიდუბე;

პროექტი განათლების სამინისტროსთან ერთად – უნივერსიტეტები (ან მათი ფაკულტეტები), ბიზნეს სკოლები ქალაქ გარეთ. არ შეიძლება გაკეთდეს ქართული “ოქსფორდი” და “კემბრიჯი”?! პატარა ქალაქები გადაკეთდება საუნივერსიტეტო ქალაქებად, იმოძრავებს ახალგაზრდობა, გაცოცხლდებიან. (დადებითი მხარე: იაფი მიწა, შენობა, მუშახელი. საჭიროა: სახელმწიფო ინიაციატივა, საგადასახადო შეღავათები);

სახელმწიფო უწყებების გატანა რეგიონებში

აღსანიშნავია, რომ თბილისში ბევრი სტადიონი და მოედანი გაკეთდა, რაც მისასალმებელია. მაგრამ სამწუხაროდ, იქ მოვარჯიშე და მოთამაშე მცირეა. მათ დასატვირთად და რაც მთავარია ახალგაზრდების სპორტული განვითარებისთვის კარგი იქნება, თუ მოეწყობოდა სპორტის უმეტეს სახეობებში შეჯიბრებები უბნებს შორის, გამარჯვებული კი დაჯილდოვდებოდა სხვადასხვა პრიზებით: მაგალითად, ბურთით, სპორტულებით, სავარჯიშო ტრენაჟორებით, წლიური აბონენტით ეროვნულ სტადიონზე მატჩებზე დასასწრებად და სხვა. განსაკუთრებული სპორტული ტალანტით დაჯილდოებულები კი  დაფინანსდებოდნენ საუკეთესო ქართულ კლუბებში სწავლით თუ თამაშით.

 

და რაც მთავარია, თბილისის მერს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ისიც უბრალო მოქალაქეა და დიდ დროს უნდა ატარებდეს ხალხთან ერთად – ქუჩებში იაროს ფეხით, შეიგძნოს და დაინახოს თბილისი ისეთი, როგორსაც ყველა ხედავს, და, რაც მთავარია, ყოველგვარი კამერების, ტელევიზიების და პიარის გარეშე. ასე სხვის გაჭირვებას და არსებულ პრობლემებს ყველაზე უკეთ დაინახავს, გადაჭრის გზებსაც უკეთ მოძებნის და ხალხისთვისაც სასურველი მერი იქნება

 

ამ თემაზე განხილვა მიმდინარეობს სტრატეგიულ კლუბში