GEO ENG
GEO ENG

რისი უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს

ხელმძღვანელს თუ საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის წევრების შესაძლებლობების და უკეთესი ხვალინდელი დღის არ სჯერა თვითონაც ძალიან წვალობს და სხვებსაც აწვალებს.

 

 

ბევრი ძალიან დალაგებულად, არგუმენტირებულად გადმოსცემს მოსაზრებას, მაგრამ უყურებ და ხვდები, რომ არ სჯერა თვითონ რასაც ლაპარაკობს და შენც სურვილი გიჩნდება, ყური დაიხშო და წუთიც აღარ დაკარგო მის მოსასმენად.

 

ამის საპირისპიროდ ბევრი მინახავს, ვინც გაუგებრად, დაულაგებლად ლაპარაკობენ, ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ ისეთი დარწმუნებით საუბრობენ, რომ ხვდები, სჯერა თვითონ, რასაც ამბობს და შენც უფრო ნაკლები ეჭვი გიჩნდება, სურვილი გაქვს გაჰყვე და მასთან ერთად ნახო, რა გამოვა შედეგად. ადამიანი, რომელსაც თავისი თავის სჯერა, სჯერა იმის, რასაც ამბობს, რასაც აკეთებს, ასეთ ხელმძღვანელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნია, მასთან ერთად ბევრის სწავლა და ბევრის გაკეთება შეიძლება.

 

თუნდაც მარტივი იდეის განხორციელების დასაწყისშივე ჩნდება ბევრი შიში და ეჭვი, გამოვა ეს საქმე ბოლომდე თუ არ გამოვა, ირგვლივ ყველა შეუჩერებლად ასახელებს გარემოებებს, რომლებიც ამ იდეის განხორციელებას დიდი ალბათობით შეუშლის ხელს. ასეთ დროს მხოლოდ ხელმძღვანელის რწმენა, რომ სირთულეების დაძლევა მოხერხდება, არის ერთადერთი წინაპირობა წარმატებული სტარტისათვის.

 

მეორე მნიშვნელოვანი, რისიც აუცილებლად უნდა სჯეროდეს ხელმძღვანელს, მისი გუნდის წევრების შესაძლებლობებია. ის თუ დაიჯერებს, რომ მათ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ბევრად მეტად ენდობა, ბევრად უფრო ამბიციურ ამოცანებს დაუსახავს, დელეგირებასაც მეტს გააკეთებს და მათ სწავლებასაც მეტად შეეცდება.

 

მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენაა. იგი განსაკუთრებით კრიტიკულ, კრიზისულ პერიოდში ეხმარება ხელმძღვანელს. თუ მას სჯერა, რომ ყველაზე რთული დღეებიც გაივლის და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება ის უფრო მშვიდად იქნება, უფრო მეტად დაამშვიდებს სხვებსაც, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს თვითონაც და გუნდსაც ბოლომდე შეუნარჩუნებს წარმატების სურვილს და რწმენას.