GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტის ფონდმა უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელი ახალგაზრდების დაფინანსების პოლიტიკაში

სწორედ ახლა იწყება იმ ახალგაზრდების შერჩევის პროცესი, ვისაც სახელმწიფო საზღვარგარეთის ქვეყნებში ბიზნეს–განათლების მიღებას დაუფინანსებს. ეს პროცესი უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს და ბევრ ადამიანს მისცა დამატებითი სტიმული, ეფიქრათ ხარისხიანი განათლების მიღებაზე. პროცესი უდაოდ მნიშვნელოვანია, ამასთან რამოდენიმე საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. კერძოდ,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, ვისი დაფინანსებაც მოხდება, სასწავლებლები, სადაც დაფინანსდება სწავლა, ასევე ვალდებულებები, რომელიც დაფინანსებულმა უნდა იკისროს, ისე იყოს შერჩეული, რომ იძლეოდეს რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანისათვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, რომლებიც უკან დაბრუნდებიან და თავის ცოდნას საქართველოს მოახმარენ.

 

ამ მიზნის მისაღწევად ვფიქრობთ უმჯობესია:

 

1. დაფინანსებაში 27-28 წელზე უფროს, დაოჯახებულ, 3-5 წლიანი სამუშაო, უპირატესად მენეჯერული გამოცდილების მქონე ადამიანებს მიენიჭოს უპიარეტასობა. სავარაუდოა, რომ ასეთებს უფრო მეტი მოტივი ექნებათ უკან დასაბრუნებლად, ვინაიდან მათთვის უცხოეთში დარჩენა უფრო რთული იქნება ბევრი მიზეზის გამო.

 

2. ასევე სასურველია, აქცენტი ისეთებზე გაკეთდეს, ვინც ძალიან ცხადად ასაბუთებს, თუ რატომ სჭირდება განათლების მიღება (საკუთარ ორგანიზაციაში დაწინეურებისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, ახალ ინდუსტრიაში გადასასვლელად და ა.შ.) ვინც ამას ვერ ახერხებს, სავარაუდოდ, დარჩენის სურვილიც დიდი აქვს და მიზეზიც.

 

3. სასწავლებლები, რომლებში სწავლასაც სახელმწიფო დააფინანსებს, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს ტოპ ათეულის და არც ოცეულის სასწავლებლები. ვინაიდან იქ სწავლება იმდენად უკეთესი არ არის, რამდენადაც ძვირია და თან, რაც უფრო რეიტინგულია სასწავლებელი, მით უფრო ნაკლები იქნება ახალგაზრდის საქართველოში დაბრუნების პერსპექტივა. ასევე ერთ დაფინანსებულზე უფრო ნაკლები იქნება თანხა, რაც უფრო მეტი ახალგაზრის დახმარების შესაძლებლობას შექმნის.

 

4. თუ ფონდი შესთავაზებს გარკვეულ სასწავლებლებს, რომ სწორედ მათთან სწავლას დააფინანსებს, იმ პირობით, რომ ისინი თავის მხირვ ფასდაკლებას გაუკეთებენ, ან დამატებით სტიპენდიას დაუნიშნავენ სტუდენტს. ამას ბევრი სასწავლებელი სიხარულით დათანხმდება. უკან დაბრუნების მსურველი ახალგაზრისთვის კი, ვინც განათლებას პრეზიდენტის ფონდის დახმარებით იღებს, არ უნდა იყოს ნაკლებად საინტერესო საბუთები სწორედ ფონდის მიერ შერჩეულ სასწავლებლებში გააგზავნოს.

 

5. ვფიქრობთ, ფოდმა უნდა მოითხოვოს დაფინანსებულებისაგან, რომ მათ მინიმუმ 3 წელი სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში გაატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვიურად მნიშვნელოვანი  თანხა უნდა დაეკისროთ ხელფასიდან გადასახდელად.

 

6. ასევე სასურველია, საქართველოში დაბრუნებულ ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივი ან ვალდებულება, მინიმუმ 1 წელი სახელმწიფო სტრუქტურაში ან არასამთავრობო სექტორში იმუშაონ.

 

7. ასევე, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდებს დაევალებათ, თავის სასწავლებელში, სწავლის პერიოდში მინიმუმ ერთი მაღალი ხარისხის პრეზენტაციის მოწყობა საქართველოს, აქაური ბიზნეს კლიმატის და შესაძლებლობების შესახებ. პრეზენტაციას ალბათ აუცილებლად უნდა დასწეროს საქართველოს საელჩოს თანამშრომელი იმ ქვეყანაში და შეფასების სპეციალური ფორმა პრეზიდენტის ფონდშიც გადმოაგზავნოს.

 

კრიტერიუმები ისევე, როგორც დაფინანსების სანაცვლო ვალდებულებები, ალბათ, სხვაც უნდა იყოს, თუმცა შევეცადეთ შედარებით მნიშვნელოვანი გამოგვეყო, რომელებიც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით ემსახურება პროცესის მიზნებს.