GEO ENG
GEO ENG

რა შეიძლება აღმოჩნდეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სასკოლო განათლების ხარისხის გასაზრდელად

დროში  სკოლების ფუნქცინირების ყველაზე ეფექტური გაუმჯობესებისათვის დირექტორების საქმიანობის ხარისხის გაზრდა შეიძლება გახდეს. ვფიქრობთ, ამ ამოცანის გადაწყვეტა შედარებით ადვილად შეიძლება თუ:

 

 

ა) განათლების სამინისტრო შეიმუშავებს სკოლების დისტანციური და ადგილზე შესწავლის საფუძველზე შეფასების რეიტინგულ სისტემას. იგი სკოლის დირექციის, სამეურვეო საბჭოს, მასწავლებელთა კორპუსის რეალური მუშაობის ხარისხს შეაფასებს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეაფასებს და სკოლას რეიტინგს მიანიჭებს. სასურველია, ამ რეიტინგის მინიჭება ორ წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდეს.

 

ბ) განათლების სამინისტრო ბიზნესსკოლებს დაუკვეთავს სპეციალური სასწავლო პროგრამის მომზადებას დირექტორებისათვის (ცნობილია, რომ დირექტორები გარკვეულ მომზადებას გადიან, თუმცა ვფიქრობთ, ეს ფრაგმენტულ, არაინტენსიურ ხასიათს ატარებს და ხარისხიც არასაკმარისია).

 

გ) ვფიქრობთ, სკოლების ფუნქციონირების ეფექტიანობის გასაზრდელად მნიშვნელოვანია ასევე დირექტორებს შორის როტაციის სისტემის არსებობა. იგი არ მისცემს საშუალებას კონკრეტულ ადამიანს, ღრმად გაიდგას ფესვები ერთ სკოლაში და მის სახელობით სკოლად აქციოს. ეს მათი მენეჯერული კვალიფიკაციისთვისაც უკეთესი იქნება და სკოლებისთვისაც. გვესმის, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ეს არც თუ ისე ადვილია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ არჩევნებს, ეს საკითხი რეალურად ფორმალობამდე დადის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდი არ არის და ადამიანებთან ურთიერთობებსაც ასე თუ ისე აგვარებს, ადვილად შეძლებს, დიდი ხნით დარჩეს სკოლაში, რაც არც ერთისთვის არ არის სასურველი.