GEO ENG
GEO ENG

რა უნდა დაისახოს ეროვნულმა ბანკმა უახლოესი წლების მთავარ მიზნად

დღეს საქართველოს საბანკო სისტემის აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის 25-30% შეადგენს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია არა მარტო განვითარებული ქვეყნებისთვის (სადაც რამოდენიმეჯერ აღემატება საბანკო აქტივები მთლიან პროდუქტს), არამედ განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ეს, საერთო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემა რეალურ როლს ეკონომიკის განვითარებაში ფაქტობრივად ვერ ასრულებს. 

 

ვფიქრობთ, ეროვნულმა ბანკმა უახლოესი 2-3 წლისთვის მიზნად სწორედ ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდა უნდა დაისახოს და მისი საქმიანობაც ძირითადად ამ მიმართულებით აწარმოოს. ამისათვის კი მას მოუწევს იზრუნოს:

 

ა) დაასტიმულიროს ბანკები, მიიზიდონ მიზნობრივი საკრედიტო ხაზები ეკონომიკის კონკრეტული სფეროების დაკრედიტებისათვის.

ბ) მაქსიმალურად იზრუნოს იმაზე, რომ ეს სახსრები ეფექტურად გადანაწილდეს ეკონომიკის იმ დარგებში, სადაც მათ ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქტის შექმნა შეუძლიათ.

გ) ეცადოს ზოგადად ბანკების, საბანკო სისტემის რეპუტაციის გამყარებით, მარეგულირებელი სისტემის ფუნქციონირების ძირითადი სპეციფიკის პოპულარიზაციით და ბანკებთან ერთად ფულის ბანკში შენახვის მნიშვნელობის პროპაგანდით ბანკებიდან გასული ფული და ის, რაც იქ არც არასდროს ყოფილა, მაქსიმალურად მოაქციოს საბანკო არხებში.

 

ამ მიმართულებებით კონკრეტული საკანონმდებლო და სხვა ტიპის აქტივობებმა, საბოლოო ჯამში, სწორედ ზემოთ მოცემული მაჩვენებლის გაუმჯობესება უნდა გამოიწვიოს: ბანკების როლი ეკონომიკის და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში გაზარდოს.