GEO ENG
GEO ENG

კონკურენტების დაცინვის უარყოფითი ეფექტები

ჩვენთან ხშირად ხდება, რომ მენეჯმენტი, ძირითადად ქვეცნობიერად, თანამშრომლებშიც და კლიენტებშიც, ერთ-ერთი ან რამოდენიმე კონკურენტის მიმართ, ზიზღის და სიძულვილის დანერგვას ცდილობს. იქ გადასვლას კი ყველას და ყველაფრის ღალატად აღიქვამს. მოწინააღმდეგის მუდმივი ქილიკი (რეკლამებშიც კი), მათი წარმატებების შემთხვევითობაზე მიწერა, მათი ხელმძღვანელების დაცინვა პირად საუბრებში, შიდა თათბირებზე, კონკურენტების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ირონიული ლაპარაკი ძალიან გავრცელებულია ჩვენთან. ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, გაცილებით უფრო მეტი უარყოფითი ეფექტი აქვს, ვიდრე დადებითი.

 

გასაგებია, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი, თანამშრომლებში, შესაძლოა, მოწინააღმდეგის ბანაკში გადასვლაზე ფიქრისას დამატებით ბარიერებს მართლაც ქმნის. შესაძლოა, ყოველდღიურ მუშაობაშიც კი მოტივაციას უზრდიდეს მათ, კლიენტებთან კონკურენტებზე ცუდი ილაპარაკონ, მათთვის მეტი კლიენტის წართმევა სცადონ, მათ პირად წრეებში მეგობრებს და ახლობლებს ურჩიონ არ გაეკარონ კონკურენტს და მათ პროდუქტებს. ამ ყველაფერს მართლაც აქვს რაღაც დადებითი ეფექტი, ალბათ, მაგრამ:

1.  თანამშრომლების იმ ნაწილზე, რომელიც აზროვნებს, რომლებსაც პროფესიონალიზმიც საკმაოდ მაღალი აქვთ და მენეჯმენტთანაც შედარებით უფრო ახლოს უწევთ მუშაობა ეს ყველაფერი არანაირ დადებით გავლენას არ ახდენს. უფრო პირიქით, მათში, მიუხედავად იმისა აღიარებენ თუ არა ამას ხმამაღლა, მათი მენეჯმენტის ქმედების უსამართლობად, არარაციონალურ, არასერიოზულ და არაპროფესიონალურ მიდგომად შეფასებას იწვევს. ეს დროთა განმავლობაში მათში წინააღმდეგობის მუხტს გარდაუვლად აგროვებს.

2. დანარჩენ, ჩვეულებრივ, თანამშრომლებში ეს ყველაფერი პირიქით, იმის მცდარ განცდას აჩენს, რომ კონკურენტი რეალურად არ არის კონკურენტი, რომ იქიდან რეალური საფრთხე არ ემუქრებათ, კლავს მათში კონკურენტული საფრთხის შეგრძნებას და უსაფუძვლო თვითკმაყოფილებას ამკვიდრებს, რაც მათ ყოველდღიურ მოქმედებებშიც შესაბამისად აისახება.

3. კლიენტების უდიდესი, საუკეთესო ნაწილის თვალში, ისევე როგორც მთლიანი საზოგადოების, ერთი კომპანიის ან მისი თანამშრომლების მხრიდან მათი კონკურენტის დაცინვა და აუგად მოხსენიება ყოველთვის უფრო დიდ უარყოფით მუხტს იწვევს თვით ამ კომპანიის მიმართ და არა დაცინული კონკურენტის. უფრო პირიქით, უსამართლობის განცდა მათში სწორედ მოწინააღმდეგის მიმართ ლოიალურობას ზრდის.

ამ ყველაფრის ნაცვლად მენეჯმენტის მხრიდან იმაზე ხშირი საუბარი, თუ რამდენად ძლიერია მათი კონკურენტი, რამდენად დიდი საფრთხე მოდის მისგან, რამდენად კარგი პროდუქტები და მომსახურება აქვს მას, რამდენად გონივრულად მოქმედებს მისი მენეჯმენტი და მათი თანამშრომლებიც როგორ ბევრს და კარგად მუშაობენ, გაცილებით დიდ მუხტს აჩენს თანამშრომლებში, კონკურენტული საფრთხის შეგრძნებასაც ქმნის და უფრო მეტ და უფრო კარგად მუშაობასაც უწყობს ხელს.

ვიღაცეებს ასეთმა პროპაგანდამ, შესაძლოა, მართლაც გაუძლიეროს კონკურენტთან გადასვლის სურვილი, თუმცა ისინი ამის გარეშეც ოდესღაც მაინც გადავლენ სადღაც. სამაგიეროდ, ვინც დარჩენას გადაწყვეტს უფრო მეტად შეიკვრებიან და ეცდებიან, ერთად კიდევ უკეთესები გახდნენ კლიენტებისთვის.