GEO ENG
GEO ENG

ვისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი სამთო კურორტების განვითარება

ვფიქრობთ, თუ დიდი ფარმაცევტული კომპანიები (პსპ, ავერსი) ცნობილი ქართული სამთო კურორტების განვითარებას დაიწყებენ, სანატორიუმებს და სამკურნალო–გამაჯანსაღებელ კომპლექსებს აღადგენენ, საგზურებს კი აფთიაქების მეშვეობით გაყიდიან გაცილებით დიდ მოგებას მიიღებენ, ვიდრე თბილისში ამდენი კლინიკების მშენებლობითა და რეკონსტრუქციით. ტურიზმის ეს მიმართულება ბევრად უფრო პერსპექტიურლია ჩვენთან, ვიდრე ტურიზმის ექსპორტზე ორიენტირებული სხვა ნებისმიერი მიმართულება (რელიგიური ტურიზმის გარდა ალბათ). დროთა განმავლობაში ამ კომპლექსების უნიკალურობა ბევრი უცხოელი სტუმრისთვის გახდება მიმზიდველი. იქმდე კი მათი განვითარებისათვის ადგილობრივი პოტენციური მომხმარებლის რაოდენობაც საკმარისზე მეტია.

 

სამწუხაროდ, ცნობილი კომპლექსების რეკონსტრუქციას დიდი კაპიტალდაბანდებები სჭირდება. თუ სახელმწიფო კეთილ ნებას გამოიჩენს და შეღავათიანი პირობებით გაყიდის, ან გრძელვადიანი იჯარით გასცემს მათ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც მისი აღდგენის და დატვირთვის გარანტიებს მისცემენ, რამოდენიმე წელიწადში საფუძველი ჩაეყრება მომგებიან ინდუსტრიას, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტ სტუმარს შესძენს. რომ არაფერი ვთქვათ იმ ასი ათასობით ოჯახზე ვისთვისაც ასეთი კომპლექსების არსებობა უკვე დღეს არის სასურველი მაშინ, როცა მიწოდება ფაქტიურად აღარ არსებობს და მათ უმეტესობას კერძო სახლების არაკომფორტულ ოთახებში უწევთ დასვენება სუფთა ჰაერით და წყლით არაორგანიზებული მკურნალობის სანაცვლოდ.