GEO ENG
GEO ENG

ვისთან თანამშრომლობით შეუძლიათ ბანკებს გაზარდონ ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა

აუდიტორული კომპანიები და ცნობილი კერძო აუდიტორები საუკეთესო პარტნიორები შეიძლება აღმოჩნდნენ ბანკებისათვის ხარისხიანი საკრედიტო პორტფელის სწრაფად გასაზრდელად. აღნიშნული საკითხი, მოგეხსენებათ, ბანკების უმეტესობისათვის ძალიან აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს.საქმე იმაშია, რომ აუდიტორებს საშუალო და მცირე ზომის კომპანიების დიდი კლიენტურა ყავთ, რომელთა ფინანსური მდგომარეობა ძალიან კარგად იციან.

 

ასევე, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ადვილად შეუძლიათ მიხვდნენ თუ ზუსტად როგორი მონაცემების ორგანიზაციებია სასურველი ბანკებისათვის ამჟამად დასაკრედიტებლად.

 

ამ ყველაფერთან ერთად სწორედ აუდიტორებს შეუძლიათ, ფინანსური შედეგების განხილვისას, ობიექტურად ურჩიონ უკეთესი ბანკი კლიენტს, თუ ხედავენ, რომ ეს უკანასკნელნი მომსახურების არც თუ ისე სახარბიელო პირობებით სარგებლობენ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბანკები შეძლებენ:

 

ა) ზუსტად ჩამოაყალიბონ, როგორი პარამეტრების ორგანიზაციების დაკრედიტებაა მათთვის ყველაზე მეტად სასურველი;

 

ბ) შეძლებენ აუდიტორული კომპანიების მოტივირებას, აქტიურად ითანამშრომლონ მათთან ასეთი პარამეტრების ორგანიზაციების გამოსავლენად;

 

გ) გამოიყენებენ აუდიტორებს პირველადი განაცხადების ხარისხიანად მოსამზადებლად (რის საფასურს კლიენტებიც სიამოვნებით გადაიხდიან, ბანკებისთვის მხოლოდ მათი სათანადოდ მომზადება იქნება საჭირო).

 

ბანკები შეძლებენ თავიდან აირიდონ საკუთარი ძალებით კარგი კლიენტების ტყუილი  და უმისამართო ძებნა, გაიმარტივებენ ხარისხიანი განაცხადების ისეთი ნაკადის შექმნას, რომელიც მათ კარგი პორტფელის სწრაფად გაზრდაში დაეხმარება.

 

მცირე ზომის კომპანიების მოსაზიდად ზუსტად იგივე მიდგომით შეიძლება მუშაობა  კერძო პრაქტიკის ბუღალტრებთან და საბუღალტრო მომსახურების ფირმებთან, რომელთა მომსახურებითაც ძალიან ბევრი მცირე ფირმა სარგებლობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ უღირთ ცალკე ბუღალტრის ყოლა. ასეთი ადამაინების პოვნა კი პროფესიული კურსებიდან, ასოციციიდან ადვილად შეიძლება. ასევე მათ მოსაძებნად შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს რაიმე სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პროდუქტის შექმნა ან მიზნობრივი ტრენინგის ორგანიზება.