GEO ENG
GEO ENG

ეს ნიშნავს რომ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო

ყველაზე ხშირად გვეკითხებიან ტოპ – მენეჯერები, თუ როგორ უნდა მიხვდნენ, როდის სჭირდება ორგანიზაციულ სტრუქტურას მნიშვნელოვანი რედიზაინი. მოკლე პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, როდესაც ხვდებით, ქვევიდან ზევით ინიციატივები არ მოდის, აღარ მოდის, ან იმდენი არ მოდის, რამდენიც საჭიროა. როდესაც თქვენ, ტოპ – მენეჯერებს გიწევთ თვითონ მოიფიქროთ იდეებიც და მერე დიდი ძალისხმევა დახარჯოთ იმისათვის, რათა აიძულოთ თქვენს ქვეშევრდომებს მათი განხორციელება.

 

თუმცა არის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროების კიდევ რამოდენიმე ძალიან ცხადი ნიშანი:

 

 

1. თქვენი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის თვალებში ნაპერწკალი ჩაქრა, ისეთი ანთებულები და მონდომებულები აღარ არიან, როგორც ადრე.

 

2. თანამშრომლები ყოველდღიურად ბევრად უფრო ნაკლებ სარგებელს ქმნიან, ვიდრე ადრე, ან ვიდრე შეიძლება და როდესაც ამას მენეჯმენტიც ცხადად გრძნობს.

 

3. მენეჯმენტი ყოველდღიურად ხვდება, რომ გარემოში არსებული ბევრი შესაძლებლობა იკარგება იმის გამო, რომ ვერ ვამჩნევთ, გვიან ვამჩნევთ, ან ვამჩნევთ, მაგრამ რეაგირებას ვერ ვასწრებთ და ეს სულ უფრო ხშირდება.

 

4. სულ უფრო ხშირად ისმის “ეს ჩემი საქმე არ არის”. ხშირდება შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები დაუსაბუთებლად ცდილობენ სხვას გადააბრალონ შეცდომა, ან პრობლემები.

5. შესაძლოა თანამშრომლები მონდომებული, ენერგიული, საქმიანი სახეებით დადიან, მაგრამ მენეჯმენტს სულ თანსდევს შეგრძნება იმისა, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც საჭიროა, ვინაიდან, თითქოს ბევრი მუშაობის მიუხედავად, შედეგი არ არის.

 

6. მენეჯმენტის ყველა წევრი გრძნობს, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება.

 

7. სულ უფრო ხშირად უჩნდება მენეჯმენტს თემები, რომელზეც უჭირს გადაწყვიტოს, ვის დაავალოს.