GEO ENG
GEO ENG

ერთჯერადი და პერმანენტული დავალებები

თუ დაქვემდებარებულს ერთ, პერმანენტულ დავალებას მივცემთ, მას ყოველდღე ახალ-ახალი დავალებების მიცემა აღარ დასჭირდება. იგი გაცილებით ინიციატივიანი გახდება და თვითონ შეგვაწუხებს, როდესაც იდეები ექნება ან რაღაცაში დახმარება დასჭირდება. ჩვენი როლი მის მართვაში მისთვის სათანადო დროის დათმობა, ყურადღებით მოსმენა, საჭირო რესურსების გამოყოფა და სხვა მხარდაჭერის გაწევა იქნება მხოლოდ. დანარჩენს თვითონაც სიამოვნებით და ენერგიულად გააკეთებს.

 

 

როდესაც ჩვენ თანამშრომელს ვეუბნებით, რომ მას მხოლოდ ერთი დავალება აქვს, მაგ.: მოიტანოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია პროდუქტებსა და მომსახურებაში არსებული პრობლემების შესახებ და აქვე რეგულარულად, დავუშვათ ორ კვირაში ერთხელ ვაწყობთ სპეციალურ შეხვედრას, სადაც მის მიერ მოტანილ ინფორმაციას სხვა კოლეგებთან ერთად ვიხილავთ და ერთად ვწყვეტთ რა რეაგირება მოვახდინოთ მასზე, ამ ადამიანს სხვა არაფერი მართვა აღარ სჭირდება. მას მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ და რითიც შევძლებთ დავეხმაროთ.

 

წარმოიდგინეთ, ორგანიზაციაში ყველას, თითოეულ თანამშრომელს თითო ასეთი ცხადი, სწორად შერჩეული, პერმანენტული დავალება რომ ჰქონდეს. როგორი მარტივი იქნება ორგანიზაციის მართვაც  და მისი თანამშრომლების შესაძლებლობების გამოყენებაც.

 

სამწუხაროდ ხშირად ისე ხდება, რომ ხელმძღვანელები იმის გამო რომ ვერ ახერხებენ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ და მოიფიქრონ როგორ და რა სახის პერმანენტული დავალებები გადაანაწილონ თანამშრომლებზე, უწევთ თვითონ იფიქრონ მათ მაგივრად და მუდმივად ერთჯერადი დავალებები აძლიონ.

 

ამის შედეგად თანამშრომლების დიდი ნაწილი სამწუხაროდ დაუტვირთავი რჩება, ვერ ვითარდება და საკუთარი შესაძლებლობის გამოყენებას ვერ ახერხებს. ორგანიზაციებიც უამრავ რესურსს კარგავენ და ხელმძღვანელებიც არაეფექტურად იყენებენ საკუთარ დროს.