GEO ENG
GEO ENG

დამსახურების ტვირთი

ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა, მახსოვს, ერთხელ მითხრა, რამდენიც არ უნდა გქონდეს გაკეთებული ორგანიზაციისთვის, სადაც მუშაობ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ დღეს მისთვის საჭირო აღარ ხარ და სარგებელს ვეღარ ქმნი აუცილებლად წასვლა მოგიწევსო.  უსამართლობაა შეიძლება, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ასე ხდება და ამაში არის რაღაცა ცივი, მაგრამ ძალიან რაციონალური.

 

 

მაშინაც კი, თუ წლებია ვემსახურებით ჩვენს ორგანიზაციას, მაშინაც კი, თუ ის სულაც ჩვენი შექმნილია. ჩვენს გარეშე არც სახელი ექნებოდა, არც გვარი, არც ასეთი იქნებოდა და შესაძლოა არც ყოფილიყო საერთოდ. შესაძლოა გვიფასებს კიდევაც ამას ჩვენი ორგანიზაცია, პატარა ძეგლიც შეიძლება დაგვიდგან, კიბის საფეხურს დააწერონ ჩვენი სახელი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ კიდევ აქ ვართ და ვმუშაობთ, რა თანამდებობაც არ უნდა გვეკავოს, ის მაინც ცივია, რაციონალური და ერთ დღესაც კი არ გვპატიობს ისეთს, როდესაც შეგვეძლო რაღაცა გაგვეკეთებინა მისთვის და არ გავაკეთეთ. ის ყოველდღიურად ითხოვს ჩვენგან – არ გავჩერდეთ, კიდევ და კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ.

 

რაღა დაგვრჩენია, სანამ აქ ვართ და სანამ ჯერ კიდევ გვინდა, რომ აქ ვიყოთ, იმისთვის, რომ ჩვენივე ღვაწლის შეგრძნებამ არ დაგვამძიმოს, ზედმეტი არ გაგვხადოს წლებთან ერთად, აჯობებს ჩვენ თვითონ, ჩვენივე ნებით, ყოველ დილას დავივიწყოთ ის, რაც გაგვიკეთებია ამ ორგანიზაციისათვის, ყოველ დღე, ყველა სხვა თანამშრომელთან ერთად, ახლიდან, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ შრომა, სხვებივით და სხვებზე მეტიც ვისწავლოთ, სხვებივით და სხვებზე მეტიც ვაკეთოთ, სხვებივით და სხვებზე მეტადაც ვასწავლოთ და დავეხმაროთ სხვებს.

 

როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა, რათა ღირებულები ვიყოთ, სანამ აქ ვართ, შევქნათ სარგებელი და სხვებსაც ვაჩვენოთ, რომ დამსახურებას, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ის, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დღეს ვქმნიდეთ სარგებელს, თუ არა და აუცილებლად მოგვიწევს წავიდეთ.