GEO ENG
GEO ENG

სტატიები

დაიწყე წრიულით – მართვის სისტემა რესტორანში „ბარბარესთან“

 

restoranshi_barbarestan

 

ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან წარმატებულ და გამორჩეულ ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩამოყალიბების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის სწორი მოწყობა, რამდენად აუცილებელი იყო პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სწორი გამიჯვნა-განაწილება და ზუსტად დაინახა ის წერტილი ბიზნესის განვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი საძირკვლის ჩაყრა შემდგომი განვითარების ზედ დასაშენებლად. დღეს ის გამორჩეულია თავისი უნიკალურობით, ხარისხით, ხასიათით. რესტორანი „ბარბარესთან“ – ორგანიზაციაა რომელიც ირჩევს წრიულ სტრუქტურას.

 

ორგანიზაციები დაარსებისას შიდა სამუშაოებს ძირითადად იმის მიხედვით ინაწილებენ გუნდში ვის რა გამოცდილება აქვს და ვის რა გამოუვა სხვებზე უკეთ, თუმცა ამავდროულად ყველა ყველას ეხმარება და მკაფიო პასუხისმგებლობა არ არსებობს, რადგან თუ რამე ფუჭდება ეს ყველას პრობლემა და პასუხისმგებლობაა, თუ განსაკუთრებულ შედეგს ვაღწევთ – ყველას დამსახურება და მიღწევა. ამგვარი განაწილება უფრო ლოგიკური და ბუნებრივია თავიდან, ოჯახური გარემო და გუნდურობა ამ დროს გადამწყვეტია, თავიდან ხომ ბევრი რისკია, ბევრი გაურკვევლობა, ბევრი გამოუცდელობა და სწორედ ასეთი მოქნილობა ამარტივებს და ამსუბუქებს ტვირთს ერთმანეთის შეხიდებით.

 

გარკვეულ ეტაპზე ორგანიზაციები დგებიან ისეთი სირთულეებისა და პრობლემების წინაშე, რაც მკაფიოდ აჩვენებს მოწესრიგებული მართვის სისტემის აუცილებლობას – გუნდი იზრდება, გამოცდილება გროვდება, საჭირო ხდება უფრო კონცენტირებული მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე, უფრო სწრაფი და ორგანიზებული ნაბიჯების გადადგმა.

 

რესტორანი „ბარბარესთან“ ქართული ოჯახური ბიზნესია. ქურასბედიანების ოჯახი ასე პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით ოჯახურად მართავდა რესტორანს ზუსტად იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომლის იქითაც ასე გაგრძელება ბევრი შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს.

 

ამოცანების განაწილებაზე ფიქრისას პირველ რიგში მოხდა რესტორნის დანიშნულების გააზრება, რითი იქნებოდა გამორჩეული და რა უნიკალურ ღირებულებას შექმნიდა. დანიშნულების შემდგომ მოხდა მიზნებისა და სურვილების დასმა სამწლიან ჭრილში როგორი უნდა ყოფილიყო რესტორანი სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით – სერვისები, კლიენტები, მასშტაბი, კონკურენტული უპირატესობა და ა.შ. შემდგომ ოჯახმა გამოკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლების მიმართულებითაც პერმანენტული მუშაობა იყო საჭირო და მოხდა ამ ამოცანების განაწილებაზე შეთანხმება – ვინ იმუშავებდა კლიენტების მოზიდვაზე და ნაკადის შექმნაზე, ვინ იმუშავებდა მოსული კლიენტების მაღალი ხარისხით მომსახურებაზე და მათ კმაყოფილებაზე, ვინ იმუშავებდა რესტორნის ასორტიმენტისა და სერვისების უწყვეტ განვითარებაზე და ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ყველაფერი ფინანსურად გამართლებული და მომგებიანო ყოფილიყო. ამოცანების განაწილება გუნდზე მოხდა წრიული სტრუქტურის პრინციპების დაცვით.

barbarestan_skema

 

 

წრიული სტრუქტურა მართვის ისეთი სისტემაა, სადაც არ არსებობს იერარქია, არ არის ვერტიკალები და დაქვემდებარებები, არ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები. წრიულ სტრუქტურაში არსებობს მმართველი გუნდი და დანარჩენი სტრუქტურა, რომლებიც ინაწილებს ამოცანებზე პასუხისმგებლობებს და ყველა ერთეული საკუთარი ამოცანის ხელმძღვანელია, ამ ამოცანის გადაჭრაზე ეკისრება სრული პასუხისმგებლობა და ამავდროულად სრული თავისუფლება გადაჭრის გზებში და წვდომა რესურსებზე. (იხილეთ სტატია: ლიდერობის პრინციპზე დაფუძნებული წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები)

 

წრიული სტრუქტურა არის პასუხისმგებლობების განაწილების მოწესრიგებული სისტმა ბიუროკრატიული შეზღუდვების გარეშე, რომელიც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ინიციატივებისა და იდეების ნაკადს, კომუნიკაციას და კოორდინაციას.

 

სტარტაპებისთვის, რომლებიც თავიდან ბიზნესს იწყებენ ისე როგორც ერთი ოჯახი, სადაც ჯერ არ არსებობს არანაირი სტრუქტურული ხე, ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე გამართლებული ნაბიჯი მართვის სისტემის მოსაწესრიგებლად წრიულ მოდელზე გადასვლაა. წრიული სტრუქტურა გუნდს არ უკარგავს მოქნილობას, რაც ბუნებრივად ჰქონდა მანამდეც, არ უქმნის დაბრკოლებებს თანამშრომლებს ერთად მუშაობისას, არ უყენებს ფილტრებს ქვევიდან წამოსულ იდეებს, ინიციატივებსა და პრობლემებს, განსხვავებით ვერტიკალური სტრუქტურებისგან. ცხადია, წრიული სტრუქტურა არ არის პანაცეა, რომელიც მართვის ყველა პრობლემას კურნავს, მაგრამ ის ქმნის ყველაზე ნოყიერ ნიადაგს ახალი იდეების აღმოსაცენებლად.

 

როდესაც ორგანიზაცია ირჩევს ვერტიკალურ სტრუქტურას, ის ბევრად უფრო შებოჭილი ხდება იერარქიული ბარიერებითა და დაქვემდებარებებით, უფრო მეტად უჭირს ახალი განსხვავებული იდეებისა და ინიციატივების მოფიქრება-განხორციელება და ეკარგება ის მოქნილობა და სიმარტივე, რაც ჰქონდა სულ თავიდან, როცა ერთი ოჯახივით მუშაობდა გუნდი.

 

წრიული მართვის სისტემა მაქსიმალურად უნარჩუნებს მოქნილობას, სიმსუბუქეს და სიმარტივეს. არ არსებობს უფროსი და დაქვემდებარებული, არსებობს მხოლოდ ბორდი და სხვა დანარჩენი სტრუქტურული ერთეულები, ყველა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველასთვის ცხადია მისი ამოცანა და ის შედეგი რასაც მისგან ელიან, ყველა ცდილობს ამ შედეგის მისაღწევად საოცრებები გააკეთოს. ორგანიზაცია, რომელიც ირჩევს წრიულს ემგავსება დიდ მოწესრიგებულ ოჯახს.

 

მაკა ჯიბუტი – დამფუძნებელი:

 

„ცვლილებების საჭიროება ჩნდება ხელმძღვანელისგან როცა ხედავს რომ პრიორიტეტულია სწორად იყოს მართვა განაწილებული და ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ექსპერტის კონსულტაცია, როგორ ხდება ეს და რა არის გასაკეთებელი, და ამიტომ მივმართეთ სინერჯის. ჩვენს შემთხვევაში გუნდური მმართველობა იყო ეფექტური, რადგან მთლიანად დავინახეთ ჩვენი ბიზნესი გარედან, როგორ ვითარდებოდა, სად ვიყავით და სად შეიძლება სწორად წავსულიყავით. დღესაც გუნდურად ხდება მართვა და რეგულარულ შეხვედრებზე ყველა აფიქსირებს თავის აზრს, რა არის პრიორიტეტული ნაბიჯები.

 

ძირითადი ცვლილება იყო პასუხისმგებლობის ზრდა თითოეული წევრის თავის ამოცანებზე: ამოცანების დასახვა და ამაში მთლიანი რესტორნის გუნდის ჩართვა და მუშაობა, მათთან ურთიერთობა, შეხვედრა, მათი ხედვების გათვალისწინება, რომ მათ მიერ დანახული საკითხები ზევით მოგვეტანა მმართველ შეხვედრაზე. ამგვარმა მუშაობამ მოგვცა შედეგი და ბევრი საკითხი უფრო კარგად გადაწყდა გუნდის ჩართვით, ჩვენ ვერ ვხედავთ ბევრ რაღაცას რასაც ისინი ხედავენ და შედეგზე უფრო კარგად გადიხარ.

 

თუ გინდა, რომ განვითარდე და ორგანიზაცია გაიზარდოს, იყოს უწყვეტი და სიცოცხლისუნარიანი, მუდმივად უნდა იცოდე რა ხდება, პულსზე გეჭიროს ხელი. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა თანამშრომლებთან გაქვს ურთიერთობა, ყველა მიმართულებით ეცნობი რა ხდება და ეს რეგულარული შეხვედრები ძალიან შედეგიანია, მიიღება გადაწყვეტილებები, ისახება ამოცანები და გადადიხარ შესრულებაზე, ეს დიდი მთლიანი პროცესია.“

 

ამოცანების განაწილებაზე მუშაობა 2016 წელს მოხდა, მას შემდეგ რესტორანმა „ბარბარესთან“ ბევრ წარმატებას მიაღწია, ბევრი აღიარება მოიპოვა, უამრავ სტუმარზე მოახდინა წარუშლელი შთაბეჭდილება და რაც მთავარია, არასდროს არ გაჩერებულა, არ შეუსვენია, არ მოშვებულა, რომ სულ უფრო მიმზიდველი, ხარისხიანი და გამართული გახდეს, მუდმივად აკვირვებს სტუმრებს სიახლეებით კერძებში, გარემოში, დამოკიდებულებაში.

 

ამ და კიდევ სხვა ბევრი წარმატებული მაგალითით სულ უფრო ვრწმუნდებით რომ წრიულ სტრუქტურას ალტერნატივა არ აქვს, არა მხოლოდ სტარტაპებისთვის, არამედ უკვე შემდგარი ორგანიზაციებისთვის.

 

დაიწყე წრიულით !