GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ხელმძღვანელის გაღვიძების ერთი ისტორია

ერთი ჩემი უფროსი მეგობრის ძალიან საინტერესო ისტორია მინდა მოგიყვეთ. ის მიძინებული გუნდის და მისი ხელმძღვანელის რადიკალურ სახეცვლილებას ეხება, რაც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა არც ისე წარმოუდგენელი და შეუძლებელი ყოფილა, უბრალოდ, როცა ადამიანი ძალიან ეჩვევი პასიურ გარემოს, ადამიანებს, საქმეს ბევრი რამ გრჩება შეუმჩნეველი. მოქმედმა გმირმაც წარმატების გასაღები გვიან ამოიცნო. ისტორიას პირველ პირში მოგიყვებით.

 

„არასდროს დამავიწყდება ეს…

 

უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც იმ ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ერთი მოსაწყენი და მოსაბეზრებელი სამსახური იყო. ვერ ვიტყვი, რომ საქმე, რასაც ვაკეთებდით ბუნებრივად ეგეთი იყო, მოწყენილობის მიზეზი უფრო მეტად ჩემს ხელმძღვანელში იყო, რომელთანაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ როგორც მენეჯერი ძალიან პასიური და ინერტული იყო. სხვა თანამშრომლებზეც ძალიან მოქმედებდა ეს, თუმცა ამის დანახვა და ამასთან ბრძოლა არცერთს არ მოგვინდომებია, და ამიტომაც იყო, რომ ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ „ის“ არ გამოჩნდა ჩვენს გუნდში.

 

ის ერთი გამოუცდელი ყმაწვილი გახლდათ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ასისტენტად აიყვანეს. ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი. ვერ ვიტყვი, რომ ან ნასწავლობით ან დიდი შრომისმოყავრეობით გამოირჩეოდა, მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი, რომ სასწაული ჩვენს გუნდში სწორედ მან მოახდინა.

 

დღემდე გაოცებული ვარ, როგორ მოახერხა ეს, როგორ სწორად დაგეგმა და თანმიმდევრულად განახორციელა „ჩანაფიქრი“, ყველა ჩვენგანი ჩაგვრთო და ძალიან კარგად „გამოგვიყენა“.

 

მისი მოსვლიდან რამდენიმე თვეში დაიწყო ცვლილებები, სულ მალე ჩვენს ხელმძღვანელშიც. ერთ–ერთი პირველი, რაც იყო, ძალიან სახალისო, სასიამოვნო და თან სასარგებლო წესების შემოღება და ტრადიციების დამკვიდრება გუნდში, რომლის ინიციატორიც მოგვიანებით ჩვენი ხელმძღვანელიც აქტიურად გახდა, მათ შორის:

 

კითხვის ნახევარი საათი ყოველ დილას, როცა გუნდის ყველა წევრი, მათ შორის ხელმძღვანელი წინასწარ შერჩეულ წიგნს ვკითხულობდით;

რეგულარული შეხვედრები ყოველ ორშაბათს, როცა მთელი გუნდის კვირის სამუშაო იგეგმებოდა, დავალებები ნაწილდებოდა;

პარასკევი დილის ნახევარი საათი, როცა შემეცნებით და საინტერესო ვიდეო–ლექციებს ერთად ვუყურებდით, ინგლისურ და რუსულ ენებზე;

„შაბათობა“ 2 კვირაში ერთხელ შაბათ დღეს, როცა ხან რომელიმე ბავშვთა სახლისთვის კომპანიის მასშტაბით მოგროვებული წიგნები, ტანსაცმელი და სხვა ნივთები მიგვქონდა, ხან რომელიმე პარკს სპეციალურ მაისურებსა და კეპებში გამოწყობილები ვასუფთავებდით, ხანაც ერთობლივად ხეების დასარგავად ვესეოდით აუთვისებელ მიწას;

ქალაქგარეთ ექსკურსიები და მათ შორის შეხვედრები – რამდენიმე სამუშაო შეხვედრაც კი ჩაგვიტარებია ბუნების წიაღში, ღია ცის ქვეშ;

სპორტული შეჯიბრებები ფეხბურთში, ჩოგბურთში, ბოულინგში, ჭადრაკშიც კი მოვაწყვეთ ერთხელ, როცა მარტო ჩვენი გუნდი კი არა, მთელი ორგანიზაციიდან მსურველები ჩაერთვნენ, გამარჯვებულები გამოვავლინეთ, საპატიო სიგელები და პრიზებიც გადავეცით, ერთი მხიარულება იყო;

მუსიკალური საათი კვირის შუა დღეს, როცა ყველა ვისვენებდით და მუსიკის ფონზე ვსაუბრობდით..

ცალკე საინტერესო ცვლილება ის იყო, რომ ამ ყველაფრის მოფიქრებისთვის 3 კაციანი გუნდიც კი გვყავდა გამოყოფილი, რომლის წევრებიც 2 კვირაში ერთხელ იცვლებოდნენ და რომელთაც ჩვენი სამუშაო პირობების, მიდგომების, ყოველდღიური მუშაობის პროცესის უფრო გასაინტერესოება, დახვეწა და გახალისება ევალებოდათ – იდეების მოფიქრება, გადარჩევა, დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება.

 

და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ცვლილება, ზოგი წვრილმანი, მაგრამ ძალიან კარგი და ეფექტის მომცემი.

 

ამ ცვლილებების ფონზე ისეთი შესაშური გახდა ჩვენი გუნდი ორგანიზაციის სხვა წევრებისთვის, ყველა ჩვენზე და ჩვენი ხელმძღვანელის ინოვაციურობაზე, აქტიურობაზე საუბრობდა. როცა ეს რეპუტაცია აქამდე ძალიან უცხო იყო ჩვენთვის.

 

და რა კავშირი აქვს ამ გარდატეხას იმ ყმაწვილთან?

 

ამ ცვლილებების დიდი ნაწილი სინამდვილეში სწორედ იმ ყმაწვილის თავში მოდიოდა და მერე მოსვენებას არ გვაძლევდა მე და კიდევ ერთ ჩემს კოლეგას, რომლებიც ყველაზე ახლოს ვიყავით ხელმძღვანელთან. გვთხოვდა, არ გვასვენებდა, ბოლოს ტვინს გვიჭამდა „მოდი ეს გავაკეთოთ, დაელაპარაკე უფროსს, დაითანხმე.. გაკეთებით მე მივხედავ, ოღონდ შენ აიყოლიე…“ თავიდან ეს ისეთი გაუგებარი, და შემაწუხებელიც იყო, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, რა არ ასვენებდა. როგორც გითხარით საქმიანობის დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა, და არც ამბიციური ჩანდა, მეტისმეტად გამოუცდელი იყო ამისთვის.

 

თურმე ძალიან მარტივი მოტივი ჰქონდა –  უნდოდა ცოტათი საინტერესო გაეხადა მისი ცხოვრება, ცოტათი უფრო შემოქმედებითად დატვირთული და სასიამოვნო სამსახური ჰქონოდა, აქტიური ხელმძღვანელით და შეკრული გუნდით. რისთვისაც ძალიან ჭკვიანურ და მოხერხებულ ხერხს მიმართა – გვიპოვა ადამიანები გუნდში, რომლებიც ხელმძღვანელთან ყველაზე მეტად დაახლოებულები ვიყავით და ჩვენი გავლით ცდილობდა ახალი იდეები, ინიციატივები განგვეხორციელებინა ხელმძღვანელის თანხმობით და მისი და გუნდის ყველა წევრის აქტიური ჩართვით. მთავარი ის იყო, რომ არ ნებდებოდა, უწყვეტად აკეთებდა ამას, გვაწუხებდა, გვათანხმებინებდა და გვარწმუნებინებდა ხელმძღვანელს, შესრულებაშიც გვრთავდა და ამით დიდ სიამოვნებასაც იღებდა.

 

ამ ცვლილებებს ის შედეგი მოჰყვა, რომ ჯერ ერთი ინტერესის ობიექტი გავხდით სხვა თანამშრომლებისთვის, დაიწყეს ჩვენს აქტიურობაზე, შეკრულობაზე, ინიციატივებზე საუბარი. ამ გარემოებამ და იმ რეპუტაციამ რაც შეგვექმნა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობის გრძნობა გაუზარდა, ზრუნვის და აქტიურობის სურვილი გაუჩინა, გუნდი შეკრა ამ პატარა ცვლილებებმა. ყოველდღიური სამუშაო პროცესი შეცვალა, ჩვენი განწყობა, აქტიურობა გაზარდა, შედეგებიც გაგვიუმჯობესა. ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ერთად და კარგი გამოცდილებაც მივიღეთ.

 

ის კი მალე წავიდა ჩვენგან. მისი წასვლის შემდეგ ვიგრძენი, რომ რაღაც დამაკლდა, ძალიან ხშირად ვფიქრობდი მასზე, ცოტა მოგვიანებით ამოვხსენი ამ გარდატეხის გასაღები ვინ იყო, როგორ მოინდომა და გაგვაღვიძებინა ჩვენი ჩამქრალი ხელმძღვანელი ისე, რომ მისი ამ „ჩანაფიქრის“ შესახებ ხელმძღვანელს არც არაფერი გაუგია, არც სხვებს უეჭვიათ რამე, იმიტომ, რომ გამორჩეულად მარტო ის არაფერს არ აკეთებდა და მოტივიც ძალიან სუფთა ჰქონდა.

 

ჩვენ ისევ აქტიურად გავაგრძელეთ მუშაობა, ორგანიზაციაში გამუდმებით ელოდნენ ჩვენგან რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებას, ინიციატივას, ჩვენც საინტერსო საქმე არ გველეოდა და უკვე ხელმძღვანელის აქტიური თავკაცობით ვზრუნავდით იმაზე, რომ მათი მოლოდინი გაგვემართლებინა.“

 

………………………………………………

 

ვისაც მსგავსი პრობლემა გიდგათ ახლა გისურვებთ „ის“ თქვენთანაც გამოჩნდეს, ან იქნებ თქვენ გახდეთ „ის“, ვინც დაძინებულ ხელმძღვანელს გამოაღვიძებს.

 

იკითხეთ „სინერჯი ჯგუფის წიგნები“ და თქვენს მუშაობაში ბევრ საინტერესო და სასარგებლო ცვლილებებს შეიტანთ.