GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ხელისუფლების წინაშე მდგარი სამი მთავარი გამოწვევა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისათვის

ხელისუფლება, რომლისათვისაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად, ამ ამოცანის გადაწყვეტის გზაზე სამი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას.

 

მცირე ბიზნესის დახმარება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გაყიდვების ხელშეწყობაში გამოიხატება;

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რისთვისაც მნიშნელოვანია დაზღვევის სტიმულირება ამ სფეროში (გაყიდვების ხელშეწყობის მერე, რა თქმა უნდა);

უიმედო სესხების პრობლემის მოგვარება.

სამივე ამოცანა რთულია თავისი ბუნებით და კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს, მაგრამ თითოეული მათგანი ასიათასობით ოჯახისთვის ხსნის ძალიან ბევრ, მნიშნელოვან პრობლემას და ცხოვრების ახალი ძალებით დაწყების სტიმულებს აძლევს.

 

მცირე ბიზნესის ხელშეწყობა – გაყიდვებში დახმარება

 

სხვადასხვა ექსპერტული შეფასებით, საქართველოში მცირე ბიზნესში (როგორც ქალაქში, ისე სოფლად) დასაქმებული შეიძლება იყოს 1 მილიონზე მეტი ადამიანი. ისინი მინიმუმ 6-7 მილიარდს, ანუ  მთლიანი შიდა პროდუქტის 30% მეტს უნდა ქმნიდნენ. რეალური მაჩვენებელი ძალიან ბევრად ჩამორჩება შესაძლებელს და ამის უმთავრესი მიზეზი სწორედ  გაყიდვებში არსებული სირთულეებია.  მცირე მეწარმეებს უჭირთ, აწარმოონ ეფექტური მარკეტინგული საქმიანობა შესაბამისი ცოდნის დეფიციტის გამო. ფინანსურად უფრო ძლიერი და უფრო განათლებული იმპორტიორები ადვილად ახერხებენ მათთან გამკლავებას ყველაგან, სადაც იმპორტირებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

 

სულ მცირე მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც, თუნდაც ეროვნული პროდუქციის შესყიდვის პროპაგანდით შეიძლება შემოიფარგლოს, მნიშვნელოვანი გარღვევა შეიძლება აღმოჩნდეს ადგილობრივი მეწარმოების განვითრებისთვის. მომხმარებელი მზადაა გვერდში დაუდგეს ქვეყანას და ადგილობრივ წარმოებას. ამისთვის საჭიროა სულ მცირე იდეოლოგიური სამუშაო.

 

თუ ამას დაემატება მცირე ბიზნესის კოოპერაციის ხელშეწყობა, უპირატესად გაყიდვების ნაწილში, რაც, შესაძლოა, ბაზრების, ბაზრობების, გამოფენების ორგანიზებაში გამოიხატოს, ამას კიდევ უფრო შეუძლია სტიმული მისცეს ადგილობრივ მცირე მრეწველობას.

 

და ბოლოს, სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც მცირე საწარმოების, მათი პროდუქციის რეკლამირებით შეიძლება. ამისთვის საკმარისია პერიოდული კატალოგების დაბეჭდვა და გავრცელება. ყველა ოჯახსა და ორგანიზაციაში რომ იყოს თუნდაც ერთი წლის მოძველებული კატალოგი ადგილობრივი მცირე მეწარმეების და მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების აღწერით. იგი მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებლის ინფორმირებულობასა და ნდობას ადგილობრივი მეწარმეებისადმი, აამაღლებს მათ ავტორიტეტს მოსახლეობის თვალში.

 

სოფლის მეურნობის განვითარება – აგროდაზღვევის ბაზრის ხელშეწყობა

 

საქართველოში უკვე დღეს 400 000 ოჯახზე მეტია დასაქმებული სოფლის მეურნეობაში. მათ იმის გარდა, რომ გაყიდვებში ესაჭიროებათ დახმარება, რაც პირველი ამოცანის ფარგლებში ადვილად იჭრება, ყველაზე მეტად მოსავლის (პროდუქციის) არასტაბილური მოცულობა აშინებთ, რაც უპირატესად ბუნებრივი მოვლენებით ან ეპიდემიებით არის გამოწვეული.

 

ადამიანებს ეშინიათ ინვესტირება, ეშინიათ მეტი მიწების დამუშავება, მეცხოველეობის მასშტაბის გაფართოება იმის შიშით, რომ მათგან დამოუკიდებელმა მოვლენებმა შესაძლოა საშვილიშვილო ვალებში ჩააგდონ. სოფლის მეურნეობაში დაზღვევის შეტანას, გაყიდვებში დახმარებასთან ერთად, პრინციპულად შეუძლია ამ დარგის მიმართ ინტერესი გაზარდოს. წაახალისოს გლეხები და მცირე მეურნეები გაზარდონ წარმოება, მეტი ვალდებულებები აიღონ და მეტი პროდუქციაც შექმნან.

 

აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სახელმწიფო  სოფლის მეურნეობის დაზღვევის მთლიანი პრემიის 50%-ს და მეტს აფინანსებს. საქართველოში ამ ხარჯმა შეიძლება სულ 40-50 მილიონი შეადგინოს წელიწადში, მაგრამ სანაცვლოდ შესაძლოა მთლიანი პროდუქციის 60-70% დაზღვევა შეძლოს საბაზისო რისკებისაგან.

ხელისუფლების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეწყობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. სახელმწიფოს მიერ დაზღვევის საბაზისო პაკეტის შესყიდვამ სტიმული მისცა სადაზღვევო კომპანიებს კიდევ უფრო აქტიურად განევითარებინათ ეს მიმართულება და  გაეშალათ გაყიდვების ფრონტი.

 

ზუსტად ანალოგიური პროგრამის განხორციელება სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხელს შეუწყობს დარგის მკვეთრ განვითარებას.  ასი ათასობით ოჯახი კიდევ უფრო აქტიურად ამუშავდება, მეტ შრომას და ფულს ჩადებს და მეტ პროდუქტსაც შექმნის, რაც მათი კეთილდღეობის, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების და მეტი საზოგადოებრივი სარგებლის შექმნის წინაპირობა გახდება უდაოდ.

 

უიმედო სესხების პრობლემის მოგვარება

 

საკრედიტო ბიუროში ჩანაწერების რაოდენობამ 230 000 გადააჭარბა. ეს ნიშნავს ამდენივე ადამიანის გადახდისუუნაროდ გამოცხადებას, ამდენივე ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თუ ფინანსური პრობლემების, წნეხის ქვეშ ცხოვრებას. ამასთან, ეს ანალოგიურად ნიშნავს უდიდეს პრობლემას ბანკებისათვის. მათი საკრედიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი სერიოზული საფრთხის ქვეშაა და ამას არამარტო ამ ოჯახებისთვის შეუძლია დიდი გართულებების მოტანა, არამედ საბანკო სისტემა შეიძლება დააყენოს მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშ.

 

უფრო დიდი პრობლემა კი არის ის, რომ პროცესი არ შეჩერებულა. ის უარესობისაკენ მიდის და ყოველთვიურად სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ამბობს და იტყვის სესხების მომსახურებაზე უარს.

 

თითქოს სახელმწიფოს ამ პრობლემაში ვალდებულებები არ აქვს, და ეს მხოლოდ ამ ბანკებისა და კონკრეტული მსესხებლების პრობლემაა. თუმცა, თუ პრობლემას, მის მოსალოდნელ შედეგებს გავიაზრებთ და იმ რისკებს შევაფასებთ, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, ცხადი ხდება, რომ სასწრაფო რეაგირება ჭირდება საკითხს. არამარტო ამ ასიათასობით ოჯახისთვის მდგომარეობის გამოკეთების გამო (რაც უდაოდ დიდი მნიშვნელობის ამოცანაა), არამედ საბანკო სისტემისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გამო.

 

გასაგებია, რომ საბანკო სისტემის აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობასთან შედარებით იმდენად დიდი არ არის როგორც დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ სავარაუდოა, რომ პორტფელის გაფუჭების ხარისხი ერთის მხრივ აქ გაცილებით უფრო მაღალი იქნება საბოლოო ჯამში ვიდრე იქ, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაციებისა და ადამიანების უდიდეს ნაწილს ეხება და ამდენად მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაც არის.

 

სახელმწიფოსთვის დღეს ამ პრობლემის მოგვარება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოჩამოთვლილი ორი პრობლემის, მისი სოციალური და ეკონომიკური მასშტაბის გამო. მსოფლიო პრაქტიკას ახსოვს შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოები სპეციალურ ბანკებს და ფონდებს ქმნიდნენ უიმედო სესხების გამოსასყიდად და თანმიმდევრული რესტრუქტურიზაციისთვის, რაც აძლევდა მათ როგორც ეკონომიკის, ისე საზოგადოების კეთილდღეობის დონის შენარჩუნების საშუალებას. ანალოგიური ტიპის გამოსვლების ძებნა ჩვენ შემთხვევაშიც შეიძლება და აუცილებელიც არის.

 

გასაგებია რომ სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას არ შეუძლია ყველაზე და ყველაფერზე ერთდროულად და ერთნაირი ხარისხით იფიქროს და იზრუნოს. ჩვენ, ჩვენს ხელში არსებული ინფორმაციით, ჩვენი გამოცდილებით გამოვყავით ეს სამი ამოცანა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სწორედ მათი გადაწყვეტა არის დღეს უკიდურესად აქტუალური ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. თუ თქვენ იცით რომელიმე ამოცანა, რომელიც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად დღეს, ვიდრე ჩამოთვლილი სამი – დაასახელეთ ის, დაასაბუთეთ მისი მნიშვნელობა. ეს დაეხმარება ხელისუფლებას სწორად განსაზღვროს თავისი პროიორიტეტები შეზღუდული რაოდენობის ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაც ასეთ შემთხვევაში შედარებით უკეთ გახდება შესაძლებელი და ამასთან, ყველაზე მეტ შედეგს მისცემს ხალხს და ქვეყანას.