GEO ENG
GEO ENG

სტატიები

წოდებით „თანამდებობა“

გაყიდვების, მარკეტინგისა და კლიენტების მომსახურების მენეჯერი. როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ის ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობს ორგანიზაციაში? თქვენი აზრით რაზე ეკისრება მას პასუხისმგებლობა? შესაძლებელია, რომ მან უპასუხოს კითხვას, თუ რა მთავარ ღირებულებას ქმნის ის კომპანიისთვის, ანდა რა შედეგებს უნდა მიაღწიოს? კომპანიის მენეჯმენტს თუ შეუძლია მოგვცეს ამაზე ცხადი განმარტება? რამდენად იცის ამ ადამიანმა, რომელია ამ დასახელებებიდან უფრო მნიშვნელოვანია კომპანიისთვის?

 

ბევრ ორგანიზაციაში შეხვდებით შემთხვევებს როდესაც თანამდებობრივი დასახელება საერთოდ არ ასახავს იმას რასაც თანამშრომელი აკეთებს. ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია (მაგ: სპეციალისტი) ან მრავალი სიტყვაა გაერთიანებული ერთ პოზიციაში, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ. ეს უკანასკნელი ძირითადად ეფუძნება კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილს რომ შეუთავსოს ერთ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანს ერთბაშად ბევრი ფუნქცია და ამით თითქოსდა გადაანაწილოს ფუნქციები სრულად თანამშრომლებზე.

 

ჩვეულებრივ თანამდებობებს ყველაზე გავრცელებულ და სტანარტულ სახელებს არქმევენ. ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია. არადა არასწორი თანამდებობრივი დასახელება იძლევა არასწორ მესიჯს თანამშრომლისთვის, თუ რა მთავარი ღირებულება უნდა შექმნას მან კომპანიისთვის და რა არის მენეჯმენტისთვის პრიორიტეტული საქმიანობა, რომლის შესრულებასაც მოელის.

 

სწორი სამუშაო პოზიციის დასახელებას რამოდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია:

 

1. მკაფიო პასუხისმგებლობა

 

რატომღაც აღიარებულია, რომ მარკეტინგის მენეჯერი უნდა ერქვას ყველას, ვინც მარკეტინგის, გაყიდვების ან მსგავსი მიმართულებით მუშაობს. მაგრამ რეალურად ხომ არავინ აწესებს ამ შეზღუდვას და საერთოდაც არ არის აუცილებელი, რომ ამგვარად იქცეოდეს ყველა ხელმძღვანელი. რაც უფრო კონკრეტული იქნება თანამდებობრივი დასახელება მით უფრო ცხადად დაინახავს ადამიანი თავის როლს და პასუხისმგებლობას. ზოგიერთი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ რაც უფრო ბუნდოვანი იქნება სახელი მით უფრო მეტი რამის დავალებას შეძლებს, მაგრამ, რეალურად, ამით ის კარგავს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას.

 

მაგ: შეიძლება კომპანიას უნდოდეს კლიენტების ლოიალობის პროგრამის დანერგვა. თუ მენეჯმენტი შექმნის სამუშაო პოზიციას ორგანიზაციაში, რომელსაც დაერქმევა კლიენტების ლოიალობის მენეჯერი, ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანისთვის ძალიან ცხადი და კონკრეტული იქნება, თუ რაზე ეკისრება მას პასუხისმგებლობა და რა უნდა გააკეთოს, რა კუთხით უნდა მიაღწიოს შედეგებს და თუ რა არის მნიშვნელოვანი მენეჯმენტისთვის. მოკლედ, ასეთი მარტივი მიდგომით შესაძლებელია, უფრო ნათელი გავხადოთ თანამშრომლისთვის მისი პასუხისმგებლობა.

 

2. კომპანიის პრიორიტეტების ასახვა

 

რატომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მინისტრს ერქვას ეკონომიკის მინისტრი? მსოფლიო კრიზისის შემდეგ, როგორც ცნობილია, მისი თანამდებობრივი სახელი შეიცვალა და დაერქვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. რატომ არ შეეძლოთ შესაბამის უწყებებს დაერქმიათ მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი? მაგრამ ამით მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეკონომიკა უნდა განვითარდეს არა სწრაფად და არც მსოფლიოში ყველაზე მაგრად, არამედ სტაბილური ტემპებითა და კარგი საფუძველის შექმნით.

 

თანამდებობრივი სახელის გამოყენებით მენეჯმენტს ეძლევა შანსები, რომ ხაზი გაუსვას მის პრიორიტეტებს. არც ის არის შეზღუდული, რომ 2-3  წელში ერთხელ იცვლებოდეს თანამდებობრივი დასახელება კომპანიის პრიორიტეტების ცვლილებიდან გამომდინარე. ეს საშუალებას მოგვცემს, შესრულდეს ის ფუნქცია უკეთესად, რომელიც მნიშვნელოვანია მოცემულ ეტაპზე კომპანიისთვის.

 

3. სიცხადე დაკავშირებული მხარეებისთვის

 

სწორი თანამდებობრივი სახელი ძალიან გასაგებს ხდის დაკავშირებული მხარეებისთვის, თუ რას აკეთებს ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი, რაზე უნდა მიმართონ მას და რა საკითხებზე უნდა შეაწუხონ. ეს მარტივად გასაგებს ხდის მის საქმიანობას, როგორც თანამშრომლებისათვის, ისე კომპანიის გარე მხარეებისთვის. ასევე უფრო ადვილია, დავალებების განაწილებისას, თუ რა უნდა დაევალოს ამ ადამიანს და კონფლიქტური სიტუაციების დროს რაზე უნდა მოეთხოვოს პასუხი.

 

ეს ეფექტები არამარტო ერთ თანამდებობრივ დასახელებას შეეხება, არამედ იგივე ჭრილში გასათვალისწინებელია სამსახურების, განყოფილებებისა და დეპარტამენტების სახელების დარქმევისას. ამ შემთხვევაშიც სწორი წოდება იძლევა მკაფიო პასუხისმგებლობას, პრიორიტეტების ასახვას და სიცხადეს დაკავშირებული მხარეებისათვის, თუ რას აკეთებს ის.

 

როგორ დავარქვათ სწორად

 

რამოდენიმე რჩევა ღირებული იქნება სწორი თანამდებობრივი წოდების, ან განყოფილებისათვის სწორი სახელის დასარქმევად:

 

ამოცანა და არა ფუნქცია – ეცადეთ, რომ თანამდებრობივ სახელს (განსაკუთრებით განვითარების მიმართულებებით) ჰქონდეს ამოცანის სახე. მაგ: პიარის მენეჯერს შეიძლება ეწოდოს ბრენდის განვითარების მენეჯერი. ამით ადამიანისთვის ცხადი ხდება, რომ მისი ამოცანაა განავითაროს კომპანიის ბრენდი და არა ზოგადად შეასრულოს პიარის ფუნქცია.

 

სტრატეგიასთან ადაპტირება –  შეეცადეთ, რომ თანამდებობრივმა სახელმა მაქსიმალურად გაითვალისწინოს კომპანიის სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტები მოცემული მომენტისთვის. ამიტომ ყოველწლიურად, როდესაც სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს დაასრულებთ, გადახედეთ თქვენი დეპარტამენტების, განყოფილებების, სამსახურებისა თუ სამუშაო პოზიციების დასახელებებს და შეიტანეთ კორექტივები ახალი რეალობის და ამოცანების აქტუალურობის გათვალისწინებით.

 

თანამშრომლის განვითარების დონე და ამბიციები – არ დაგავიწყდეთ, რომ, ამ ყველაფერთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორების გათვალისწინება. ისეთი სახელი არ უნდა შევურჩიოთ თანამდებობას ამა თუ იმ თანამშრომლისთვის, რომ მისთვის ან შეურაცხმყოფელი იყოს, ანდა არ აკმაყოფილებდეს მის ამბიციებსა და მოთხოვნილებებს. რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, რომ პირველი ორი რჩევა გაითვალისწინოთ და მაქსიმალურად ეცადოთ, მისი მიხედვით შეარჩიოთ სახელები, თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თანამშრომლები ადამიანები არიან და უმეტეს შემთხვევაში მათი ინტერესები უფრო წინ უნდა დააყენოთ.

 

ამდენად, ამ სტატიით გვინდოდა გადმოგვეცა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორ თანამდებობრივ სახელს და რას გვაძლევს ის. თუ გაითვალისწინებთ აღნიშნულ რჩევებს, დადებით ეფექტებსაც აუცილებლად მიიღებთ და მინიმუმ აღარ გეყოლებათ თანამშრომლები, რომელთა სამუშაო პოზიციის დასახელება იგივეა, რომ მათ ჰქონდეთ წოდება „თანამდებობა“.

 

სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის VI წიგნში “ორგანიზაციული პერპეტუმობილე”