GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ქართული ხილის ექსპორტის პერსპექტივა და ჩვენი მონაწილეობა ამ ამოცანაში

 

ჩირი და ჩიპსი საუკეთესო ფორმაა ქართული ხილის ექსპორტზე გასატანად. ამ სახით ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მის ყველა თვისებას და შენახვადი და ტრანსპორტირებადი ხდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ხილზე ყველა ამბობს მისი არა მიმზიდველი ვიზუალური ფორმის მიუხედავად გემრიელია და სასარგებლო, ჩირისთვის და ჩიპსისთვის ზუსტადაც რომ ხილის ვიზუალურ სახეს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია მისი გემო და სიჯანსაღე მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მსოფლიოს მასშტაბით.

 

სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დარგია, მეხილეობა კი მისი უდიდესი მიმართულება, ჩირი და ჩიპსი ხილის გადამუშავების და ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა და ჩვენც, სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა, ამ ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ.

 

ამ სტატიას მათთვის ვწერთ, ვისაც ეს სფერო აინტერესებს და შესაძლოა ჩვენი პარტნიორი გახდეს ამ მიმართულებით. გვინდა ჩვენი სტრატეგიისა და გეგმების შესახებ მოგითხროთ, იმისთვის, რომ უფრო ადვილად მიიღოთ გადაწყვეტილება გამოგვყვეთ თუ არა ამ პროექტში.

 

ჩვენი მიზანია, საქართველოში ისეთი კომპანიის არსებობას, ღირებულების ზრდას  და განვითარებას შევუწყოთ ხელი, რომელიც ქართული ხილის რაც შეიძლება დიდი ნაწილის შემსყიდველი და გადამამუშავებელი გახდება. რომელიც შეძლებს ისეთი ფორმა იპოვოს ამ პროდუქტისთვის და გაყიდვის ისეთი გზა, რომ ნედლეულში უფრო მეტის გადახდა შეძლოს, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა შემსყიდველი შეძლებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებს ის ხილის უმსხვილესი შემსყიდველი და გადამამუშავებელი გახდეს.

 

დროთა განმავლობაში კი, ჩვენი კომპანიის საქმიანობამ ხილის უფრო მეტი ბაღების გაშენება, უფრო ხარისხიანი და თანამედროვე ჯიშების შემოტანას, უფრო სწორი, ჩვენი ქვეყნისთვის ეფექტური კულტურების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. იმისთვის, რომ წლების შემდეგ საკუთარი საქმიანობისთვის ნედლეულის უფრო კარგი ბაზის არსებობა უზრუნველყოს მაქსიმალურად.

 

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გზა სწორედ ჩირის და ჩიპსის წარმოებაში შესვლა და მისი სწორად განვითარება შეიძლება გახდეს. ვინაიდან, დაბალი თვითღირებულების მიღწევის შემთხვევაში, და თუ წარმადობა ამის საშუალებას მოგვცემს, პროდუქტის ხარისხის, ბრენდის და ასორტიმენტის სწორად განვითარება საუკეთესო შედეგის გარანტია გახდება.

 

დღეს ამ ინდუსტრიის მთავარი პრობლემებიც სწორედ დაბალი წარმადობა, მაღალი თვითღირებულება და თუნდაც მეტ-ნაკლებად ცნობადი და სანდო ბრენდების არ არსებობა ან სიმცირეა. რაც ხილის ნედლეულის ამ მიმართულებით ჩაბარების და გამოყენების შესაძლებლობებს ამცირებს. ვფიქრობთ, სწორედ ამ ამოცანების განსხვავებულად, კოოპერაციის და არა წარმოების საკუთარი სიმძლავრეების განვითარების გზით  გადაწყვეტა შეიძლება გახდეს სოფლის მეურნეობაში ჩვენი წარმატების საფუძველი. ვინაიდან ჩვენი აზრით, სწორედ კოოპერაცია მოგვცემს ყველაზე სწრაფად როგორც წარმადობის გაზრდის, ისე თვითღირებულების რადიკალური შემცირების შესაძლებლობას.

 

გაყიდვების არხების და დისტრიბუციის ქსელის ჩამოყალიბება ასევე გახდება ალბათ რაღაც ეტაპზე ამოცანა, თუმცა ამ ეტაპზე ძირითად გამოწვევად უფრო პროდუქტის კარგი ფასით და საკმარისი რაოდენობით არსებობა და მის ცნობადობაზე და მასზე მოთხოვნის შექმნაზე მუშაობა გვესახება.

 

 

დღეს ქართულ ბაზარზე ჩირის ერთ-ერთი ცნობადი ან ყველაზე ცნობადი ბრენდია შპს “ქარელის ხილის” “ჩიკორი”. ეს პროდუქტი როგორც გემოთი, ისე შეფუთვით და გავრცელების არეალითაც და ასორტიმენტის მრავალფეროვნებითაც ლიდერობს დღეს. თუმცა დაბალი წარმადობა და მაღალი თვითღირებულება  მას ხელს უშლის უფრო მასიური გახდეს, უფრო მეტგან მოხვდეს თაროებზე, წყვეტის გარეშე და ექსპორტით ნებისმიერი, თუნდაც ერთი პატარა ქვეყანა სტაბილურად მოამარაგოს. პირველ ეტაპზე აქაც ადგილობრივი ბაზარია უფრო მეტად პრიორიტეტული, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე.

 

თვითღირებულების ზრდას ყველაზე მეტად ნედლეულის სიმცირე და მაღალი ფასი (მათ შორის მოგროვება-ჩაბარებაში შუამავლების მონაწილეობა), ასევე გამოშრობისთვის ელექტროენერგიის დიდი დანახარჯი და ახალი წარმოებისთვის წარმოების სიმძლავრეების მაღალი საინვესტიციო ღირებულება განაპირობებს.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წარმოება ხარისხის სტანდარტის უფრო სტაბილურად და ადვილად დაჭერის შესაძლებლობას იძლევა, თუ ჩვენ იგივეს კოოპერაციის შემთხვევაშიც მოვახერხებთ, ბიზნესის შედეგები შემდეგ 2-3-5 წელიწადში რადიკალურად შეიცვლება.

 

საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ ხილის ფორმით ნედლეულის ჩაბარების მაგივრად შევძლებთ მცირე ფერმერებისგან ბუნებრივი ფორმით, მზეზე და ჰაერზე, ჩვენი ხარისხის მოთხოვნების დაცვით გამომშრალი ჩირი ჩავიბაროთ, მისი სტერილურობა და ხარისხიანი შეფუთვა უზრუნველვყოთ და მთელი აქცენტი წარმოების სიმძლავრეების განვითარების ნაცვლად სწორედ ბრენდის ცნობადობაზე და მის მიმართ სანდოობაზე და ლოიალურობაზე გადავიტანოთ, ასევე გაყიდვების და დისტრიბუციის არხების მოწესრიგებაზეც ვიზრუნოთ, შევძლებთ როგორც წარმადობის რადიკალურ გაზრდას, ისე თვითღირებულების რამდენიმეჯერ შემცირებას. და თან ისე, რომ ამას ბევრად ნაკლები დრო დაჭირდება, ვიდრე საკუთარი წარმოების ამ მასშტაბებამდე გაზრდისთვის იქნებოდა საჭირო, თუ შესაძლებელი იქნებოდა საერთოდ.

 

ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის, რეგიონების მიხედვით, მცირე ჩამბარებელი და შესაფუთი საამქროების გაკეთება იქნება საჭირო, ფერმერებთან გრძელვადიანი, ურთიერთმომგებიანი პირობებით თანამშრომლობის განვითარება. ეს იმისთვის, რომ მათი რაც შეიძლება დიდი ნაწილი გარანტირებული გვყავდეს ჩირის შესყიდვების ფასებითაც და მოცულობითაც. ასევე ის ცოდნა და ტექნოლოგიები გავხადოთ მათთვის ხელმისაწვდომი, რაც ხარისხის ჩვენი სტანდარტების მიღწევაში და დაცვაში დაგვეხმარება.

 

იმედი გვაქვს, რომ ასეთი ფერმერები ვინც ჩირის ჩვენთვის ჩასაბარებლად დამზადებას დაიწყებენ, მათ გარშემო სხვა ხილის ბაღების მფლობელებისგანაც თვითონვე დაიწყებენ ხილის ნედლეულად ჩაბარებას, რაც ჩვენ დროთა განმავლობაში შუამავლების ხარჯების შემცირების შესაძლებლობასაც მოგვცემს. წარმოების გაფართოება აღარ იქნება ინვესტიცია-ტევადი და რაც უფრო სწრაფად გაიზრდება ჩვენი პარტნიორი ფერმერების წრე, მით უფრო სწრაფად გაიზრდება წარმადობა და თვითღირებულებაც მეტად დაიწყებს შემცირებას.

 

სტაბილური მოთხოვნა ჩირის კონკრეტულ ხილზე, ამ ხილის ბაღების ზრდასაც დაასტიმულირებს. რაც ხდება ახლა ქლიავთან მიმართებაში. ამ კულტურის ბაღები რამდენიმეჯერ იზრდება ყოველ წელს, რაც იმედს გვაძლევს, რომ ნედლეულის თვითღირებულება თუ არ შემცირდება, გაზრდით ნამდვილად არ გაიზრდება.

 

 

რაც შეეხება გაყიდვებს, აქ ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ სახალხო აფთიაქის ქსელზეც მათ შორის. პროდუქტის სპეციფიკიდან და ხარისხიდან გამომდინარე ვფიქრობთ მისი გაყიდვებისთვის სახალხო აფთიაქში კონკრეტული მიზნობრივი თაროები გავაკეთოთ, სადაც ქართული ნატურალური, ჯანსაღი და ბიო პროდუქტები გაიყიდება. გვგონია, რომ ასორტიმენტის ეს კატეგორია სახალხო აფთიაქისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს წესით.

 

 

 

****

 

ამ მოტივებიდან გამომდინარე და ამ სტრატეგიის განხორციელების მიზნით “ქარელის ხილის” წილის ყიდვა და მასში ინვესტირება გადავწყვიტეთ. ზედმეტი რიცხვებით ამ ეტაპზე თავი რომ არ შეგაწყინოთ, ამ სტრატეგიით ველოდებით წარმადობის გაათმაგებას შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში და თვითღირებულების მინიმუმ 30-50%-ით შემცირებას. ეს ბიზნესის ღირებულებას მინიმუმ 10-15-ჯერ გაზრდის შემდეგი 5 წლის განმავლობაში. თუმცა ამ კუთხით არ გაგვითვალისწინებია ექსპორტის განვითარება და ეს დაშვებები მხოლოდ საქართველოში შესაძლო გაყიდვებს ეფუძნება.

 

მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადი იქნება საჭიროც და შესაძლებელიც უცხოეთის იმ ქვეყნების არჩევა, სადაც ჩვენი ბრენდების დანერგვა აქტიურად უნდა დაიწყოს. სწორად შერჩეული ქვეყნების და იქ სამუშაოების თანმიმდევრულად ჩატარების შემთხვევაში ექსპორტის განვითარებაც ლოგიკურად და გეგმაზომიერად მოხდება.

 

ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად მიიღოთ მონაწილეობა ამ გეგმის განხორციელებაში, შეგვეხმიანეთ. საკითხის გარშემო დამატებით დეტალებს და მოსაზრებებს უფრო დეტალურად წარმოგიდგენთ.