GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ქართული ბანკების მიერ კრიზისის პერიოდში დაშვებული მთავარი შეცდომები

 

როგორი უნდა ყოფილიყო ბანკების რეაქცია აგვისტოს მოვლენებზე და იმ პროცესებზე, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა ქვეყანაში და მსოფლიოში? სინამდვილეში რა ნაბიჯები გადადგეს და შესაბამისად რა შედეგები მიიღეს მათ და მთლიანად ქვეყანამ? ალბათ ახლა ყველაზე კარგი დროა ამ საკითხებზე მსჯელობისა და შედეგების შეჯამებისათვის. ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ყველაფერი დასრულებული არ არის, როდესაც ჯერ კიდევ რაღაცეების მოსწრება და გამოსწორება შეიძლება.

 

რა უნდა ყოფილიყო მთავარი სტრატეგია ასეთ დროს

 

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ბანკების წინაშე დგას ეროვნული ან გლობალური მასშტაბის კრიზისების დროს?

 

ა) ყველანაირი გზებით შეინარჩუნონ მოსახლეობის, საზოგადოების ნდობა საბანკო სისტემის მიმართ, რათა მათ მიერ სისტემიდან ამოღებული თანხების მოცულობა იყოს მინიმალური.

 

ბ) მაქსიმალურად  მოახდინონ ყურადღების და ფინანსური რესურსების კონცენტრირება იმ კორპორატიული კლიენტების გამოვლენაზე და გადარჩენაზე, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია და აუცილებელია. ეს ეკონომიკას აძლევს საშუალებას, შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი უჯრედი იმისათვის, რათა დააჩქაროს თვითრეაბილიტაციის პროცესი სიტუაციის სტაბილიზაციის  შემდეგ.

 

გ) და ბოლოს, ბანკებმა იციან რა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სისტემა, თუ ყველაზე მგრძნობიარე არა, რომელიც ყველაზე მეტად დგება რისკის ქვეშ და ზარალდება კრიზისის დროს სწორედ საბანკო სისტემაა. ამიტომ  ერთად და ცალ-ცალკე ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა კრიზისმა რაც შეიძლება ნაკლები უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკაზე. რაც უპირველესად, მათივე გადასარჩენად არის აუცილებელი.

 

ყველა ძირითადი ბანკი, ყველა ქვეყანაში მოქმედებდა და მოქმედებს ამ სტრატეგიით იმ შემთხვევაში თუ კრიზისი ეროვნულ ან გლობალურ ხასიათს ატარებს. (შიდა კორპორატიული კრიზისების დროს მოქმედების სტრატეგია, რა თქმა უნდა, განსხვავებულია)

 

როგორ იმოქმედეს ჩვენმა  ბანკებმა

 

საქართველოში, რეალურად, ბანკებმა განსხვავებული მიდგომა აირჩეს (თუ შეიძლება ამას საერთოდ ერქვას მიდგომა, რაც მათმა უმეტესობამ გააკეთა). უფრო სწორედ ეს განსხვავებული კი არ იყო, არამედ ზუსტად საპირისპირო.

 

პირველი და ყველაზე დაუნდობელი ნაბიჯი, რომელიც ბანკებმა (გარდა ერთი თუ ორი პატარა ბანკისა) ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გადადგეს, ოვერდრაფტის ლიმიტების გაუქმება იყო.  ასიათასობით ადამიანი, რომელიც იმ დღეს ბანკომატთან მივიდა, დადგნენ მათთვის მოულოდნელი რეალობის წინაშე _ ბანკებმა გაიმეტეს კლიენტები ფულის გარეშე დასატოვებლად მათთვის ერთ-ერთ ყველაზე გაურკვეველ და საშიშ სიტუაციაში. იმის გარდა, რომ გაუგებარი იყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები საომარ სიტუაციაში, ადამიანები ელემენტარული ელემენტარული ფინანსური სახსრების გარეშე აღმოჩნდნენ. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მაშინ ოვერდრაფტის ხარჯზე ცხოვრობდა. ეს იყო იმ დროის რეალობა და ამის უგულებელყოფა ბანკების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ვეჭვობთ ამას ეს ადამიანები დიდხანს არ დაივიწყებენ.

 

ამ ნაბიჯმა თითქმის ნულამდე შეამცირა მოსახლეობის ნდობა საბანკო სისტემისადმი, ისევე, როგორც მათი ლოიალურობა მომსახურე ბანკების მიმართ. ეს იყო ბანკების მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის ყველაზე პირველი და ყველაზე საშიში შედეგი.

 

მეორე არანაკლებ დიდი შეცდომა, რომელიც ბანკებმა დაუშვეს ამ პერიოდში, იყო დაკრედიტების გაჩერება საერთოდ და იმ გამონაკლისების შემთხვევაში, სადაც უკვე აღებული ჰქონდათ გაცემის ვალდებულება, ან არ შეიძლებოდა, რომ სესხი არ გაეცათ მნიშვნელოვნად, თითქმის ერთი მესამედით ან უფრო მეტადაც კი გაზარდეს საპროცენტო სარგებელი. ეს მაშინ, როდესაც მათი ამოცანა უნდა ყოფილიყო, არსებითი ცვლილებები მოეხდინათ რისკების მართვის სისტემებში. გაეხადათ ის უფრო ადეკვატური ბაზარზე არსებული სიტუაციის და უფრო კონსერვატორულად, მაგრამ სტაბილურად გაეგრძელებინათ დაკრედიტება მინიმუმ პორტფელის ჯამური მოცულობის შენარჩუნების დონეზე მაინც. ამ ნაბიჯმა, ფიზიკური პირების შემთხვევაში, კატასტროფული ვარდნა გამოიწვია მსყიდველობითუნარიანობაში საყოფაცხოვრებო შესყიდვებზე. თითქმის განულდა მოთხოვნა იპოთეკაზე. ამოღებულმა, მაგრამ სისტემაში ჩაუბრუნებელმა სესხებმა მულტიპლიკატორული ეფექტით შეამცირეს ფულის მასა ეკონომიკაში. ამან ბევრ ბიზნესს შეუქმნა პრობლემა. მნიშვნელოვნად, თითქმის 70% შეამცირა გაყიდვების მოცულობა მოქმედი, ჯანსაღი ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში, რაც ჯაჭვური ეფექტით გავრცელდა და გადავიდა ყველა დარგზე, და რაც  ყველა ორგანიზაციას და თითქმის ყველა ოჯახს შეეხო.

 

მეორეს მხრივ საპროცენტო სარგებლის ასე მკვეთრმა მატებამ ბუნებრივი გადარჩევა გამოიწვია ორგანიზაციებში. ვინც რეალურად თვლის თავის ბიზნესს დაინახა, რომ მათ მიერ ასეთი განაკვეთების მომსახურება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ბევრი გამოუვალი მდგომარეობის გამო წავიდა ამ ავანტურაზე, დაიმატა მნიშვნელოვნად გაძვირებული საკრედიტო ვალდებულებები, რითაც საკუთარი თავიც, ბიზნესიც და ბანკებიც შემდგომი პრობლემებისათვის გაწირეს.


შემდეგი, ჩვენი აზრით კიდევ ერთი მცდარი ნაბიჯი, რომელიც ბანკებმა გადადგეს, ეს იყო აგრესიული  ბრძოლის დაწყება აქტივების დასაუფლებლად. იმ კომპანიების აქტივების, ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა ადვილადრეალიზებადი ქონება და ვისაც სესხების მომსახურება გაუჭირდა. იმის ნაცვლად, რომ ეზრუნათ იმ კომპანიების პოვნაზე, ვისი გადარჩენაც ყველაზე მნიშნელოვანი იყო ეკონომიკისთვის და ვისაც ამის შანსები ჰქონდა, ბანკებმა მნიშვნელოვანი საკადრო და მენეჯერული რესურსები ამ ორგანიზაციების აქტივების დასაკუთრებაზე და გაყიდვებზე მიმართეს. თავდაპირველად ამ გზით დაიწყეს საკუთარი საკრედიტო პორტფელის გადარჩენაზე ზრუნვა. (თუმცა მოგვიანებით ბანკების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ აქტივების ამოღება და რეალიზაცია მათ პორტფელს ვერ გადაარჩენდა და შეცვალეს მიდგომა. ამაზე ცოტა მოგვიანებით).

 

ამან კიდევ უფრო მეტი დამანგრეველი ეფექტი მოახდინა ორგანიზაციებზე და ეკონომიკაზე მთლიანად. დიდი სესხების მქონე ორგანიზაციებს, რომლებსაც ომამდე მოქმედი ბიზნესი გააჩნდათ და ახერხებდნენ სესხების მომსახურებას იმის გამო, რომ ბანკების მხრიდან ბოლომდე დატვირთულები იყვნენ, როგორც კორპორატიული, ისე პირადი კრედიტებით _ შემოსავლების შემცირების მერე უდიდეს ტვირთად დააწვათ ეს ვალდებულებები. ვერ ახერხებდნენ გადაეხადათ ხელფასები, შეენარჩუნებინათ საკმარისი საბრუნავი სახსრები, განეგრძოთ სტაბილური ფუნქციონირება. სანამ რაიმე შანსი აქვთ, რომ სესხი იხადონ, არავის მათი პრობლემების შესწავლისთვის და მათი სესხების რესტრუქტურიზაციისათვის არ სცალია. ბანკები სხვა უფრო „მნიშვნელოვანი“ პრობლემებით იყვნენ დაკავებული. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ორგანიზაციისათვის, შესაბამისად მათი თანამშრომლებისათვის და მათი ოჯახებისათვის ხდება შეუძლებელი მუშაობა. ისინი სულ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან, ეკონომიკის სულ უფრო მეტი ჯანსაღი უჯრედი ავაადდება და კიდევ უფრო სუსტდება. ეს კი მნიშვნელოვნად გაართულებს რეაბილიტაციის პროცესს გარემოს დასტაბილურების შემდეგ.

 

შედეგები

 

ამ ყველაფრის შედეგად სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა უპირველესად თვით ბანკებისათვის. ბანკების ფილიალები, რომლებითაც გადავსებულია ყველა მნიშვნელოვანი ქუჩა, თითქმის ცარიელია და მათში მხოლოდ თანამშრომლები ერთმანეთთან საუბრით ირთობენ თავს.

 

გაამართლეს რა თავისი ნაბიჯი გართულებული და დამძიმებული ფინანსური მდგომარეობით  თითქმის 3000 თანამშრომელი დატოვეს ბანკის გარეთ, რაც ცოტათი ჩამორჩება ბანკებში დარჩენილი თანამშრომლების რაოდენობას. ამით ფაქტიურად გაწირეს ეს ადამიანები დიდი ხნით უმუშევრობისათვის და თან ისე, რომ თითქმის ყოველ მათგანს დარჩა მნიშვნელოვანი საკრედიტო ვალდებულებები. ეს მათ ყოფას კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ბანკებმა თითქმის არაფერი გააკეთეს ამ ადამიანების დასახმარებლად, რათა რაიმე სახის გადამზადება გაევლოთ, ან მათივე კლიენტებთან მაინც ეპოვათ რამე სამსახური.

 

კიდევ ერთი შედეგი, რომელიც უპირატესად სწორედ ბანკების ამ არასწორი მოქმედებებით იყო გამოწვეული, ეს არის თითქმის ორი ასეული ათასი ადამიანი, ვინც შეგნებულად, ან სიტუაციიდან გამომდინარე შეწყვიტა სესხების გადახდა, არ, ან ვერ გადამხდელებით გადავსებული სიები საკრედიტო ბიუროში, რომელმაც ფაქტობრივად დაკარგა ფუნქცია. ხარ თუ არა საკრედიტო ბიუროს სიებში დაფიქსირებული, ბევრს აღარაფერს ნიშნავს.

 

ამჟამად ბანკის თანამშრომლების მთავარი საქმიანობა არსებული სესხების რესტრუქტურიზაციების სქემებზე მუშაობაა. გასაგები გახდა, რომ აქტივების ამოღებას და რეალიზაციას არ შეუძლია პორტფელების გადარჩენა, ბანკები იძულებულები გახდნენ, დაეწყოთ სესხების პირობების შეცვლაზე ზრუნვა. თუმცა, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი ამ რესტრუქტურიზაციებსაც საპროცენტო განაკვეთის აწევისთვის და ხელშეკრულებებში აქტივების ამოღების გამარტივებული პირობების ჩასადებად იყენებს და არა კლიენტების მდგომარეობის შესამსუბუქებლად და მათთვის გადარჩენის შანსის მისაცემად. ამ ყველაფრის კეთება ბანკებს პირველივე დღიდან რომ დაეწყოთ და სწორი მოტივაციით, დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა.
მსჯელობა იმაზე, რომ მსოფლიო კრიზისმა გამოიწვია ამჟამად არსებული სიტუაცია ეკონომიკაში და საბანკო სისტემაში ცოტა გადამეტებულია. ბევრი სოფელია მაღალმთიან რეგიონებში სადაც არც კი იციან, რამე კრიზისი თუ არსებობს, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ იმის ბრალი შეიძლება იყოს, რომ იმ სოფლებში ქართული ბანკები არ ოპერირებენ, შესამაბისად ვერ მოასწრეს მოსახლეობის სესხებით ამოვსება და ახლა არ ახრჩობენ ამ სესხების მომსახურებისთვის. შესაბამისად ცხოვრებაც თითქმის ჩვეულ კალაპოტში მიდის. სინამდვილეში, მსოფლიო კრიზისმა, შესაძლოა, უბრალოდ შეარბილა ბანკების მენეჯმენტის პასუხისმგებლობა ქვეყნის ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებზე, მისცა მათ საკუთარი მოქმედებების და დღეს არსებული შედეგების გამართლების შესაძლებლობა. აგრეთვე მისცა მათ კიდევ ერთი შანსი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

 

საინტერესოა როგორ შეძლებენ ისინი ამ შანსის გამოყენებას.