GEO ENG
GEO ENG

სტატიები

სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ფონდი

 

ისტორია პირველი, სტატია მეთერთმეტე,  ასევე ისტორია მეორე, სტატია მეორე  – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ახალ ქვეფონდს, სახალხო აფთიაქის მხარდაჭერის და განვითარების ფონდს ქმნის

 

 

ცნობილია, რომ სისხლი იმდენი უნდა ჰქონდეს ორგანიზმს, რამდენიც სჭირდება. არც იმაზე მეტი არ არის კარგი და არც ნაკლები. სისხლი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის გვაძლევს საშუალებას, ყველა ძირითადი პროცესი ორგანიზმში გამართულად, შეუფერხებლად მიდიოდეს, ჟანგბადი და სხვა აუცილებელი რესურსი მთელ სხეულს, მის ყველა უჯრედს უწყვეტად მიეწოდებოდეს. ჯანმრთელ ორგანიზმს, შეიძლება ისე განვითარდეს, გაიზარდოს, დამატებითი სისხლი არასოდეს დასჭირდეს, თუმცა თითქმის ყველას, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც შეიძლება დასჭირდეს ახალი, დამატებული სისხლი.

 

 

სისხლი ორგანიზმში ძალიან ჰგავს ფინანსურ რესურსებს ორგანიზაციაში. იქ, სადაც ჩვენ მართვაში შევდივართ ფინანსური რესურსების სიმწირე ერთ-ერთი ურთულესი პრობლემაა. თითქმის ყველგან მის გადაჭრას არანაკლები ყურადღება და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე რეორგანიზაციას და ყველა დანარჩენი საკითხის გადაწყვეტას ერთად.

 

სინერჯისთვის ეს სტატია განსხვავებულია იმის გამო, რომ მასში ორი სხვადასხვა ისტორიის გადაკვეთა მოხდა. სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლის ამბავს ვინც კითხულობთ, ამ სტატიაში ჩვენ 2018 წლის მთავარ პრიორიტეტს, კომპანიის ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის ამოცანას განვიხილავთ. მოგითხრობთ, როგორ ვცდილობთ და რა წარმატებით მის გადაწყვეტას. თუმცა იგივე სტატია სინერჯის მეორე ისტორიის გაგრძელებაცაა, სადაც “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” – სინერჯი ჯგუფის კერძო კაპიტალის ფონდის შექმნის და განვითარების ისტორიას ვყვებით.

 

სახალხოში შესვლის ისტორია იმით დაიწყო, ვისაც გახსოვთ, რომ აფთიაქებში წამალი არ იყო და მომხმარებლები მას მუდმივად ამის გამო გვერდს უვლიდნენ. მაშინ პსპ-მ დიდი მხარდაჭერა გაგვიწია და ჩვენი აფთიაქების პირდაპირი მომარაგება დაიწყო. ამან ასორტიმენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და გაყიდვებმაც ძალიან სწრაფად დაიწყო ზრდა. თუმცა მას შემდეგ, რაც აფთიაქების ქსელი თითქმის გაორმაგდა, რისი ნაშთების დაფინანსებაც ფაქტობრივად იმავე წყაროდან მოხდა და ამ მომწოდებელთან დავალიანებამაც თავდაპირველს 5-ჯერ და მეტად გადააჭარბა, მომწოდებელი ცოტა შეშინდა, ვალის ზრდის შეჩერება და დავალიანების ნელ-ნელა შემცირება მოითხოვა.

 

ამ დროს,  გაფართოვებულ ქსელს, გაზრდილ გაყიდვებს ძალიან სჭირდებოდა ეს რესურსები. ჩვენც პსპ-ს სხვა მომწოდებლებით ჩანაცვლება დავიწყეთ, მათი მოზიდვის და მათი ბრუნვების გაზრდის ხელშეწყობაზეც მნიშვნელოვანი აქცენტის გადატანა დავიწყეთ. ქსელში ნაშთების ოპტიმიზაციაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახდა, მომწოდებლის ვალიც თითქმის გავანახევრეთ და მდგომარეობაც თითქოს გამოსწორდა.

 

თუმცა, მომგებიანობის ამაღლებას, როგორც 2018 წლის უმთავრესი ამოცანის გადაწყვეტას, აუცილებლად სჭირდება საბრუნავი სახსრები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თაროს ვთავაზობთ მომწოდებლებს, რომ პროდუქცია საბოლოო მომხმარებლამდე მიიტანონ და თითქოს არც უნდა გვჭირდებოდეს განსაკუთრებული ფინანსური რესურსები ამ მომსახურების შეთავაზებისთვის, მაგრამ ისეთი პირობებით გვაძლევენ მედიკამენტებს, რომ მათი გაყიდვა საკმარის მარჟას არ უზრუნველყოფს. თუ გვინდა, რომ უკეთესი პირობით ვივაჭროთ და მარჟაც მეტი დაგვრჩეს, ფული ან წინასწარ ან მოწოდებიდან ძალიან მალე უნდა გადავუხადოთ, რაც თითქმის ერთი და იგივეა ნაღდი ფულის საჭიროების თვალსაზრისით.

 

ამას ემატება ჩვენი იმპორტი, რომელსაც ეხლა განსაკუთრებული, ძალიან აქტიური პრომოცია უკეთდება.  მათ მოწოდებაზე შეფერხება რომ არ მომხდარიყო, დამატებითი, გაზრდილი შეკვეთების გაკეთება მოგვიწია, რამაც დამატებით შექმნა ნაღდი ფულის საჭიროება. აქამდე ჩვენ ამ მიმართულებასაც ფაქტიურად მომწოდებლების სახსრებით ვაფინანსებთ, რამაც მოცულობების სწრაფი ზრდის გამო საუკეთესო პარტნიორებთან ურთიერთობების გართულება დაიწყო. გვესმის, რომ მათაც უკვე პრობლემები ექმნებათ ჩვენს გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ზომაზე მეტად ამ წყაროს გამოყენება არასწორია და მომწოდებლებს შესაძლოა გამოუსწორებელ პრობლემად ექცეს ჩვენი მხრიდან ანგარიშსწორების ნაწილში შექმნილი სირთულე.

 

ჩვენი დამფუძნებლების სტრუქტურა ისეთია, რომ ისინი ძალიან იკავებენ თავს ერთმანეთის ყურების გამო ახალი სახსრების ჩადებისგან. ბანკები, როგორც მოგეხსენებათ, ფული არ უნდა გჭირდებოდეს და ბევრი უძრავი ქონება უნდა გქონდეს ფული რომ მოგცენ. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაგვიმტკიცეს სესხი და ორივეჯერ იმდენად ცოტა და იმდენად რთული პროცედურებით და პირობებით, რომ ორივეჯერ უარი ვთქვით ამ რესურსის გამოყენებაზე. შესაბამისად, სხვა წყაროების ძიება და აწყობა გვიწევს. ბანკებთან და დამფუძნებლებთან ურთიერთობის შედეგად მივხვდით, სხვანაირად არაფერი გამოვა, ფული აუცილებლად უნდა ვიშოვოთ, თუ გვინდა, რომ განვითარება განვაგრძოთ.

 

ადგილობრივი ბანკების კერძო ფონდებთან სტუმრობამ დიდი იმედები არ მოგვცა. ისინი ბევრად დიდ და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობენ. ასეთი მოცულობები მათთვის საინტერესო არ არის. ამასობაში სინერჯის კაპიტალის პარტნიორებიც დაარსდა და ახლა უკვე მთელი იმედები სწორედ ამ ორგანიზაციაზე გადავიდა. სინერჯის კერძო კაპიტალის ფონდს მოუწევს  “სახალხოს” ფულით უზრუნველყოფის ამოცანის გადაწყვეტა ძირითადად.

 

ამ მიმართულებით კი შემდეგი სტრატეგია დავისახეთ:

 

პირველ რიგში კაპიტალის გაზრდაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ. ამისთვის ვიწყებთ არსებულ დამფუძნებლებთან მოლაპარაკებას, რომ მათ ან წილები უნდა დათმონ, ან დამატებითი სახსრები მოიძიონ და მოიტანონ, ან გასვლაზე ფიქრი უნდა დაიწყონ.

 

ამის პარალელურად იმისთვის, რომ უფრო მიზნობრივი ფონდების მოზიდვა მოხდეს “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” სპეციალურ ქვეფონდს ქმნის “სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერისა და განვითარებისთვის”. და მასში მონაწილეობისთვის ისეთი ორგანიზაციების მოწვევას იწყებს, ვისაც ძლიერი ქსელი თვითონაც სჭირდება, საკუთარი ბიზნეს ამოცანების უკეთესად გადაჭრისთვის.

 

თვითონ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” სახსრები იქნება ამ ფონდის პირველი შენატანი, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციამ უკვე გამოთქვა სურვილიც და თანხებიც გამოყო ამ ფონდში ინვესტირებისთვის. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ამ მიმართულებით გასაკეთებელი. დამფუძნებლების ნაწილთან მოლაპარაკებები დასრულდა, დანარჩენებთან შეთანხმებები ჯერ წინ არის.

 

პარალელურად დაიგეგმა ობლიგაციების გამოშვება სახალხო აფთიაქის დაკრედიტებისთვის. იმედი გვაქვს, ამ ოპერაციასაც წარმატებით განვახორციელებთ და ბევრ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას სახალხო აფთიაქის განვითარებაში შეიტანოს წვლილი, საკუთარი ფინანსური რესურსების ჩვენს მიზნობრივ ობლიგაციებში დაბანდებით.

 

მიდის მოლაპარაკებები რამდენიმე მომწოდებელთან, მათი დავალიანების საწესდებო ფონდში გადატანასთან დაკავშირებით. იხილება გზები სახალხო აფთიაქის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის მიმართულებით, იმისთვის, რომ ნელ-ნელა უფრო სახალხო გახდეს მისი მესაკუთრეთა სტრუქტურაც და მენეჯმენტიც და თანამშრომლებიც კომპანიის გავლენიანი მესაკუთრეები გახდნენ. ეს კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას და ბევრად უფრო აქტიურს გახდის მათ ჩართულობას კომპანიის მართვაში.

 

პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები ბანკებთანაც, საპროექტო მიზნობრივი დაფინანსების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმპორტის ოპერაციების დაფინანსება მარაგების უზრუნველყოფით, რამაც ერთი მხრივ ამ ოპერაციების მასშტაბის ზრდის საშუალება უნდა მოგვცეს, მეორე მხრივ ამ მიმართულებით დღეს ჩადებული მომწოდებლების სახსრები უნდა გამოგვათავისუფლებინოს.

 

ყველა ეს მოქმედება მიმართულია იქით, რომ კომპანია საკმარისი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოს. თუმცა ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” სწრაფად ისწავლოს მსგავსი ტიპის ღონისძიებათა კომპლექსის დაგეგმვა და განხორციელება. ეს სახალხო აფთიაქის გარდა კიდევ ბევრ ორგანიზაციას მისცემს შესაძლებლობას სწრაფი ზრდის ან სხვა მიზეზებით გამოწვეული ფინანსური სახსრების დეფიციტი მისთვის სასურველი პირობებით და სტრუქტურით შეივსოს.

 

მეორე მხრივ ეს საქმიანობა სინერჯის კერძო კაპიტალის ფონდს მისცემს საშუალებას მისი ძირითადი მისიის განხორციელება აქტიურად დაიწყოს – საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანებს შესთავაზოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, ახალ-ახალი შესაძლებლობები საკუთარი ფულადი სახსრების უფრო მომგებიანი დაბანდების, დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნის, კაპიტალის დაგროვების, გამდიდრების და მეწარმეობის ისე, რომ მუდმივ, სტაბილურ სამუშაო ადგილს არ მოწყდნენ.

 

***

როგორც სისხლის გადასხმა ძალიან სწრაფად ეტყობა ადამიანს, რომელსაც მისი ნაკლებობა აქვს, ფერიც, ძალებიც, მხნეობა სწრაფად უბრუნდება და სხვა პრობლემებთან და სირთულეებთანაც უფრო ეფექტურად იწყებს ორგანიზმი ბრძოლას, ასევე მალე სწორდება ორგანიზაციის ქმედითუნარიანობაც იმის მიხედვით, რამდენად საკმარის ფინანსურ რესურსზე აქვს წვდომა და დანარჩენი პოტენციალის სწრაფად რეალიზებას იწყებს. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ძალისხმევა სახალხო აფთიაქსაც ბევრად მალე დაეტყობა და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებიც” პირველ ძალიან წარმატებულ პროექტს ჩაიწერს ისტორიაში და საკუთარ პარტნიორებსაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.