GEO ENG
GEO ENG

სტატიები

საკუთარი საქმის დაწყების ერთი გზა

ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.

 

საკუთარი საქმის დაწყების ბევრი მაგალითი არსებობს. ყველა, ვინც იწყებს მის პირად გამოცდილებას აგროვებს, ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ გზას. მათთვის ერთმანეთის ისტორიის მოსმენა და წაკითხვა შესაძლოა არც საინტერესო იყოს და არც ბევრის მიმცემი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა ორგანიზაციებში დაქირავებულ თანამშრომლად მუშაობს, მაგრამ შეუძლია და უნდა კიდეც რაღაცა თვითონ, დამოუკიდებლად გააკეთოს, რაღაც საკუთარი საქმე წამოიწყოს. მათთვის უფრო მეტი სტიმულის მისაცემად გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ასეთი ისტორია მოგვეყოლა, რომელიც არც დიდი წარმატების მაგალითია და არც უნიფიცირებული მეთოდი ახალი ბიზნესის დასაწყებად. ეს უბრალოდ ამბავია, რომელმაც შესაძლოა ბევრს კონკრეტული მოქმედებების დაწყების სურვილი გაუძლიეროს და პირველი ნაბიჯების გადადგმაშიც დაეხმაროს.

 

გადაწყვეტილება

 

ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ. ერთ–ერთ დიდ ორგანიზაციაში ვმუშაობდი წამყვან თანამდებობაზე. რამოდენიმე თვე არ მასვენებდა საკუთარი საქმის დაწყების სურვილი, არ მეშვებოდა აზრი იმის შესახებ, რომ წარმატების მიღწევის შანსიც მქონდა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემთვის გზა დამენახა სად გადიოდა ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. მაინტერესებდა  რა იყო ის რის მიღწევასაც თავისუფლების პირობებში შევძლებდი და ვფიქრობდი რომ მხოლოდ საკუთარ საქმეს შეეძლო მოეცა ამის შეფასების საშუალება. მას შემდეგ, რაც ერთი ჩემი 40 წელს გადაცილებული მეგობარი უცერემონიოდ გაუშვეს სამსახურიდან და ფაქტობრივად დიდი ხნის უმუშევრობისთვის გაწირეს ამეკვიატა იმის შიში, რომ რაც დრო გადიოდა სულ უფრო მეტად ვხდებოდი დამოკიდებული სხვებზე. მით უფრო ნაკლები შანსი მქონდა მე თვითონ შემექმნა რაღაცა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, სულ უფრო იზრდებოდა იმის შანსი რომ ერთხელაც ვკითხავდი ჩემს თავს – ნუთუ მეტი არაფრის გაკეთება შემეძლო?

 

ცხოვრების ბოლოს იმის შეგრძნება, რომ სტაბილურ ანაზღაურების გაკიდებულმა რაღაცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან შესაძლოა აუტანელი გამხდარიყო. ძალიან მეშინოდა ამის. სწორედ ამ ფონზე გაჩნდა გადაწყვეტილება დამეწყო საკუთარი საქმე, რაც ბევრ პრობლემას მაგრამ ღირებულ გაკვეთილებს და საინტერესო ცხოვრებას მპირდებოდა. არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, როგორ, ვისთვის, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ თუ ძალიან მოვინდომებდი და ბევრს ვიმუშავებდი აუცილებლად რაღაცა კარგი გამოვიდოდა. სწორედ ეს რწმენა გახდა ამ მიმართულებით პირველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის სტიმული.

 

არჩევანი

 

მახსოვს გადაწყვეტილების მიღება თუ რა მიმართულებით წავსულიყავი და კონკრეტულად რა მეკეთებინა ერთ–ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი იდეა ასწრებს საქმის დაწყების სურვილს და შესაძლოა უფრო ხშირად ჯერ იდეა ჩნდება და მერე ახალი საქმის დაწყების გადაწყვეტილება ჩემ შემთხვევაში ეგ ეგრე არ იყო. თვეზე მეტი დაჭირდა მარტო მიმართულების არჩევას. სამი შეკითხვა, რომელიც მიმართულების არჩევაში გამომადგა, იყო:

 

ა) რისი კეთება გამომდის ყველაზე უკეთ.

 

ბ) რისი კეთება მომწონს და მსიამოვნებს ყველაზე მეტად აქედან.

 

გ) რა სარგებელი შეიძლება მოვუტანო და ვის, და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მათთვის ეს სარგებელი იმის კეთებით, რაც კარგად გამომდის და რისი კეთებაც განსაკუთრებით მსიამოვნებს.

 

ამ სამი საკითხის კარგად გააზრებამ დამანახა მთავარი მიმართულება. ძალიან ზოგადად მივხვდი რისი კეთებაც მინდოდა და ვისთვისაც მინდოდა მემუშავა. პოტენციურ შემოსავლებზე ბევრი არ მიფიქრია. მჯეროდა, რომ თუ ვიღაცისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებ და თან კარგად და ამავე დროს მუდმივად ცდილობ უფრო მეტი და მეტი სარგებელი შექმნა მათთვის, ეს აუცილებლად მოგცემს ღირსეული ცხოვრების საშუალებას. შესაბამისად ბევრი კალკულაციები არ მიკეთებია უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით შეიარაღებულმა უფრო დეტალურად საკითხში გარკვევა და პარალელურად პოტენციური თანამგზავრების ძებნაც დავიწყე.

 

წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და ინტერნეტი

 

კარგად მესმოდა რომ პირველივე ნაბიჯების გადადგმა უფრო მომზადებულს უნდა დამეწყო. მომზადებულს მათ შორის თეორიულად. სამწუხაროდ ინგლისური მაშინ არ ვიცოდი, ინტერნეტი კი იყო, მაგრამ არც წიგნების ყიდვის შესაძლებლობა იყო განვითარებული და არც მათი ძებნა იყო ადვილი. შესაბამისად ინტერნეტი მაშინ მაინცდამაინც ვერ გამომადგა. რუსულად ერთადერთი პატარა (სულ 180 გვერდიანი) წიგნის მოძიება შევძელი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან სწრაფად, საკმაოდ საფუძვლიანად „დავამუშავე“. ორი რუსული კომპანია მოვძებნე ინტერნეტში, რომლებიც მსგავსი საქმიანობით იყვნენ დაკავებული და მათ საიტებსაც დეტალურად გავეცანი. დაახლოებით ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ალბათ მთლად ისე არ იყო, როგორც იქ ეწერა მაგრამ ძირითადი მიმართულებების შესახებ მაინც გახდა შესაძლებელი წარმოდგენის შექმნა. ერთი–ორი ჟურნალიც გამოვიწერე ამ თემაზე, მოსკოვშიც დავაბარე მეგობრებს რამოდენიმე ჟურნალის ყიდვა და თემის განვითარების შემდეგ ეტაპზეც გადავედი.

 

თანამგზავრები

 

ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად ცოტა ძნელი აღმოჩნდა სწრაფი და ეფექტური მოქმედება. თუმცა ამის დიდი აუცილებლობაც არ იყო. თვითონ იმის შეგრძნებაც რომ ნელ-ნელა მივიწევდი წინ, საკმარის კმაყოფილების გრძნობას მიქმნიდა. შესაბამისად არ ვცდილობდი მეჩქარა, უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ვაკეთებდი. მაინტერესდება უფრო მეტი დეტალი მომეფიქრებინა საიდან ღირს დაწყება, რისი დაწყება ღირს, როგორ შეიძლება პირველი ნაბიჯების გადადგმა. ამ გზაზე დავიწყე მეგობრებთან და ნაცნობებთან ამ თემაზე სულ უფრო მეტი ლაპარაკი. ვეკითხებოდი ყველა ახლობელს რას ფიქრობდა ამაზე და ნელ ნელა  უფრო და უფრო მეტ საკითხში მივიწევდი წინ. იმ ადამიანების წრეც, ვისთვისაც ეს თემა საინტერესო იყო ნელ-ნელა თავისთავად გამოიკვეთა (უფრო გამართლებით ვიდრე დაგეგმილად).

 

მეგობრებიდან  ნაწილმა თავიდანვე სამუშაოებში ჩართვის სურვილი გამოთქვა, ნაწილმა დასაწყისში პარტნიორად შემოსვლა ამჯობინა, მაგრამ გუნდი, რომელიც როგორც საკითხის გააზრებაში, ისე იდეის განხორციელებაში ჩაერთვებოდა ნათელი იყო. მათგან მზაობაც დიდი იყო და წარმატების რწმენაც.

 

ერთიანად საქმის სწრაფად დასაწყებად ინვესტორის მოძებნაც გადავწყვიტეთ, აუცილებლობა დიდი არ იყო თუმცა ვიფიქრეთ რომ ზურგი უფრო გამაგრებული გვექნებოდა. შესაბამისად იდეით ერთ-ერთ ასეთ ნაცნობსაც მივადექით, მაგრამ საბედნიეროდ მისი დარწმუნება მაშინ ვერ მოვახერხეთ. ამან ჩვენს გეგმებში რაღაცები შეცვალა. გადავწყვიტეთ 500-500 დოლარი ყველას დაგვედო და ცოტა თანხა ერთ– ერთი პარტნიორის თავდებობით ბანკიდან გვესესხებინა და ჩავთვალეთ რომ დასაწყისისთვის ეს საკმარისი იქნებოდა.

 

პარტნიორებმა ვალდებულება აიღეს, რომ პირველ თვეებში სანამ ახლად შექმნილი ფირმა შემოსავლების მოტანას დაიწყებდა 100-100 დოლარს მოიტანდნენ საოპერაციო ხარჯების დასაფარად და ამით აუცილებელი ფინანსების საკითხი მინიმუმ რამოდენიმე თვით გადაწყვეტილი იქნებოდა. შესაბამისად ფულიანი ინვესტორის საჭიროებაც მოიხსნა, რაც ჩვენი საქმიანობის სპეციფიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მომავალში.

 

მეტი დეტალები, უფრო კონკრეტული ხედვა და პირველი პრობლემები

 

პირველი ოფისი რეგისტრაციამდე რამოდენიმე თვით ადრე ვიქირავეთ (როგორც მახსოვს). მისი დანიშნულება უფრო საღამოობით შეკრება და კონცეფციაზე უფრო დეტალური მუშაობა იყო. ვფიქრობდით საქმის დაწყებისათვის სამსახურებიდან წასვლა სულ არ იყო საჭირო. საკმარისი იქნებოდა ჭკვიანი ხალხი მოგვეძებნა, დაგვექირავებინა, ჩვენ კი საღამოობით შევკრებილიყავით და მუშაობის სტრატეგიები და მიდგომები მოგვეფიქრებინა ერთად.

 

პირველ რიგში ოფისი ვიშოვეთ, პატარა და იაფი, ერთ–ერთ ნახევრად მიტოვებულ შენობაში, მაღალ სართულზე სადაც არც წყალი მოდიოდა და არც ლიფტი მუშაობდა. სველი წერტილებიც არ იყო მოწყობილი ფაქტიურად, მაგრამ საღამოს შეკრებებისთვის არც თუ ურიგო იყო. ამიტომაც დავთანმხდით და მცირე რემონტის გაკეთებაც გადავწყვიტეთ უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად (როგორც ყველა აკეთებს ამას ჩვენთან).

 

სწორედ აქ შეიქმნა პირველი პრობლემებიც. მას შემდეგ რაც რემონტის კეთებისას ხარისხიანი ჰოლანდიური რბილი იატაკი ავახიეთ და მუშებს ვაჩუქეთ და მის ნაცვლად კი თურქული დავაგებინეთ, შეღებილი ოდნავ დაზიანებული კედლები ჩამოვაფხეკინეთ და კირი შევასხმევინეთ საიდანაც დიდი ხანი გადადიოდა შეხებისას სითეთრე, და თან ეს ყველაფერი რომ რამოდენიმე თვე გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ სულ 100 კვადრატულზე მიდიოდა მუშაობა – მივხვდით რომ ესე ჩვენ არათუ ცხოვრების საქმეს, ოფისში რემონტსაც კი ვერ გავაკეთებდით ვერასდროს. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ რომ იდეის განხორციელებისათვის უფრო მეტი მსხვერპლი იყო საჭირო, ვიღაცას მაინც უნდა დაეტოვებინა სამსახური და მთლიანად ახალ ოფისში უნდა გადაბარგებულიყო. ეს გადაწყვეტილება მაშინ ერთმა მეგობარმა და მე მივიღეთ, დანარჩენები კი ფინანსური მხარდაჭერისთვის საკუთარ სამსახურებში დარჩნენ (თუმცა მომავალში სხვადასხვა დროს ყოველ მათგანს მოუწია ჩვენთან მუშაობა მინიმუმ ნახევარი წელი მაინც).

 

ამ ყველაფრის მიუხედავად ოფისის ქონამ საკითხების დამუშავება ძალიან დააჩქარა, მართალია არასწორად (როგორც მერე გაირკვა), მაგრამ გავიაზრეთ ვინ უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი პირველი კლიენტები, რა შეთავაზებები უნდა გაგვეკეთებინა მათთვის და თანხმობის შემთხვევაში რა უნდა გვექნა, როგორ მოვმსახურებოდით აღებულ ვალდებულებებს.

 

ამასობაში რეგისტრაციის და რაც მთავარია სახელის შერჩევის დროც მოვიდა, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი კი არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა.

 

სახელი

 

მას შემდეგ რაც მეტ-ნაკლებად კარგად გავიაზრეთ თუ რის კეთებას ვაპირებდით და როგორ, ჩავთვალეთ რომ უფრო მზად ვიყავით სახელის შერჩევაზე აქტიური მუშაობის დასაწყებად. ეს ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა რომელმაც თითქმის თვეზე მეტი გასტანა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა წესის დაცვით ვიმუშავეთ, ანუ ჯერ 20–მდე ალტერნატივა დავწერეთ, მერე გამორიცხვით გამოვხშირეთ, მერე დარჩენილებს კენჭი ვუყარეთ – მიღებული შედეგით მაინც არ ვიყავით კმაყოფილი. იყო რამოდენიმე ვარიანტი რომელიც ყველა დანარჩენზე მეტად მოგვწონდა, მაგრამ მაინც ის არ იყო რაც ჩვენ გვინდოდა.

 

ბევრი კამათის და დავის მერე საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ მთავარია სახელი იყოს ეფექტური, გამორჩეული, დასამახსოვრებელი, რაღაცნაირად ასოცირდებოდეს იმასთან, რასაც აკეთებ და მერე მის შექმნაზე და დამკვიდრებაზე მაინც ნულიდან გექნება სამუშაო. ამიტომ დიდი ფიქრი ამ თემაზე არც ღირს, იმიტომ, რომ შესაძლოა კმაყოფილი არც არასდროს დარჩეო. ეს ალბათ ბავშვის სახელის შერჩევასაც ჰგავს. თავიდან რომ სულ ორჭოფობ, გადაწყვეტილებას ვერ იღებ,მაგრამ ბავშვის დაბადებიდან სულ ერთ წელიწადში ვერც კი წარმოგიდგენია, რომ ამ ბავშვს შეიძლებოდა სულ სხვა სახელი რქმეოდა და გგონია, რომ ამაზე მეტად სხვა არც ერთი სახელი არ მოუხდებოდა.

როგორც კი მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არ ღირდა ძალიან ბევრი მსჯელობა და დავა ამ საკითხზე და დარჩენილებიდან ნებისმიერი ვარიანტი აგვერჩია, მსჯელობის ერთ-ერთმა მონაწილემ ცოტა უცნაური სახელი წამოისროლა, მისი მნიშვნელობა განმარტა, ყველას მოეწონა, ოდნავ დავხვეწეთ  და გადაწყვეტილებაც ნახევარ საათში მზად იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მერე ძალიან ბევრს ვუხსნიდით თუ რას ნიშნავდა ეს სახელი, და ბევრი კლიენტი (მათ შორის დიდი ხნის) ეხლაც ვერ გამოთქვამს მას ბოლომდე სწორად ყველა ვფიქრობთ რომ გაგვიმართლა და მაინც კარგი სახელი შევარჩიეთ ჩვენი ახლადშობილი ფირმისთვის.

სახელის შერჩევიდან ერთ კვირაში რეგისტრაციის ყველა სამუშაო დასრულებული იყო. და ჩვენც პირველი წინადადებების მომზადების შესაძლებლობა მოგვეცა.

 

პირველი ნაბიჯები

 

ჩვენი პირველი ნაბიჯები სრულიად უშედეგო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებების მომზადებაზე ბევრი ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ, მერე დაახლოებით 30 (ან კიდევ უფრო მეტი) წინადადება მოვამზადეთ, დავაგზავნეთ, მერე შეხვედრებზე ვიარეთ და ვცდილობდით პირადად დაგვერწმუნებინა პოტენციური კლიენტები ჩვენი შეთავაზების რელევანტურობაში, ორი თვის განმავლობაში ვერც ერთი ხელშეკრულება ვერ გავაფორმეთ.

როცა მიზეზების ანალიზი დავიწყეთ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ის რასაც ვთავაზობდით საჭირო არ იყო მათთვის, ის თანხა რასაც ვითხოვდით ბევრად მაღალი იყო ვიდრე იმათ შეეძლოთ გადახდა და საერთოდაც ისინი ვისაც ჩვენ ჩვენს მომსახურებას ვთავაზობდით ისინი არ იყვნენ ვისაც შეიძლება ჩვენი მომსახურება რამეში გამოდგომოდათ. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი წინასწარი მუშაობის მოუხედავად ჩვენ შეცდომა დავუშვით თითქმის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში რომელიც მივიღეთ. მაგრამ იმდენად დიდი იყო წარმატების მიღწევის სურვილი, იმდენად დიდი იყო რწმენა რომ ჩვენ მისი მიღწევა შეგვეძლო და იმდენად დიდი დარტყმა იყო მათი პატივმოყვარეობისათვის, ვინც სამსახური დატოვა და ფაქტიურად უკან დასაბრუნებელი გზაც არ დაიტოვა, რომ მოგვიწია გაგრძელება. უფრო მეტი ფიქრი იმაზე, რაში ვუშვებდით შეცდომას, უფრო დეტალური შერჩევა ორგანიზაციების, ვისთვისაც ჩვენ შეგვეძლო სარგებლის შექმნა, უფრო კარგად გააზრება ჩვენი შეთავაზების და განსაკუთრებით ფასის, და რაც მთავარია ძალიან დეტალური მუშაობა მიდგომაზე თუ როგორ უნდა შეგვესრულებინა ის ვალდებულება, რომლის აღებასაც ვცდილობდით. ამის გააზრებამ ჩვენი წინადადებაც და მისი წარდგენაც პოტენციური კლიენტების წინაშე ბევრად უფრო დამაჯერებელი და საინტერესო გახადა.

საბოლოოდ მაინც ნაცნობებთან მისვლა მოგვიწია, ისეთ ორგანიზაციებთან, სადაც პირადად გვიცნობდნენ და ამის გამო უფრო ყურადღებით მოგვისმინეს. პირველი პროექტის განხორციელებაში ფული ვერ მოვითხოვეთ და უფასოდ შევთავაზეთ, ვინაიდან რომ მოგვეთხოვა უარის რისკი უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა სწორედ ამ პირველ პროექტში, რომელიც მართალია უფასოდ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენი რამოდენიმე თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ პირველი რეალური დავალება იყო, მთელი ძალების და მონდომების ჩადება მოგვიწია. მახსოვს პირველი პრეზენტაცია 30 დეკემბერს ჩავატარეთ. ხელმძღვანელმა საღამომდე ვერ მოიცალა ჩვენთან შესახვედრად. შეხვედრაზე კი სულ ცმუკავდა იმიტომ, რომ საახალწლო კორპორატიული საღამო იწყებოდა და ძალიან ჩქარობდა. თუმცა ჩვენი პრეზენტაცია საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა იმდენად საინტერესო, რომ პირველი ექვსთვიანი დავალება იქვე მოგვცა, ფასზეც შეგვითანხმდა და საახალწლო საღამოზეც დაგვპატიჟა.

ჩვენ მაშინ იმ საღამოზე არ წავედით რატომღაც, მაგრამ ის ახალი წელი მაინც ერთ–ერთი ყველაზე ბედნიერი იყო ჩვენს ცხოვრებაში. კარგად გვესმოდა, რომ ახლა უკვე ნამდვილად იწყებოდა ახალი ცხოვრება, ახალი სირთულეებით, ბევრი წარუმატებლობით და იმედგაცრუებით სავსე, მაგრამ მაინც ბევრად საინტერესო და ბევრად იმედის მომცემი ვიდრე ყველა იქამდე დამდგარი და გასული წელი.

არ ვიცი ვის რას მოგცემთ ეს ისტორია, მაგრამ პირადად მე მისი წერისას კიდევ ერთხელ თვალწინ გამიარა იმ პერიოდმა, იმის შემდგომმა ათმა წელმა რომელმაც რამოდენიმე კრიზისით და იქიდან გამოსვლის ციკლებით ჩაიარა, წლებმა, რომლებმაც ბევრი წარმატება და ბევრი წარუმატებლობა მოგვიტანა. ამ ემოციებმა კიდევ უფრო მეტი მუხტი მომცა, უფრო მეტი მუშაობისთვის. თუკი ვინმე ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტს რომ თვითონაც გადადგას ეს ნაბიჯი, მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ამ გზის საკუთარი ტრაექტორიით გავლა, ჩავთვლი რომ ამ სტატიამ თავისი დანიშნულება შეასრულა, ვინაიდან მისი შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო.

წარმატებებს გისურვებთ ყველა გაბედულს.

 

სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის IV წიგნში “მენეჯერის ბრძოლა წარმატებისთვის”