GEO ENG
GEO ENG

სტატიები

როცა ჩვენი პოზიცია არ გვაძლევს საკმარის ძალაუფლებას საქმე უფრო კარგად გავაკეთოთ

 

dont-work-hard-work-efficiently1

 

წუთით დაფიქრდით, გაქვთ კი სამსახურში საკამრისი ძალაუფლება, რათა თქვენი საქმე შეუფერხებლად და კარგად აკეთოთ? თუ დადებითი პასუხის გაცემა გიჭირთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.

 

თუ გვინდა, რომ თანამშრომლებმა მათზე დაკისრებული ამოცანები ჯეროვნად შეასრულონ, საკმარისი უფლებამოსილებითაც უნდა აღვჭურვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოქმედების თავისუფლებას შევუზღუდავთ და შევბოჭავთ. ისინი თავიდან გაჭირვებით, თუმცა მაინც, შეეცდებიან შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ნელ–ნელა სტიმულები დაეკარგებათ. მათი შედეგები გაუარესდება, ბევრ საყვედურებს მიიღებენ, თუმცა ვერც გააუმჯობესებენ ვერაფერს. საბოლოოდ კი დაიღლებიან და დანებდებიან.

 

ამგვარ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის არსებობს მოქმედების სამი ალტერნატივა: ეცადოთ გაზარდოთ საკუთარი უფლებამოსილება, ცვლილების მოლოდინით შეეგუოთ არსებულ მდგომარეობას ან დატოვოთ სამსახური. ეს უკანასკნელი, ალბათ, ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი უნდა იყოს. მდგომარეობასთან შეგუება კი, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, საბოლოოდ მოტივაციის დაკარგვით დასრულდება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, ეცადოთ გაზარდოთ საკუთარი უფლებამოსილება. ამისთვის კი გთავაზობთ: გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, გამოიყენეთ სხვისი ძალაუფლება და გაზარდეთ საკუთარი ავტორიტეტი.

 

გამოიჩინეთ ინიციატივები

 

მიუხედავად იმისა, რომ არასაკმარისი უფლებამოსილება გაგაჩნიათ, მოცემულ დავალებებზე პასუხისმგებლობა მაინც თქვენ გეკისრებათ. გახსოვდეთ! შედეგებს უშუალოდ თქვენგან ელიან და მათი ჩაბარების ვადა რომ დადგება, თავს იმით ვერ გაიმართლებთ, რომ არასაკმარისი უფლებამოსილება გაგაჩნდათ. ამიტომ, თქვენი ვალია არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოთ ხელმძღვანელობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს მიერ გამოჩენილ ინიციატივებს ენიჭება.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უშუალოდ ვის მიმართავთ ინიციატივით. საჭიროა ისეთი ადამიანი ან ადამიანები შეარჩიოთ, ვისაც შესაბამისი ძალაუფლება ექნება რაიმე შეცვალოს ან ხელი შეუწყოს ინფორმაციის ტოპ–მენეჯმენტისთვის მიწოდებას. უპირველესი კანდიდატურა თქვენი უშუალო უფროსი უნდა იყოს. გამოჩენილი ინიციატივები ხელმძღვანელის ზურგს უკან მოქმედებად რომ არ ჩაითვალოს, პირველ რიგში სწორედ მას მიმართეთ.

 

ხელმძღვანელთან შეხვედრისთვის აუცილებელია წინასწარ მოემზადოთ. ძალიან მყარი არგუმენტები უნდა გაგაჩნდეთ იმის დასასაბუთებლად, თუ საკმარისი უფლებამოსილების არქონა კონკრეტულად რაში უშლის საქმეს და ორგანიზაციას ხელს, რა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ის საბოლოო ჯამში  და, რაც მთავარია, რას სთავაზობთ ამის გამოსასწორებლად. იყავით მაქსიმალურად თავდაჯერებული და ეცადეთ თქვენი საუბარი მოწუწუნე თანამშრომლის გამოსვლას არ დაემსგავსოს.

 

შეხვედრას დადებითი შედეგი ექნება თუ უარყოფითი, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მოვალეობა შეასრულეთ – ინფორმაცია მიაწოდეთ ხელმძღვანელს. ამით ხელმძღვანელობას აჩვენებთ, რომ თქვენთვის სულ ერთი არ არის კომპანიის  მიერ მისაღწევი შედეგები, დააფიქრებთ საკითხის მნიშვნელოვნებაზე და ცვლილებების განხორციელებისაკენ უბიძგებთ.

 

გამოიყენეთ სხვების ძალაუფლება საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესასრულებლად

 

სანამ ინიციატივით გამოდიხართ და პრობლემას ხელმძღვანელობას აცნობთ, გახსოვდეთ, რომ შედეგებს თქვენგან მაინც მოელიან. ინიციატივების პარალელურად, უნდა ეცადოთ არ ჩამორჩეთ სამუშაო პროცესს და შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად კარგად განახორციელოთ თქვენი ფუნქციები. ამისათვის სხვა ხერხების გამოყენება გმართებთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს აქტიურობასა და უნარს ენიჭება, გამოიყენოთ სხვების ძალაუფლება საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად. მაგალითად თუ მოგეცათ დავალება, რომლის განსახორციელებლად, პირობითად, სხვა განყოფილების თანამშრომლების დახმარება გჭირდებათ, რომლებიც თქვენს  დაქვემდებარებაში არ არიან, უნდა მიმართოთ მათ უშუალო ხელმძღვანელს. მას შეუძლია თანამშრომლებს დააკისროს ვალდებულება კარგად შეასრულონ თქვენს მიერ განსაზღვრული დავალებები. როგორც ვხედავთ ის უფლებამოსილება, რასაც საჭიროებთ, სხვის განკარგულებაშია მოქცეული. ამგვარ სიტუაციებში თქვენი ამოცანაა, მოიძიოთ ის პირები და პოზიციები, რომელთა კომპეტენციაშიც შედის თქვენი საქმისთვის საჭირო უფლებები და ეცადოთ მის გამოყენებას. ამ ადამიანებთან კარგი პირადი ურთიერთობები გჭირდებათ. მათი ხშირად შეწუხება, თხოვნა, ხვეწნა მოგიწევთ, რათა მათ მხარდაჭერას მიაღწიოთ. სამაგიეროდ, ძალიან გახსნილები უნდა იყოთ მათთვისაც და ყოველთვის მზად, რომ დაეხმაროთ.

 

თუმცა, ეს მეთოდი ამართლებს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, ერთჯერადი ფორმებით. თუკი მუდმივად საჭიროებთ სხვების უფლებამოსილების მხარდაჭერას, უნდა იცოდეთ, რომ მუდამ თქვენს ინტერესებს არავინ გაითვალისწინებს. რათა შეძლოთ მსგავს მდგომარეობაში მოვალეობების ჯეროვნად შესრულება, ამისათვის საკუთარი ძალაუფლების განვითარება გმართებთ.

 

მოიპოვეთ საკუთარი ძალაუფლება გრძელვადიან პერიოდში

 

საკუთარი, იგივე არაფორმალური ძალაუფლება სხვა არაფერია, თუ არა პიროვნულ თვისებებზე დამყარებული ავტორიტეტი და გავლენა საზოგადოებაში, რომელიც ყველას ინდივიდუალურად გააჩნია. არაფორმალური ძალაუფლება საშუალებას მოგცემთ შეასრულოთ ის, რაც პოზიციითა და უფლებამოსილებით არ ხელგეწიფებათ. როდესაც საკუთარი სტატუსით დამკვიდრებას შეძლებთ, ხელმძღვანელობა ყურადღებით მოუსმენს თქვენს შენიშვნებს და ზოგჯერ, შესაძლოა, თავადაც მოგმართოთ რჩევის მისაღებად. მენეჯმენტის ნდობის მოსაპოვებლად კი საჭიროა განვითარდეთ, როგორც პროფესიონალი და გახდეთ წამყვანი თანამშრომელი. ამგვარად, საკუთარი პროფესიონალური ავტორიტეტით შეძლებთ სხვების მხარდაჭერის მოპოვებას თქვენი დავალებების შესასრულებლად და აღარ დაგჭირდებათ სხვების ძალაუფლების გამოყენება. რამდენად შეძლებთ ამ ამოცანის შესრულებას, ეს პირადად თქვენს უნარებზე და ლიდერულ თვისებებზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ეს ნამდვილად გინდათ და მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ. რჩევები კი ასე გამოიყურება:

 

განვითარდით როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი. ისე არაფერს შეუძლია თქვენი აღჭურვა არაფორმალური ძალაუფლებით, როგორც – თქვენსავე პროფესიონალიზმსა და მიღწეულ წარმატებებს. ამისთვის კი დიდი შრომა დაგჭირდებათ, ბევრი კითხვა, სხვების მოსმენა. პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის რა უნდა გააკეთოთ, ეს ცალკე სტატიის თემაა და აქ დეტალურად აღარ შევეხებით.

 

გახადეთ თქვენი პროფესიული უნარები თვალსაჩინო. იყავი დარწმუნებული საკუთარ უნარებში და ნუ მოერიდებით სხვებისთვის რჩევის მიცემას. თქვენი პროფესიონალიზმი სწორედ იქიდან გამოჩნდება, თუ რამდენად შეგიძლიათ, საჭიროების მომენტში, კოლეგებს კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინოთ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ რჩევები ნამდვილად თქვენი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობდეს.ხელმძღვანელობას რომ დაანახოთ თქვენი შესაძლებლობები მონაწილეობა მიიღეთ საერთო შეხვედრებში. აქ საშუალება გეძლევათ საკუთარი აზრი მენეჯმენტის წინაშე დააფიქსიროთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა თქვენი მიგნებები გაუზიაროთ ხელმძღვანელობას.

 

განავითარეთ თქვენი ძლიერი მხარეები. მათში იგულისხმება თქვენი, როგორც პირადი თვისებები, ისე შეძენილი უნარები: ადამიანების დარწმუნების უნარი, პუნქტუალობა, და ა.შ. , ყველაფერი ის, რაც გამოგარჩევთ სხვა თანამშრომლებისაგან.

 

ეცადეთ დაამყაროთ კარგი ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. რაც არ უნდა, საქმის პროფესიონალი იყოთ, საჭიროა ფლობდეთ იმ კომუნიკაციურ უნარებს, რაც დაგეხმარებათ გარშემომყოფებთან პოზიტიური ურთიერთობების დამყარებაში. კარგი ურთიერთობების გარეშე არათუ დამატებითი გავლენას მოიპოვებთ ადამიანებზე, არამედ არსებული ძალაუფლების შენარჩუნებასაც კი ვერ შეძლებთ. ამიტომ იყავით ადამიანებთან, გამოელაპარაკეთ მათ, შეახსენეთ თავი, მიულოცეთ დაბადების დღეები, დაეხმარეთ თუ შეგიძლიათ და მოიპოვეთ მათი კეთილგანწყობა.

 

 

***

 

იმისთვის, რომ ხარისხანად გადაჭრათ თქვენზე დაკისრებული ამოცანები, იბრძოლეთ საჭირო უფლებამოსილების მოპოვებისთვის, მოკლევადიან პერიოდში გამოიჩინეთ ინიციატივები და ეცადეთ გამოიყენოთ სხვების ძალაუფლება, გრძელვადიან პერიოდში კი,  მოიპოვოთ პირადი ავტორიტეტი და გავლენა. როგორი მარტივი ან რთულიც არ უნდა ჩანდეს ეს გზა განსახორციელებლად საბოლოო შედეგი პირადად თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.

 

წარმატებებს გისურვებთ!