GEO ENG
GEO ENG

სტატიები

როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ

კარგია, როდესაც ორგანიზაციაში ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ადამიანს უჩნდება შეუცვლელობის შეგრძნება. ეს ბევრი მიზეზის გამო ძალიან უარყოფითად მოქმედებეს როგორც ორგანიზაციაზე, ისე თვითონ ამ ადამიანებზეც. შეუცვლელობის გრძნობა ძირითადად ადრეულ ასაკში კარიერული ზრდით არის ხოლმე განპირობებული. იმის გამო, რომ ჩვენთან, ფაქტობრივად, მართვის სისტემა მთლიანად ახლებურად ჩამოყალიბდა, ძალიან ბევრს 40 წლის და ზევით ასაკში გაუჭირდა მუშაობის ახალ პრინციპებზე გადაწყობა. ეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა თანამშრომლებმა სწრაფად აუღეს ალღო, თავიდანვე განსხვავებული მიდგომით, უფრო სწრაფად მოქმედებენ და ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურადაც.

 

თუმცა, სამწუხაროდ, მარტო მიღებული დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება, რაც ხშირად მათი კარიერული წინსვლის მიზეზი ხდება, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანების მართვა შეძლო. კიდევ უფრო რთულია, ღირსებით მიიღო წარმატება, უპირატესად კი აღიქვა მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები იმის ნაცვლად, რომ სამსახურებრივი მდგომრეობიდან  გამომდინარე სოციალური სტატუსი შეიფერო.

 

………………………..

 

სტატიის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის:

როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება. როცა ერთი სული გაქვს, როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს; როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ, სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება; როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება _ ხვდები რომ დროა, რაღაც შეცვალო. ასეთ დროს ბევრი ახალი სამსახურის ძებნას იწყებს. ფიქრობენ, რომ გარემოს ცვლილება ყველაზე კარგი გამოსავალია და იქ, სადღაც, ახალ ადამიანებთან, ახალ ორგანიზაციაში, ახალი მოვალეობებით შეძლებენ შეცვალონ ცხოვრების დუნე ტემპი, სტილი და უფრო მეტი საინტერესო საქმე აკეთონ.

 

არსებობს მეორე, ალტერნატიული გზა, რომელსაც როგორც წესი, ძალიან ცოტა ადამიანი ირჩევს. თუმცა ის ბევრად საინტერესო და შედეგიანია, უფრო სასიამოვნოს და სახალისოს ხდის სამუშაო ადგილს, უფრო სასარგებლოს თითოეულ დღეს და მოვლენების განვითარების  სცენარსაც რადიკალურად ცვლის.  „ჯერ დარწმუნდით, რომ ყველა შესაძლებლობა გამოყენებული გაქვთ, რომელსაც არსებული სამუშაო ადგილი იძლევა და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ უკეთესი ალტერნატივის ძებნა“. ამაში დარწმუნება კი არც თუ ისე ძნელი და უსიამოვნოა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

 

სამი მთავარი ამოცანა, რომელიც ამისათვის უნდა დაისახოთ:

 

ა) არსებულ სამუშაო ადგილზე პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ამაღლება

 

ბ) უფრო მეტი სარგებლის მოტანა საკუთარი ორგანიზაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, თქვენთვის ბუნდოვანია _ რას მიიღებთ სანაცვლოდ.

 

გ)  ჯერ თქვენივე ორგანიზაციაში კარიერის განვითარების არსებული შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება

 

მხოლოდ თითოეული ამ ამოცანის გადაწყვეტაში თქვენს ხელთ არსებული რესურსების ბოლომდე გამოყენების შემდეგ, და მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ თითოეულის მიმართულებით მეტის გაკეთება აღარ შეგიძლიათ და აღარც გიღირთ, შეიძლება გახდეს მიზანშეწონილი ახალი სამსახურის ძებნა, თუმცა, პირველ რიგში, თვითონ  ამ გზის გავლა გაცილებით მეტ კარს გაგიხსნით მაშინაც კი, თუ სამსახურის შეცვლა მაინც დაგჭირდებათ.

 

მეტი პროფესიონალიზმი, ყველაზე მოკლე გზა თავისუფლებისაკენ

 

პროფესიონალიზმი საუკეთესო საშუალებაა თავისუფლების მოსაპოვებლად. ნებისმიერ საქმეში რაც უფრო მაღალია თქვენი პროფესიონალიზმი, მით უფრო დიდია არჩევანი _ სად და ვისთან ერთდ გინდათ საქმის კეთება და როგორი პირობებით. სწორედ ისინი, ვინც საკუთარი საქმის ოსტატობის მწვერვალებს აღწევენ, ახერხებენ, მიიღონ პირობები, სურთ საქმის უფრო სასიამოვნოდ და სასარგებლოდ საკეთებლად.

 

სამწუხაროდ, როგორც წესი, ადამიანების დიდი ნაწილი მალე მიდის იმ დასკვნამდე, რომ პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობები იმ ადგილზე და იმ საქმეში, რომელსაც აკეთებენ _ ფაქტიურად აღარ არსებობს. არადა ხშირ შემთხვევაში (თუ ყოველთვის არა) ეს ასე არ არის, უფრო მეტიც, ასეთი დასკვნა, როგორც წესი, ძალიან შორს არის რეალობისგან.

 

საკმარისია, თუნდაც მოიძიოთ საინტერესო წიგნები იმ სფეროზე, რომელშიც მოღვაწეობთ, დაინახავთ, რამდენი რამეა ისეთი, რაც სხვანაირად იცით, ან არ გეგონათ და არც წარმოგედგინათ, ან საერთოდ არ აქცევდით ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა საქმის უკეთესი შედეგებით საკეთებლად. ნებისმიერი სამუშაო ადგილისათვის, იქნება ეს ავტოფარეხის ხელოსანი, ელექტრიკოსი, გამყიდველი თუ სატელეფონო ოპერატორი, არსებობს უამრავი წიგნი, რომელსაც პროფესიონალიზმის საზღვრების მკვეთრი გაფართოება შეუძლია. შეუძლია დაგანახოთ ახალი მიმართულებები სფეროების დახვეწისა და სრულყოფისათვის.

 

მეორე გზა, რომელიც ასევე არსებობს, მოძებნოთ ადამიანები, რომლებმაც თქვენს საქმეში უფრო მეტ ოსტატობას მიაღწიეს, გაიცნოთ ისინი, ესაუბროთ მათ, დააკვრიდეთ ან გამოკითხოთ, როგორ აკეთებენ ისინი საქმეს, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება. ეს დაგანახებთ, რომ ძალიან ბევრი ნიუანსი ჯერ კიდევ აუთვისებელი და სათანადოდ შეუფასებელი გაქვთ. კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ პროფესიონალიზმის საზღვარი არ არსებობს არც ერთ საქმეში. საკმარისია მიზნად დაისახოთ მისი ამაღლება, რომ უამრავი გზა გამოჩნდება საქმის საინტერესოდ, სასიამოვნოდ, სახალისოდ და, რაც მთავარია, ბევრად უკეთესად საკეთებლად.

 

მაგრამ ყველაზე მარტივი გზა მიანც ის არის, რომ პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც დაფიქრდეთ _ როგორ შეიძლება თქვენი მოვალეობების უკეთ შესრულება, რა მეთოდები, მიდგომები ან დამოკიდებელება უნდა შეიცვალოს ამისათვის დარწმუნებული იყავით, რომ ყოველ ჯერზე ამის უამრავ შესაძლებლობას დაინახავთ.

 

უფრო მაღალი პროფესიონალიზმი, საკუთარი საქმის კიდევ უფრო კარგად ცოდნა, ერთის მხრივ, ზრდის თქვენს ღირებულებას ორგანიზაციისათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ბევრად აადვილებს ახალი, უკეთესი სამსახურის პოვნას.

 

სამი სარგებელი, რომლის მოტანაც შეგიძლიათ თქვენი ორგანიზაციისათვის

 

ხშირად იმაზე ფიქრი, თუ რა ექნება ადამიანს იმის სანაცვლოდ, თუ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საკუთარ ორგანიზაციას, და ეჭვი იმისა, რომ მაინც არავინ დაინახავს და დააფასებს ასეთ მონდომებას, ადამიანებს ხელს უშლის ბევრი გამოუყენებლი შესაძლებლობის დანახვაშიც და გამოყენებაშიც საკუთარი ორგანიზაციის სასარგებლოდ. არადა საკმარისია დაიჯერო, რომ შენს მიერ შექმნილი უფრო მეტი სარგებელი აუცილებლად ნიშნავს უფრო მეტ დაფასებას, აღიარებას ან ანაზღაურებას. ამის შემდეგ ზედმეტი პირობების დაყენების გარეშე დაიწყო მაქსიმალურად ცდა _ უფრო მეტი სარგებელი მოუტანო შენს ორგანიზაციას, ყველაფერი შენს გარშემო ძალიან სწრაფად და საინტერესოდ დაიწყებს შეცვლას. თუ არ გჯერათ უბრალოდ სცადეთ.

 

ეცადეთ, სრულყოფილი ხარისხით შეასრულოთ თქვენი ყოველდღიური სამუშაო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი, რომლის შექმნაც შეგიძლიათ საკუთარი ორგანიზაციისათვის. ამაზე მუდმივი ფიქრი და მცდელობა ძალიან მალე გამოგარჩევთ გარკვეული  შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც კი. ეცადეთ, ნიუანსების დონეზე სრულყოთ თქვენი მოქმედებები და თქვენი ღირებულება ორგანიზაციისათვის დღითიდღე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

ეცადეთ, რითაც შეძლებთ, დაეხმაროთ კოლეგებს უკეთესად აკეთონ საქმე და უფრო კარგ შედეგებს მიაღწიონ. ეს დამატებითი სარგებელია, რომლის მოტანაც თქვენი ორგანიზაციისათვის შეგიძლიათ. არადა, ხშირად ადამიანები ფიქრობენ, ან დაუფიქრებლად იქცევიან ასე, რომ კოლეგის კარგი მუშაობა მათთვის არ არის სასარგებლო. არადა, თუ მათი რაიმეთი დახმარება შეგიძლიათ გააკეთეთ ეს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შეთხვევებში, შესაძლოა, უსამართლობის განცდა დაგეუფლოთ. საბოლოო ჯამში, ეს მაინც აუცილებლად სათანადოდ დაფასდება და თქვენთვისაც ყველა შემთხვევაში უკეთეს შედეგებს მოიტანს.

 

ეცადეთ, დაეხმაროთ მენეჯმენტს, უკეთესად მართონ. ნებისმიერი პოზიციიდან შეიძლება ამის გაკეთება, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ისინი იმდენად ცუდები არიან, რომ ამას არ იმსახურებენ. მიაწოდეთ მათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად, მიაწოდეთ მათ თქვენი შეხედულებები სრულყოფის საკითხებზე და იდეები _ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესი შედეგების მისაღწევად. მაშინაც კი, თუ თქვენ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დაისაჯოთ ზედმეტი ინიციატივებისათვის, საბოლოო ჯამში, თქვენ მაინც სარგებელს მიიღებთ აქედან, ვინაიდან ეს მცდელობები ან ახალი, უკეთესი სამსახურის პოვნას გაგიადვილებთ, ან, საბოლოო ჯამში, არსებულ ორგანიზაციაში შემოგხედავენ და დაგაფასებენ განსხვავებულად.

 

ამოირჩიეთ კარიერის განვითარების სასურველი გზა თქვენივე ორგანიზაციის შიგნით და იმოქმედეთ

 

ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ კარიერის განვითარება ორგანიზაციის შიგნით მათზე ნაკლებად არის დამოკიდებული. და არ იყენებენ ყველა შესაძლებლობას ამისათვის. არადა, საკმარისია ამ საკითხს ოდნავ განსხვავებულად შეხედოთ, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლოა, ბევრად მიზანმიმართული და სასიამოვნო გახდეს.

 

მიმდინარე სამუშაოს პარალელურად ამოირჩიეთ სფერო სადაც ისურვებდით კარიერის გაგრძელებას. ეს სფერო თქვენი უნარების, სამომავლო ინტერესების გათვალისწინებით, პროფესიული შესაძლებლობიდან გამომდინარე შეგიძლიათ განსაზღვროთ. სად იქნებოდა თქვენთვის უფრო საინტერესო მუშაობა, სახალისო და სასიამოვნო, სად შეძლებდით, თქვენი აზრით, უფრო მეტი სარგებელი მოგეტანათ თქვენი ორგანიზაციისათვის. სფეროს გამოყოფა კარიერის განვითარების გზაზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

იპოვეთ ადამიანი, ან ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან თქვენთვის საინტერესო სფერო და სთხოვეთ მათ დაგეხმარონ მის ათვისებაში. ხშირად, როცა ადამიანი მოინდომებს, შესაძლებლობებიც ადვილად ჩნდება. სავარაუდოა, რომ ვიღაცა აუცილებლად გამოჩნდება, ვინც არ დაიშურებს დროს და ენერგიას ასახსნელად და სასწავლებლად. მთავარია მოინდომოთ და ასეთი ადამიანების პოვნას შეეცადოთ. ეს იქნება, ერთის მხრივ თქვენი განაცხადი, რომ გაინტერესებთ ეს სფერო და მეორეს მხრივ, შანსი იმისა, რომ მოგცემენ ამ მიმართულებით კარიერის განვითარების შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გაიზრდება. მთავარია ეს დაიჯეროთ და დაიწყოთ მოქმედება ამ მიმართულებით.

 

და წიგნები ისევ და ისევ, მოიძიეთ და კარგად დაამუშავეთ ლიტერატურა იმ სფეროზე, რომელშიც კარიერის განვითარებას აპირებთ. ეს ძალიან მალე მოგცემთ შესაძლებლობას, გამოავლინოთ კომპეტენცია და მზაობა ახალი, თქვენთვის საინტერესო საქმის საკეთებლად.

 

ასეთი შანსის გამოჩენის შემთხვევაში, თქვენ კარგი კანდიდატი იქნებით, თუ მოვალეობების შესრულებას ხარისხიანად და ორგანიზაციისათვის დამატებითი დროისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე შეძლებთ.

 

*  *  *

 

ხშირად გვგონია, რომ იქ, სადღაც უკეთესია, ვინაიდან იქიდან რაც იქ ხდება ჩვენ, როგორც წესი, უფრო დადებითს ვხედავთ ვიდრე უარყოფითს. უარყოფითის გაგებას და შეგრძნებას ადგილზე მისვლა, დრო და გამოცდილება უნდა. მაშინ რატომ უნდა წავიდეთ იქიდან, სადაც უკვე ვიცით ყველაფერი უარყოფითიც და დადებითიც, სადაც გვიცნობენ და, ასე თუ ისე, გვენდობიან? რატომ უნდა წავიდეთ, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით, რომ აქ ყველა შესაძლებლობა გამოყენებულია, ყველა შანსი ნაცადი და ამოწურულია?

 

მოკლედ, თუ თქვენთვის მოსაწყენი გახდა თქვენი ყოვედღიური სამსახური, აღარ მოგწონთ იმავეს კეთება ან ის გარემო გაღიზიანებთ რომელშიც მუშაობა გიწევთ; თუ თქვენთვის მოსაბეზერებელი და მოსაწყენი გახდა ერთფეროვნება – სანამ ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება ჯერ, უბრალოდ, ეცადოთ:

 

ა) მოძებნოთ პროფესიონალიზმის დონის ამაღლების გზები არსებულ სამუშაო ადგილზე, იმ საქმეში, რომელსაც აკეთებთ.

 

ბ) მოუტანოთ უფრო მეტი სარგებელი საკუთარ ორგანიზაციას მაშინაც კი, თუ ბუნდოვანია, რას მიიღებთ ამისათვის სანაცლოდ.

 

გ) იპოვოთ ორგანიზაციის შიგნით კარიერის განვითარების თქვენთვის სასურველი სცენარი და იმოქმედოთ ამისათვის.

 

და  მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ არავინ ამ ორგანიზაციაში ამის ღირსი არ არის, შედეგად თქვენი ცხოვრება უფრო გახალისდება, საინტერესო და სასიამოვნო გახდება, აზრს და მიზანს შეიძენს თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. კიდევ უფრო გაიზრდება თქვენი ფასი ორგანიზაციისათვის, სადაც მუშაობთ უფრო მეტი აღიარების და დაფასების საფუძველიც და შესაძლებლობაც გაგიჩნდებათ. ვინ იცის, იქნებ ამ ყველაფერმა ისე შეცვალოს თქვენს მიმართ დამოკიდებულება, რომ სულ ახლებურად დაინახოთ თქვენი ორგანიზაცია, მისი მენეჯმენტი, თქვენი კოლეგები.

 

თუ ყოველივე ამის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სამსახურის გამოცვლა მაინც ყველაზე საუკეთესო არჩევანია, გექნებათ უფრო მეტი თვითშეფასება და ცოდნა ახალი სამუშაო ადგილის უფრო ადვილად მოსაძებნად, მეტი ისტორია და მაგალითი CV-ში ჩასაწერად და ინტერვიუზე მოსაყოლად. ეს უკეთესი სამსახურის პოვნის შანსს ბევრად აამაღლებს, თქვენი პიროვნული კაპიტალიც გაიზრდება და შესაბამისად, თავისუფლებაც, რომელსაც ყველა ასე ვესწრაფვით.

 

სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის ელექტრონულ ბროშურაში “მე, როგორც თანამშრომელი“|ბმული

V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია” | ბმული

 

XXIX წიგნაკში “კადრების მართვა” | ბმული