GEO ENG
GEO ENG

სტატიები

როცა მეგობრებმა ოჯახებით ბუნებაში საქეიფოდ წასვლა გადაწყვიტეს

“სადმე ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ ოჯახებით, მწვადი ხომ არ შევწვათ? –  ვაა, მაგარი აზრია, რატომაც არა” და პროცესიც იწყება. ამ პატარა, ჩვეულებრივი, უბრალო მაგალითით ვფიქრობ, ნათლად დავინახავთ, რომ ხშირად, როცა ძალიან ჩვეულ, უბრალო საქმეს ვაკეთებთ მართვის ყველა მთავარ წესს და პრინციპს ზედმიწევნით კარგად ვიცავთ. ამას, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვაკეთებთ მაშინ, როდესაც დიდ ორგანიზაციებს ვქმნით ან ვმართავთ, გრანდიოზულ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ.

 

 

1. სად წავიდეთ, როდის წავიდეთ და რით – სტრატეგია

 

პირველი კითხვა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება – სად უკეთესია? როდის აჯობებს? და რითი წავიდეთ? მარტივად ვარჩევთ, სად უფრო გვესიამოვნება, ბავშვებიც გაერთობიან, დაცულებიც იქნებიან, წყალიც იქნება, შეშასაც უფრო ადვილად ვიშოვით, ძალიან ბევრ დროს გზაში არ დავხარჯავთ და ბუნებაც ლამაზი იქნება. ხელსაც არავინ შეგვიშლის და დროსაც საუკეთესოდ გავატარებთ. კრიტერიუმები ცხადია და გადაწყვატილებებიც მარტივად მიიღება.

 

როდის აჯობებს, ამ შაბათ-კვირას თუ ერთი თვეც მოვიცადოთ და როცა უკეთესი ამინდები გამოვა. ბევრად უფრო ვისიამოვნებთ. მანქანებით წავიდეთ თუ ფეხით ჯობს, ან იქნებ სულაც ცხენებით? იქნებ მიკროავტობუსი ვიქირაოთ და ბარემ დალევასაც ყველა შევძლებთ, თუ მეუღლეები დავსვათ საჭესთან?

 

მოკლედ, მივყვებით და ყველაფერს სტრატეგიის განსაზღვრით ვიწყებთ, ვმსჯელობთ მიზანზე, კრიტერიუმებს ვარჩევთ, ალტერნატივებს ვადარებთ და არჩევანს ვაკეთებთ. ვწყვეტთ, სად წავიდეთ, როდის და როგორ და მას შემდეგ, რაც ყველაფერზე ვთანხმდებით გუნდის წევრების განსაზღვრაზე გადავდივართ. თან როგორ ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი.

 

2. ვინ წავიყვანოთ, ვის გავაგებინოთ ჩვენებიდან – გუნდი

 

ყველა, ალბათ, ვერ წამოვა და ძალიან ბევრიც, ალბათ, არ გვინდა, მაგრამ ვისთან ერთადაც ყველაზე მეტად გაგვეხარდება ყოფნა, ვინც ყველაზე მეტად გვენატრება და ვისთანაც ყველაზე მეტი მოგონებები გვაკავშირებს, ბევრსაც გავიხსენებთ, ბევრს ვიცინებთ და კარგად მოვილხენთ. ვიღაც, ვინც მხიარულად გაგვატარებინებს დროს, თუმცა ვინმე ისეთიც გვინდა, ვინც მწვადს შეწვავს კარგად, ცეცხლის დანთებას შეძლებს. მოკლედ, საჭირო და სასურველი ხალხის შერჩევა მოგვიწევს იმისთვის, რომ გავერთოთ კიდეც და საქმეც კარგად გამოვიდეს. აქაც დღესავით ნათელია კრიტერიუმები.

 

ყველას, ალბათ, არ ეცლება, ვიღაც არც მოისურვებს, ვიღაცას ძალიან გაეხარდება, იდეას აიტაცებს და გუნდიც შეიკვრება. ყველა კარგად ხვდება მისთვის სარგებელს. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, მეუღლეებიც უფრო დაახლოვდებიან, ბავშვები დამეგობრდებიან, განვიტვირთებით მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ. მოკლედ ყველასთვის ცხადია, რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ ვისთან ერთად გვინდა და მოგვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება.

 

ვარჩევთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ და კმაყოფილები და ახლა უკვე ყველა ერთად განვაგრძობთ დაგეგმვის პროცესს.

 

3. რა იქნება გასაკეთებელი – გეგმა

 

ტრანსპორტის საკითხი გვექნება მოსაგვარებელი, ფული იქნება შესაგროვებელი, სამწვადე საყიდელი, პროდუქტები რაც გვჭირდება, ყველა გასაფრთხილებელი გვეყოლება და მერე კიდევ შეხსენება მოგვიწევს რამოდენიმეჯერ, რომ შემთხვევით არ დაავიწყდეთ და სხვა რამე არ დაგეგმონ. მიწაზე დასაფენი, გადასაფარებლები, ერთჯერადი თეფშები და ჭიქები იქნება საყიდელი. პური იქნება ახალი – თონის, თონეში შესაკვეთი და წამოსაღები, იქნებ ხაჭაპური და ლობიანიც შევუკვეთოთ იქვე. ბავშვებისთვის რამე გასართობი წავიღოთ, რომ არ მოიწყინონ და უკეთ გაერთონ. ფოტოპარატი და ვიდეოკამერაც არ დაგვავიწყდეს.

 

ღვინო არის მთავარი, ცუდი არ უნდა გამოდგეს და კარგი დრო გაგვატარებინოს. გვეგულება სადმე? მოკითხვა მოგვიწევს, რომ კარგი ღვინო ვიშოვოთ. კონიაკიც წავიღოთ, იქნებ ვინმეს ესიამოვნოს.

 

მოკლედ, რა დაგვჭირდება, ისიც ჩამოვთვალეთ, მგონი არაფერი გამოგვრჩენია. ვიცით რაც გვინდა მოსამზადებლად და რა რისთვის გვჭირდება. დროა გადავწყვიტოთ, ვის რა დავავალოთ.

 

4. ვის რა დავავალოთ – სტრუქტურა

 

მოდი, მწვადი შენ შეწვი, ყოველთვის ძალიან კარგი გამოგდის, ცეცხლიც შენ დაანთე და მიხედე ბოლომდე, ქალები სუფრას გააწყობენ, სალათს დაჭრიან. ბავშვები ტოტების მოგროვებაში მოგვეხმარებიან. ბავშვების გართობაზე ვინ იზრუნებს? ტრანსპორტის ამბებს მე მოვაგვარებ, სასმელის საკითხების მოგვარება ვის ვთხოვოთ? ბაზარში პროდუქტებზე ვინ წავა და ფულის შეგროვებას ვინ ითავებს?  პასუხის გაცემა არც ერთ ამ კითხვაზე არ არის რთული. კარგად ვიცით, ვის რა გამოსდის კარგად, ვინ რა მხრივ გამოიჩინა ძველი გამოცდილებით თავი. ყველასთვის როლი განსაზღვრულია, საქმე გაუნაწილებელი არ დაგვრჩა და მოცულობასაც მეტ ნაკლებად თანაბრად ვინაწილებთ. რამოდენიმე რთული კითხვა დაგვრჩა და იმათზე გვინდა უფრო მკაფიო პასუხი, როგორ ვიმოქმედოთ.

 

5. როგორ ვიმოქმედოთ – პროცესები

 

ყველაზე დიდი სირთულე კარგი ღვინის შოვნაა, შეიძლება ღირდეს ჯერ კარგად მოვიკითხოთ – ვის რა ღვინო აქვს, იქნებ სადმე ახლოს გვეგულება სახლის კარგი ღვინო, სუფთა. ალბათ, აჯობებს ყველამ მოვიკითხოთ, ვინ რა ვარიანტებსაც გავიგებთ ინფორმაცია გავცვალოთ და ერთად გადავწყვიტოთ, რომელი ვარიანტი ავარჩიოთ. მერე წასასვლელი იქნება ვიღაცა, ალბათ, ჯობს ორი კაცი წავიდეს, ვინც ერკვევა და ადგილზე გასინჯოს. მოკლედ, საპასუხისმგებლო საკითხია და უკეთესია, ცოტა მეტი დრო და ენერგია დავხარჯოთ.

 

სამწვადის არჩევაც არ არის ადვილი, მაგასაც მცოდნე კაცი უნდა. აბა, ვინ იცის, სად შეიძლება კარგი ხორცის ყიდვა? იქნებ მოვიკითხოთ, ინფორმაცია გავცვალოთ, გადავწყვიტოთ, სად ვიყიდოთ და იქაც ერთი ან ორი მცოდნე კაცი გავუშვათ.

 

ცხელ-ცხელი თონის პური, სხვა ცომეული, კარგი პროდუქტები რომ გვქონდეს. დილით ადრე იქნება წასასვლელი ვინმე ბაზარში, პური, აჯობებს წინა საღამოს შევუკვეთოთ და იმ დილით ადრე წამოვიღოთ, რომ ახალი იყოს. ყველაზე დიდი სირთულეები გამოვლენილია და მოქმედების მეთოდებზეც შევთანხმდით თითოეულის მიხედვით. დროა მთავარი, საფრთხეები გავიაზროთ. ამინდი რომ გაფუჭდეს, როგორ მოვიქცეთ?

 

6. წვიმა რომ მოვიდეს, ან სხვა რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი – საფრთხეები

 

ამინდმა რომ არ ივარგოს რა ვქნათ? –  მიმართულება შევიცვალოთ და აქვე ჩემთან ავიდეთ აგარაკზე. ყველაფერი გამზადებული გვექნება და იქაც არ გავატარებთ ცუდად დროს. ბუხარს დავანთებთ, მწვადსაც სახლში შევწვავთ, წყალზე და სუფრის გაშლაზეც არ გვექნება საწვალებელი.

 

იქ ყოფნისას რომ გაგვიფუჭდეს ამინდი და წვიმა წამოვიდეს – არც ეგ არის პრობლემა, სახლში დიდი ცელოფანი მაქვს და წამოვიღებ, თბილი ტანსაცმელიც ვიქონიოთ. სადაც მივდივართ იქაც არის რამოდენიმე მყუდრო ადგილი, სადაც წვიმა არ დაგვასველებს. ცეცხლიც გაგვათბობს.

 

ბავშვებს ხელი რომ გაეჭრათ, ან რამე დაუზიანდეთ? – მანქანის აფთიაქი მაქვს და წამოვიღებ. არ დაგვრჩეს, გვქონდეს მაინც. – ძირითადი საფრთხეებიც განვსაზღვრეთ. დაზღვევის გზებიც ასე თუ ისე მოვიფიქრეთ და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია. დროა მოქმედებაზე გადავიდეთ. ვინ ითავებს?

 

7. ვინ ითავებს ამ ყველაფერს – ლიდერი

 

ყველა საქმეს სჭირდება თავი, ჯობს ერთმა ვინმემ აიღოს თავის თავზე და მიხედოს საქმეს. როლები გაანაწილოს, ყველას თავისი გასაკეთებელი შეახსენოს, ვისაც დახმარება დასჭირდება დავეხმაროთ, და თუ რამე გაუთვალისწინებელი პრობლემა გამოჩნდება, ან სწრაფად გადაწყვიტოს, ან მინიმუმ რამოდენიმე კაცს გაგვაგებინოს და ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავწყვიტოთ. რთული არ არის, მთავარია რამე არ დაგვავიწყდეს, ლიდერიც შევარჩიოთ და მოქმედებაც დაიწყო….

 

ჩვენ რომ ყველაფერს ისე სწორად და კარგად ვაკეთებდეთ, როგორც საქეიფოდ, ქალაქგარეთ, ოჯახებით გასვლას ვუკეთებთ ორგანიზებას, ბევრად უფრო მეტი სარგებელი შეიქმნებოდა ყოველდღიურად და ბევრად უკეთესი იქნებოდა შედეგებიც, რომელსაც ჩვენი მუშაობით ვაღწევთ.