GEO ENG
GEO ENG

სტატიები

როდესაც თანამშრომლებს შორის არაჯანსაღ კონკურენციას ვაწყდებით

თანამედროვე ბიზნესი კონკურენციის ცნების გარეშე წარმოუდგენელია. კონკურენცია შინაარსით შეჯიბრებითობის პრინციპს ეფუძნება და პროცესში ჩართული მხარეებისგან საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას ითხოვს. მას შეუძლია ხელი შეუწყოს ინოვაციას, კომპანიის შედეგიანობისა და თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას. მეორეს მხრივ, ცხადია რომ კონკურენციის დიდმა დოზამ შესაძლოა ადამიანებისგან ისეთი შედეგების მიღწევა მოითხოვოს, რაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. იმისათვის, რომ აჯობონ თავიანთ მოწინააღმდეგეს ადამიანებმა შესაძლოა მიმართონ არაეთიკურ და უღირს მეთოდებს კონკურენტებთან ბრძოლაში. არაჯანსაღი კონკურენცია სამუშაო გარემოს აზიანებს და საბოლოო ჯამში დამანგრეველად მოქმედებს, როგორც კომპანიის შედეგებზე ისე ადამიანებს შორის ურთიერთობებზე.

 

კონკურენცია ხშირად მენეჯმენტის წახალისებით იქმნება და მიზნად ისახავს თანამშრომლებს შორის წარმოქმნილი შეჯიბრეობითობით გაზარდოს მათი პროდუქტიულობა. მაგალითად, გაყიდვების აგენტებს ერთსა და იმავე არეალზე მიამაგრებენ ხოლმე. შესაბამისად მათ ერთი და იგივე კლიენტურა ეყოლებათ და ერთმანეთთან მოუწევთ პაექრობა თუ ვინ უფრო მეტ კლიენტს მოიზიდავს.  მოსალოდნელია, რომ მსგავსი სიტუაცია, მართლაც გააუმჯობესებს გაყიდვების მოცულობას კომპანიისთვის. თუმცა აქ მუშაობს წესი შემცირებადი ზღვრული უკუგების შესახებ – კონკურენციის სიმჭიდროვის განუზომლად ზრდის შემთხვევაში მისგან მიღებული სარგებელი მცირდება.

 

თავდაპირველად განვიხილოთ თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება იქონიოს არაჯანსაღმა კონკურენციამ ადამიანებზე და შესაბამისად კომპანიაზე.

 

სტრესი. არაჯანსაღი კონკურენცია იწვევს თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დაძაბვას, რაც ამძიმებს სამუშაო გარემოს. თუ სამუშაოს რეჟიმი ისედაც დაძაბულია, მაგალითად როგორიც არის გაყიდვების სფერო, იგი კიდევ უფრო ართულებს სამუშაოს. თანამშრომლები დავალებებზე სრულფასოვან კონცენტრაციას ვერ ახდენენ, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს პროდუქტიულობას.

 

თანამშრომელთა დენადობის ზრდა. თანამშრომლები, რომლებიც ვერ უძლებენ ჩამოყალიბებულ მძიმე ატმოსფეროს, მოსალოდნელია რომ დატოვონ კომპანია, ხოლო დამატებით ახალი თანამშრომლების აყვანა დროითი რესურსების ხარჯვასთან არის დაკავშირებული. თუ თანამშრომელს დამატებით სპეციალური მომზადება ესაჭიროება ეს ფინანსურ დანახარჯებსაც წარმოქმნის.

 

გუნდური სული კვდება. როდესაც კონკურენცია მკაცრდება, ადამიანები ინდივიდუალურ მიზნებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიდრე კომპანიის საერთო მიზანს. მათ ავიწყდებათ, რომ კონკურენტ კოლეგებთან კომპანიის საერთო მიზნები აკავშირებთ და სინამდვილეში ერთ  მხარეს იბრძვიან. იკარგება გუნდურობის შეგრძნება და თანამშრომლებს კოლეგების წარუმატებლობები ახარებთ.

 

კონფლიქტების წარმოშობის საშიშროება. კონკურენციამ შეიძლება გამოამზეუროს ადამიანთა უარყოფითი თვისებები. ერთმანეთისადმი დაკარგული პატივისცემიდან გამომდინარე შესაძლოა თანამშრომლები ერთმანეთის წინააღმდეგ უღირსად მოიქცნენ.

 

 

კომპანიის უარყოფითი იმიჯი საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ კომპანიის შედეგების გარდა, ამგვარი უარყოფითი მოვლენები აკნინებს კომპანიის იმიჯს. საზოგადოებაში მას უყალიბდება ერთმანეთის მიმართ მტრული და გაუტანელი გუნდის სახელი, რაც არანაკლებ აზიანებს კომპანიას.

 

საბოლოო ჯამში, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი კომპანიასა და მის შედეგებზე დესტრუქციულად მოქმედებს. უარყოფითი ეფექტები კი ყველაზე ნათლად გრძელვადიან პერიოდში ჩანს, ამიტომ პრობლემის საწყის ეტაპზე ხშირია შემთხვევები, როცა მენეჯერები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ მის მოგვარებას. ამ პრობლემების დასაძლევად, თქვენ, როგორც მენეჯერმა რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

 

არაჯანსაღი კონკურენციის არსებობის მმართველობითი მიზეზები და მისი აღმოფხვრა. ჩვეულებრივ, უმთავრესი მიზეზი თავად ხელმძღვანელების ინიციატივა არის. მათი აზრით რაც უფრო მძაფრი იქნება კონკურენცია, მით უფრო კარგი შედეგები ექნება გუნდს. თუ თქვენ არ ხელგეწიფებათ წნეხის შემსუბუქება თანამშრომლებისთვის დავალებების მოცულობის შემცირებით, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ დროულად აცნობოთ ამის შესახებ პიროვნებას ვისაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. აუხსენით მას რამდენად უარყოფითად მოქმედებს არსებული სიტუაცია თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე და საბოლოოდ კომპანიის შედეგებზე.

 

კომუნიკაციის განვითარება თანამშრომლებთან. თანამშრომლებთან კომუნიკაციით თქვენ უფრო მეტს გაიგებთ მათი საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. იგი საუკეთესოო გზაა დროულად გამოავლინოთ დაძაბული ურთიერთობები და დროული რეაგირება მოახდინოთ მასზე. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთთან დაძაბული პაექრობის დროს, ხშირად ადამიანები ცდილობენ თავიანთ მოწინააღმდეგეებზე ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელონ, რათა თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერი მხარისგან მიღებული ინფორმაცია არ იქნება სრულებით სწორი. რათა ცალმხრივი დასკვნების გამოტანისაგან თავი შეიკავოთ, ამისათვის გამოიყენეთ ინფორმაციის მიღების სხვადასხვა წყაროები, მათი უშუალო ხელმძღვანელი, სხვა გარეშე პირები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე არც ერთ მხარესთან არ არიან ახლოს.

 

კომპანიაში არსებული კულტურის გადახედვა და წესების შემოღება. ადამიანებს შორის ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს კომპანიაში არსებული კულტურა. კულტურა გულისხმობს მუშაობის წესებსა და კომპანიის წევრების მიერ ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებს. თუკი არსებული კულტურა მტკიცეა, მაშინ იგი არ დაუშვებს, რომ თანამშრომლები ერთმანეთს უღირსად მოექცნენ, მიუხედავად რა სიმძაფრისაა კონკურენცია. არაჯანსაღი ურთიერთობების წარმოშობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადაიხედოს კომპანიის კულტურა და მოხდეს გარკვეული ღირებულებების გადაფასება. მნიშვნელოვანია, რომ შემოღებულ იქნას გარკვეული წესების ერთობლიობა, რაც აკრძალავს ადამიანებს შორის უდიერ და უპატივცემულო დამოკიდებულებას. ეს წესები დაცულ უნდა იქნას ნებისმიერი თანამშრომლის მიერ, განურჩევლად მისი პოზიციისა. ფასეულობების ნაკრები ამასთანავე დაეხმარება კომპანიას თანამშრომელთა შერჩევის პროცესში არ დაუშვას ისეთი პიროვნებების პოზიციაზე აყვანა ვისთვისაც უცხოა ეს ღირებულებები.

 

კონფლიქტების დაძლევის სხვადასხვა მეთოდების შემუშავება. დასჯა ერთადერთი გამოსავალი არ არის. ერთ–ერთი მეთოდი, რათა გადაჭრათ თანამშრომლებს შორის წარმოქმნილი კრიტიკული მდგომარეობა არის საერთო დავალების ქვეშ მათი გააერთიანება. კონკურენტებს გუნდში უკვე ერთად და შეთანხმებულად მოუწევთ მუშაობა. დიდი ალბათობით ამგვარი გარემო დადებით ზეგავლენას მოახდენს მათ ურთიერთობებზე და ასწავლის მათ ურთიერთპატივისცემას.

 

არაფორმალური გასვლითი ღონისძიებების მოწყობა. ამგვარი ღონისძიებები დაპირისპირებულ მხარეებს გამოიყვანს დაძაბული სამუშაო რეჟიმის პირობებიდან და შესაძლებლობას მისცემს ერთმანეთი მშვიდ გარემოში გაიცნონ. შეიძლება ორგანიზებულ იქნას სხვადასხვა ტიპის თამაშობები. მსგავსი გარემო ხელს შეუწყობს თანამშრომლებს შორის არაფორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 

ვიმედოვნებთ ზემოთ განხილულმა თემამ დაგარწმუნათ, რომ კონკურენცია, თუკი ის ზუსტად არ არის დაგეგმილი, არ იქნება დადებითი შედეგის მომტანი არცერთი მისი მონაწილე მხარისთვის. ჩვენ მიერ შემოთავაზებული იდეებით ვფიქრობთ შესაძლებელი იქნება თავიდან აარიდოთ თქვენს კომპანიას არაჯანსაღ კონკურენციასთან დაკავშირებული სირთულეები. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და შესაძლოა თქვენ უფრო სრულფასოვანი იდეაც კი გაგიჩნდეთ. მთავარია გაიაზროთ რამდენად მნიშვნელოვანია იგი.