GEO ENG
GEO ENG

სტატიები

როგორ გავიზარდოთ ხელფასი

ხელფასის მატება ვის არ უნდა? ალბათ ყველას. შედარებით გავრცელებული და მარტივი სტრატეგიაა შეხვიდე უფროსთან და უთხრა, რომ სხვა შემოთავაზება გაქვს უფრო მაღალი ანაზღაურებით და იმის გამო, რომ ძალიან გჭირდება მეტი შემოსავალი იძულებული იქნები წახვიდე შენთვის საყვარელი სამსახურიდან. როგორც წესი, ეს გზა ჭრის, თუმცა ამას ბევრი არ აკეთებს და თუ აკეთებენ ისიც მხოლოდ ერთხელ, ერთ სამსახურში, ან არაუხშირეს ვიდრე 4-5, წელიწადში ერთხელ. მომატება კი გვინდა უფრო ხშირად და უფრო მეტის. ასე რომ, სხვა გზების ძიებაც ხდება ხოლმე საჭირო.

 

ჩვენი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა, მათ შორის უმეტესად ისეთებთან, ვინც დიდ ორგანიზაციებში მუშაობს. ხშირად ვეკითხებით რას აკეთებენ ან რა შეუძლიათ გააკეთონ იმისათვის, რომ ხელფასის მატებას მიაღწიონ. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ მოსაზრებები, რომლებიც ინფორმაციის შეჯერების შედეგად ჩამოგვიყალიბდა.

ხელფასის მატების სამი წინაპირობა არსებობს:

ა) უნდა ვიყოთ სათანადოდ ღირებული ორგანიზაციისათვის;

ბ) საჭირო ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ;

გ) ასევე, მათ უნდა იცოდნენ, რომ წასასვლელიც გვაქვს თუ სათანადოდ არ დაგვაფასებენ.

ამ სამი პირობიდან ნებისმიერი ერთის დაკლება საკმარისია ჩვენთვის ხელფასის მომატება მხოლოდ მენეჯმენტის კეთილ ნებაზე დამოკიდებული გავხადოთ, მაგრამ თუ სამივე პირობა დაცულია ისინი იძულებულები იქნებიან შეაფასონ ჩვენი ღირებულება მათთვის და ამის შესაბამისი ანაზღაურებაც გადაგვიხადონ.

თუ გვინდა, რომ ჩვენი ხელფასი სტაბილურად იზრდებოდეს, მუშაობა სამივე მიმართულებით არის საჭირო, მაგრამ სხვადასხვა დროს ამ სამიდან სხვადასხვა პრიორიტეტი უნდა გვქონდეს. თუ ვფიქრობთ, რომ მეტად ღირებულები ვართ ვიდრე გვიხდიან, მაშინ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მენეჯმენტმა რამენაირად ამის შესახებ გაიგოს, მაგრამ თუ ისიც ვიცით, რომ მათ ეს ძალიან კარგად იციან, ისღა დაგვრჩენია სხვებისთვის ჩვენი ღირებულების დემონსტრირებაზე ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა ისე, რომ არსებული ხელმძღვანელები ამით ძალიან არ გავაღიზიანოთ.

გავზარდოთ ჩვენი ღირებულება ორგანიზაციისათვის

ხელფასის მუდმივ ზრდას თუ გვინდა მივაღწიოთ პირველ რიგში იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ორგანიზაციისათვის მზარდი ღირებულება გვქონდეს. როგორც წესი, ეს საკითხი ითხოვს ყველაზე მეტ დროსაც და პრაქტიკულად უწყვეტ ძალისხმევასაც.

ორგანიზაციისათვის ჩვენი ღირებულების ზრდის ყველაზე ეფექტური გზა მისთვის მნიშვნელოვანი ექსპერტიზის მუდმივი დაგროვება ან საჭირო მიმართულებით ოსტატობის ამაღლებაა. უნდა შევარჩიოთ სფერო, ან უნარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურისთვის, რომელშიც შეგვიძლია გამორჩეულად ძლიერები გავხდეთ და ძალიან თანმიმდევრულად დავიწყოთ ცოდნის დაგროვება, ოსტატობის ამაღლება ან სულაც ორივე ერთად თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს.

თუმცა, ამის პარალელურად, ორგანიზაციისათვის ასევე ღირებული შეიძლება იყოს თუ ჩვენში მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაგროვება შევძლებთ. ეს ინფორმაცია ორგანიზაციას უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ სხვა გზით, ჩვენი გვერდის ავლით მისი მიღება ბევრად ძვირი უნდა უჯდებოდეს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს გამოჩენა ორგანიზაციისათვის ჩვენს ღირებულებას ავტომატურად შეამცირებს.

ორგანიზაციისათვის საჭირო ხალხთან კავშირები ქონა, ამ კავშირების მუდმივი გაფართოება და გაღრმავება ასევე საკმარისი პირობა შეიძლება გახდეს მისთვის ჩვენი ფასეულობის გასაზრდელად, თუმცა ეს ფასი წინა ორთან შედარებით უფრო მყიფეა და ლიმიტირებული. ვინაიდან ორგანიზაციისათვის ჩვენი კარგი ნაცნობების საჭიროების შემცირებას მისთვის ჩვენი ღირებულების შემცირებაც შესაძლოა ასევე ავტომატურად მოჰყვეს.

ორგანიზაციისათვის ჩვენი ღირებულების მკვეთრ შემცირებას, თუ ჩვენ მის ადექვატურ ანაზღაურებას ვიღებთ, აუცილებლად მოჰყვება ან ხელფასის შემცირება, ან რაც კიდევ უფრო სავარაუდოა, ჩვენი სამსახურიდან გათავისუფლება. რა თქმა უნდა არამყისიერად, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მოხდება ეს. ამიტომ, ღირებულების ზრდის სტრატეგიის არჩევისას, სჯობს ისეთი მიმართულება ავირჩიოთ, რომელსაც ეს საფრთხე მინიმალურად ახლავს.

უფრო თვალსაჩინო გავხადოთ მენეჯმენტისთვის ჩვენი ღირებულება

როგორი ღირებულიც არ უნდა ვიყოთ ორგანიზაციისათვის, ეს ანაზღაურებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ ეს გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელებს რამენაირად დავანახოთ და შევაფასებინოთ. თანაც ისე, რომ ზედმეტად არ გავაღიზიანოთ ისინი ამით.

ამის მიღწევის ყველაზე მარტივი გზაა ვეცადოთ ჩვენი ღირებულება ყოველდღიურ მუშაობაში, ჩვენს მიერ შექმნილ სარგებელში  მაქსიმალურად გადავიტანოთ. თან ისეთი მოცულობებით და ხარისხით, რომ მისი დამალვა ვერც ერთმა ავის მზრახველმა შუა რგოლის ხელმძღვანელმა შეძლოს, რა თქმა უნდა, თუ ასეთები არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში.

ამისათვის საკმარისია ჩვენი ცოდნა, ჩვენი ექსპერტიზა, ჩვენი ოსტატობა, ჩვენი კავშირები და ინფორმაცია რომელსაც ვფლობთ მაქსიმალურად გადავიტანოთ ყოველდღიურად შესრულებულ სამუშაოში. განსაკუთრებით კი ვეცადოთ სულ ბოლო პროგრესით და აღმოჩენებით გავამდიდროთ ჩვენი ნახელავი და ამით ჩვენი ღირებულება დღითი-დღე, კიდევ და კიდევ უფრო თვალსაჩინო გავხადოთ. რაც უფრო დიდია ჩვენი ღირებულება ორგანიზაციისათვის მით უფრო მეტი უნდა იყოს ჩვენს მიერ შექმნილი ყოველდღიური სარგებელი, მით უფრო სრულყოფილი, დახვეწილი და პროფესიონალური უნდა იყოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

მეორე მხრივ, თუ ჩვენი ღირებულების დემონსტრირება ჩვენს მიერ შექმნილი სარგებელით ვერ მოვახერხეთ, მაშინ არსებობს იმის ალბათობა, რომ მენეჯმენტი ჩვენს შესაძლებლობებს სათანადოდ არ დააფასებს.

მოკლედ, თუ კარგად არ ვიმუშავებთ იმის გამო, რომ სათანადოდ არ გვიხდიან, არსებობს საფრთხე, რომ ადექვატურად არც არასოდეს გადაგვიხდიან, ვინაიდან ჩვენს უნარებს და შესაძლებლობებს როგორც საჭიროა ისე ვერ დაინახავენ და დააფასებენ.

შევქმნათ ალტერნატიული მოთხოვნა ჩვენზე

თუმცა, სამწუხაროდ ხელმძღვანელების ნაწილისათვის, მას შემდეგაც კი, რაც დარწმუნდებიან ჩვენს ღირებულებაში დგება კითხვა, – “სად წავა როო?”. როგორი ფასეულიც არ უნდა ვიყოთ ორგანიზაციისათვის, ეს შესაძლოა ანაზღაურებაზე მაინც არ აისახოს, თუ ჩვენ წასასვლელი არსად გვექნება. ამიტომ, ყველაფერთან ერთად სასურველია შიგადაშიგ იმაზეც ვიზრუნოთ, რომ ჩვენი უნარები და შესაძლებლობები მხოლოდ ჩვენი ხელმძღვანელებისთვის არ იყოს თვალსაჩინო.

როგორც წესი, უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაო არასოდეს ხდება შეუმჩნეველი სხვა ორგანიზაციებისთვისაც, თუ მათ მსგავსი კომპეტენციები სჭირდებათ. და რაც უფრო ოსტატურად და პროფესიონალურად ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს, მით უფრო ადვილი იქნება ჩვენი დანახვა და პოვნა სხვებისთვისაც. თუმცა, თუ გვეჩქარება ჩვენი ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების სხვებთან დემონსტრირება და არ გვინდა პასიურად ველოდოთ თვითონ როდის გვიპოვნიან, მაშინ ყველაზე ეფექტური გზაა საზოგადოებრივ, სოციალურ აქტივობას მივმართოთ. ვიპოვოთ ღონისძიებები ან ადგილები, სადაც ჩვენი უნარების, ექსპერტიზის, ოსტატობის გამოვლენას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეებში მონაწილეობით მოვახერხებთ.

პროფესიულ ფორუმებში მონაწილეობა, პირადი ბლოგის ქონა, გამოფენებში, ფესტივალებზე, კონფერენციებში საკუთარი შემოქმედების თუ მოსაზრებების დემონსტრირება, სტატიების წერა, სხვების დახმარება ყველაფრით, რისი კეთებაც კარგად შეგვიძლია, აქტიური მონაწილეობა სპეციალურ გადაცემებში, პროფესიულ წრეებში მოძრაობა, კავშირების და პირადი ქსელის გაფართოება LinkedIn-ში, საჯარო გამოსვლები, ექსპოზიციები და სხვა მრავალი აქტივობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ჩვენი ცოდნა და უნარები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი და სასარგებლო გავხადოთ. შედეგად, ჩვენი ღირებულება ორგანიზაციის გარეთაც ბევრად თვალსაჩინო გახდება და არსებულ ხელმძღვანელობასაც ადვილად დავარწმუნებთ, რომ გვაქვს წასასვლელი, თუ საქმე ამაზე მიდგება.

***

თუ სამივე მიმართულებით თანმიმდევრულად გაწეულმა ძალისხმევამ ჩვენს ორგანიზაციაში შედეგი არ გამოიღო და მენეჯმენტისგან უკეთესი შემოთავაზება დიდი ხნის განმავლობაში მაინც ვერ მივიღეთ, მაშინ ისღა დაგვრჩენია მესამე ამოცანის გადაჭრის შედეგად  საუკეთესო შემოთავაზებას დაველოდოთ და ისევ ამ სტატიის შესავალში მოცემულ მარტივ და ეფექტურ სტრატეგიას მივმართოთ :). ანაზღაურების ზრდა მაინც არ აგვცდება, შესაძლოა უბრალოდ ამისათვის სამუშაოდ სხვაგან გადასვლა მოგვიწიოს.

იკითხეთ “სინერჯი ჯგუფის წიგნები” და ბევრი პირადი ორგანიზაციული პრობლემის მოგვარება საგრძნობლად მარტივი გახდება.

წარმატებას გისურვებთ ანაზღაურებისათვის ბრძოლაში.