GEO ENG
GEO ENG

სტატიები

როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი დანიშნულება შევასრულოთ

სტორია მეორე სტატია მეოთხე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” მთავარი პრინციპები და ფასეულობები.

 

 

 

ჩვენც კარგად ვიცით, რომ ისევე როგორც ყველა შენობას სჭირდება საძირკველი, რომელსაც დაეფუძნება, ყველა ორგანიზაციას სჭირდება პრინციპები, ფასეულობები და ფილოსოფია, რომელიც მისი ყველა თანამშრომლის სამუდამო წარმმართველი გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოქმედებებში და გადაწყვეტილებების მიღებისას. ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში ეს საფუძვლები ლიდერების პიროვნული თვისებების და ფასეულობების მიხედვით იქმნება და მერე რთულად, მაგრამ მაინც იცვლება ახალი ლიდერების გაჩენისას. იქ, სადაც ეს ფილოსოფია გააზრებული და დეკლარირებულია მისიიდან გამომდინარე და მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს მათი დამკვიდრებისთვის, იქ ის სამუდამოდ მუშაობს, სანამ ისევ დანიშნულებიდან გამომდინარე არ გახდება მისი შეცვლა საჭირო.

 

სწორედ ამიტომ, ჩვენც გადავწყვიტეთ დეკლარირება გავუკეთოთ ყველა პრინციპს, რომელთა დაცვაც ჩვენთვის და ჩვენი შემდეგი თაობის თანამშრომლებისთვის ერთნაირად დასაცავი, დასამკვიდრებელი და განსავითარებელი იქნება. ამ სტატიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებებს გვინდა მოვუყაროთ თავი, გამოვაცხადოთ და პასუხისმგებლობაც ავიღოთ იმაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებში” მათ დასამკვიდრებლად.

 

გვესმის რა, თითოეული ქვემოთ მოცემული საკითხის მნიშვნელობა ჩვენი კომპანიის მომავლისთვის, ვეცდებით პირველ რიგში ჩვენ ვიყოთ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად ასეთები, ასევე ახალი ადამიანებიც ჩვენს გუნდში სწორედ ამ ნიშნებით შევარჩიოთ.

 

ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის დანიშნულებად მიგვაჩნია რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ  მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ  მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გავხადოთ მომავლის ლიდერი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

 

ჩვენ ამისთვის ყოველდღიურად მოგვიწევს ვეძებოთ როგორც ეს ადამიანები, ისე ეს ორგანიზაციები და ვიპოვოთ ფორმები და გზები მათი ურთიერთმომგებიანი დაკავშირებისთვის და სათანამშრომლოდ.

 

რა უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი პრინციპი მუშაობისას, რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოტივაცია და რა გვინდა იყოს ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიდგომა, რომ ჩვენი მისიის განხორციელება წარმატებით შევძლოთ, ეს არის ის სამი კითხვა, რომელსაც გვინდა ამ სტატიაში ვუპასუხოთ.

 

ჩვენ, რომ ამ დანიშნულების განხორციელება საუკეთესო ხარისხით და შედეგებით შევძლოთ, მიგვაჩნია, რომ:

 

ჩვენი მთავარი პრინციპი უნდა იყოს პატიოსნება. უნდა ვეცადოთ ყოველთვის ვიყოთ პატიოსნები ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში.

 

პატიოსნება ჩვენთვის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური პრინციპია. პატიოსნება ჩვენი კაპიტალის პარტნიორებთან მიმართებაში, ისევე როგორც პატიოსნება კომპანიებთან, ვისაც ვემუშავებით, პატიოსნება საქმესთან მიმართებაში, რომლის კეთებასაც ვიწყებთ და რომელსაც დიდხანს ვაპირებთ ვაკეთოთ.

 

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნდობა როგორც ინვესტორების, ისე კომპანიების მხრიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი უნდა გახდეს. თუ ჩვენს სიტყვას პარტნიორები ენდობიან, იციან რომ, ჩვენ მათ საზიანოდ შეგნებულად არასოდეს არაფერს არ გავაკეთებთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ ჩვენი დანიშნულების შესრულებას.

 

ნდობა, რომლის აშენებასაც წლები დაჭირდება, სულ ერთი არასწორი, უპატიოსნო ქცევით შეიძლება ჩამოიშალოს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს უდიდესი და უძვირფასესი აქტივი შევქმნათ, იძულებულები ვართ უკომპრომისოდ პატიოსნები ვიყოთ ყველასთან, ყველაფერთან მიმართებაში ყოველთვის. ყოველ შემთხვევაში ძალიან, ძალიან უნდა შევეცადოთ ამას.

 

თუმცა პატიოსნება საქმესთან მიმართებაში მაინც ყველაზე რთული პირობა შეიძლება აღმოჩნდეს, არ დავაკლოთ არაფერი დეტალებს, ვეცადოთ ბოლომდე გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია მონდომებით, შრომისმოყვარეობით, ყურადღებით, არ მოვიტყუოთ თავი და არ მოვატყუოთ სხვები იმით, რომ არასრული მონდომებით გავაკეთოთ რაღაცა და მერე ვამტკიცოთ, რომ ამაზე უკეთ არ შეგვიძლია. ალბათ აი ამასაც თუ შევეცდებით და ასე გამოგვივა, მაშინ შევძლებთ რეალური ნდობა და პატივისცემა დავიმსახუროთ როგორც პარტნიორების მხრიდან, ისე ნდობა საკუთარი თავის მიმართ.

 

ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივი უნდა იყოს ჩვენი საქმიანობით გავხადოთ ბედნიერი რაც შეიძლება მეტი ადამიანი და რაც შეიძლება მეტი სიხარული მივანიჭოთ მათ.

 

ეს პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი კაპიტალის პარტნიორებს ეხება. მათი სიხარულიც და კმაყოფილებაც იმას უკავშირდება რამდენად კარგი იქნება უკუგება, რასაც მათი კაპიტალიდან მიიღებენ. თუმცა არანაკლებია იმის მნიშვნელობა, რამდენად სწორად იქნება შერჩეული დარგები და ორგანიზაციები, რომლებშიც ჩვენ მათთან ერთად შევალთ, რამდენად სასურველი და საამაყო იქნება მათთვის მათ პორტფელში შემავალი კომპანიები. არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი მომსახურება, მათი ჩართულობა, მათი ინფორმირება, რამდენად კომფორტული, ხარისხიანი და პროფესიონალური იქნება, რამდენად შევძლებთ ჩვენ როგორც სარგებლით, ისე პორტფელით და მომსახურების პროცესით გადავაჭარბოთ მათ მოლოდინებს. ბევრი სიხარული და ბედნიერება შეგვიძლია მივანიჭოთ ამით.

 

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ჯგუფი ადამიანების, ვის სიხარულზე და ბედნიერებაზე უნდა ვიფიქროთ, იმ კომპანიის კლიენტები არიან, სადაც ჩვენ კაპიტალში შევალთ. უნდა ვეცადოთ მეთვალყურეობაც და მხარდაჭერაც ამ კომპანიებს ისეთი გავუკეთოთ, რომელიც მათი კლიენტებისთვის მაქსიმალურად სარგებლის შექმნაზე, მათი საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე და მოლოდინების გადაჭარბებაზე იქნება მიმართული. 

კარგად გვესმის, რომ ეს მოტივაცია დაგვეხმარება აღმასრულებელ გუნდებს მეტი შესაძლებლობა მივცეთ, აღაფრთოვანონ მათი მომხმარებლები, შესთავაზონ მეტად დახვეწილი და კომფორტული პროდუქტებიც და მომსახურებაც. ვიცით, რომ ეს ამ კომპანიებში წარმატების ერთადერთი გზაა და შესაბამისად, ჩვენი კაპიტალის პარტნიორების სიხარულისთვისაც. (დარგები, რომლებშიც ჩვენ შევალთ უპირატესად საცალო საბოლოო მომხმარებელზე გათვლილი ბიზნესები იქნება.)

 

და ბოლოს, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის საფუძველიც და გარანტიაც მაინც იმ კომპანიების თანამშრომლების ბედნიერებისკენ სწრაფვა უნდა იყოს, სადაც ჩვენ კაპიტალში ვიქნებით შესული. ვინაიდან სწორედ მათი ბედნიერების ხარისხი განსაზღვრავს მომხმარებლების ბედნიერების თუ კმაყოფილების ხარისხს, მათ შეუძლიათ მათი ამოუწურავი შემოქმედებითი და ინტელექტუალური რესურსების თუნდაც მცირე ნაწილის მონდომებით გამოყენებით ძალიან გაუზარდონ ღირებულება მათ კომპანიებს, რისი მიღწევაც მხოლოდ მათი კმაყოფილების პირობებში შეიძლება. ჩვენ უნდა შევეცადოთ და მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ ყველა ამ ორგანიზაციაში ადამიანებს უხაროდეთ მუშაობა. ასეთ შემთხვევაში პროცესების სწორად გამართვით და სტრუქტურების შესაბამის პრინციპებზე მოწყობით შევძლებთ ქვევიდან იდეების და ინიციატივების ნაკადების დაძვრას, რაც ჩვენი პორტფელის კომპანიების წარმატების და შესაბამისად ჩვენი კაპიტალის პარტნიორების წარმატების მთავარი წინაპირობა უნდა გახდეს.

 

ჩვენი მუშაობის წესი და მთავარი მიდგომა კი უნდა იყოს ის, რომ ვიყოთ მუდმივად დაუოკებელი, მოუსვენარი მაძიებლები რაღაცა ახლის. მუდმივი უწყვეტი განახლება, ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს. ახალი ინვესტორები, პორტფელის ახალი კომპანიები, ახალი დარგები, ახალი მიდგომები, პროცესები, ახალი მეთოდები და სტრატეგიები მუშაობაში, მუდმივი განახლება და ცვლილებები ყველაფერში საშუალებას მოგვცემს დავრჩეთ უცვლელად საინტერესო ყველასთვის, ვინც გვიყურებს და ჩვენგან მაგალითს და მოტივაციას იღებს.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიახლეების მუდმივი ძიება მუშაობის მეთოდებში და პროცესებში, როგორ ვმუშაობთ კაპიტალის პარტნიორების მოზიდვაზე, როგორ ვემსახურებით მათ, როგორ ვმუშაობთ პორტფელის ახალი კომპანიების მოზიდვაზე და როგორ ვეხმარებით მათ გაზარდონ  საკუთარი ღირებულება. სწორედ ამ მიდგომების და მეთოდების მუდმივი ევოლუციური და სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ არსებითი განახლება უნდა გახდეს ჩვენი ორგანიზაციის, მის პორტფელში შემავალი კომპანიების და შესაბამისად ჩვენი ინვესტორების წარმატების ყველაზე მთავარი წინაპირობა.

 

ანუ ვიყოთ პატიოსნები ყოველთვის ყველასთან და ყველაფერთან მიმართებაში, ვესწრაფოდეთ იქით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივანიჭოთ ჩვენი საქმიანობით ბედნიერება და მუშაობის მთავარი სტილი მუდმივ განახლებაზე დავაფუძნოთ, ეს არის ის მარტივი ფილოსოფია, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ფუნდამენტი გვინდა გახდეს. და გვჯერა, ასეთ შემთხვევაში დიდხანს შევძლებთ არსებობას და საქმიანობას, და საზოგადოებისთვისაც ჩვენი არსებობა მუდმივად ღირებული და საინტერესო იქნება.

 

****

 

ჩვენც გვინდა თავიდანვე სწორი საძირკველი ჩავუყაროთ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებს”, არა ისეთი, როგორებიც ჩვენ, მისი დამაარსებლები და პირველი პარტნიორები ვართ, არამედ ისეთი, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ დიდხანს და წარმატებით იარსებოს. ჩვენ კი ჩვენის მხრივ, მზად ვართ ჩვენც ვეცადოთ სულ უფრო ისეთები გავხდეთ, როგორებიც მას ვჭირდებით ყველაფერში, რაშიც ამ ფასეულობებს და ფილოსოფიას ჯერ კიდევ არ შევესაბამებით, გუნდის დანარჩენი წევრები კი ჩვენზე მეტად შესაბამისები ავიყვანოთ. ასე სრულყოფის და განვითარების მოტივაციაც ჩვენც მუდმივად გვექნება. სწორედ ამიტომ ვწერთ და დეკლარირებას ვუკეთებთ იმას, რაზეც პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენი წარმმართველი პრინციპები და ფასეულობები იქნება.