GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ოთხი მარტივი ხერხი თვითმოტივაციის შექმნისთვის

 

mikebinkslpccroppedpartial1994748_std

 

რა არის მოტივაცია? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის რაღაც მამოძრავებელი ძალა, რომელიც გვიბიძგებს მოქმედებისკენ. როგორც წესი, ეს ძალა საქმის დაწყებისას უფრო ძლიერია, მაგრამ დროში და მოქმედებების განხორციელების პარალელურად სუსტდება (განსაკუთრებით მაშინ, თუ დროში იწელება და შედეგი გვიანდება) და მისი შენარჩუნება სულ უფრო რთულდება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა წარუმატებლობას ვაწყდებით. თუმცა, ეს ალბათ ყოველთვის თანმდევია და ამის გარეშე ნებისმიერი საქმის კეთება უინეტერსოც არის, მალე გვბეზრდება და, ბუნებრივია, შედეგიც ისეთი არ გამოდის. მოტივაციის ნაკლებობა შეიძლება ნებისმიერ საქმეში გვქონდეს. თუმცა,ამ დროს, უკეთესია იმას კი არ ველოდოთ, როდის გაგვიჩენენ მოტივაციას, არამედ საკუთარ თავს ჩვენ თვითონ შევუქმნათ მოტივაცია. მთავარია კარგად დავფიქრდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ ახლა, რის კეთება გვსურს ან რას გვინდა მივაღწიოთ მომავალში და განვსაზღვროთ ამ ორ მდგომარეობას შორის რა მანძილია დარჩენილი, რა გვაქვს გასაკეთებელი, რომ სასურველ მდგომარეობას მივაღწიოთ და რა პერიოდში უნდა მოვასწროთ ეს ყოველივე.

 

ალბათ თითოეულ ადამიანს დამოუკიდებლად აქვს განსხვავებული ხერხები, რითაც ამას მოახერხებს, თუმცა ამ სტატიაში  სწორედ თვითმოტივაციის, შინაგანი მოტივაციის გაზრდის რამდენიმე იდეაზე გვინდა მოგიყვეთ, რომლის განხორციელებაც, მიგვაჩნია, მიზნის მისაღწევად საჭირო სტიმულებს არ დაგიკარგავთ:

 

1. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი – დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები, გათვალეთ ნაბიჯები, რისი გავლაც მოგიწევთ ძირითადი მიზნის მისაღწევად და როგორც კი პატარა ნაწილს გაივლით, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი, რაც სხვადასხვა სახით შეიძლება მოხდეს. მაგალითად, აიღეთ 1-2-დღიანი შვებულება. ეს თუ არ ხერხდება, შეგიძლიათ პატარა საჩუქარი გაიკეთოთ, ან გემრიელი ტკბილეული შეიძინოთ, მეგობრებთან ერთად წახვიდეთ სასიამოვნო ადგილას და ა.შ. ვარიანტი ბევრია და მხოლოდ თქვენს სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამით გექნებათ მოტივი, სხვა ნაბიჯებიც ასევე, ან უფრო სწრაფად და უკეთ გაიაროთ, რათა ისევ მიიღოთ „ჯილდო“;

 

2. დაჯილდოების საწინააღმდეგო ვერსიაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამის შესახებ ადრე ერთ-ერთ გადაცემაში  საინტერესო ხერხი იყო ნაჩვენები, რომელიც, სამწუხაროდ, ვეღარ ვიპოვეთ, რათა თქვენთვისაც გვეჩვენებინა, თუმცა გადმოგცემთ მის შინაარსს. ეს ხერხი ეხება ე.წ. საკუთარი თავის დასჯას, რაც გულისხმობს, რომ როგორც კი ვერ მივაღწევთ სასურველს, რაღაც უნდა დავკარგოთ, გავწიროთ მის სანაცვლოდ. მისი მაგალითის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს ფული, რომელსაც დავწვავთ. მაგალითად, როცა ვერ მოახერხებთ მიზნის მიღწევას, დაწვით ხუთლარიანი. შეიძლება ზოგს ერჩივნოს დაწვის სანაცვლოდ ვინმეს მისცეს და დაეხმაროს, ცხადია ამ შემთხვევაში მაინც რაღაც კარგ საქმეში იხარჯება ეს თანხა. მთავარი მამოტივირებელი კი არის ის, რომ მიზნის მიუღწევლობთს რაღაცას კარგავ, თმობ, იქნება ეს ფული, საზაფხულო არდადეგების გატარება დასვენების გარეშე, საყვარელი „სასუსნავის“ აკრძალვა, თუ სხვა რამ.  ამის შემდეგ ყველანაირად უნდა ეცადოთ არ გაიმეოროთ იგივე და გაორმაგებული ძალით იბრძოლოთ უკეთესი შედეგისთვის;

 

3. „ჩაიფიქრეთ“ რაღაც – ეს, ალბათ, ყველა ჩვენგანს გაუკეთებია, თუნდაც ბავშვობაში. ამ შემთხვევაში ვუშვებთ, რომ უკვე არჩეული მიზნის მისაღწევად აუცილებელია რაღაც გამუდმებით აკეთოთ. შეიძლება ეს, რაღაც დათმობაც იყოს. თქვენ უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი, რათა არ დაარღვიოთ დაპირება მასთან. ამის გამოყენება შეუძლია ნებისმიერს, თუნდაც მაგალითისთვის მოვიყვანოთ აბიტურიენტი, რომელიც ჩაიფიქრებს, რომ თავის სასურველ უნივერსიტეტში მოეწყობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყოველ დღე მინიმალურ დროს დახარჯავს სოციალურ ქსელებში, ან გამოიყენებს მას მხოლოდ კვირაში ერთხელ. დასაქმებულმა პიროვნებამ, შეიძლება ჩაიფიქროს, რომ მის სასურველ პოზიციას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დავალებას ზუსტად გეგმაში, ან უფრო სწრაფადაც შეასრულებს, ყოველი ვადაგადაცილებული დავალება კი მას ერთი წლით ჩამოაშორებს მიზნამდე, ან საერთოდ ვერ მიაღწევს მას. ამ ხერხის დადებითი მხარე არის ის, რომ პიროვნება საკუთარ თავთან არის პასუხისმგებელი, თითქოს რაიმეს თუ ვერ მიაღწევს, დამნაშავე ისევ თავად იქნება, მოტყუებითაც ვერავის მოატყუებს და „იძულებულია“ პირობა სრულყოფილად შეასრულოს;

 

4. ასევე ერთ-ერთი მარტივი ხერხია დაინახოთ თქვენი მომავალი და გააცნობიეროთ სარგებელი- რაც მოჰყვება თქვენს საქმიანობას და ვის დახმარებას შეძლებთ ამით. ეს შეიძლება იყოს თქვენი საკუთარი თავიც კი, ასევე მშობლები, რომელთა მზრუნველობაც, გარკვეულწილად, ყოველი შვილის მოვალეობაა, ასევე თქვენი შვილები, რომელთა განათლებასა და კარგ აღზრდაშიც ჩადებთ თქვენი შრომის შედეგად მიღებულ ფულს. ასეთ შემთხვევაში, მამოტივირებელი მიღებული სარგებლის მომხმარებელი გახდება, რომლისთვისაც შრომობთ. ასევე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება, რას ნიშნავს თქვენთვის შედეგი. ეს შესაძლოა იყოს რაიმე საკითხზე პასუხისმგებლობის დაკისრება, დაწინაურება ან ხელფასის მატება. ეს, ძირითადად, თქვენი მხრიდან არ მოდის და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, თუმცა თუ ძალიან ეცდებით, სხვებსაც დაანახებთ, რომ იმსახურებთ მას, აუცილებლად მიიღებთ კიდეც. მაგალითად, თუ მუშაობთ გაყიდვების სამსახურში, მაშინ უნდა ეცადოთ რაც შეიძლება მეტი გაყიდოთ, გააუმჯობესოთ თქვენი შედეგი, ამით შეიძლება დაგაწინაურონ, რითაც მოგემატებათ პასუხისმგებლობაც და ანაზღაურებაც. თუ ასე განაგრძობთ, შედეგი დაგიფასდებათ, ხოლო თუ მაინც არ არის ცვლილება, დადებით და მამოტივირებელ მხარედ შეგიძლიათ დაინახოთ ისიც, რომ თქვენ თქვენს საქმეში დასპეციალდით და შეგიძლიათ სხვა ორგანიზაციაში გადახვიდეთ, უფრო უკეთეს თანამდებობაზეც კიასევე შეგიძლიათ მოტივად გაიხადოთ ის, რომ მომავალში ფლობდეთ საკუთარ ორგანიზაციას და ყველანაირად ეცადოთ მისი მიღწევა. ისწავლოთ, აკეთოთ რუტინული სამუშაო, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც პერიოდის, პრაქტიკული ცოდნის დაგროვების შემდეგ, შექმნათ თქვენი საკუთარი ორგანიზაცია, რომლის წარმატებაშიც დაგროვილ ცოდნას გამოიყენებთ.

 

თუმცა,ვფიქრობ, რომ მთავარი მამოტიცირებელი, მაინც ის სარგებელია, რომელსაც ჩვენი საქმით ვქმნით, იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ვზრუნავთ. მნიშვნელოვანია დავინახოთ და კარგად გავიაზროთ ეს ყოველივე, რის შემდეგ მოტივაციაც თავისით მოვა. სარგებელი კი ყველა საქმეშია: დამლაგებელმა უნდა დაინახოს თავისი სარგებელი, როცა სუფთა და ჯანსაღ გარემოს ნახავს, ექიმმა სარგებელი უნდა ნახოს კიდევ ერთ გადარჩენილ პაციენტში, არქიტექტორმა – კარგად შექმნილ პროექტში, მასწავლებელმა – განათლებულ მოსწავლეში და ა.შ.. ასე რომ, დაინახეთ და შეაფასეთ სარგებელი თქვენს საქმიანობაში, დააფასეთ იგი და ყველანაირად ეცადეთ მიიღოთ. ამის შემდეგ კი, ცუდ ამინდშიც, თქვენ საქმეს მთელი მოტივაციით შეუდგებით.

 

წარმატებებს გისურვებთ. არასდროს დაგეკარგოთ მოტივაცია!