GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ნაწილი VS მთელი

საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებსა  და ყოფით სიდუხჭირეებს დაპირისპირებული ინდივიდების ისტორიებით პროფესია „ჰრ“ მხატვრულ ლიტერატურას გავს. რეალურადაც ყველა თანამშრომელს  ორგანიზაციულ კედლებში მომწყვდეული თავისი უნიკალური „ნოველა“ აქვს განცდილი.  დღესდღეობით ადამიანური რესურსების მენეჯმენტზე უამრავი ბეჭდური და ვიდეო ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, თანამედროვე და აპრობირებული სისტემების, მეთოდების, ტექნიკების შთამბეჭდავი და დეტალური განმარტებებით,  თუმცა ძალიან იშვიათად და თითქმის არსად  წერენ ემოციებზე.სინამდვილეში კი ეს პროფესია ადამიანების და მათი სულების აღმოჩენის, გამორკვევის, გაზიარების და ზრუნვის დისციპლინაა, უკიდურესად ადამიანური მასში მოაზრებული ფასეულობებითა და მიდგომებით.

პროფესია „ჰრ“ სამართლიანი გარემოს შექმნას და ამ თანასწორ მოცემულობაში ინდივიდების  მოლოდინების გამართლებას გულისხმობს.  იყო წარმატებული „ჰრ“ ნიშნავს შეგეძლოს  იმ არტისტიზმის გამოვლენა, რომელიც ნაწილისა და მთელის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების ურთიერთდაბალანსებულ მართვაში გამოიხატება.

ფერები ორგანიზაციაში

პროფესიონალის ისტორია, ერთი იმ დიდი მცდელობების კომბინაციაა, თუ როგორ შეიქმნა შენი დროის გამორჩეულ გმირად, როგორ მოინდომო, როგორ  განვითარდე, როგორ იმოძრაო, იმოძრაო შეუფერხებლად და  ზუსტად ჩამოყალიბებული  იდეით – რას უნდა ემსახურო და რისთვის. პროფესიონალიზმი არ არსებობს, ის იქმნება.

ფსიქოლოგიის სწავლა როცა გადავწყვიტე, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს პროფესია დამეხმარებოდა ადამიანის ქცევითი და  კოგნიტური პატერნების გამორკვევაში. როცა ადამიანური რესურსების მენეჯმენტში ჩართვა გადავწყვიტე – აქაც  ზუსტად  ვიცოდი, რომ ვიქნებოდი წარმმართველი ძალა თანამშრომლებზე ზრუნვის დაუსრულებელ მცდელობებში, მათ შორის ორგანიზაციის მატერიალური თუ სტრატეგიული ინიციატივების შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში.

ჯანსაღი ორგანიზაციული გარემო მოზაიკურ თავსატეხს, ე.წ. „ფაზლს“ გავს – ერთი მიზნისთვის და ერთ სიბრტყეში განლაგებული სხვადასხვა ფერის  ფიგურებით. პროფესიონალი ჰრ – სთვის მხოლოდ მენეჯმენტის მიზნების განხორციელებაში მონაწილეობა არ უნდა იყოს მოქმედების მთავარი არეალი,  მისი ეფექტური მუშაობა თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების მუდმივ ინიცირებაში  ვლინდება.

ასე დგება ორგანიზაციაც, ფაზლის ფიგურების სწორი პრინციპით განლაგების მსგავსად, როცა ყველა ნაწილს თავისი მკვეთრად განსაზღვრული როლი და მისია აკისრია.

 ლოიალობა

პროფესიონალიზმი  ემოციებში კი არა დამოკიდებულებაში ვლინდება, ამიტომ მიმაჩნია, რომ  ჰრ-ის პროფესიონალიზმი  სრულდება იქ, სადაც იწყება ყოფილი ან მიმდინარე დამსაქმებლის ძაგება. სამსახურის მიმართ ლოიალობა  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გააზრებული მიღწევაა წარმატებისა და შრომითი კმაყოფილებისთვის. დღემდე მეამაყება ყველა იმ გუნდის, ვისთან ერთადაც პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი გზები გავიარე, ვისთან ერთადაც მთელი შემართებით და ენთუზიაზმით მივისწრაფვოდი საერთო მიზნების მიღწევისკენ, მიუხედავად იმისა, თუ  რამდენად „ძალიან“, „ნაკლებად“ ან „საშუალოდ“ სტრესული იყო სამუშაო გარემო. მზრუნველობა ხომ ბუნებრივი და ვფიქრობ თანდაყოლილი მოცემულობაა, ის იწყება და აგრძელებს არსებობას,  როგორც არსებობს ისტორია ადამიანზე, ან პროფესია, რომელსაც ვირჩევთ სკოლის დასრულებისთანავე.  ყოფილი და მიმდინარე დამსაქმებლებიც ჩვენი ისტორიის ნაწილია, იმ ისტორიის, რომლითაც იქმნება  თავად პროფესიონალი.