GEO ENG
GEO ENG

სტატიები

მენეჯმენტის ყურადღების განაწილება

მენეჯმენტის ყურადღება ლიმიტირებული რესურსია. რაც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მენეჯმენტი ერთ საკითხს, მით უფრო ნაკლებად აქცევს ყურადღებას სხვებს. შესაბამისად, ის, თუ რა საკითხებზე იხარჯება ყოველდღიურ მუშაობაში ეს ყურადღება, რაზე ფიქრობენ, ვისთან მუშაობენ უფრო მეტს, რაზე მსჯელობენ ისინი ყოველდღიურად შეხვედრებისას სწორედ ამაზე არის დიდად დამოკიდებული ორგანიზაციის წარმატება.

 

რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური ძალისხმევა, დრო და ყურადღება ისეთ საკითხებზე იყოს მიმართული და იმ დოზით, რომელიც ყველაზე არსებითია ორგანიზაციის წარმატებისთვის?

 

 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა არასამკარისი წინაპირობა იმისათვის, რათა მენეჯმენტის ყურადღება სწორი მიმართულებით, სწორ საკითხებზე იხარჯებოდეს ცხადი მიზნების არსებობაა. თუ მიზნები ცხადი არ არის, ზუსტად არ ვიცით, სად გვინდა რომ მივიდეთ, რას გვინდა რომ მივაღწიოთ, როგორები გვინდა გავხდეთ იმის განსაზღვრაც შეუძლებელი იქნება, თუ რომელ საკითხებზე ყურადღების მიქცევაა მიზანშეწონილი ყოველდღიურ მუშაობაში.

 

შესაბამისად მენეჯმენტის გუნდი, რომელსაც საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა სურს, პირველ რიგში მიზნებზე ჩამოყალიბებას უნდა შეეცადოს. დახარჯოს დრო და ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღებაც იმაზე უნდა მიმართოს, რომ ცხადი და ერთმანეთის შესაბამისი მიზნები ჰქონდეს და ამ მიზნებს ცვლიდეს დროდადრო მათი მიღწევის ან აქტუალურობის ცვლილების შესაბამისად.

 

თუმცა, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მიზნების სიცხადე საკმარისი არ არის, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური ძალისხმევა სწორ საკითხებზე იხარჯებოდეს. ამისთვის ისიც უნდა განისაზღვროს, თუ ყველაზე მეტად რომელ საკითხებზე ძალისხმევის ხარჯვა შეუწყობს ხელს მიზნების მიღწევას. საჭიროა ყველა იმ თემიდან, რაც მენეჯმენტის გარშემო ტრიალებს, სწორად შეირჩეს პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები გარემოს და გადაჭრილი ამოცანების შესაბამისად იცვლებოდეს.

 

და ბოლოს, მესამე და ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ორგანიზაციაში მენეჯმენტის ყოველდღიური ყურადღების სწორ განაწილებას განაპირობებს, კარგად გაკეთებული ორგანიზაციული სტრუქტურაა. მხოლოდ პრიორიტეტების ცოდნა არ არის საკმარისი მათზე საკმარისი დროის დასახარჯად. პრიორიტეტები, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ გვჭირდება ვიცოდეთ, რომ მის შესაბამისად დავაორგანიზოთ ყოველდღიური მუშაობა ადამიანების და მთლიანად ორგანიზაციის. ამისათვის კი სწორედ პრიორიტეტების შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურაა საჭირო.

 

რაც უფრო ზედა რგოლის მენეჯერის პასუხისგმებლობას წარმოადგენს ესა თუ ის საკითხი, და რაც უფრო ნაკლებია ამ მენეჯერისთვის სხვა მის წინაშე მდგარი საკითხების მნიშვნელობა ამ საკითხის მნიშვნელობასთან შედარებით, მით უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მენეჯმენტი ამ საკითხს რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, და ასევე, რაც უფრო ქვედა რგოლის მენეჯერს აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა ამა თუ იმ საკითხზე, ან რაც უფრო მეტი მსგავსი მნიშვნელობის საკითხებია ერთი მენეჯერის პასუხისმგებლობაში, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს მენეჯმენტი აღნიშნულ საკითხებს.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, თუ გვაქვს სურვილი, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური ყურადღება სწორ საკითხებზე იყოს მიმართული, ისეთებზე, რომლებიც წარმატებას ყველაზე მეტად უზრუნველყოფენ, სამივე პირობის შესრულებაა აუცილებელი: ყოველთვის ცხადი უნდა იყოს მიზანი, სად მივდივართ და რას გვინდა მივაღწიოთ, ყოველთვის კარგად უნდა გვესმოდეს პრიორიტეტები, რომლებსაც ამ მიზნების მიღწევაში ყველაზე უკეთ შეუძლია დახმარება და რაც მთავარია, ორგანიზაციული მოწყობაც სწორედ ამ პრიორიტეტების შესაბამისი უნდა გვქონდეს, რათა რეალურად შევძლოთ მათთვის ადექვატური ყურადღების დათმობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ სამი პირობის შესრულება კი მენეჯმენტის ყურადღებას სწორად გაგვანაწილებინებს და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოგვაყენებინებს დასახული მიზნების მისაღწევად.

 

სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის XXXVI წიგნაკში “ტოპ გუნდი”