GEO ENG
GEO ENG

სტატიები

მე, ჩემი ორგანიზაციისთვის…

იაკოკას აქვს ნათქვამი “თუკი ოფიციანტი ხარ, გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რათა მსოფლიოში საუკეთესო ოფიციანტი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში…“  როცა ასე არ ვიქცევით, არ ვინდომებთ სამსახურის დაკარგვაზე უფრო უარესს, რასაც ვიღებთ, ჩემი აზრით, დაკარგული შესაძლებლობაა – გაგვეკეთებინა უფრო მეტი, უფრო უკეთესი ჩვენი ორგანიზაციისთვის, გავმხდარიყავით უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი მისთვის.

 

რატომ უნდა ვიზრუნო, რომ გავზარდო ჩემი წვლილი ჩემი ორგანიზაციისთვის? ამაზე პასუხი მარტივია, თუ წარმოვიდგენთ, რომ ვართ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზაციისთვის.

 

ჩვენი ორგანიზაციისთვის, რას ნიშნავს ეს და რა იცვლება ამ დროს ჩვენთვის?

 

„მე სხვანაირად მიყურებენ, მაფასებენ, მიფრთხილდებიან, სულ სხვა იერარქიაში მოვხვდი სამსახურეობრივი პოზიციის მიუხედავად. ხელმძღვანელების თუ თანამშრომლების დამოკიდებულებები, განწყობა ჩემს მიმართ ძალიან შეიცვალა, ორგანიზაციაში საჭირო ადამიანი ვარ, მენდობიან, სულ მეძებენ, ვჭირდები, აქვთ ჩემი იმედი, ძალიან ხშირად მეკითხებიან აზრს, სჯერათ ჩემი, ვგრძნობ, რომ გუნდის ძვირფასი წევრი ვარ. ბედნიერი ვარ, ჩემი შესაძლებლობების მჯერა და ვიყენებ მას მაქსიმალურად ჩემი ორგანიზაციის წარმატებაში ჩემი წვლილის შესატანად.“

 

და როცა სხვისთვის არ ვართ ღირებულები, წარმატებას ვერ მივაღწევთ იმიტომ, რომ არავის დავჭირდებით ასეთები. ძალიან ცოტა ხნით შეიძლება გავიდეთ ფონს, მაგრამ ეს არ იქნება არც სწორი და არც დიდად შედეგიანი.

 

ძალიან კარგად ჟღერს წარმოდგენაში როგორია, როცა ამას ვაკეთებთ და ამიტომაც ძალიან ბევრ ჩვენგანს გვინდა გავხდეთ უფრო ღირებული კადრი ჩვენი ორგანიზაციისთვის, ვიდრე დღეს ვართ. ამისთვის ბევრს თუ ცოტას ვცდილობთ, რაღაც ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ შედეგი ისეთი არ არის, როგორიც გვინდა რომ იყოს. ეს შეიძლება ჩვენი ხელმძღვანელების „დაუნახაობას“ დავაბრალოთ, ან გარემოს, რომელმაც არ შეგვიწყო ხელი ამის მიღწევაში. ზოგჯერ არც ვინდომებთ, ან მიმდინარე საქმეში ვართ ჩაფლულები და ამაზე არც ვფიქრობთ, რითიც კიდევ ერთ შესაძლებლობას ვკარგავთ. მაგრამ თუ გვინდა და ეს არ გამოგვდის, მარტო იმიტომ, რომ არასწორი მიდგომით ვცდილობთ ამ ღირებულების შექმნას და გაზრდას. ამიტომაც არის შედეგი ჩვენთვის არასასურველი, ან საერთოდ მიუღწეველი.

 

არადა, როცა ამას სწორად ვაკეთებთ, წარმოუდგენლად კარგ რამეებს გვაკეთებინებს, ცვლის ჩვენს განწყობას, დამოკიდებულებებს, ურთიერთობებს, დღითიდღე ზრდის ჩვენს მნიშვნელობას, ჩვენს ღირებულებას ჩვენი ორგანიზაციისთვის.

 

როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი ღირებულება ჩვენი ორგანიზაციისთვის, პირველ რიგში, დაგვეხმარება – გავიაზროთ, რა ქმნის ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებას და კარგად დავინახოთ ჩვენი როლი ამაში. ამის შემდეგ კი გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს გულით და მონდომებით შევასრულოთ.

 

რამდენიმე კომპონენტია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

 

1) პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ და როგორც უნდა ვიმუშაოთ ყოველ დღე ნებისმიერ დავალებაზე არის ის, რომ, რასაც ვაკეთებთ გავაკეთოთ კარგად, მონდომებით და გულით.

 

არ აქვს მნიშვნელობა სად ვმუშაობთ, ქოლცენტრის ოპერატორები ვართ, სერვის მენეჯერები, ბუღალტრები, შეფ-მზარეულები, იურისტები, კრედიტ-ოფიცრები თუ მაღაროელები. გაყიდვების აგენტები, ქირურგები, ოფის-მენეჯერები თუ სხვა ნებისმიერი. ეს ყველასთვის საერთოა – ვიყოთ საუკეთესოები იმაში, რასაც ვაკეთებთ, რისთვისაც არ დავიშუროთ ჩვენი მონდომება.

 

2) ამასთან ჩვენი ღირებულება უფრო იზრდება ჩვენი ორგანიზაციისთვის, როცა არ გვეზარება და გვსიამოვნებს ჩვენი კოლეგების დახმარება. ჩვევად გვაქვს მათი მხარდაჭერა, მათთვის იმის სწავლება, რაც ვიცით და გამოგვდის, გაზიარება იმისა, რაც გამოცდილი გვაქვს, რჩევის მიცემა, მხარში ამოდგომა, როცა ეს სჭირდებათ და ჩვენ შეგვიძლია.

 

ეს ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება ჩვენც, ბევრ რამეს ვსწავლობთ მათგანაც, მათთან ურთიერთობებიდან. იგი ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მათდამი და მათს ჩვენდამი. იმაზე კარგი არაფერია, როცა ჩვენი დახმარების იმედი აქვთ, როცა ზოგჯერ ჩვენი და ზოგჯერ თავისი ინიციატივით მოდიან ჩვენთან და სჯერათ, რომ მათთვის მონდომებას არ დავიშურებთ. ამან ისეთ აზარტში შეიძლება შეგვიყვანოს, ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭოს და აუცილებლად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს შევინარჩუნოთ.

 

3) კიდევ ერთი რამ, რაც ამ გზაზე არ უნდა დაგვავიწყდეს ისაა, რომ ვზრუნავდეთ ჩვენს სწავლაზე და განვითარებაზე, მივაქციოთ ყურადღება, რომ მუდმივად ვიზრდებოდეთ იმისთვის, რომ უფრო მეტი და გაცილებით კარგი ვაკეთოთ ჩვენი ორგანიზაციისთვის. აქ სადაო არაფერია. ეს გვეხმარება, ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ ჩვენი მიდგომები საქმესთან მიმართებაში, ურთიერთობებში, გადავწყვიტოთ უფრო რთული ამოცანები უფრო უკეთესად, ნაკლები დროითი დანახარჯით, მივიღოთ ბევრად კარგი შედეგები.

 

და აქ ნავსი ტყდება, განწყობა, დამოკიდებულებები, შედეგები იცვლება, თუმცა საკმარისი ჩვენი მიზნისთვის ეს ჯერ კიდევ არ არის. საჭიროა უფრო მეტი, რაღაც ისეთი, რაც გამოგვიყვანს ჩვენი ფუნქციებიდან და გაგვაკეთებინებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას ჩვენგან ელიან.

 

4) ეს უფრო მეტად ჩვენი ინიციატივიანობა უნდა იყოს, გარედან შეხედვა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ჩვენი მონდომება ვეძებოთ, ვიფიქროთ და ინიცირება გავუკეთოთ იმ შესაძლებლობებს, რისი გამოყენებაც მას უკეთესს გახდიდა. ეს სულ სხვა როლია, განსხვავებული იმისგან, როგორიცაა ჩვენს ფუნქციებში ჩაკეტილი ჯდომა და გასაქანის არმიცემა იმაზე ფიქრისთვის, რამდენი გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობს, რაც ჩვენს ორგანიზაციას ბევრად უკეთესს გახდიდა.

 

ამისთვის საკმარისია, რომ მის მნიშვნელობას მივხვდეთ და გვინდოდეს, უკეთესი გახდეს ჩვენი ორგანიზაცია. ნებისმიერი პოზიციის ადამიანს, ნებისმიერ სამუშაო სფეროში შეუძლია ამ შესაძლებლობების დანახვა თავისი ორგანიზაციისთვის, თუ ამას მოინდომებს.

 

5) თითქოს სრულყოფილია ეს 4 კომპონენტი ერთად. რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ გულით და მონდომებით, ვეხმარებით კოლეგებს, მუდმივად ვსწავლობთ და ვზრუნავთ განვვითარდეთ; ვართ ინიციატივიანები, გამოვიყენოთ შესაძლებლობები ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ რაც არ უნდა სრულყოფილად გვეჩვენებოდეს ეს ოთხი, მათ შესრულებას აზრი ეკარგება და უარყოფით შედეგს მოგვიტანს, თუ ამ ყველაფერს საკუთარი თავის წარმოჩინებისთვის გავაკეთებთ, ჩვენი სამომავლო დაწინაურების, აღიარების, სახელის მოხვეჭის მიზნით „მოვინდომებთ“ ასე. ასეთ დროს მიზანს ან ვერ მივაღწევთ, ან იმდენად ფუტურო საბჯენებზე იდგმება ეს ჩვენი მოპოვებული აღიარება, რომ ძალიან მალე დაიშლება და ჩვენი ვითომ შექმნილი ღირებულებაც საერთოდ დაიკარგება. როცა ჩვენ თვითონ არ ვართ მონდომებული, რომ ღირებულება შევქმნათ სხვისთვის, ვერც ვერასდროს გავხდებით ღირებული სხვისთვის.

 

მოკლედ, მთავარია აღებული გეზიდან არ გადავუხვიოთ და ეს ყველაფერი, რაც პირველ 4 კომპონენტშია თავმოყრილი ვაკეთოთ მონდომებით, ოღონდ ჩვენი ხელმძღვანელების და ჩვენი ორგანიზაციის წარმოჩინებისთვის, იმისთვის, რომ ის იყოს წარმატებული.

 

ასეთ დროს ჩვენი, როგორც თანამშრომლების მნიშვნელობა და ღირებულება ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან დიდია და მუდმივად მზარდი, როცა ჩვენ ამას სწორი მიდგომით ვაკეთებთ.

 

_______________________

 

პირველ ოთხ კომპონენტს პერიოდულად გადახედვა სჭირდება, ამორჩევა, პრიორიტეტების ცვლა და აქცენტების გადატანა იმაზე, რასაც ყველა ნაკლებად ვასრულებთ იმ დროს. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გადახედვა, აქცენტების გადანაწილება და კონცენტრირება.

 

გავყვეთ ამ გზას, არ დავიშუროთ მონდომება და გავხდებით ისეთები, როგორ კადრებსაც ძალიან ვინატრებდით ჩვენს ორგანიზაციაში.