GEO ENG
GEO ENG

სტატიები

კონტროლის პირველი ამოცანა

კონტროლის ძირითადი არსი ამ შემთხვევაში კონტროლის ისეთი სისტემის ფორმირებას გულისხმობდა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ორგანიზაციაში რაც შეიძლება მეტი ხარვეზის, დარღვევის და გადაცდომის აღმოჩენა.

 

მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვტკივა, ექიმი გვახსენდება, რომელიც დიაგნოზს დაგვისვმას, რეცეპტს გამოგვიწერს  და ამასთან ერთად გვეტყვის, როგორ გამოვიყენოთ ეს რეცეპტი სწრაფად გამომჯობინებისთვის.

 

 

ასე ხდება ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

 

ხშირად ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდოდა. გარემოებების ან/და სუბიექტების დამსახურებით ორგანიზაციული განვითარების პროცესი ფერხდება და დისციპლინაც მოიკოჭლებს. ამ დროს, ძალაუნებურად, ისეთი სიტყვები ამოგვიტივტივდება, როგორიცაა შემოწმება, ინსპექტირება, შესწავლა, დათვალიერება, დაკვირვება. თითქმის ყველა გზა კი საბოლოოდ კონტროლთან მიდის. ორგანიზაციის შემთხვევაშიც კონტროლის გააქტიურების ამოცანა რამოდენიმეა:

 

1. ხარვეზების (გადაცდომების) აღმოჩენა;

 

2. გადაცდომების წინაპირობების ანალიზი და რეკომენდაციების დამუშავება;

 

3. გადაცდომებზე ადექვატური რეაგირების უზრუნველყოფა.

 

სხვადასხვა ორგანიზაციაში ამ ამოცანებს, შესაძლოა, სხვადასხვა პრიორიტეტულობა ჰქონდეთ. თუმცა მხოლოდ სამივეს შემთხვევაში, შესაძლოა, კონტროლმა სრულყოფილად და ეფექტიანად იმუშაოს. ამჯერად ერთ–ერთ ორგანიზაციაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე გვინდა მოგიყვეთ, სადაც პრიორიტეტად პირველი ამოცანა აირჩიეს. შევეცდებით გადაწყვეტილება ლაკონურად და მარტივად ჩამოვაყალიბოთ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტაც მსგავსია, თუმცა ვფიქრობთ საკმაოდ სრულყოფილიც.

 

კონტროლის ფუნქციის გაძლიერება მიზნის განსაზღვრით დავიწყეთ. შევთანხმდით, რომ კონტროლის ძირითადი არსი ამ შემთხვევაში კონტროლის ისეთი სისტემის ფორმირებას გულისხმობდა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ორგანიზაციაში რაც შეიძლება მეტი ხარვეზის, დარღვევის და გადაცდომის აღმოჩენა. ამ ორგანიზაციას ამ დროს უკვე კარგად განვითარებული ანალიზისა და რეაგირების ინსტრუმენტები გააჩნდა, შესაბამისად მეტი აქცენტი დიაგნოსტიკის განვითარებაზე უნდა გაკეთებულიყო.

 

ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს კომპეტენტური მოსაზრება გააჩნდა, რომელიც გამოცდილებას და ცოდნას ემყარებოდა. კონტროლის სისტემის ფორმირების ხსენებამ ისეთი იდეები წამოწია წინ, როგორიც იყო, მაგალითად: დისტანციური კონტროლის სისტემის განვითარება, წერტილოვანი კონტროლის სისტემის ამოქმედება, საჩივრების მისაღებად არხების განვითარება და ა.შ. რა თქმა უნდა, თითოეული საინტერესოდ ჟღერდა და აუცილებლად დაგვჭირდებოდა კონტროლის ფუნქციის უკეთ შესასრულებლად, თუმცა ერთი ის იყო, რომ იდეები, მართალია, ბევრი ჩამოითვალა, მაგრამ რეალობაში ყველას ვერ განვახორციელებდით. ხოლო მეორე ის იყო, რომ ამ იდეებიდან რაც გაკეთდებოდა, რამდენად შეძლებდნენ ისინი მაქსიმალურად ბევრი ხარვეზის აღმოჩენას, ამაში მეტ–ნაკლებად ყველას ეჭვი ეპარებოდა.

 

პროცესში ერთ–ერთმა მონაწილემ თავისი წინასწარ მომზადებული ხედვა წარმოადგინა, ბევრ კითხვას პასუხობდა და ბოლო ყველასთვის ფავორიტი ალტერნატივა აღმოჩნდა. გადაწყვეტილება საკმაოდ მარტივი და საინტერესო იყო. მან შემოგვთავაზა, რომ კონტროლის გაგება 3 ნაწილად დაგვეყო: წინასწარი, მიმდინარე და შემდგომი. თავიდან ამ გადაწყვეტამ ბუნდოვანება შემოიტანა, თუმცა თითოეული დაახლოებით ასე განმარტა:

 

წინასწარი კონტროლი

ამ გზით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რომლებიც დათვალიერების და შემოწმების შედეგად ადვილად ვლინდება. მათი დროული აღმოჩენა კი იმისთვის არის საჭირო, რომ გადაცდომების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ იმ პრობლემების წარმოქმნის შესაძლებლობების შემცირება, რომლებიც გაუმართავმა, მოუწესრიგებელმა გარემომ, ან ინვენტარმა და აღჭურვილობამ შეიძლება გამოიწვიოს.

 

მთავარი გზა წინასწარი კონტროლის უზრუნველსაყოფად, დათვალიერების გარდა, ტესტირებაზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, უნდა შეგვექმნა ისეთი სისტემა, რომელიც მოახდენდა თანამშრომლების სტანდარტების ცოდნის და ტექნიკის სიმძლავრეებთან შესაბამისობის ტესტირებას.

 

მიმდინარე კონტროლი

 

ამ გზით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რომლებიც უკვე საქმიანობის მიმდინარეობისას არსებობს – უბრალოდ, მაქსიმალურად კარგად გვაქვს ამ ხარვეზების მიღების არხები განვითარებული, რათა გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე პროცესში არსებულ გადაცდომებზე.

 

მომხმარებლები ყველაზე უკეთ ხედავენ ჩვენი საქმიანობის სისუსტეებს, შესაბამისად, მიმდინარე პროცესების ყველაზე რეალური მაკონტროლებლები ხდებიან. ამიტომ მომხმარებელთან უკუკავშირის თემა ნაწილობრივ მიმდინარე კონტროლის ნაწილია, როცა მომსახურების დროს აძლევ მათ შესაძლებლობას, დააფიქსირონ მათ წინაშე არსებული ბარიერები, მომსახურების ხარვეზები ან ძლიერი მხარეები.

 

გარდა უკუკავშირისა აქ გახდა საჭირო დისტანციური კონტროლის განვითარების თემის წამოწევა. შეთანხმდა, რომ უნდა გაკეთებულიყო ონლაინ კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობდა მომსახურების/წარმოების წერტილებში კამერების დამონტაჟებას და თანამშრომელთა საქმიანობის და ორგანიზაციის წესებთან შესაბამისობის კონტროლს.

 

შემდგომი კონტროლი

 

შემდგომი კონტროლი ყველაზე ახალი თემა აღმოჩნდა. აქამდე ამის კეთების გამოცდილება ყველას ნაკლებად ჰქონდა, თუმცა ცხადი იყო მისი მნიშვნელობა. ეს გზა გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ უკვე დაშვებული ხარვეზები, რომელზეც ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა მისი აღმოჩენის შემთხვევაში შეგვიძლია პრევენციულ ზომებს მივმართოთ. ასევე, შემდგომი კონტროლი შეიძლება დამატებითი მოტივაცია გავხადოთ თანმშრომლებისთვის საქმის ბევრად უფრო კარგად შესრულებისთვის.

 

შეთანხმდა, რომ მოხდებოდა გეგმიურად, ოღონდ შერჩევით უკვე განხორციელებული/დასრულებული საქმიანობის შესწავლა, დამუშავდებოდა მომხმარებელთან უკუკავშირის ფორმა დასრულებული მომსახურების შესახებ და დეტალურად გამოიკვლეოდა დაფიქსირებული ხარვეზების მიზეზები და წინაპირობები

 

 

კონტროლის ეს კონცეფცია მალევე გაიზიარეს პროცესში მონაწილე მხარეებმა. ალბათ, რეალობაში არჩეული გზები უფრო დაგვანახებს, თუ დასახული რამდენად გადაჭრის კონტროლის ამოცანებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ კონტროლის ამოცანის მსგავსად დაყოფა დაგვეხმარება, გამოვავლინოთ მაქსიმალურად ბევრი პოტენციური ხარვეზი, მიმდინარე რეჟიმში არსებული გადაცდომა და უკვე დაშვებული დარღვევა. დიაგნოსტიკის კარგად განვითარებული სისტემა კი წინაპირობა იქნება ამ ხარვეზების გასაანალიზებლად, რეკომენდაციების მოსამზადებლად და რეაგირების დასაგეგმად.

 

იმედი გვაქვს იპოვიდით სტატიაში თქვენთვის საინტერესო ინსაითებს. წარმატებებს გისურვებთ