GEO ENG
GEO ENG

სტატიები

იდეალურ ქალაქზე

ქალაქში ცხოვრება დღეს რომ ადამიანების უმრავლესობისათვის გაცილებით მომხიბლავი, იმედის მომცემი და განვითარებასთან ასოცირებული პერსპექტივაა, ეს ფაქტია. როგორც ამბობენ, „ქალაქში მეტი გასაქანია“ და ჩვენც იმ იმედით, რომ ამ მეტში ჩვენი ადგილი აუცილებლად იქნება, ყოველდღე ვიბრძვით ქალაქში თავის დასამკვიდრებლად. მეტი გასაქანის იმედით, იზრდება ქალაქელების რაოდენობა, რომლებსაც საკუთარი სახლი სჭირდებათ საცხოვრებლად, საკუთარი მანქანა – გადასაადგილებლად და საკუთარი წილი ბუნებრივი რესურსი და ენერგია არსებობისათვის.  რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ამის პარარელურად იზრდება სპონტანურად აგებული შენობების რიცხვი, ჰაერის დაბინძურების დონე და ყოველდღიურად მცირდება ბუნებრივი რესურსების ულუფა თითოეულ მოქალაქეზე. თუ ეს დაგამშვიდებთ, ეს პროცესი თითქმის ყველა დიდმა ქალაქმა გაიარა ჩამოყალიბების პროცესში და გადის კიდეც უწყვეტად, ანუ ეს „სენი მხოლოდ ქართველებს“ არ გვჭირს. თუმცა, რომელი ქალაქი, როგორი მომზადებითა და დაგეგმარებით ხვდება ამ პროცესს, დიდ წილად ამაზეა დამოკიდებული, საერთო ჯამში მისი იდეალურობის ხარისხიც.  მსოფლიოში გამოყოფენ დანიას, შვედეთს, ნორვეგიასა და ჰოლანდიას, როგორც ყველაზე გამართულად დაგეგმარებული ქალაქების სისტემის მქონე ქვეყნებს.

 

რა თქმა უნდა გვესმის, რომ იდეალური ქალაქი, ჩვენი ფანტაზიიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, ყველას სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია. თუმცა პროფესორების რასელ აკოფისა და შელდონ როვინის აზრით, ჩვენს იდეალურ ქალაქებს მაინც აქვთ საერთო და ეს საერთო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობის დაკმაყოფილებას უკავშირდება. კერძოდ, იდეალურად დაგეგმარებულ ქალაქში:

 

1. ადამიანებისათვის სახელმწიფო და ურბანულ სერვისებზე წვდომა თანაბარია – ავტორებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა მიიღოს მისთვის სასურველი სახელმწიფო და ურბანული სერვისები და პროდუქტები, რაც შეიძლება  მარტივად და იცხოვროს მსგავსი დაწესებულებებიდან ისეთ მანძილზე, როგორზეც თავად მოესურვება.

 

2. გადაადგილებისათვის საჭირო დრო მინიმალურია – იდეალურად მოწყობილი ქალაქი მაქსიმალურად უნდა ამცირებდეს ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების დროს. მისი იღბლიანი მაცხოვრებლებისათვის პრიორიტეტული ყოველთვის ფეხით მოძრაობაა, ფეხით მოძრაობის ჩანაცვლება ველოსიპედით არის შესაძლებელი და მხოლოდ, იშვიათ შემთხვევებში ჩნდება მექანიკური ტრანსპორტის გამოყენების საჭიროება. თუმცა ასეთ დროსაც აქცენტი მასობრივი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებაზე კეთდება, რომლებიც ისეთ რედიზაინს გადიან, რომ მათი გამონაბოლქვი ჰაერის დაბინძურების დონეზე მინიმალურად აისახება.

 

3. მუდმივად იცავენ გარემოს და უფრთხილდებიან ნატურალური რესურსებსა და ენერგიას – მინიმიზირებულია წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების დონე, მაქსიმიზირებულია ნატურალური რესურსების დაზოგვის დონე და ძალისხმევას არ იშურებენ იმ რესურსების აღსადგენად, რომელთა განახლებაც ადამიანის ხელით შესაძლებელია. ანუ, იდეალურად მოწყობილ ქალაქში ბუნებისმეტყველების გაკვეთილების დროს ნასწავლ კანონებს მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად არ იყენებენ და ცდილობენ რეალურ ცხოვრებაშიც მაქსიმალურად გაითვალისწინონ.

 

ალბათ გაინტერესებთ, ვინ არიან პროფესროები რასელ აკოფი და შელდონ როვინი. რასელ აკოფი მართვის მეცნიერების საპატიო პროფესორია პენსილვანიის უნივერსიტეტში. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო პიონერი ოპერაციული კვლევების, სისტემური აზროვნებისა და მართვის მეცნიერების სფეროებში, რაც კარგად აისახა მის 22 გამოქვეყნებულ ნაშრომში. რაც შეეხება შელდონ როვინს, ის ჯანდაცვის სისტემების პროფესორია იმავე უნივერსიტეტში. საერთო ნაშრომში „საზოგადოების რედიზაინი (2003)“ ისინი იყენებენ სისტემურ თეორიას ხელისუფლებისა და სამოქალაქო მოწყობის ახალი მიდგომების შესამუშავებლად. სწორედ ამ თეორიის მიხედვით, ავტორებს სჯერათ, რომ იდეალურად დაგეგმარებული ქალაქი ეს არის კვადრატული ქალაქი, რომელიც ოთხი ზომის ძირითადი დასახლებისგან შედგება:

 

ბლოკი – ქალაქის ის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 1/9 მილს (უფრო გასაგებად, დაახლოებით 587 ნაბიჯის რადიუსი) ფარავს და 150-200 მოსახლეზეა გათვლილი. თუმცა, ეს სრულად საკმარისია იმისათვის, რომ ბლოკი მიჩნეულ იქნას არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ ერთეულად. ბლოკი ადამიანისათვის, როგორც პირადი, ასევე გარკვეული დოზით, საჯარო სივრცის არსებობასაც ითვალისწინებს.

 

სამეზობლო – რვა ბლოკისაგან შედგება, რომელიც ერთი ცენტრის გარშემოა თავმოყრილი და ჯამში დაახლოებით 1200-2000 ადამიანს აერთიანებს. სამეზობლო ისეა დაგეგმარებული, რომ მასში შემავალი თითოეული ბლოკიდან, ცენტრამდე, ფეხით 10 წუთის სავალი გზაა, თან ისე, რომ ქუჩის გადაკვეთა არ მოგიწევთ. ეს საშუალებას აძლევს როგორც პატარა ბავშვებს, ასევე მოხუცებულებს,  დამოუკიდებლად და მშვიდობიანად ისეირნონ, იარონ მაღაზიებსა და სკოლებში, ქუჩის გადაკვეთასთან დაკავშირებული საფრთხეების გარეშე. ამასთან, აქ საცხოვრებელი სახლები ბაღებისა და რეკრეაციული ზონების გარშემოა განლაგებული, რაც სეირნობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის და ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნებას ხელს უწყობს. ცენტრში შოპინგთან ერთად, ისეთი სამთავრობო და სოციალური სერვისების მიღებაა შესაძლებელი, როგორებიცაა კლინიკა, საბავშო ბაღი და დაწყებითი სკოლა. დაწყებით სკოლას თავის მხრივ, აქვს აუდიტორიები, რომლებიც სამეზობლოს შეკრებებისათვის, კინოს სანახავად და სპორტული თამაშებისათვის ადვილად გამოყენებადია. გადაწყვეტილებები, იმის შესახებ, თუ რომელი სერვისები იქნება ცენტრში თავმოყრილი სრულიად დემოკრატიულად მიიღება, მეზობელი სამეზობლოების მოლაპარაკებების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახლო ტერიტორიებზე სერვისების დუბლირება.

 

სექტორი – რვა სამეზობლოს გაერთიანებაა საერთო ცენტრის გარშემო, რომლის მოსახლეობა 10 000 – 16 000 მდე ადამიანს აღწევს. სექტორის ცენტრში უფრო მრავალფეროვანი და ფართო ასორტიმენტის სერვისების მიღებაა შესაძლებელი: საშუალო სკოლა, საზოგადოებრივი ცენტრი, სახანძრო, პოლიცია და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ობიექტები. სექტორის ცენტრი და სამოქალაქო ტრანსპორტი 10-15 წუთის ფეხით სავალზეა განთავსებული სექტორში შემავალი თითოეული ბლოკისაგან და მაქსიმალურად ითვალისწინებს ყველა იმ მარშუტს, რომელსაც იქ მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად გადიან. სექტორში ერთი ან ორი ბლოკი ეთმობა მცირე მასშტაბის წარმოებას, ხოლო დანარჩენი ბლოკები აუცილებლად გამოიყენება რეკრეაციისა და განტვირთვისთვის.

 

რაიონი – რვა სექტორის საერთო ცენტრის გარშემო თავმოყრა წარმოადგენს რაიონს, რომლის მოსახლეობა 80 000 – 130 000 მდე ადამიანს აღწევს.  რაიონის ცენტრი უკვე ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან სერვისებს გვთავაზობს, როგორებიცაა: უმაღლესი სკოლა, კოლეჯი, სამთავრობო და სოციალური სერვის ცენტრი, პატარა სტადიონები, ინდუსტრიული, კომერციული და პროფესიული დაწესებულებები და ჯანდაცვის ცენტრი. ქალაქის მსგავსი დაგეგმარების პირობებში ჩვენი ავტორები გვპირდებიან, რომ რაიონის ცენტრამდე ფეხით მისასვლელადაც კი, მაქსიმუმ ნახევარი საათი დასჭირდება თითოეული იმ ბლოკის მოქალაქეს, რომელსაც ის ემსახურება.

 

ქალაქი – შესაბამისად რაიონების დაჯგუფება ერთი საერთო ცენტრით ჰქმნის მთლიანად ქალაქს, რომლის მოსახლეობა 640 000 – 1,2 მილიონამდე შეიძლება იყოს. სამეზობლოს დონეზე, მიწები, რომლებზეც მოსახლეობაა დასახლებული ან გამოყენებულია მოხმარებისათვის წარმოადგენს სამეზობლოს საკუთრებას. შესაბამისად სექტორის, რაიონისა და ქალაქის მიწები იმ ერთეულებს მიეკუთვნება, რომლის ცენტრებსაც ისინი წარმოადგენენ. სწორედ ამის გამო, მიწებზე საბოლოო კონტროლი ხელისუფლების ყველაზე დაბალი რგოლის ხელშია. ქალაქს, რაიონებსა და სექტორებს შეუძლიათ გამოიყენონ მიწის გარკვეული ნაწილი რეალური საბაზრო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის მესაკუთრისა და სამეზობლოს თანხმობას მოიპოვებენ.

 

 

 

იდეალური ქალაქის აღწერილი მოდელი, ზომიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მასშტაბებზე ძალიან კარგად მორგებადია, თუკი, რა თქმა უნდა, ოდესმე მოვინდომებთ ქალაქების მსგავსი სქემით დაგეგმარებას. მონდომებისთვის კი ვფიქრობთ, საკმარისია წარმოიდგინოთ ქალაქი, სადაც სწორი დაგეგმარება, ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს უმეტესად ფეხით იმოძრაონ და ამის შედეგად მინიმუმამდეა შემცირებული ავტომანქანების გამოყენების საჭიროება, რასაც ცალსახად განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, დროით რესურსსა და განწყობაზე. წარმოიდგინეთ ქალაქი, რომლის იერსახე მისი მაცხოვრებლების საერთო გემოვნებას გამოხატავს და ბიუჯეტის შევსების აუცილებლობას არ ეწირება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ეს წარმოდგენაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენში, ასეთ ქალაქში ცხოვრების სურვილმა, კიდევ ერთხელ გაიღვიძოს.

 

ამ სურვილის კვლავ გაღვიძებთ კი, ამ სტატიას გამართლებულად ჩავთვლით, რადგან გვჯერა, რომ სურვილები ყოველთვის გადადის შეიძლება სულ მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან მოქმედებებში. სწორედ, ერთი შეხედვით ისეთი მცირე მოქმედებები, როგორებიცაა, თუნდაც, მხოლოდ სადარბაზოს ჩვენი წილი ტერიტორიის მოვლა ან მაღაზიამდე ან აფთიაქამდე ფეხით ჩასეირნებაც კი, შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იყოს, რადგან თუ ერთი წუთით იმასაც წარმოიდგენთ, რომ ჩვენი მეზობლებიც მსგავსად იქცევიან, მიხვდებით თითოეული ადამინისაგან რა მცირე ძალისხმევაა საჭირო ქალაქის ოდნავ განსამუხტად. სიტყვამ „ოდნავ“ იმედი არ გაგიცრუოთ, რადგან სრულ უმოქმედობასთან შედარებით, თუ ოდნავი შედეგის მისაღებად განხორციელებულ მოქმედებებს ჩვევაში გადავიტანთ, ეს საბოლოო ჯამში ბევრად დააჩქარებს იმ სანატრელი მომავალი თაობის ფორმირებას, რომლის იმედადაც ვტოვებთ ხოლმე ასეთ საქმეებს და  დაეხმარება კიდეც ამ თაობას, დაუახლოვოს ჩვენი ქალაქი იდეალური ქალაქის ზემოთ აღწერილ დღეისათვის წარმოუდგენელ მოდელს.