GEO ENG
GEO ENG

სტატიები

იდეალური აქტივი

არიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ კითხვა, როგორ უზრუნველვყო ჩემი მომავალი კეთილდღეობა, როგორ უზრუნველვყო ჩემი ოჯახი ფინანსურად, მე რომ არ ვიყო ან მუშაობა ვერ შევძლო, ან როცა ვეღარ ვიმუშავებ, რა იქნება ჩემი ოჯახის არსებობის წყარო. რა დავუტოვო ჩემს შვილებს, რაც მათ ყველაზე მეტად გამოადგებათ, მათ შორის იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად გაეხარდებათ, რა გავაკეთო სანამ მუშაობა, ფიქრი და მოქმედება შემიძლია ამისთვის.

 

ბევრი მათგანი ხვდება, რომ  ძვირფასეულობა, ბინა, მიწა, ან სხვა უძრავი  თუ მოძრავი ქონება, ანაბარი ბანკში, უფრო იმის საშუალებაა, რომ ფული შეინახო იმდენი რამდენიც გაქვს იმისთვის, რომ მერე საჭიროების შემთხვევაში გაიყიდოს და გაიხარჯოს. არცერთი არ არის მათ შორის ისეთი, რომელსაც შეუძლია მზარდი კეთილდღეობის წყარო გახდეს, საგრძნობი, ცხოვრებისთვის საკმარისი  შემოსავალი მოგვიტანოს, თან ისე, რომ არ შემცირდეს ღირებულებაში, არ გაიხარჯოს.

 

ბანკები კი გვარიცხავენ ანაბრებზე პროცენტს, მაგრამ ცოტას,  ბინებს და კომერციულ ფართებს კი ვაქირავებთ, მაგრამ მათ ცალკე რუტინა მოყვება და არც თუ ისე სასიამოვნო და თან აქედან მიღებული შემოსავალიც, ისე ძვირია ეს ქონება გაქირავების ფასთან შედარებით, რომ ბანკის პროცენტს ბევრითაც არ აღემატება. ბინებიც, მიწაც და კომერციული ფართებიც ძვირდება, ზოგჯერ რადიკალურადაც, მაგრამ რაღაც ზღვრამდე და ისიც ვერ გაიგებ ამის მერე რას იზამს, როგორ და რამდენად გაძვირდება. თუმცა ამ კუთხითაც ძალიან შეზღუდულია აქტივების ღირებულების ზრდის შესაძლებლობა.

 

ალბათ ერთადერთი აქტივი, რომელსაც შეუძლია თვითონ თავის თავს გაუზარდოს ღირებულება, შემოსავლის და თან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდეს ისე, რომ არ გაიხარჯოს, არ შემცირდეს ღირებულებაში, იზრდებოდეს მუდმივად და გიზრდიდეს მიღებულ შემოსავალს და რომლის ზრდის და რომლის ღირებულების ზრდის რესურსი ისევე ამოუწურავია, როგორც ადამიანის შესაძლებლობები, და კიდევ უფრო მეტადაც, არის ორგანიზაცია, კომპანია, ფირმა, რომელიც ღირებულ საქმეს აკეთებს, რომელიც სწრაფად და ჭკვიანურად იზრდება და ვითარდება.

 

ასეთი ორგანიზაციის ფლობა ან თუნდაც მისი ნაწილის, თუ შეძლებ იპოვო და სწორად იყიდო, არის საუკეთესო გარანტია, რომ ბედნიერი სიბერე გექნება. იქამდე ის შენი მუშაობის პარალელურად გაიზრდება, გაძვირდება, მათ შორის შესაძლოა 10-ჯერ, 100-ჯერ და მეტადაც, საკმაოდ ბევრი მაგალითი არსებობს ამის, თუნდაც ჩვენთან, უკვე ახლაც და კიდევ ბევრი იქნება წინ. ასეთი კომპანიების წილების ფლობა ყველაზე მეტად გვამშვიდებს მომავალთან დაკავშირებით და სულ უფრო მეტად, რაც უფრო მეტს ვფლობთ ასეთს, რაც უფრო კარგად ვითარდება თითოეული.

 

თუმცა ასეთი კომპანიების პოვნას და შეფასებას უნდა ცოდნა, მათ ყიდვასაც რაღაცები სჭირდება და მათი ქონაც ითხოვს რაღაცების კეთებას, რომ მუდმივად დარწმუნებული იყო, არ შეგშლია და ყველაფერი საკმარისად კარგად მიდის. ამ სტატიაში გვინდა შეფასების შესახებ მოგიყვეთ, როგორ შეიძლება დავინახოთ ორგანიზაციაში ზრდის და მათ შორის ღირებულების ზრდის პოტენციალი, როგორ შევაფასოთ. როგორ გამოვიცნოთ კომპანია, რომელიც დიდი ალბათობით ძალიან გაიზრდება, დიდ და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს.

 

ადამიანები – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ორგანიზაციის პოტენციალის შეფასებისთვის, განსაკუთრებით დამფუძნებლები, აგრეთვე, უმაღლესი და საშუალო რგოლის ხელმძღვანელები და წამყვანი პროფილური კომპეტენციის სპეციალისტები. სანახავია, რა გამოცდილება აქვთ, რა განათლება და როგორია მათი რეპუტაცია. რამდენად იციან ის საქმე, რომელსაც აკეთებენ, რამდენად მოსწონთ და რამდენად ნიუანსების დონეზე ესმით. ამ ადამიანების ცოდნის და გამოცდილების შეფასება მათი ინდივიდუალური მიღწევების, კარიერის განვითარების ანალიზითაც შეიძლება.

 

სწორ ადამიანებს აქვთ უნარი საჭირო დროს იპოვონ, საჭირო გადაწყვეტილებები, თუმცა ამისთვის მარტო მათი ინდივიდუალური წარმატების ანალიზი საკმარისი არ არის. როგორც ფეხბურთში არ არის საკმარისი კარგი ფეხბურთელების ყოლა ხანგრძლივი წარმატების მისაღწევად.

 

ორგანიზაციის ფილოსოფია, ფასეულობები, პრინციპები, ღირებულებები, რომლითაც ორგანიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში ძირითადად ხელმძღვანელობს, ყველაზე მეტად განსაზღვრავს განსაკუთრებით გრძელვადიან წარმატებას. რამდენად ცხადია ეს ღირებულებები მენეჯმენტის და თანამშრომლების დონეზე, რამდენად ეთიკურია, საზოგადოებრივი სარგებლის შექმნაზე ორიენტირებული და რამდენად დაცულია ეს პრინციპები ყოველდღიურ ქმედებებში, რამდენად მყარად არის გამჯდარი ადამიანებში სტრუქტურის ყველა დონეზე, იმდენად მყარი და სტაბილური იქნება ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში.

 

ძლიერი კულტურის ორგანიზაციები დიდხანს ძლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად გაიზრდება, ამისთვის კიდევ სხვა რაღაცებია საჭირო.

 

სტრატეგია, განსაკუთრებით ზრდის სტრატეგია, ანუ როგორ გეგმავს ორგანიზაცია რომ გაიზარდოს მომდევნო 1-3-5 და სასურველია მეტი წლის განმავლობაში, ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ორგანიზაციის პოტენციალის შეფასების პროცესში. თუ ორგანიზაციის მენეჯმენტს არ შეუძლია თუნდაც ძალიან არაპროფესიონალი, სფეროში ჩაუხედავი ადამიანებისთვის გასაგებად ახსნას რა მიზნები აქვს, როგორ აპირებს გაზარდოს შემოსავლები შემდეგი თვეების და წლების განმავლობაში, როგორ აპირებს განავითაროს ასორტიმენტი, როგორ აპირებს უზრუნველყოს პროდუქტის და მომსახურების მზარდი ხარისხით მომხმარებლების კმაყოფილება, როგორ აპირებს მომგებიანობის ამაღლებას ისე, რომ ხარჯებმა არ გაასწროს შემოსავლებს და რომ გრძელვადიანი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის ორგანიზაციას საკმარისი მოგება ექნება, საიდან აპირებს მენეჯმენტი დააფინანსოს ზრდა, საბრუნავი სახსრები მოიტანოს ამისთვის და ა.შ.

 

თუმცა სტრატეგიის სიცხადე კიდევ არ არის საკმარისი პირობა, რომ ის განხორციელდება. ამას სჭირდება უკვე დღეს ცხადად ჩანდეს, როგორ და ვის შორის არის ამაზე გადანაწილებული პასუხისმგებლობა.

 

სტრუქტურა, ყველაზე მეტად განსაზღვრავს ალბათ ორგანიზაციის წარმატებას იმ ადამიანების, ფასეულობების და სტრატეგიის პირობებში, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია. ჰყავს თუ არა მმართველი საბჭო, რამდენად ცხადად არის პასუხისმგებლობები განაწილებული პირველ რიგში მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის. ასევე დანარჩენ ორგანიზაციაში, მათ შორის პირველ რიგში სტრატეგიულ ამოცანებზე, რამდენად სათანადოა მათი ძალაუფლება, იმდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ ორგანიზაცია მოახერხებს უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გაჩნდება და გემივით წაიყვანს კომპანიას დანიშნულების ადგილამდე, იმის მიუხედავად როგორი ქარი და ტალღები შეხვდება გზაზე.

 

სტუქტურის შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, როგორი მიმართულება აქვს ორგანიზაციაში ინიციატივებს, მოდის თუ არა იდეები და ინფორმაცია შეფერხებების გარეშე ქვემოდან ზემოთ, რამდენად მოტივირებულად და აქტიურად არიან რიგითი ადამიანები ჩართული გადაწყვეტილებების გენერირების და მიღების პროცესში. იქ, სადაც ასეთი ჩართულობა მაღალია, უფრო დიდია იმის შანსი, რომ ორგანიზაცია უფრო მეტ, უფრო სწორ, საინტერესო და მრავალფეროვან გადაწყვეტილებას მიიღებს და განხორციელებითაც უფრო სწრაფად და ადვილად განახორციელებს. შესაბამისად უფრო სწრაფადაც გაიზრდება და განვითარდება.

 

თუმცა ადამიანებისთვის ცხადი ამოცანების მიცემა და პასუხისმგებლობის და ძალაუფლების სწორად გადანაწილება კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სინქრონულად, ხმაშეწყობილად იმუშავებენ.

 

პროცესები, განსაკუთრებით კი განვითარების პროცესები ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ორგანიზაციის პოტენციალის სწორად შესაფასებლად. როგორ არის აწყობილი და მოწყობილი ასორტიმენტის განვითარების, ხარისხის კონტროლის და განვითარების, გაყიდვების, რისკების მართვის, კადრების შერჩევის და განვითარების, შიდა ორგანიზაციული პრობლემების და გარე შესაძლებლობების ძიების და მათზე რეაგირების პროცესები, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კომპანიის მიერ დროის და სხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენების ალბათობას. რაც უფრო გასაგებად მარტივია პროცესი და ცხადად ხვდები, რომ აუცილებლად გამოიწვევს ზრდას, მით უფრო დიდია შანსი, რომ დროითი და სხვა რესურსების გამოყენებას ეს ორგანიზაცია სხვებზე უკეთ მოახერხებს.

 

****

 

ძლიერი ბრენდი, მაღალი მოგება, ბაზრის დიდი წილი პოტენციალს არ აფასებს, ესენი უფრო დამდგარი შედეგებია, რაც კომპანიის ღირებულებაში ასახულია უკვე დღეს. ის, ვინც მხოლოდ ამ კრიტერიუმებით აფასებს კომპანიებს, ადამიანების იმ არმიას უერთდება, რომელიც იგივეს აკეთებს, შესაბამისად ფასსაც უფრო მაღალს იხდის და მოგებაც უფრო ნაკლები რჩება. ვინაიდან პოტენციალს კი არა, უკვე დამდგარ შედეგს ყიდულობს მხოლოდ.

 

არადა არც ძლიერი ბრენდი, არც დიდი მოგება, არც ზომა, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ეს კომპანია კიდევ უფრო გაიზრდება და ღირებულებაც გაეზრდება. ყველაზე დიდ მოგებას ხომ სხვებისთვის უხილავი და შემდგომში რეალიზებული პოტენციალი იძლევა.

 

ყველაზე დიდ მოგებას ის ადამიანები ნახულობენ, ვინც მხოლოდ დამდგარი შედეგებით კი არ აფასებს კომპანიის ღირებულებას, არამედ სწორედ ადამიანებს, ფილოსოფიას, სტრატეგიას, სტრუქტურას, პროცესებს აანალიზებს და მათში ცდილობს როგორც საშუალო, ისე გრძელვადიანი შედეგები დაინახოს. ასეთი ინვესტორები იხდიან ფულს იქ და იმდენს, სადაც და რამდენსაც სხვა არ იხდის და შედეგსაც ყველაზე მნიშვნელოვანს იღებენ.

 

ალბათ იკითხავთ და რა თქმა უნდა ლოგიკურადაც, საიდან უნდა მივიღოთ ინფორმაცია და როგორ გავაანალიზოთ საიმისოდ, რომ ყველა ამ საკითხის სწორად შეფასება შევძლოთ. იქ ინვესტირება უფრო გამართლებულია, სადაც ეს ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომია. მენეჯმენტი, რომელიც მინიმუმ პოტენციურ ინვესტორებს მაინც ვერ აძლევს ამ ინფორმაციას, სავარაუდოდ მას არც თვითონ ფლობს, რაც მის პოტენციალზე ცუდად მეტყველებს, მიუხედავად იმისა რამხელა მასშტაბი და მოგება არ უნდა ჰქონდეს დღეს.