GEO ENG
GEO ENG

სტატიები

თითქმის იდეალური გუნდი

ისინი შვიდნი არიან და არ ჰყავთ ხელმძღვანელი. მათი საქმიანობის მიზანი არ არის ფული და არ რაოდენობრივ მიზნებს ისხავენ. მათ შორის არ არსებობს შრომის დანაწილება, ყველას შეუძლია აკეთოს ყველაფერი და ყველა აკეთებს კიდეც ყველაფერს.

 

საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები, რომელსაც ისინი აღწევენ, შესაშურია ბევრი გაგებით.

 

არ ვიცი, როგორ გახდა ეს გუნდი ასეთი, მაგრამ შემიძლია მოგიყვეთ, როგორ მუშაობს ის ახლა და გამოვყო, ჩვენი აზრით, მისი რომელი თავისებურებები განაპირობებენ ყველაზე მეტად წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი არც კომერციული ორგანიზაციაა, არც არასამთავრობო და არც სამთავრობო, ვფიქრობთ, ბევრისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო და ღირებული ის პრინციპები და მეთოდები, რომლითაც მისი წევრები მოქმედებენ.

 

პირველი და ალბათ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გუნდს ფაქტიურად არ ჰყავს ხელმძღვანელი, თუმცა არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული იერარქია, სადაც ადამიანები იმის მიხედვით არიან განლაგებულნი, თუ რამდენი იციან, რამდენს აკეთებენ (მათ შორის შავ საქმეს) და რამდენად კარგად აკეთებენ მას. რაც უფრო მეტი იცის, მეტს და უკეთესად აკეთებს წევრი, მით უფრო დიდია მის მიმართ პატივისცემა, მით უფრო დიდია მისი გავლენა გუნდის გადაწყვეტილებებზე და მით უფრო ავტორიტეტულია მისი სიტყვა. ეს, როგორც ჩანს, ტრადიციულად ჩამოყალიბდა ასე. სწორედ ამიტომ, ერთის მხრივ, ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ისწავლოს, მეტი და უკეთ აკეთოს და ამით მიაღწიოს გუნდში მეტ პატივისცემას, ავტორიტეტს და გავლენას მიმდინარე გადაწყვეტილებებსა და პროცესებზე. ხოლო მეორეს მხრივ, არ არსებობს ერთი ადამიანი, ვინც აფასებს დანარჩენებს, გადაწყვეტილებებს იღებს გაშვება–მიღებაზე, საქმის ამა თუ იმ გზით კეთებაზე. ეს წევრებს უმცირებს იმის მოტივს, რომ კონკრეტულად ვინმეს დასანახად ან მოსაწონად აკეთონ საქმე, ამავე დროს, ერთი ადამიანის არასტაბილური განწყობა არ ახდენს გავლენას გუნდის მუშაობის ხარისხის სტაბილურობაზე.

 

მეორე მნიშვნელოვანი და საინტერესო მახასიათებელია გუნდის წევრების რაოდენობა, რომელიც თითქმის არასდროს აღემატება შვიდს. ის ორი თუ სამი მოკლევადიანი პერიოდი, როდესაც, გარკვეული გარემოებების გამო, წევრთა რაოდენობამ ამ რაოდენობას გადააჭარბა, ძალიან მალე დამთავრდა ყველაზე სუსტი წევრების გუნდიდან წასვლით. როგორც ჩანს, რაც უფრო მეტი ადამიანია გუნდში, მით უფრო რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია მისი ეფექტიანობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ, როგორც კი გუნდის მუშაობის მახასიათებლები იწყებს გაუარესებას, სუსტი წევრები იწყებენ გუნდის დატოვებას, ეს მალე ზრდის მონოლითურობას დარჩენილ წევრებს შორის და გუნდიც ისევ ფორმაში დგება. აგრეთვე ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ ყოველთვის ასე ხდება, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა არ გახდნენ მერვე, რაც გუნდის ყოველდღიური მუშაობის შედეგებზეც დადებითად ისახება.

 

ამ გუნდის საქმიანობის მიზანი არ არის ფული და ეს, ალბათ, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაც მის ამ თითქმის იდეალურობას განაპირობებს. მისი წევრებისთვის მამოძრავებელია მხოლოდ საქმე, რომელსაც აკეთებენ; მისი მნიშვნელობისა და ღირსეულობის შეგრძნება. გუნდის ყოველმა წევრმა კარგად იცის, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ადამიანებისთვის, ვისთვისაც ისინი ამას აკეთებენ და მათ მიერ დაშვებულმა სულ მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა ძალიან დააზარალოს. ამის შეგნება ეხმარება გუნდის წევრებს, მაქსიმალური მონდომებით, დაკვირვებით აკეთონ ყოველდღიური საქმე. იყვნენ მობილიზებულები და სრულად ჩართულები სულ მცირე ნიუანსების დონეზეც კი. ეს მათი საქმიანობის შედეგს თითქმის ყოველთვის იდეალურს ხდის.

 

კიდევ ერთი განსხვავება, რაც ამ გუნდს სხვა წარმატებული გუნდებისგან გამოარჩევს არის ის, რომ აქ თითქმის არასოდეს ისახავენ რაოდენობრივ მიზნებს, არც საერთოს და არც ინდივიდუალურს წევრებისთვის. ალბათ, იმიტომ, რომ მიაჩნიათ – იდეალური რაოდენობრივი კრიტერიუმი რეალური შედეგის სრულფასოვნად შესაფასებლად არ არსებობს. ერთ–ერთი მაჩვენებლის განსაკუთრებულად გამორჩევამ და მასზე აქცენტის გაკეთებამ შედეგის ნაკლოვანება შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო ინდივიდუალური მიზნები ყველაზე კარგი საშუალებაა, მისცე ადამიანებს მოტივი და მიზეზი გუნდისგან ცალკე აღიქვან საკუთარი თავიც და საკუთარი როლიც ერთიან შედეგში. არაფერი ისე არ აზიანებს საერთო საქმეს, როგორც ასე განწყობილი წევრების რაოდენობა და საქმიანობა.

 

საინტერესოა ასევე ის, რომ ამ გუნდში არ არსებობს შრომის დანაწილება. ყველას შეუძლია აკეთოს ყველაფერი და ყველა აკეთებს კიდეც ყველაფერს. რა თქმა უნდა, არა ერთნაირად კარგად, მაგრამ სამაგიეროდ ბევრად უფრო სწრაფად მოქმედებენ. ერთი ადამიანის არ ყოფნა ფაქტიურად არანაირ გავლენას შედეგზე არ ახდენს ისევე, როგორც ადამიანების გუნდიდან წასვლა და ახლების მოსვლა. ვისთვისაც უფრო მოსახერხებელია საქმის ამა თუ იმ კომპონენტის გაკეთება, ის აკეთებს მას და მაშინვე, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა. საქმეც სწრაფად კეთდება და თან ყველა ჩართულია. ეს სწავლასაც აჩქარებს, შრომით კმაყოფილებასაც ზრდის და გუნდის პროფესიონალიზმის დონესაც. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოისინჯა საქმის განაწილება, მაგრამ ყველა ეს მცდელობა კრახით დამთავრდა, ვინაიდან პროცესები მაშინვე მოუქნელი გახდა, მოქმედებები შენელდა, ცალკეული წევრების მნიშვნელობა გაიზარდა. ამან გუნდის შედეგებზე, ყოველ ჯერზე, სულ უფრო დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა და შედეგად გადაწყდა, შეშვებოდნენ ასეთ ექსპერიმენტებს.

 

კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც ამ გუნდს გამოარჩევს არის ის, რომ აქ არასდროს აყავთ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები. ერთადერთი კრიტერიუმი მათ ასარჩევად არის ის, თუ რამდენად უნდა ამა თუ იმ ადამიანს გახდეს მისი წევრი. შესაბამისად, დიდი სურვილის შემთხვევაში, ადვილია ამ გუნდში მოხვდე, მაგრამ ძალიან რთულია შეინარჩუნო ადგილი, თუ ყველა იქ მოქმედ წესს არ დაემორჩილები, ისევე არ იმუშავებ, როგორც სხვები და ისევე არ ისწავლი, როგორც სხვები. ასეთ შემთხვევაში გამოგდებით არავინ გამოგაგდებს, მაგრამ შენ თვითონ მიხვდები, რომ უნდა წამოხვიდე, ვინაიდან შენს გამო არამარტო მიმდინარე საქმე ფუჭდება, არამედ ზოგადად გუნდში არსებული სიტუაციაც.

 

გუნდის წევრების შერჩევის ასეთ პრაქტიკას რამდენიმე საინტერესო შედეგი აქვს. აქ არიან სხვადასხვა გამოცდილების, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, რომლებისთვისაც ერთმანეთთან ურთიერთობა ამით კიდევ უფრო საინტერესო ხდება. მეორეს მხრივ, მათ აერთიანებთ საქმე, რომელიც მოსწონთ, რომლის მნიშვნელობაც ესმით და იმდენად ეამაყებათ ამ გუნდის წევრობა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ მის რიგებში დიდი ხნით დასარჩენად. აქ არ არიან ადამიანები, ვინც იმის გამო მოხვდნენ, რომ ბევრი იციან ამ საქმეში და შესაბამისად, არც იმის რისკი არ არსებობს, რომ ვინმე უკეთესი გუნდის ძებნას გააგრძელებს, ხოლო მისი პოვნის შემთხვევაში თავისით წავა და ამ წასვლით რაიმე დიდ ზიანს მიაყენებს საქმეს.

 

საინტერესოა ასევე ისიც, რომ გუნდის წევრები გარეთ არასოდეს ლაპარაკობენ არც კარგს და მითუმეტეს არც ცუდს სხვა წევრებზე, ან გუნდზე მთლიანად, არც საქმეზე, რომელსაც აკეთებენ. ყველგან არის რაღაც პრობლემები, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს გუნდი მას ყოველთვის აქვს რაღაც სისუსტე. ამ თემაზე ღია საუბარი გუნდის გარეთ, ფაქტიურად გამორიცხულია. ეს ერთის მხრივ, ზრდის წევრებში პრობლემის მოგვარების სურვილს, ხოლო მეორეს მხრივ, გარეშე ადამიანებისთვის არ ამცირებს გუნდში მოხვედრის მოტივაციას. პირიქით, დროში კიდევ უფრო ზრდის მას, ვინაიდან, ზოგადად, ადამიანებს უნდათ იყვნენ წარმატებული ორგანიზაციის ნაწილი და თვითონაც მონაწილეობდნენ მის წარმატებაში, ამაყობდნენ ამით და იმაღლებდნენ თვითშეფასებას. და ის, თუ რატომ არ ლაპარაკობენ გუნდის წევრები კარგს თავის გუნდზე და საქმეზე, რომელსაც აკეთებენ არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ თვლიან: მხოლოდ საქმე და მისი შედეგი მეტყველებს ყველაზე უკეთ იმაზე, რაც გუნდში ხდება, ხოლო საკუთარი ლაპარაკით, შესაძლოა, უფრო დააზიანო ობიექტური შეფასება, ვიდრე დაეხმარო მას.

 

დანარჩენი მახასიათებლებით ეს გუნდი, ალბათ, სხვა წარმატებული გუნდებისგან დიდად არ განსხვავდება. აქაც ურთიერთობები წევრების ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. აქაც ერიდებიან ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემას, ეხმარებიან და უმსუბუქებენ ერთმანეთს საქმეს. აქაც ადამიანებმა კარგად იციან, რომ სუსტი წევრი გუნდის სისუსტეა და ამიტომ ყოველი წევრი ცდილობს, ასწავლოს და დაეხმაროს ყველას, ვისი დახმარებაც და სწავლებაც შეუძლია. აქაც პასუხისმგებლობას იღებს ის, ვინც მეტი იცის და არავინ ცდილობს შეაწმინდოს ხელები სხვას, რომელიც მასზე ახალი და სუსტია. აქაც არავინ ცდილობს საკუთარი გავლენა შედარებით მძიმე და არასასიამოვნო საქმის სხვებისთვის დასავალებლად გამოიყენონ, პირიქით, ცდილობენ თვითონ გააკეთონ საქმის ეს ნაწილი ერთის მხრივ იმისათვის, რომ უკეთესი შედეგი მიიღონ, მეორეს მხრივ, კი მაგალითი აჩვენონ სხვებს, როგორ ჩუმად და უპრეტენზიოდ უნდა აკეთო საერთო საქმის ნებისმიერი ნაწილი და ამით კიდევ უფრო გაუზარდონ გუნდის სხვა წევრებს უფრო მეტი, უფრო რთული სამუშაოს უკეთესად კეთების სურვილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს სხვა წარმატებულ გუნდებთან მსგავსებაც ბევრი აქვს, ჩვენ მაინც განსხვავებები გამოვყავით. შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი იმ საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარეობს, რასაც ეს გუნდი ეწევა, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა, ბევრი სხვა, ჩვეულებრივი საქმით დაკავებული ჯგუფებისთვის აღმოჩნდეს საგულისხმო, საინტერესო და ღირებული მათი პრაქტიკა.