GEO ENG
GEO ENG

სტატიები

თბილისის ფუნქციური ლანდშაფტები

ქალაქის წარმატება რამოდენიმე მახასიათებელთან ასოცირდება: კარგი საცხოვრებელი პირობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მაცხოვრებლების დასაქმების მაღალი დონე. თუმცა ეს ქალაქის კეთილდღეობის დონის ტიპური განმსაზღვრელი მახასიათებელია. და მაინც, ქალაქის ფუნქციურად განვითარებაში ყველაზე დიდი როლი სახელმწიფოსა და ქალაქის მერიას აქვს. სახელმწიფომ უნდა მოიყვანოს ქალაქის სტრატეგია მთელი ქვეყნის სტრატეგიასთან შესაბამისობაში, ხოლო მერიამ კი ეს სტრატეგია აქციოს კონკრეტულ ნაბიჯებად. რა ალტერნატივები აქვს ამჟამად თბილისს, რაც ფუნქციონალურად უფრო ღირებულს გახდიდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის?

 

 

თბილისს თავისი გამორჩეული ფუნქცია ჰქონდა: ძირითადად საგანმანათლებლო, კულტურული და ბიზნეს კუთხით და მას საკმარისი ისტორიული გამოცდილება აქვს დაგროვილი ამ მხრივ. თბილისზე გადიოდა ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზა – 2 ცივილიზაციის დამაკავშირებელი ხიდი. აქ გაიხსნა პირველი დრამატული თეატრი რეგიონში. პირველი ოპერა კავკასიის მასშტაბით სწორედ აქ ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც, 1918 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა, თბილისი გახდა პირველი საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიაში. 1922-1936 წლებში თბილისი გამოცხადდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქად, სადაც საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთიანდებოდნენ. თბილისი, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილად არის მიჩნეული. ამის მაგალითად, ხშირად მოჰყავთ, ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდზე მდგარი, მეჩეთი, სინაგოგა, გრეგორიანული თუ მართლმადიდებლური ეკლესიები.

 

ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისს ბევრი ფუნქცია ჩამოსცილდება და ქვეყნის სხვა ქალაქებზე ნაწილდება: ეს ქალაქს აძლევს იმის საშუალებას, რომ არსებული რესურსი გამოიყენოს და დახარჯოს იმაზე, რაც მეტად პერსპექტიულია. თბილისის ცხოვრება ამ შემთხვევაში საგრძნობლად შეიცვლება და უფრო დაემსგავსება წარმატებული ქალაქის მახასიათებლებს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე აქ მაცხოვრებლებისთვის.

 

თბილისი შეძლებს გახდეს რეგიონის (რეგიონში იგულისხმება არამარტო კავკასია, არამედ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნები) ცენტრი, თუ ქალაქისთვის ღირებული მიმართულების განვითარებაზე მოახდენს კონცენტრირებას და მუდმივად გააგრძელებს მათ სტიმულირებას. შევეცდები ვუპასუხო, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ამ მიმართულებებში და რა უნდა გააკეთონ სახელმწიფომ და მერიამ ამისთვის.

 

 

თბილისი, როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი

 

ვფიქრობ, რომ რეგიონის ისტორიული გამოცდილება და არსებული საგანმანათლებლო ცენტრები, უფრო კონკრეტულად უმაღლესი სასწავლებლები თბილისს აძლევს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით გააქტიურების შემთხვევაში წამყვანი როლი დაიკავოს რეგიონსა თუ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ცენტრის როლის მოპოვებასა და შენარჩუნებას, ის სწავლების დასავლურ სტანდატერბზე გადასვლით, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფითა და მისაღები ღირებულების დაწესებით შეძლებს. მერიის როლი ამ შემთხვევაში მოდის სტუნდენტებისთვის შეღავათიანი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე და მეორე მხრივ უნივერსიტეტების ხელშეწყობაზე – სათანადო ინფრასტრუქტურა შექმნან სტუნდეტურ საცხოვრებლებში.

 

სწავლების დასავლური სტანდარტები

 

დღეს თბილისის უნივერსიტეტების ნაწილი ბოლონიის პროცესის წევრია [ეს არის ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლობისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის] და ევროპისა თუ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს. ეს ზოგადად კარგი ტენდენციაა, თუმცა საჭიროა ძირეული ცვლილებების განხორციელება სწავლების სისტემის სრულყოფისთვის. ეს ნიშნავს, რომ სასწავლო პროგრამა შეესაბამებოდეს დონით სხვა წარმატებული საგანმანათებლო დაწესებულებების გამოცდილებას. ამის მაგალითად, შეგვიძლია ტალინის უნივერსიტეტი მოვიყვანოთ, რომელიც არათუ ბალტიისპირეთის, არამედ პოსტ–საბჭოთა ქვეყნების საუნივერსიტეტო ქალაქს წარმოადგენს, რომლის დიპლომიც აღიარებული და ავტორიტეტულია სხვა ქვეყნებშიც.

 

გარდა პროგრამებისა და კურიკულუმების მაღალ პროფესიონალურ დონეზე დაგეგმვისა, სწავლა უნდა გახდეს ოფიციალურად ორენოვანი: ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სპეციალობისთვის გაკეთდეს ინგლისურენოვანი ჯგუფი, რაც აქ მსწავლელთა მსურველების რაოდენობას საგრძნობლად გაზრდიდა. მითუმეტეს, თუ დიპლომიც საერთაშორისო სტანდარტებით იქნებოდა აღიარებული. კურსდამთავრებულებს კი ჰქონდეთ პერსპექტივა საკუთარ ქვეყანაში დასაქმების ან ახალი ბიზნეს–ინიციატივების წამოწყების. ამისთვის წინასწარ უნდა დაიდოს შეთანხმება, რომ უზრუნველოფილ იქნას აქ ჩამოსული სტუდენტების უკან დაბრუნება და მოხდეს ხელშეწყობა, რომ მათ მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის, ქალაქის განვითარების სამსახურში ჩააყენონ.

 

საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა

 

განახლდეს, გარემონტდეს და მოპირკეთდეს უნივერსიტეტების მფლობელობაში არსებული სასწავლო კორპუსები, სადაც სტუდენტებს ექნებათ ყველა პირობა იმისათვის, რომ იცხოვრონ და ისწავლონ. ასევე, უნივერსიტეტებმა იზრუნონ საკუთარი ბიბლიოთეკების გამრავალფეროვნებაზე, ლიტერატურა ხელმისაწვდომი იყოს რამოდენიმე ენაზე და ინფრასტრუქტურულადაც შეესაბამებოდეს იმ სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ. ამასთან, უნდა არსებობდეს ისეთი საუნივერსიტეტო ქალაქი – campus ან პატარა სტუნდეტური საცხოვრებლები, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან უსაფრთხოების სისტემითაც და სტუდენტისთვისაც კომფორტული იქნება იქ ცხოვრება.

 

მისაღები ღირებულება

 

უნივერსიტეტში, პირობითად, აზერბაიჯანიდან ან მოლდოვიდან ჩამოსვლა და აქ სწავლა უნდა იყოს შესაბამისი იმ ხარჯებთან, რასაც ერთ სტუდენტზე დახარჯავს უნივერსიტეტი ან საშუალოდ რამდენიც ერთ სტუდენტს დასჭირდება. ეს ღირებულება მისაღები უნდა გახდეს მისთვის, ისე რომ მომავალში დამაბრკოლებელ ფაქტორად არ გადაიქცეს. შესაძლოა ქვეყნებს შორის გაკეთდეს სახელმწიფო გრანტებით თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამები, როცა წარმატებულ სტუდენტებს დააფინინანსებენ თბილისის რომელიმე კონკრეტულ უნივერსიტეტში სასწავლებლად.

 

თბილისი, როგორც რეგიონის კულტურულ–გასართობი ცენტრი

 

არქიტექტურული განვითარება, კუტურული გამოცდილების მრავალფეროვნება და გასართობი ცენტრების სხვადასხვაობა საშუალებას აძლევს თბილისს გახდეს მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ქალაქი რეგიონში. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ჩამოსვლა კუტურული ადგილების მოსანახულებლად თუ ღონისძიებებზე დასასწრებად სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს სტუმარს. ამისთვის სათანადო ყურადღება და რესურსები დასჭირდება მერიის მხრიდან, რომ თბილისში თანაბრად განვითარდეს კულტურისა და გართობის სხვადასხვა სახეობები.

 

ქალაქმა უნდა ითაოს პრემიერების გახსნა, რომელიც ცნობილი გახდება რეგიონის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ხელოვანები სტუმრობენ ქართულ ოპერასა თუ თეატრს. ანალოგიურად ჩატარდეს ერთობლივი ღონისძიებები: კონცერტები, ფოლკლორული ფესტივალები, კამპანიები “შეხვდი დღესასწაულს თბილისში“. მერიის როლი გადამწყვეტი იქნება ბიზნესგარემოს შექმნაში. უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც წაახალისებს ბიზნესმენებს, რათა ინვესტორებმა ახალი გასართობი თუ დასასვენებელი ცენტრები გახსნან აქ. ასევე საგადასახადო კუთხითაც უნდა ქონდეთ ხელშეწყობა, რომ მათთვის ბიზნესი ნაკლებად იყოს დაკავშირებული ბიუროკრატიულ პროცედურებთან. ამის წინაპირობაა გადასახადების მინიმუმამდე შემცირება, ან საერთოდ გაუქმება.

 

ქალაქის ინფრასტრუქტურა

 

ქალაქის კვებისა და დასვენების ობიექტების სიმრავლე და ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს თბილისის ცენტრად ჩამოყალიბების გეგმას. შეიქმნას რეკრეაციული ზონები ქალაქის ცენტრის გარშემო პიკნიკისთვის, სასეირნოდ, სავარჯიშოდ. სათანადოდ გამოყენებულ იქნას ქალაქის ბუნებრივი რესურსები, წინათ რომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა: გოგირწყალბადიანი თერმული მიწიდან ამოსული სამკურნალო წყალი და დაიწყოს გოგირდის აბანოების რეკონსტრუქცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისდეს სამვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა, რომლითაც ისარგებლებენ ძირითადად ახალგაზრდები, სტუდენტები ან კიდევ ოჯახები.

 

გასართობი ადგილები

 

აქ ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ ფართო არჩევანის საშუალება სად წავიდნენ და გაერთნონ. ამ ნაწილშიც სახელმწიფომ უნდა წაახალისოს გასართობი ადგილების განვითარება და გაფართოება. ამჟამად, ახვლედიანის ქუჩა ამის მაგალითია, სადაც განთავსებულია ერთმანეთის გვერდით მდებარე ბარები, რომელიც საღამოობით მუდმივად სავსეა, უკრავს ცოცხალი მუსიკა და ყველამ იცის, რომ თუ სურს პაბის გარემოში დროის გატარება უნდა მიაკითხოს ახვლედიანის ქუჩას. ამ კუთხით (კლუბების, ბიზნეს შეხვედრების, კაზინოების ქუჩა) შეიძლება ქუჩების განვითარება. დამსვენებელს ექნება ფართო არჩევანი გართობის ტიპებს შორის. აქამდე ხშირად მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ აზარტული თამაშების ტურიზმით დაგვეწყო მოგების ნახვა, ძირითადი მომხმარებლები მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლები იქნებოდნენ.

 

თბილისი, როგორც რეგიონის სამედიცინო ცენტრი

 

სამედიცინო ტურიზმი რეგიონის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლონ სამედიცინო, სარეაბილიტაციო მომსახურებით, აირჩიონ მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიები – მისაღები ფასებითა და მაღალი სტანდარტებით. ამ ყველაფერს კი უნდა ამყარებდეს მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და კვალიფიციური კადრები. მერიის როლი ამ შემთხვევაში იქნება, საერთაშორისო ფონდებთან თუ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მოიპოვოს გრანტები, დაფინანსება სამედიცინო ცენტრების რეაბილიტაციით თუ ახალი აპარატურის აღჭურვით. დაეხმაროს მსგავს ცენტრებს დაბალი პროცენტით აიღონ სესხი ახალი ინვენტარის შესაძენად.

 

თბილისის საავადმყოფოები პროფილების მიხედვით უნდა აღიჭურვოს საჭირო დანადგარებითა თუ საკვლევი აპარატურით, ისე რომ რეგიონიდან გასვლა უკიდურეს შემთხვევაში უხდებოდეს აქაურ მოსახლეობას. აქ ჩამოსულ ავადმყოფებს უახლესი ტექნიკის გამოყენებით მკურნალობდნენ, რომელიც იქნება უნიკალური რეგიონში და კონკურენტული დასავლეთთან. ამ შემთხვევაში არჩევანს რეგიონის მოსახლეობა გააკეთებს თბილისის საავადმყოფოებზე. მას სამედიცინო მომსახურების ღირებულება შედარებით ნაკლები დაუჯდება, იმასთან შედარებით, რომ წავიდეს, მაგალითად, გერმიანიაში და იქ იმკურნალოს. ასევე, ამოქმედდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის და საჭირო სატრანსპორტო მომსახურებითაც გახდეს უზრუნველყოფილი.

 

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს დიაგნოზის დასადგენად, სამკურნალოდ და ოპერაციის გასაკეთებლად ზოგადი ქირურგიის, თვალის დაავადებების, ონკოლოგიის, კარდიოლოგიის და მედიცინის მრავალ სხვა დარგში. გარდა ამისა, ასეთი მოგზაურობის მთავარი მიზეზებია – მკურნალობის ნაკლები ხარჯები, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება და უფრო მაღალკვალიფიციური კადრები. ამის სამაგალითო მოდელად შესაძლებელია ავიღოთ ისრაელის რამოდენიმე ქალაქი, სადაც სამედიცინო მომსახურება არის საკმაოდ განვითარებული (რომ არაფერი ვთქვათ ჯანდაცვის ტურიზმზე). ხდება დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმის შედგენა პაციენტის ჩასვლამდე, შემდეგ – მკურნალობა; ასევე ისინი სთავაზოვბენ დამატებით მომსახურებას: ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას სურვილის შემთხვევაში; სასტუმროს ჯავშანს, საექსკურსიო და კულტურული პროგრამით უზრუნველყოფას და ა.შ.

 

სამედიცინო ცენტრად სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია ასევე ამოქმედდეს ლაბორატორიები, სადაც მოხდება სხვადასხვა დაავადებების გამოკვლევა. ასევე ლაბორატორიები, რომ დაამზადებენ წამლებს და ექსპორტს მოახდენენ, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ასევე რეგიონშიც.

 

–  –  –

 

ამ გეგმის თუნდაც რომელიმე ერთი მიმართულების განვითარებით, თბილისს ენიჭება გამორჩეული ფუნქცია, რაც აძლევს ქალაქს იმის საშუალებას, რომ დაიკავოს გამორჩეული ნიშა არამარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამ იდეის განხორციელებისთვის ბევრი კონკრეტულის გაკეთებაა საჭირო – ქვეყნის სტრატეგიული გეგმის თანხვედრაში მოყვანა ქალაქის განვითარების გეგმასთან და ამას, რა თქმა უნდა, ერთ სტატიაში ვერ ჩავატევთ, ეს მხოლოდ ნაწილია იმ იდეებისა, თუ რა ფუნქციური დატვირთვა შეიძლება შეიძინოს ქალაქმა.