GEO ENG
GEO ENG

სტატიები

დამზადებულია საქართველოში – ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა

ექსპორტის ხელშეწყობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში არავისთვის სადაო არ არის. რთულია, უბრალოდ, იმ ეფექტური გზების მოძებნა, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლება. დამზადებულია საქართველოში – ერთ–ერთი ყველაზე ქმედითი პროგრამა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს ექსპორტის სტიმულირებისათვის.

დამღის შექმნა შესაბამისი დასახელებით, რომელსაც აქტიური რეკლამა გაუკეთდება და რომლის გამოყენება მხოლოდ ღირსეული კომპანიების ყველაზე საუკეთესო პროდუქტებზე იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის განვითარებას.

 

 

საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის პოზიციონირება

 

პირველი, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ პროგრამის სწორად განხორციელებისათვის საქართველოს და მასში წარმოებული პროდუქციის სწორი პოზიციონირება უნდა იყოს საერთაშორისო მომხმარებლის თვალში. ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია ამ მიმართულებით, შესაძლოა, აქცენტის ჯანმრთელ პროდუქტებზე გაკეთება აღმოჩნდეს. ანუ „ჯანმრთელი პროდუქტები ჯანმრთელი ქვეყნიდან“ შეიძლება იყოს ეფექტური გზა პოტენციური მომხმარებლების ცნობიერებაში დიდი ხნით დასარჩენად.

 

სამწუხაროდ, წარმოების დიდი მოცულობების მიღწევას, რაც აუცილებელია მასშტაბის ეფექტისათვის და შესაბამისად, საფასო ბრძოლაში მოსაგებად, თითქმის ვერც ერთ დარგში შევძლებთ. პრობლემატურია მუშახელის კვალიფიკაციაც, რაც, აგრეთვე, ხარისხიანი პროდუქტის და მომსახურების წარმოების შესაძლებლობას დიდი ხნით, ასევე თითქმის ვერც ერთ დარგში მოგვცემს. ყველაზე ღირებული, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის ჩვენი ბუნება, ჩვენი მდებარეობა, ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ისტორია. ამ ყველაფრის გამოყენება კი ყველაზე ეფექტურად სწორედ ჯანმრთელ პროდუქტებად პოზიციონირების შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი.

 

დამღის პოპულარიზაცია

 

პროგრამის საუკეთესო შედეგებით განხორციელებისათვის საჭირო იქნება ლამაზი, ეფექტური და პოზიციონირების სტრატეგიის შესაბამისი ბრენდის შექმნა, რომლის პოპულარიზაცია მედიის გლობალური საშუალებებით უნდა მოხდეს. მსოფლიო მასშტაბის და დონის სატელევიზიო არხები, ვებსაიტები, გაზეთები და ჟურნალები სწრაფად შექმნის ახალი ბრენდის ცნობადობას.

 

ამისათვის კი საჭირო იქნება ძლიერი, საუკეთესო რეპუტაციის მქონე, გლობალური საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება, რომელიც ამ ბრენდის შექმნას და დანერგვას უხელმძღვანელებს.

 

იმისათვის, რომ პროგრამა ხანგრძლივი და წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა დამღის მოსაკრებლების არსებობა, რომელსაც ის ექსპორტიორები გადაიხდიან, რომლებიც მას საკუთარი პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისათვის გამოიყენებენ.

 

თავდაპირველ ეტაპზე ეს მოსაკრებელი დიდ შემოსავლებს ვერ მოიტანს, თუმცა ბრენდის გაძლიერების კვალობაზე გაიზრდება მისი მნიშვნელობა გაყიდვებში. ეს ბევრი კომპანიისათვის გახდის სასურველს, გადაიტანოს დამღა საკუთარ პროდუქციაზე, ხოლო აღნიშნული მოსაკრებელი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდება. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი კი ისევ დამღის პოპულარიზაციაზე უნდა დაიხარჯოს.

 

ხარისხის უზრუნველყოფა

 

პროგრამის გრძელვადიანი წარმატებისათვის მნიშვნელოვანია დამღის მატარებელი პროდუქციის მაღალი ხარისხი. თუმცა საგულისხმოა, რომ სახელმწიფოსთვის ამ მიმართულებით ხარისხის კონტროლზე მინიმალური ძალა და რესურსები უნდა იხარჯებოდეს.

 

ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მისი გაცემა მოხდება მხოლოდ იმ დარგებში, სადაც ჩვენ გვაქვს კონკურენტუნარიანი, მართლაც ჯანმრთელი პროდუქციის და მომსახურების შექმნის შესაძლებლობა და სადაც ეს მახასიათებელი პროდუქტისათვის ბაზარზე წარმატების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს (გადამამუშავებელი წარმოება, მსუბუქი მრეწველობა, ბავშვთა კვება, სოფლის მეურნეობა, ავეჯის, სათამაშოების და სხვა სახის წარმოება).

 

მეორეს მხრივ, დამღის „დამზადებულია საქართველოში“ პროდუქტზე დატანის უფლება უნდა მიიღონ მხოლოდ უკვე წარმატებულმა კომპანიებმა, რომელთა პროდუქციამ უკვე მოიპოვა აღიარება ამა თუ იმ ქვეყანაში. შესაბამისად მისი გამოყენება უნდა შეიძლებოდეს ექსპორტის სწრაფი გაფართოვებისათვის და არა მის ნოლიდან დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ბრენდის გაფუჭების რისკიც უფრო ნაკლები იქნება და მისი მართვა – ადმინისტრირებაც გაცილებით ნაკლებ რესურსს მოითხოვს. ეფექტი კი მაინც დიდი ექნება.

 

მიუხედავად ამის, საჭირო იქნება ყველა იმ კომპანიის მენეჯმენტის შემადგენლობა და მართვის სისტემები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს მიიღონ პროდუქციაზე დამღის დატანის უფლება, როგორც თავდაპირველად, ისე შემდგომში, ყოველწლიურად ფასდებოდეს სპეციალური, ამ მიზნით შემუშავებული შეფასების სისტემით. ეს შესაძლებელს გახდის ბრენდის დიდ ხანს შენარჩუნებას, მისი მნიშვნელობის, ღირებულების გაზრდას და შესაბამისად, მისი საშუალებით ექსპორტის ზრდის რეალურ ხელშეწყობას.

 

„დააბანდე საქართველოში (Invest in Georgia)“ კამპანიაზე ბევრი ფული და დრო დაიხარჯა, თუმცა, სწორად განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკისათვის ბევრად უფრო ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ კამპანია „დამზადებულია საქართველოში“, რომელიც თვით ინვესტორებისთვისაც კი გაცილებით უფრო საინტერესოს გახდის საქართველოს, ვიდრე პირველი. ვინაიდან ფულის დაბანდება იქ, სადაც მხოლოდ იურიდიული პროცედურებია გამართული და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს, შეიძლება ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდეს, ვიდრე იქ, სადაც ამასთან ერთად წარმოებული პროდუქციის გასაღების უკეთესი შესაძლებლობებიც იქნება.