GEO ENG
GEO ENG

სტატიები

დაისაქმე თავი შენით

ერთი ჩემი მეგობრის ნაცნობი, კახეთში რომ ძალიან გაჭირვებულა ცხოვრება, თბილისში წამოსულა ოჯახისთვის სარჩოს საშოვნელად. რამდენიმე დღის აქეთ-იქით უშედეგოდ სიარულის შემდეგ მთაწმინდაზე ასულა და პანთეონიდან გადმოუხედავს. რომ დაუნახავს ჟანგი ჭამდა სახლების სახურავების უდიდეს ნაწილს, რამოდენიმე კაცი დაუქირავებია, საღებავები უყიდია და ეზოების კარდაკარ შემოვლა დაუწყია სახურავების შეღებვის შეთავაზებით.

 

ბევრი სტუდენტი, დიასახლისი, უბრალოდ უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ფიქრობს რა აკეთოს, როგორ იშოვოს სამსახური, ან როგორ ირჩინოს თავი და თუ ვერ გამდიდრდება ის მაინც მოახერხოს, რომ პირადად მისი და მისი უახლოესი ადამიანებისათვის საარსებო სახსრები გამოიმუშავოს. ის გზა, რომელიც ამ სტატიაშია მოცემული იქნებ ოდნავ მაინც დაგეხმაროთ ამაში.

 

 

ნებისმიერი წარმატებული საქმე სხვებზე ზრუნვას, მათთვის სარგებლის შექმნას ეფუძნება. თუ ჩვენ ამ სარგებლის შექმნას ვახერხებთ, მაშინ გზები, როგორ მივიღოთ ამის სანაცვლოდ სარგებელი ჩვენც, აუცილებლად გამოჩნდება (თუმცა ყოველთვის არა მაშინვე). ამიტომ პირველ რიგში იმაზე ფიქრი აჯობებს დავიწყოთ, ვისთვის გვინდა ვიმუშაოთ, ვისთვის გვინდა ჩვენი საქმიანობით ვქმნიდეთ სარგებელს.

 

იმის მოფიქრება, თუ კონკრეტულად რა ვაკეთოთ, ბევრჯერ უფრო ადვილია, თუ ვიცით ვისთვის გვინდა რაღაცა სასარგებლოს ვაკეთებდეთ.

 

1. ვისთვის ვიმუშაოთ – ზრუნვის ჯგუფი გამოვკვეთოთ

 

სტუდენტებისთვის სხვა სტუდენტები, დიასახლისებისთვის სხვა დიასახლისები, ამ ან სხვა დაუსაქმებელი ადამიანებისათვის – მეზობლები, მეგობრები და მათი ნაცნობები, ახლო-მახლო განთავსებული სახლები, პატარა მაღაზიები, პატარა საწარმოები თუ ავტობუსის გაჩერებები, “მარშუტკების” მძღოლები, თუ ისინი ჩვენთან სადმე ახლოს იყრიან დღის განმავლობაში თავს, მეტროდან ამოსული მგზავრები, თუ მეტროსთან ახლოს ვცხოვრობთ, მძღოლები, რომლებიც მაგისტრალზე მოძრავ მანქანებს მართავენ, თუ ჩვენთან სადმე ახლოს ავტომაგისტრალი გადის, რესტორნებიდან გამოსული მგზავრები თუ ახლოს სადმე რესტორნებია ბევრი ერთად, აგარაკზე დამსვენებლები, თუ ჩვენს გარშემო ბევრი აგარაკია, საწარმოს მუშები, თუ დიდი წარმოების ახლოს ვცხოვრობთ ან გვიხდება ყოფნა, ან ნებისმიერი სხვა ბევრი ჯგუფი ადამიანების თუ ორგანიზაციების, ვისაც ვიცნობთ, ვისაც ვხედავთ, ვისი საჭიროებების მიხვედრაც შეგვიძლია და ვისთვისაც მზად ვართ ჯაფა გავწიოთ, ყველა შეიძლება გამოდგეს ჩვენი მომავალი ზრუნვის ობიექტად.

 

მთავარია ვიპოვოთ ისეთი ჯგუფები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად მსგავსი საჭიროებები შეიძლება ჰქონდეთ (თუმცა ადამიანების თუ ორგანიზაციების ნებისმიერ ჯგუფს, აქვს ერთმანეთის მსგავსი საჭიროებები), ისეთი საჭირობები, რომლის დანახვაც, წესით, უნდა შევძლოთ, ჯგუფი, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველი თანხა გამოგვამუშავებინოს.

 

მოკლედ, პირველი ნაბიჯია – ყურადღებით მიმოვიხედოთ და ადამიანების ან ორგანიზაციების ხუთი ისეთი ჯგუფი ჩამოვწეროთ, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ასე თუ ისე აკმაყოფილებს. რაოდენობრივად საკმარისია, ვიცით ვინ არიან, რას აკეთებენ დაახლოებით მაინც და ვიღაცეებს პირადადაც ვიცნობთ, რათა უფრო კარგად გავარკვიოთ რაღაც დეტალები, როცა საქმე აქამდე მივა.

 

ჩამოვწეროთ და ამოვარჩიოთ ხუთი ისეთი ყველაზე საინტერესო ჯგუფი,  სადაც ისევ სიდიდეს, მათი საჭიროებების სიცხადეს და მათთან პირად ნაცნობობას გავითვალისწინებთ ძირითად კრიტერიუმებად. მათ შორის პრიორიტეტულობაზე ძალიან ბევრი არ იფიქროთ. როგორც გული გეტყვით ისე დაალაგეთ მომავალში ფიქრი ყველაზე მოგიწიოთ. ასე რომ სწორად რანჟირებაზე ბევრი დროის დახარჯვას დიდი აზრი არ აქვს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ შემდეგ ნაბიჯებს სწორად გადადგამთ საკმარისი შემოსავლების შოვნის გზას ამ ხუთი ჯგუფიდან ნებისმიერში მოახერხებთ.

 

2. რა შეიძლება გავაკეთოთ მათთვის – ვეცადოთ ბევრი იდეები მოვიფიქროთ

 

ავიღოთ პირველი ჯგუფი შერჩეული და ჩამოწერილი ზრუნვის ხუთი ჯგუფიდან და პირველ რიგში მათთვის ვეცადოთ მოვიფიქროთ რაც შეიძლება მეტი იდეა – რა შეგვიძლია მათთვის სასარგებლო გავაკეთოთ. ასეთი იდეები ძალიან ბევრი შეიძლება იყოს თითოეული ჯგუფისთვის, ამიტომ თუ ერთი შეტევით ბევრი არაფერი გამოვიდა არ დანებდეთ, შემდეგ ეტაპზე არ გადახვიდეთ, სანამ მინიმუმ შვიდ იდეას მაინც არ მოიფიქრებთ ამ ჯგუფისთვის. მაშინაც კი, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მეტი იდეა ბუნებაში არ არსებობს, სჯობს შეწყვიტოთ ამაზე ფიქრი, დაისვენოთ, გაისეირნოთ, მეგობრებს შეხვდით, ამაზე ფიქრი კი ერთი ორი დღით გადადოთ. მერე ისევ დაუბრუნდით და გააგრძელეთ ფიქრი და არ მოეშვათ, სანამ იდეების რაოდენობა შვიდს არ მიაღწევს.

 

რეფერატების დაწერაში დახმარება, მათი ძაღლების გასეირნება, ან მოსავლელად რამოდენიმე დღით დატოვება, შუშების და ვიტრაჟების დარეცხვა, მანქანების გარეცხვა, გემრიელი ჰამბურგერების ან სენდვიჩების მომზადება მათთვის, ან სულაც ცხელი წვნიანი კერძების, თუნდაც საპირფარეშოს მოწყობა ჩვენს ეზოში მათთვის. ბავშვების გართობა, გასეირნებაც თუ გვანდობენ, ნაგვის გადაყრა, მათთვის დილით ცხელი პურის სახლში მიტანა, ჟურნალ – გაზეთების, სიგარეტის, სასმელების ამოტანა მაღაზიიდან, ბაზარში წასვლა მათ ნაცვლად და იქიდან პროდუქტების მოტანა – იდეები ძალიან, ძალიან ბევრი შეიძლება იყოს თითოეული ჯგუფისთვის.

 

ნებისმიერი, თუნდაც ერთი შეხედვით სულელური იდეა, შეიძლება გახდეს საინტერესო და წარმატებული საქმის საწინდარი. ამიტომ მათ ხარისხზე ბევრი არ იფიქროთ, უბრალოდ ჩამოწერეთ და აქაც არ მოეშვათ, სანამ შვიდ იდეამდე არ ახვალთ.

 

არ იჩქაროთ შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ხუთივე ჯგუფისთვის მინიმუმ შვიდ-შვიდი იდეა მაინც მოიფიქრეთ. იდეები შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. ამაში ცუდი არაფერია. მოთმინებით ეძებეთ სარგებლის შექმნის გზები ხუთივე ჯგუფისთვის და ბოლოს შესაძლებლობების ერთიანი ჩამონათვალი გააკეთეთ, საიდანაც შემდეგ ეტაპზე საუკეთესოების ამორჩევა მოგიწევთ.

 

3. ვეცადოთ სწორი არჩევანი გავაკეთოთ

 

ახლა, როცა შესაძლებლობების ერთიანი სია გვაქვს (დაახლოებით 7-დან 15-მდე უნდა გვქონდეს წესით, თუ აქამდე ყველაფერი სწორად გავაკეთეთ) დროა მათი პრიორიტეტულობის მიხედვით რანჟირება დავიწყოთ. ამის გაკეთება ძალიან რთული არ არის, მთავარია ამისათვის სწორი კრიტერიუმები მოვიფიქროთ.

 

მთავარი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ეს იდეები შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ შემდეგი შეიძლება იყოს:

 

ა) რამდენად საინტერესო იქნება პოტენციური მომხმარებლისთვის ჩვენი შეთავაზება;

 

ბ) რამდენად ადვილია და სასიამოვნო ჩვენთვის ამ იდეის განხორციელება;

 

გ) რამდენად საკმარისი იქნება შემოსავალი ჩვენთვის, რომელიც შეიძლება აქედან მივიღოთ იმისათვის, რათა ამ იდეის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები.

 

შეფასებებში დიდი სიზუსტე საჭირო არ არის. უბრალოდ ისე, რომ იტყვიან “მუცლის გრძნობით”, როგორც ინტუიცია გეტყვით შეაფასეთ თითოეული იდეა მინიმუმ ამ სამი კრიტერიუმით, სამბალიანი სისტემით (1 დაბალი, 2 საშუალო, 3 მაღალი). მიღებული ქულები დააჯამეთ და იდეებიც რაღაც ლოგიკური თანმიმდევრობით დაგილაგდებათ.

 

მაგ., იდეა – დავურეცხოთ ფანჯრები მაღაზიებს ჩვენს ახლო მდებარე ქუჩაზე – სარგებელი მომხმარებლისთვის – 3, რამდენად რთულია განსახორციელებლად 3 (ანუ ადვილია), რამდენად შემოსავლიანი იქნება – 2. ჯამში 8 ქულა. და ასე სათითაოდ.

 

თუ დაინახავთ, რომ ის იდეა, რომელიც გულით მოგწონთ და რომლის გაკეთებაც უფრო მეტად გინდოდათ მთლად პირველ ადგილზე ვერ გავიდა, მაშინ გულს ენდეთ და მაინც ის გააკეთეთ, საბოლოოდ ბევრად უკეთესად გამოგივათ.

 

4. უფრო დეტალურად გავიაზროთ

 

მას შემდეგ, რაც იდეა გამოიკვეთა, მისი უფრო დეტალურად გააზრებაა საჭირო. ბევრი დეტალია ამ დროს მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც სამი საკითხია:

 

ა) ვისთვის ვაკეთებთ საბოლოო ჯამში ამას, რასაც ვაკეთებთ და მათ გარდა კიდევ ვის შეიძლება გამოადგეს ის, რისი გაკეთებაც გვინდა.

 

ბ) რა უნდა გავაკეთოთ ზუსტად მათთვის, რა სარგებელი უნდა შევქმნათ, როგორი უნდა იყოს პროდუქტი/მომსახურება ზუსტად, როგორი უნდა იყოს მისი მახასიათებლები იმისათვის, რომ ღირებული იყოს. როგორ უნდა ვაწარმოოთ ის, რომ ხარისხიც სათანადო ჰქონდეს და ძალიან ძვირიც არ დაგვიჯდეს, რა უნდა ღირდეს და ა.შ.

 

გ) როგორ გავყიდით, როგორ შევთავაზებთ, როგორ დავარწმუნებთ, რომ ის მათთვის ღირებული და სანდო შეიძლება იყოს. როგორ გავასინჯებთ, როგორ მოვანდომებთ, როგორ მივაწოდებთ და როგორ მივაჩვევთ მათ ჩვენს პროდუქტს ან მომსახურებას იმისათვის, რათა დიდხანს უნდოდეთ მისი ყიდვა.

 

ამ სამი საკითხის დეტალური გააზრებისას კიდევ რაღაც საკითხები გამოჩნდება. ბევრი არ იფიქროთ, კითხვები ჩამოწერეთ, მერე პასუხები მიუწერეთ. ვინმეს – მეგობარს, ნათესავს, მეუღლეს, შვილებს მოუყევით და მათთან დეტალებში განიხილეთ. დახვეწეთ, დააზუსტეთ და იდეის განხორციელებას შეუდექით. თქვენ ხომ ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ გელოდებათ.

 

5. იდეისთვის ხორცის შესხმა დავიწყოთ

 

ყველაზე დიდი საქმეც კი პატარა ნაბიჯით იწყება – გაგონილი გექნებათ აუცილებლად. ამიტომ აღარ დააყოვნოთ, ჩამოწერეთ რა არის გასაკეთებელი თქვენი იდეის განსახორციელებლად, პირველ რიგში დაწერეთ ის, რაც პირველად უნდა გააკეთოთ და მოქმედებაზე გადადით. სანამ არ დაიწყებთ ყველაზე რეალური საფრთხეები იქამდე მაინც არ გამოჩნდება.

 

პოტენციური კლიენტები ნახეთ, გაესაუბრეთ, შეეცადეთ გადაამოწმოთ თქვენი დაშვებები პროდუქტთან, ფასებთან, გაყიდვების მიდგომასთან დაკავშირებით. გააკეთეთ საცდელი ეგზემპლარი პროდუქტის ან საცდელი გაყიდვა მომსახურების, ითხოვეთ, თუ რაიმე ინვენტარი დაგჭირდებათ. ივარჯიშეთ საკუთარი ან ახლობლების მაგალითზე. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ იმის კეთება, რასაც აპირებთ დაპირდეთ და რომ ეს თქვენთვის სასიამოვნო იქნება. მოკლედ გააკეთეთ პატარა გეგმა და დაიწყეთ მის შესაბამისად მოქმედება.

 

თუ დარწმუნდებით, რომ დაშვება, რომელსაც თქვენი მოლოდინი ეფუძნებოდა მცდარი აღმოჩნდა და თქვენ იმის გაკეთების შანსი, რაც გინდოდათ რომ გაგეკეთებინათ ფაქტიურად აღარ გაქვთ, არ იდარდოთ, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ იდეების ჩამონათვალი, რომელსაც შეგიძლიათ დაუბრუნდეთ და შემდეგის განხორციელებაზე ფიქრი დაიწყოთ. გახსოვდეთ რანჟირება იმისათვის უფრო გავაკეთეთ, რომ საიდანღაც დაგვეწყო და არა მაინც და მაინც იმისათვის, რომ პირველი იდეა ყოფილიყო მართლაც ყველაზე საუკეთესო. სინამდვილეში შესაძლოა ისე მოხდეს, რომ იდეა, რომელიც ყველაზე ბოლოს წერია  პრიორიტეტების სიაში ყველაზე მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდეს საბოლოოდ.

 

* * *

 

გახსოვდეთ, ჩვენზე მხოლოდ ორი რამეა დამოკიდებული – სურვილი და ძალისხმევა – მაგრამ თუ რაღაცას ძალიან მოვინდომებთ და მაქსიმალურად შევეცდებით დანარჩენი ყველაფერი აუცილებლად უკეთესობისკენ იქნება. თქვენ თუნდაც ამ სქემით საკუთარი თავის დასაქმებაზე ფიქრი და მუშაობა დაიწყეთ და შესაძლოა წარმატებული საქმე სულ სხვა მიმართულებიდან გამოგიჩნდეთ, იქიდან, საიდანაც არც კი ელოდით რომ როდისღაც ვიღაცა რაღაცას შემოგთავაზებდათ.

 

თუ გაგიმართლათ და აღმოჩნდა რომ სწორი საქმე აირჩიეთ, იღბალიც თქვენს მხარეს აღმოჩნდა, საქმის გაკეთებაც კარგად გამოგივიდათ და წამოწყების გაფართოვებაზე და განვითარებაზეც ფიქრობთ, მაშინ თქვენ ახლა უკვე სულ სხვა წიგნების და სტატიების მოძიება და წაკითხვა მოგიწევთ.