GEO ENG
GEO ENG

სტატიები

დაგეგმილი იმპროვიზაცია – კარგი ინსტრუმენტი განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად

დაგეგმვის თვალსაზრისით საქმის კეთების სამი მიდგომა შეიძლება გამოიყოს: იმპროვიზაცია, დაგეგმილი მოქმედება და დაგეგმილი იმპროვიზაცია.

 

იმპროვიზაციით საქმის კეთება ყველაზე ადვილად წარმოსადგენია. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხვდებით – ჩვენსაშიც, ჩვენი გარშემომყოფებისაშიც. ეს არის მუშაობა, როდესაც თან ვფიქრობთ და თან ვაკეთებთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და ისეც ვაკეთებთ. მერე გზადაგზა ვცვლით დაწყებულ საქმეს, ვანგრევთ და ვაშენებთ, ვანგრევთ, მერე ისევ ვაშენებთ და ასე, სანამ ვიღაცა არ გვეტყვის, რომ შევწყვიტოთ, ან ჩვენ თვითონ არ მივალთ დასრულების გადაწყეტილებამდე.

 

დაგეგმილი მოქმედება ბევრ შემთხვევაში სჯობს იმპროვიზაციას. მუშაობის ასეთი მიდგომისას ადამიანები ჯერ ფიქრობენ და მერე აკეთებენ. ფიქრობენ, რატომ აკეთებენ, როგორ შეიძლება გაკეთება, აგროვებენ ინფორმაციას, ამზადებენ წინაპირობებს მუშაობის დასაწყებად. ემზადებიან რაღაცის გასაკეთებლად. მერე იწყებენ და საქმესაც სწრაფად და შედეგიანად აკეთებენ. საქმე გამოსდით უფრო ხშირად და უფრო უკეთესად, ვიდრე იმპროვიზაციით მუშაობისას. მოკლედ, ეს მიდგომა ბევრ შემთხვევაში სჯობს პირველს. თუმცა არის მომენტები, როდესაც საქმე იმდენად მარტივია, რომ დაგეგმვად არც ღირს. ყველა სხვა შემთხვევაში დაგეგმილი მოქმედება უკეთეს შედეგებს იძლევა.

 

აი, სულ სხვა საქმეა დაგეგმილი იმპროვიზაციით მოქმედება. სწორედ მასზე გვინდა ამ სტატიაში ცოტა უფრო დეტალურად მოგიყვეთ. რა არის, როგორ კეთდება და რაში შეიძლება მისი გამოყენება.

 

დაგეგმილი იმპროვიზაცია, ეს არის მოქმედების ისეთი მიდგომა, როდესაც ყველას შენს გარშემო ჰგონია, რომ შენ იმპროვიზაციას აკეთებ, სიტუაცია თითქოს მოულოდნელია, მაგრამ შენი მოქმედება იმდენად ეფექტური და ეფექტიანია, რომ ყველა ხედავს რომ, სწორედ ის, რაც წესით შენთვის დამღუპველი უნდა ყოფილიყო, შენი ტრიუმფალური გამარჯვების მთავარი წინაპირობა ხდება. და როდესაც ეს ხდება არა ერთხელ შენს ცხოვრებაში (ერთხელ ყველას ცხოვრებაში ხდება ესეთი რაღაც), არამედ საკმაოდ ხშირად, და შენთვის საზიანო გარე მოვლენები შენი მომსახურე გარემოებები ხდება, მაშინ ხვდები დაგეგმილი იმპროვიზაციით მოქმედების რეალურ ეფექტს.

 

დაზიანებული ავტობუსი

 

წარმოიდგინეთ სიტუაცია, უცხოელი ტურისტებით სავსე ავტობუსი დამღლელი ტურის შემდეგ დედაქალაქში, სასტუმროსკენ ბრუნდება. ტურისტების ნაწილს სძინავს, ნაწილი საუბრობს და ერთმანეთს განვლილი დღის ემოციებს უზიარებს. ქალაქიდან რამოდენიმე საათის მგზავრობის მანძილზე ავტობუსი მოულოდნელად გამოდის მწყობრიდან. მძღოლი ძალიან შეწუხებულია, ამბობს რომ დაზიანება სერიოზულია და მის გამოსწორებას დილამდე ვერ შეძლებს, ან ავტობუსს ევაკუატორით გადაყვანა დასჭირდება. ადგილი, სადაც ავტობუსია გაჩერებული, ისეთია სადაც ტელეფონი არ იჭერს, გვიანი საღამოა და შემხვედრი მანქანებიც უკვე იშვიათობაა. შემოდგომაა, ადრე ღამდება და ამ დროისთის კარგი გვარიანი სიბნელეა უკვე. ავტობუსის მძღოლი წუხს, გიდი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიმშვიდეს, ტურისტები ნელ–ნელა იღვიძებენ და ავტობუსის სალონში სულ უფრო მატულობს შეშფოთებული ჩურჩულით გამოწვეული ხმაური. რა იქნება? რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა მოვიქცეთ? სულ უფრო შეწუხებულები ეკითხებიან ერთმაენთს, გიდს, მძღოლს.. მაგრამ პასუხი ჯერ არ არის. დრო კი გადის.

 

მოულოდნელად ერთ–ერთი ტურისტი გზიდან მოშორებით სინათლის შუქს შენიშნავს. წესით საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს, თვითონვე აკეთებს დასკვნას. გაუჩნდება აზრი, რომ მათ შესაძლოა ტელეფონი ჰქონდეთ ქალაქში დასარეკად. გიდი და ორი ტურისტი სახლისაკენ მიდიან, მძღოლი ავტობუსის ქვეშ განაგრძობს შეკეთების განწირულ მცდელობას, თუმცა თვითონაც ხვდება, რომ ამაოდ კარგავს დროს.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ის ოჯახი საიდანაც მკრთალი სინათლე მოსჩანს, გასაგებია ალბათ, დიდი სიხარულით ისტუმრებს მთელს ავტობუსს, სახელდახელოდ გაშლილი, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და უგემრიელესი კერძებით დატვირთული სუფრით უმასპინძლებს სტუმრებს და უხვად აზიარებს მათ ქართულ სტუმართმოყვარეობას. აღმოჩნდება, რომ ოჯახის თავი, ტიპიური მშრომელი ქართველი გლეხი, ცოტას ინგლიურადაც ახერხებს საუბარს, დასამახსოვრებელ სადღეგრძელოებს იტყვის ბევრს, მრავალ საინტერესო და სახალისო ამბავს მოყვება საქართელოზე, ქართველებზე, მის კუთხეზე. სტუმრებს მოასვენებენ, კარგად დაასვენებენ, მეორე დღეს დილას აჩვენებს როგორ ავლებენ ჩურჩხელას, როგორ ხდიან არაყს, აჩვენებენ ტიპიურ ქართულ მარანს. დღე ისევ ქართული სუფრით გაგრძელდება. საღამოს კი სარეზერვო ავტობუსი ბედნიერ, საქართველოზე კიდევ უფრო მეტად შეყვარებულ ტურისტებს სასტუმროში მშვიდობით დააბრუნებს.

 

ეს ადამიანები დიდხანს, აღფრთოვანებით ისაუბრებენ საქართველოზე, და განსაკუთრებით კი მის ერთ–ერთ ტიპიურ ოჯახზე, რომელმაც შუაღამისას ჭიშკარს მიმდგარი მთელი ავტობუსი ისტუმრა და სამუდამოდ დაამახსოვრა ყოველ მათგანს თავი კარგი მასპინძლობით.

 

ან თუ ტურისტული კომპანია საიდუმლოს გაუმხელს სტუმრებს და ტურის ბოლოს ეტყვის მათ, რომ ავტობუსის მწყობრიდან გამოსვლა დაგეგმლი იმპროვიზაცია იყო და მიზნად ისახავდა მათთვის მოგზაურობის გამრავალფეროვნებას, მათი კმაყოფილების გაზრდას, მაშინ სავარაუდოდ სტუმრები ბევრს მოუყვებიან ამ ტურისტული კომპანიის შესახებ. მისი მცდელობის შესახებ გაეკეთებინათ რაღაცა განსხვავებული სტუმრების კმაყოფილებისათვის.

 

კარგად გააზრებული მიზნები და პრიორიტეტები

 

ტურისტული კომპანია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, თუ მას კარგად აქვს გააზრებული საკუთარი მიზნები და პრიორიტეტები, საკმარის დროს და ენერგიას უთმობს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას, მათ შორის საფრთხეების წინასწარ ანალიზს და პრევენციის მიდგომების დამუშავებას, ადვილად შეძლებს ეს საფრთხეები მისთვის საკეთილდღეოდ შემოატრიალოს. მათი მოქმედება დაგეგმილი იმპროვიზაციის რეჟიმში გადაიყვანოს. ეს კი მას ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევინებს მისთვის სასურველ მიზნებს.

 

დაგეგმილი იმპროვიზაციისთვის სამი კომპონენტია ყველაზე მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის ან პროექტის მიზანი, მთავარი პრიორიტეტები და საფრთხეები, რომელიც შესაძლოა გახდეს მიზნების მიღწევის ხელის შემშლელი მიზეზი.

 

მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნის ცოდნა ყოველთვის გვეხმარება ჩვენს მოქმედებებში ზედმეტი არ მოგვივიდეს და იმას არ მივაღწიოთ, რაც საზიანო იქნება ორგანიზაციისთის. ტურისტული კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად კარგად გააცნოს და შეაყვაროს სტუმრებს საქართველო, უფრო დათანხმდება ზემოდ აღწერილ იმპროვიზაციაზე დასასრულის პირველი სცენარით. ანუ ისე, რომ არ გაენდო იმპროვიზაციის საიდუმლო. ის ჩათვლიდა, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებული სტუმრების მხრიდან, ახლობლებთან და მეგობრებთან საქართველოზე აღტაცებით საუბარი უფრო ხელსაყრელია მისთვის, ვინაიდან ის ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამ ნაკადით სარგებლობა კი მას სავარაუდოდ სხვებზე უკეთ შეეძლება, თუ ამის მიზეზი სწორედ მისი კომპანიის მომსახურებით მოსარგებლე ადამიანები იქნებიან.

 

ხოლო კომპანია რომელიც მიზნად ისახავს მისი კომპანიის რეპუტაციის ამაღლებას და ცნობადობის ზრდას, დაგეგმილ იმპროვიზაციას მეორე სცენარით დაასრულებს. მისთვის პრიორიტეტი იქნება სტუმრების გაოცება მისი კარგი მუშაობით. თანაც თუ ასეთ იმპროვიზაციებს ამ კომპანიაზე სტატიები, სიუჟეტებიც მოჰყვება, ეს მის ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის.

 

ის კომპანიები, ვინც ზუსტად არ იცის, რისთვის მუშაობს და ვისთვისაც არც ცნობადობის და რეპუტაციის ზრდაა საკმარისად პრიორიტეტული საზრუნავი და მით უმეტეს სტუმრებისთვის საქართველოს გაცნობის და შეყვარების იდეას არ ემსახურება, საერთოდ არ შეიწუხებს თავს ამგვარი იმპროვიზაციების, ან სხვა ტიპის მოქმედებების განსაკუთრებულად დაგეგმვით და მომზადებით.

 

საფრთხეები და მათთვის მომზადება

 

თუ მიზანი და პრიორიტეტები ცნობილია და თან კარგად არის გააზრებული, სისხლში გამჯდარი და გათავისებული კომპანიის ხელმძღვანელების და რიგითი თანამშრომლების დონეზეც, მაშინ დაგეგმილი იმპროვიზაციისთვის მხოლოდ შესაძლო საფრთხეების დეტალური ანალიზი და მათი პრევენციის გზებზე ყურადღებით მუშაობა იქნება საკმარისი.

 

თითქოს არაფერია წარმოუდგენელი იმაში, რომ ტურისტულმა კომპანიამ რომელიც ზუსტად ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს თითოუელ ტურს მისი გრძელვადიანი წარმატებისთვის იცოდეს მარშრუტის ის სავარაუდო მონაკვეთები, რომელსაც მობილური ოპერატორები თავისი სერვისით ვერ ფარავენ, და იყოს მომზადებული იმისათვის, რომ თუ ზუსტად აქ გამოვა რაიმე მიზეზით მწყობრიდან ავტობუსი ან სხვა მიზეზით მათ აქ გაჩერება მოუწევთ როგორი იქნება მოქმედების გეგმა ასეთ შემთხვევაში.

 

და როგორც კი ასეთი საფრთხეები დეტალური შესწავლის და მომზადების საგანი ხდება სწორედ მაშინ ხდება ცხადი თუ რამდენი შესაძლებლობა არსებობს ამ საფრთხეებში, როგორ შეიძლება ბევრად უფრო ადვილად, სწრაფად და ეფექტურად მიაღწიო მიზანს თუ ეცდები არამარტო მომზადებული შეხვდე ამ საფრთხეებს, არამედ ისინი წარმატების საუკეთესო შესაძლებლობათაც აქციო და კიდევ უფრო მეტი, შესაძლოა თვითონაც წაეხმარო მათ რეალობად ქცევას, თუმცა ალბათ ამ ყველაფრის შოუში გადაყვანა ნაკლებად ღირს. ან მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში. თქვენ გადაწყვიტეთ.

 

 

სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის V წიგნში “მართვის ახალი გეომეტრია”