GEO ENG
GEO ENG

სტატიები

გუნდის მართვის მარტივი ხერხი

წარმოიდგინეთ… ყოველ დილას, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი სახლიდან გამოდის და მიიჩქარის სადღაც იმისათვის, რომ აკეთოს რაღაცა. თითოეულ მათგანს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მოტივები ამოძრავებს – ზოგი გადარჩენისთვის იბრძვის, ზოგიც ვიღაცის გადასარჩენად, ზოგი ვიღაცას ებრძვის და ზოგიც, უბრალოდ, ცდილობს ნანატრ მიზანს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირად არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა აკეთოს, საბოლოო ჯამში ისინი მაინც საზოგადოებას ემსახურებიან, მისთვის ღირებულ საქმეს აკეთებენ და მის განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა ამას, ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერად, წინასწარი განზრახვის გარეშე აკეთებენ.

 

საინტერესოა, რატომ ხდება ასე, რომ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ადამიანები საერთო ინტერესების და საზოგადოების განვითარების სამსახურში დგანან? სამი მთავარი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანში დევს, ამოძრავებს მათ და ეხმარება, რომ მუდმივად საზოგადოებას ემსახურებოდნენ და დამატებით ღირებულებას ქმნიდნენ მისთვის. ესენია:

 

ზრუნვის მოთხოვნილება, რომელიც თითოეულ ადამიანში იმთავითვე დევს – ზრუნვა საკუთარ თავზე, ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, ცალკეულ შემთხვევებში ქვეყანაზე და შესაძლოა, საზოგადოებაზე მთლიანად. ეს არის ძალა, რომელიც ადამიანებს ეხმარება ყოველ დილას სახლიდან გამოვიდნენ და რაღაცა საქმე აკეთონ. რაც უფრო დიდია ზრუნვის შეგრძნება, მით უფრო ძლიერია ეს ძალა და მით უფრო მეტადაა ადამიანი მზად – გაიღოს, გააკეთოს.

 

საკუთარი ნიჭისა და უნარების რეალიზების დაუოკებელი სურვილი მეორე მოტივია, რომელიც ასევე დასაბამიდან დევს ადამიანში და რომელიც მას, ზრუნვის შეგრძნებით საქმის საკეთებლად დამუხტულს, აძლევს მიმართულებას, ეუბნება საით წავიდეს და რა აკეთოს. ვერც ერთი ადამიანი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად მანამ, სანამ არ მიაგნებს საქმეს, რომელიც აძლევს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენების საშუალებას და ამავე დროს საშუალებასაც, იზრუნოს საკუთარ თავზე და ადამიანებზე, ვინც ყველაზე მეტად უყვარს.

 

თავისუფლებისაკენ სწრაფვა, არის მესამე სურვილი, რომელიც ადამიანებს უჩენს მოტივს – დამოუკიდებლად იმოქმედონ, დაუშვან შეცდომები, მრავალჯერ დაეცნენ, მაგრამ ისწავლონ, როგორ აკეთონ ის, რაც ყველაზე უკეთ გამოსდით და რაც აძლევს საშუალებას იზრუნონ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად უყვართ. სწორედ თავისუფლება აიძულებს მათ ისწავლონ და განვითარდნენ იმისათვის, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთ აკეთონ.

 

ეს სამი მთავარი ძალა თითოეულ ადამიანს აიძულებს მუდმივად ეძებონ ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენებას – აძლევს ძალას იშრომონ, რაც შეიძლება მეტი იმისათვის, რომ იზრუნონ მათთვის, ვინც უყვართ და ისწავლონ, რაც შეიძლება კარგად კეთება, რათა ხვალ უფრო მეტი აკეთონ. ეს მარტივი სქემა აყენებს ადამიანებს საზოგადოების სამსახურში, ეხმარება მათ გამორჩეული, უნიკალური მისიის პოვნაში და შესრულებაში, მისიისა, რომელიც საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ ფორმით, სწორედ საზოგადოების განვითარებას ემსახურება.

 

სწორედ ამ ძალიან მარტივ და ცხად ფორმულაზე დაყრდნობით ნათელი ხდება: იმისათვის, რომ ადამიანები მართო სამი მთავარი პირობაა საჭირო:

 

ა) გყავდეს სათანადო ადამიანები, რაც თავის მხრივ გულისხმობს სწორ შერჩევას, მათ შორის როლების, უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისად განაწილებას, მუდმივ წვრთნასა და სწავლებას იმისათვის, რომ მათი კეთების უნარი მუდმივად გაიზარდოს. ამ სამი ამოცანის გადაწყვეტით შეძლებთ შექმნათ შესაბამისი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, სადაც ყველამ იცის, რა უნდა აკეთოს, ესმით ერთმანეთის და სწრაფად ახერხებენ კოორდინირებულად გადაწყვეტილებების მიღებას და მოქმედებას.

 

ბ) გაუჩინო და გაუძლიერო მათ ზრუნვის შეგრძნება; თქვენ უნდა შეძლოთ მათში, უპირველეს ყოვლისა, კლიენტებზე ზრუნვის შეგრძნება გააჩინოთ, რათა მათ კარგად გაიგონ, რას აკეთებენ, ვისთვის აკეთებენ და იგრძნონ ამის მნიშვნელობა მომხმარებლისთვის. კლიენტებზე ზრუნვის შეგრძნება დაეხმარება მათ ყოველდღიურად ბევრი, სწორი, კლიენტებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება მიიღონ და იზრუნონ მათი კარგი ხარისხით აღსრულებაზე. კლიენტებზე ზრუნვასთან ერთად მნიშვნელოვანია გუნდის წევრებში თვითონ გუნდის წარმატებაზე და გუნდის წევრებზე ზრუნვის ძლიერი გრძნობაც გააღვივოთ. ეს დაგეხმარებათ, ამ ადამიანებში გააჩინოთ სურვილი, ემსახურონ ორგანიზაციას, აკეთონ ეს მთელი შეგნებით და დიდი, გამორჩეული მონდომებით.

 

გ) მიანიჭო მათ საკმარისი თავისუფლება, რაც, ალბათ, ყველაზე ძნელია მენეჯერისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წევრებისთვის. თავისუფლება იდეებში, გადაწყვეტილებებში, მოქმედებებში. სწორად დოზირებული თავისუფლება აუცილებელია მათთვის, რომ ისწავლონ, იგრძნონ საქმისაგან დიდი სიამოვნება და რაც მთავარია, გაიზარდონ უფრო და უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების საკეთებლად.

 

და ამ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში თქვენი გუნდის წევრები წარმოუდგენელს შეძლებენ, მიუღწეველს მიაღწევენ და ყოველდღიურად გაგაოცებენ ახალ–ახალი გამაოგნებელი იდეებით, დიდი თავდადებით და ახლის სწავლის განსაკუთრებული ჟინით. დამეთანხმებით, სწორედ ამ სამი რამის ნაკლებობას ვგრძნობთ ყველაზე ხშირად, სამწუხაროდ, ჩვენ–ჩვენს გუნდებში, და სწორედ ეს სამი რამეა, რასაც, ალბათ, ყველაზე მეტად ვისურვებდით ჩვენი გუნდის წევრებისგან.