GEO ENG
GEO ENG

სტატიები

გუნდი, რომელსაც წარმატების შენარჩუნება შეუძლია

 

იმისათვის, რომ გუნდმა შეძლოს არამარტო მიაღწიოს წარმატებას, არამედ დროის გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ის, პირველ რიგში, ჯანსაღი უნდა იყოს. ჯანსაღი გუნდი ის არის, სადაც ადამიანები ერთმანეთს და ლიდერს ბოლომდე ენდობიან, სადაც თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის, რომ მისი ძალისხმევა და მონდომება სამართლიანად დაფასდება, სადაც არც ერთ წევრს არ ეშინია იყოს ზუსტად ისეთი როგორიც არის, არ რცხვენია იყოს განსხვავებული, დაუშვას შეცდომები, სადაც ყველასთვის მთავარია არ გაჩერდეს და მაქსიმალურად იაქტიუროს საერთო მიზნის სასარგებლოდ.

 

 

ლიდერის და თითოეული წევრის მხრიდან პატიოსნების, სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპების განუხრელი დაცვა ერთადერთი გზაა ჯანსაღი გუნდის შესაქმნელად და შესაბამისად მიღწეული წარმატების შენარჩუნებისათვის. სწორედ ეს სამი პრინციპი განაპირობებს იმას თუ რამდენად დიდი იქნება ნდობა გუნდის წევრებს შორის, რამდენად ადექვატური იქნება სამართლიანი დაფასების მოლოდინი და რამდენად შეძლებენ ადამიანები ბოლომდე გაიხსნან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავისი დადებითი და უარყოფითი, ძლიერი და სუსტი მხარეებით.

 

 

გუნდის წევრებს შორის და პირველ რიგში ლიდერსა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთნდობა იქ ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბების ამოსავალი წერტილია. პატიოსნება, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ნდობა, როგორც საძირკველს ისე ეფუძნება, სწორედ ამიტომ არის ყველაზე კრიტიკული პრინციპი გუნდის ძლიერებისათვის.

 

იქ, სადაც გრძელვადიან პერიოდში არაფერი არ იმალება, დიდი და პატარა ტყუილი არ არსებობს. სულ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, უბოროტო, უწყინარმა ტყუილმაც კი შესაძლოა ურთიერთნდობა შეარყიოს. ნდობა, რომლის აშენებასაც ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება ერთი მცირე ტყუილით შეიძლება ქვიშის სასახლესავით დაიშალოს. მახსოვს, ერთ–ერთ თათბირზე, ერთმა ხელმძღვანელმა ყველას გასაგონად ტელეფონში როგორ უთხრა ერთ–ერთ კლიენტს – აი, ამ წუთას აქ ვარ ზუსტად შენ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის კაბინეტის კარებს ვაღებო. შეხვედრას საკმაოდ ბევრი ხალხი ესწრებოდა, ყველას გადმოგვხედა, თვალიც ჩაგვიკრა და ტელეფონი რომ გათიშა გულიანადაც გავიცინეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ მომენტიდან იმ თათბირზე ყველა დამსწრისათვის როგორ დაკარგა ფასი ამ ხელმძღვანელის მიერ ტელეფონში (და არამარტო) იქამდე და იმის შემდეგ ნათქვამმა ნებისმიერმა ფრაზამ.

 

ინფორმაციის, მათ შორის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა, დაფარვა, სხვადასხვა მიზნებით დამახინჯება უპატიოსნობის ერთ–ერთი გამოვლინებაა ასევე. იქ, სადაც ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ რაც ნაკლები ეცოდინებათ თანამშრომლებს, მით ნაკლები პრობლემა ექნებათ მართვაში, სინამდვილეში ხშირად ზუსტად საპირისპიროდ ხდება. ადამიანები გასაგებს მაინც იგებენ, მაგრამ ამას არაფორმალური არხებით, ჭორების გავრცელების შედეგად ახერხებენ. ეს, როგორც წესი, ინფორმაციას ამახინჯებს, აგვიანებს და ხელმძღვანელების მიმართ ნდობასაც კიდევ უფრო ამცირებს. რაც, საბოლოო ჯამში, ბევრად უფრო ძვირი უჯდება ნებისმიერ გუნდს. მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია პატიოსნების პრინციპის დამკვიდრების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთის სიტყვას არ ენდობიან, სადაც რაღაცა რომ დაგიჯერონ ბევრი ფიცი და პირობების დადება გჭირდება, სადაც სხვისი ნათქვამის ფასიც არაფერია და შენთვის საგულისხმო გარემოებას არ წარმოადგენს, იქ არ შეიძლება, რომ ყოველდღიურად რაიმე ღირებული იქმნებოდეს, ვითარდებოდეს და სტაბილურ წარმატებას ედებოდეს სათავე.

 

 

სამართლიანობის პრინციპი მეორე ბურჯია, რომელსაც ასევე დიდწილად ეფუძნება გუნდში არსებული სიტუაცია. გუნდის წევრების ყოველდღიური მოქმედებები, მათ მიერ გაწეული ძალისხმევა, მონდომება, რომლითაც ისინი საქმეს აკეთებენ, დიდწილად ეფუძნება იმის რწმენას, რომ მათი ხელმძღვანელები მათ მიმართ ხვალ სამართლიან შეფასებებს გააკეთებენ და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

 

თუ ხელმძღვანელი თავის შეფასებაში ობიექტური არ არის, გადაწყვეტილებებს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ იღებს, მიკერძოებულია, ყველას განსხვავებული პრინციპებით და მიდგომებით განსჯის. იგი პირადი სიმპათიებით და სიტუაციიდან გამომდინარე აფასებს ადამიანებს და იღებს მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, არაფრად დაგიდევთ იმას, თუ თუნდაც მის გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებთან რა შესაბამისობაშია დღეს მიღებული გადაწყვეტილებები; გამოდის თუ არა ისინი იმავე პრინციპებიდან, რომელსაც გუშინ ეფუძნებოდა, მაშინ ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ, თუ რამდენად სამართლიანი იქნება ხელმძღვანელის ხვალინდელი განსჯა, ხვალინდელი შეფასებები, რაც ძირეულად ცვლის მათ ყოველდღიურ ქცევას.

 

იმისათვის, რომ სამართლიანობა, როგორც ძლიერი პრინციპი დამკვიდრდეს, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი თანამშრომლების მიმართ გაკეთებულ შეფასებებში, მათ მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებში, ყველასთვის ერთი და იმავე პრინციპებს ეყრდნობოდეს და სტაბილურად ინარჩუნებდეს ამ ამოსავალ პრინციპებს, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. ასე თუ ისე, ქცევა ყველაზე უკეთ უქმნის გუნდის წევრებს ხვალინდელი დღის ცხად მოლოდინს. თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ დამკვიდრებული, აღიარებული პრინციპების დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ყველა დანარჩენ ადამიანში ამ ხელმძღვანელის მხრიდან ხვალ მიღებული გადაწყვეტილებების და გაკეთებული შეფასებების მოლოდინი რადიკალურად შეცვალოს.

 

სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრების მცდელობისას ერთ–ერთი დიდი საფრთხეა, როდესაც ხელმძღვანელი საკუთარი სამართლიანი განსჯის იმედად იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთ დროს, ის, რაც მას შესაძლოა სამართლიანად ეჩვენება გუნდის დანარჩენი წევრების უმრავლესობისათვის საერთოდ არ გამოიყურებოდეს ასე. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად იქნება მხოლოდ პირადი სამართლიანი განსჯის იმედად ხელმძღვანელი და რაც უფრო მეტად ეცდება შეფასებებიც გამჭვირვალედ, სხვებთან განხილვების შედეგად გააკეთოს და თანამშრომლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც გუნდის წევრებთან ღია მსჯელობების შედეგად მიიღოს, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მიღებული გადაწყვეტილებები და გაკეთებული შეფასებებიც სამართლიანი იქნება და რომ სამართლიანობა, როგორც ერთ–ერთი ამოსავალი პრინციპი, ფეხს მოიკიდებს გუნდში.

 

იქ, სადაც ადამიანებს ეშინიათ არ დასცინონ მათ შეცდომებზე, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, გამოთქმულ მოსაზრებებზე და იდეებზე, მათ შედეგებზე, გუნდის წევრების მხრიდან არაადეკვატური მსჯელობა და საუბრები არ გამოიწვიონ, იქ ადამიანები ნაკლებად ინიციატივიანები არიან, ნაკლებად აქტიურობენ და ცდილობენ სხვებისგან არ გამოირჩნენ, სხვებივით მოიქცნენ და არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული არ გააკეთონ. სწორედ ამიტომ ურთიერთპატივისცემა მესამე მნიშვნელოვანი საყრდენია, რომელსაც ჯანსაღი გუნდი ეფუძნება. უპატივცემულობის თუნდაც უმნიშვნელო გამოხატვას, პირად საუბრებში ერთმანეთის დაცინვას, ქილიკს, ირონიას სხვების საქმიანობაზე, ჩაცმულობაზე, ქცევაზე ფრთხილი კომენტარების კეთებასაც კი აუცილებლად მოჰყვება გუნდის წევრებს შორის ურთიერთპატივისცემის კიდევ უფრო შემცირება. ადამიანები ასეთ დროს უფრო ჩაკეტილები და ნაკლებად შემოქმედებითები, ნაკლებად აქტიურები და პროდუქტიულები ხდებიან. სწორედ ამიტომ, შესაძლოა არ დავაძალოთ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და საკუთარ ინტერესებზე მაღლა გუნდის სხვა წევრების ინტერესებს აყენებდნენ, მაგრამ ყველაზე მცირე, რაც გუნდის ნებისმიერი წევრისაგან ძალიან კატეგორიულად შეგვიძლია მოვითხოვოთ, ურთიერთპატივისცემა, ყოველდღიურ ურთიერთობებში ერთმანეთის ინეტერესებისთვის ანგარიშის გაწევა და მაქსიმალური გათვალისწინებაა.

 

არაფერმა ისე შეიძლება არ დააზიანოს ურთიერთობები გუნდის წევრებს შორის, როგორც ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ გამოხატულმა თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ, რომელშიც ცხადად იგრძნობა კოლეგის მიმართ უპატივცემულობა და რომელსაც ხელმძღვანელის მხრიდან სათანადო რეაქცია არ მოჰყვება. თუ ადამიანებს მივცემთ საშუალებას გამოხატონ თუნდაც უმნიშვნელო ანტიპათია ერთმანეთის მიმართ, საკუთარი უარყოფითი ურთიერთდამოკიდებულებები გამოავლინონ, ამით მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ ეს დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ კიდევ უფრო გაუარესდება და გუნდის საერთო მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად დააზიანებს.

 

სწორედ ამიტომ, ერთ–ერთი ყველაზე ქმედითი გზა ურთიერთპატივისცემის პრინციპის დამკვიდრებისათვის უპატივცემულობის თუნდაც სულ მცირე ფორმით გამოხატვასთან დისციპლინირებული ბრძოლაა. თუ ხელმძღვანელები არ ეცდებიან ფხიზლად იყვნენ ყოველი ასეთი გამოვლინების მიმართ და ყველა მონაწილისაგან პრინციპულად მოითხოვონ მოთოკონ საკუთარი ანტიპათია და არ გამოხატონ ისეთი პირადი დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, რომელსაც გუნდის სხვა წევრების პიროვნული შეურაცხყოფა შეუძლია, პრინციპიც ვერ დამკვიდრდება და ადამიანებიც ბევრად უფრო შებოჭილები და ერთმანეთის მიმართ აგრესიულები იქნებიან.

 

 

 

***

 

ჯანსაღი გუნდი, პირველ რიგში, წევრებს შორის ჯანსაღ ურთიერთობას ეფუძნება, ის თუ რამდენად გამჭვირვალეა ეს ურთიერთობები, რამდენად ხდება ამ დროს თითოეული წევრის ინტერესების სამართლიანი გათვალისწინება და რამდენად გრძნობს გუნდის ყოველი წევრი რომ მას პატივს სცემენ, აფასებენ მის პიროვნულ თვისებებს და შესაძლებლობებს, მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, თუ რამდენად სიამოვნებით დადიან ადამიანები სამსახურში, რადენად მონდომებით მუშაობენ ყოველდღე და რამდენად იხარჯებიან საერთო მიზნების სასარგებლოდ.

 

თითოეულ წევრში გუნდში არსებულ პატიოსნებაზე დაფუძნებულ ნდობას, სამართლიანობაზე დაფუძნებულ დაფასების მოლოდინს და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ თვითშეფასებას გუნდის პოტენციალის თითქმის სრული რეალიზება შეუძლია.