GEO ENG
GEO ENG

სტატიები

გუნდების როლი ორგანიზაციაში

თანამედროვე ბიზნეს-გარემოში უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია გადადის გუნდების მეშვეობით მართვის სტილზე. ორგანიზაციების 91%-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანობა სამუშაო ჯგუფების გამოყენებით. Proctor & Gamble-მა და Cummins Engine-მა სამუშაო ჯგუფების გამოყენება ჯერ კიდევ 1962 და 1973 წელს დაიწყეს.  ხოლო Boeing, Caterpillar, Champion international, Ford Motor Company, General Electric-მა – 1980-იან წლებში. უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთიანდებიან გარკვეული პროექტის მიხედვით და მათი ერთობლივი მუშაობა დროებით ხასიათს ატარებს.

 

 

 

 

 

ცხადია, აღნიშნული ტენდენციის ზრდას თავისი მიზეზი გააჩნია: თანამედროვე ცვალებად ბიზნეს-გარემოში მომხმარებლისათვის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შეთავაზება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს კი ორგანიზაციაში ინოვაციების მასტიმულირებელი სტრუქტურის შექმნით ხდება შესაძლებელი. გუნდებით მმართველობა ერთ-ერთი გზაა, რომელიც ხელს უწყობს იდეების ქვემოდან ზემოთ მიწოდებას და ინოვაციების განხორციელებას.

 

დღესდღეობით დიდი კომპანიების უმეტესობა იყენებს გუნდებს მრავალი საკითხის გადასაჭრელად. გუნდური მუშაობის კონცეპტი უნივერსალურია. არ აქვს მნიშვნელობა, რაზე ვსაუბრობთ, ოლიმპიურ ჰოკეიზე, ტექნოლოგიების განვითარებაზე, ჯანდაცვის პროგრამებსა თუ ურბანულ პროგრამებზე, გუნდები სწორედ ის კრიტიკული ელემენტია, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ეფექტიან შესრულებას უზრუნველყოფს.

 

სამუშაო ჯგუფები შედგება შესაბამისი უნარების მქონე მცირე რაოდენობის თანამშრომლებისაგან, რომელთაც აქვთ საერთო მისია, არიან პასუხისმგებლები საერთო მიზნებზე და სამუშაო პროცესის გაუმჯობესებაზე.  მიუხედავად იმისა, რომ გუნდები არ არის გამოსავალი ყველა სიტუაციის ან ორგანიზაციისთვის, თუკი გუნდი ეფექტიანადაა გამოყენებული, ამან შეიძლება დრამატულად გააუმჯობესოს კომპანიის შედეგი და   ორგანიზაციაში კლიმატი პოზიტიურად შეცვალოს.

 

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი დანერგა. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროექტში გადაწყდა. 2012 წელს ამ ორგანიზაციის დახმარებით სასწავლო ცენტრის მისიის და სტრატეგიის, ორგანიზაციული სტრუქტურის გადახედვა მოხდა. პროექტის შედეგად დამუშავდა სასწავლო ცენტრის განვითარების სტრატეგიული გეგმა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაო გუნდების შექმნასთან დაკავშირებით და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დანერგა ორგანიზაციის მართვის თანამედროვე სტილი.

 

ნაცვლად ტრადიციული დეპარტამენტების ან მუდმივი დაჯგუფების სხვა ფორმების არსებობისა, ორგანიზაციამ არჩევანი გააკეთა სამუშაო გუნდების შექმნაზე, რომელიც სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენდა ორგანიზაციის განვითარების მიმდინარე და მომავლის საჭიროებებზე. ამ გადაწყვეტილებით სამუშაო პროცესების მართვის დაქვემდებარება მოხდა გუნდების მუშაობაზე. ამრიგად, სახელმწიფო სტრუქტურის მმართველობის ქვეშ მყოფი  უწყებებისთვის  მეტად დამახასიათებელი კონსერვატიული სამუშაო სტილი შეიცვალა თანამედროვე, ინოვაციური მიდგომით.

 

სამუშაო სპეციფიკისა და ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე შეიქმნა ოთხი სამუშაო გუნდი:

 

სწავლების სტანდარტებისა და პროგრამების განვითარების გუნდი;

სასწავლო გარემოს გაუმჯობესების გუნდი;

ბრენდის განვითარების გუნდი;

ტრენერების მოტივირების გუნდი.

ნიშანდობლივია, რომ სამუშაო გუნდის ფორმირება და ლიდერების არჩევა ხორციელდება როტაციის პრინციპით წელიწადში 2-ჯერ, 6 თვის ვადით. ხმის უფლებით სარგებლობენ ტრენერები, რომლთა ხმების უმრავლესობით  მიიღება გადაწყვეტილება გუნდის ლიდერის არჩევაზე. გუნდის წევრების დაკომპლექტება ეფუძნება ტრენერების პირად გადაწყვეტილებას გუნდში გაწევრიანების შესახებ.

 

როტაციის პრინციპის შესაბამისად ხორციელდება გუნდის წევრების შემადგენლობის პერიოდული განახლება. ამ მიდგომის უპირატესობა ისიც არის, რომ  ტრენერების ურთიერთშენაცვლება ხელს უწყობს  ყოველი თანამშრომლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და ორგანიზაციის მიზნების მიღწევის ეფექტიანობასაც ზრდის.

 

გუნდების საქმიანობის ხანმოკლე პერიოდი უკვე იძლევა მისი საქმიანობის შესრულებისა და შედეგების მიღწევის ანალიზის შესაძლებლობას. აღნიშნული შეფასება ეფუძნება როგორც თანამშრომელთა 360 გრადუსიანი შეფასების შედეგებს, ასევე მათთან ჩატარებულ ინტერვიუებს.

 

აღნიშნული შეფასების ანალიზის შედეგად შესაძლოა დავასკვნათ, რომ გუნდების მიხედვით მართვა ხელს უწყობს:

 

თანამშრომელთა გუნდური შეჭიდულობის ჩამოყალიბებას;

თანამშრომელთა პროფესიულ და პიროვნულ ზრდას;

თანამშრომელთა მხრიდან ინიციატივისა და კრეატიული იდეების წარმოშობას.

განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად:

 

1. თანამშრომელთა გუნდური შეჭიდულობის უზრუნველყოფა

 

გუნდური მუშაობა, პირველ რიგში, თანამშრომლებს შორის ურთიერთობის კარგ საშუალებას იძლევა, რაც კომუნიკაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.  ხშირადაა შემთხვევა, როდესაც თანამშრომლები ინდივიდუალური საქმიანობით არიან დაკავებულები და მათ სხვა თანამშრომლების უნარების, შესაძლებლობებისა და იდეების შესახებ არ აქვთ ინფორმაცია. გუნდური მუშაობის მეშვეობით კი ხდება ინფორმაციის მიღება ერთმანეთის ღირებულების, საჭიროებების, უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს საშუალებას იძლევა განისაზღვროს კრიტიკულ შემთხვევაში, ვის რა ტიპის დახმარებაზე შეიძლება მიმართოს თანამშრომელმა. ეს კი, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციის წარმატებულ და ეფექტიან ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

 

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი გუნდების მეშვეობით მართვასთან დაკავშირებით:

 

,,გუნდური მუშაობა აძლიერებს ერთიანობის განცდას, საერთო მიზნის მიღწევის სურვილს, თანამშრომლები იწყებენ ფიქრს, ,,ჩვენ“ და არა „მე“. ასევე, ამ დროს  იკვეთება თანამშრომლების ენთუზიაზმი ან პირიქით დემოტივირებულობა, რაც კარგი საშუალებაა მალე შეამჩნიო ორგანიზაციაში არსებული ხარვეზები, გაერკვე, თუ რა გახდა ამის მიზეზი.’’

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გუნდური შეჭიდულობის ზრდამ ხელი შეუწყო „გუნდურობის პრინციპით“ მუშაობის კულტურის განვითარებას; თანამშრომელთა შორის შეთანხმებული და ჰარმონიული ურთიერთობების განვითარებას; თანამშრომლებს შორის დისფუნქციური ურთიერთობების შემცირებას და დადებითი წარმოდგენებით ჩანაცვლებას. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა თანამშრომელთა ინტერვიუები, რომელთა თვისებრივი ანალიზი მიუთითებს გუნდური მუშაობის შედეგად გაზრდილ შრომით კმაყოფილებაზე.

 

ერთ-ერთი გუნდის ლიდერი გუნდების მეშვეობით მართვასთან დაკავშირებით:

 

,,პირველივე პროგრამის დასრულებისთანავე შევამჩნიე, რომ გუნდის წევრებმა სიამაყით დაიწყეს  გუნდის სახელის ხსენება და პირველად დავინახე გუნდის წევრთა გაბრწყინებული სახეები, როდესაც საუბარი იწყებოდა მიღწეულ შედეგზე. პირველად ვიგრძენი ,,ძალა ერთობაშია,“ რადგან გუნდის წევრებმა დაიწყეს ერთმანეთისადმი მხარდაჭერისა და დახმარების გამოხატვა, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა მუშაობას.

 

დღეს აღარ მეშინია არანაირი დავალების. ყველაზე რთულ დავალებისაც კი, ზუსტად ვიცი, რომ გუნდის წევრთა ერთობლივი მუშაობით ძალიან სწრაფად, ნაკლები სტრესით და დროის რესურსის გამოყენებით შევასრულებთ.“

 

 

2. თანამშრომელთა პროფესიული და პიროვნული ზრდა

 

გუნდური მუშაობის დროს ყველა თანამშრომელს ეძლევა საშუალება გამოავლინოს საკუთარი თავი თანამშრომლებთან, რაც ზრდის მათ პროდუქტიულობას. ასევე, ეს ორგანიზაციაში თავის გამოჩენისა და თანამშრომელთა მხრიდან პატივისცემის დამსახურების საშუალება ხდება.

 

ერთი-ერთი გუნდის წევრი:

 

,,ასევე, გუნდთან სამუშაოს შეჯამება იძლევა განცდას, რომ შენი შრომა ფასდება, რადგან  გუნდის შეხვედრის დროს შენი საქმიანობის შესახებ  საუბრის საშუალება გეძლევა, ეს კი მოტივაციას ამაღლებს თითოეულ თანამშრომელში.“

 

გუნდებში გაწევრიანებულნი არიან ადამიანები განსხვავებული უნარებით, ხედვებით და ა.შ., რაც ერთი საკითხის  მრავალმხრივი და განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას იძლევა. თუ გუნდის წევრები არ ეთანხმებიან ერთმანეთს განსხვავებული გამოცდილებისა და ცოდნის გამო, ამას, თავის მხრივ, პრობლემის სხვადასხვა ხედვამდე მიჰყავს თანამშრომლები. ლიდერები თავიანთი გუნდის წევრებს აღწერენ, როგორც „სხარტს, გუნდურსა და საუკეთესოს“, ხოლო გუნდებს, როგორც „ღიას, სახალისოს და პროდუქტიულს“.

 

როგორც 360 გრადუსიანი შეფასების დროს ჩატარებული ინტერვიუები მიუთითებს, თანამშრომელთა უმრავლესობა პროფესიული და პიროვნული ზრდის მიზეზად გუნდებში გაწევრიანებას მიიჩნევს. საბოლოო ჯამში, გუნდურმა მუშაობამ ხელი შეუწყო გუნდის წევრების ინდივიდუალური გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას; თანამშრომლების გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევების შეძენას და განვითარებას; მათი ახალი უნარებისა და შესაძლებლობების, ტალანტის აღმოჩენას; ტოლერანტული დამოკიდებულების განვითარებას  განსხვავებული აზრის ან შეხედულების მიმართ; თანამშრომლობის განვითარებას, რაც გამოვლინდა  ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების სახით. ინფორმაციის იდეების, შეხედულებების ურთიერთგაცვლას, მიზნის  სხვადახვა პერსპექტივიდან დანახვას, შესაძლებლობების და რისკების შეფასებას.

 

3. თანამშრომელთა მხრიდან ინიციატივისა და კრეატიული იდეების წარმოშობა

 

გუნდური მუშაობის შედეგად თითოეული თანამშრომელი გაცილებით გახსნილი გახდა. მათი მხრიდან გაცილებით იმატა ახალი პროექტების ინიცირებამ. ისინი თავისთვის სანდო და საიმედო გარემოში – სამუშაო გუნდებში – ახდენენ საკუთარი იდეების გამოხატვას, ეს კი მათ თავდაჯერებულობას მატებს და არწმუნებს, რომ კრეატიული და ინიციატივიანები არიან. შემდგომში კი, ისინი უკვე ახერხებენ კრეატიულობის გამოვლენას არა უშუალოდ სამუშაო გუნდებში, არამედ მის გარეთაც. სწორედ ინიციატივა და კრეატიულობა არის ის ორი მახასიათებელი, რომელიც თანამშრომელთა გასული წლის შეფასებებთან შედარებით არის გამოკვეთილი.

 

ცხადია, გუნდების მართვას გარკვეული ხელშეწყობა ესაჭიროება. მიზანშეწონილია შესაბამისი გარემოს, პროცედურისა და სამოტივაციო სისტემის შექმნა. მხოლოდ აღნიშნული პირობების შემთხვევაში შეძლებს გუნდი კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნას. იმისთვის, რომ შეხვედრა იყოს პროდუქტიული, მნიშვნელოვანია შეიქმნას და შენარჩუნდეს ფოკუსი როგორც გუნდის წევრებზე, ისე ამოცანაზე. ამისთვის შემუშავებულია მთელი რიგი პრაქტიკული რეკომენდაციები და ნაკრები ორგანიზაციული ინსტრუმენტებისა, რომელიც  გუნდს ეხმარება.

 

,,ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რამაც გუნდის მუშაობას შეუწყო ხელი არის ის, რომ ჩვენ ერთობლივად ნათლად გავწერეთ გუნდის ყველა აქტივობა, ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ გუნდის სხვადასხვა საქმიანობის შესახებ ცოდნა. ამდენად, გუნდის ყველა წევრისათვის ნაცნობია პროცედურები, რაც საჭიროა კონკრეტული აქტივობისათვის, გამომდინარე აქედან საკმაოდ მარტივად ვახერხებთ ერთმანეთის ჩანაცვლებას და სამუშაოს გადანაწილებას.“

 

ბუნებრივია, გუნდში არსებობენ აქტიური და პასიური წევრები, თუმცა, მათი გუნდში გაწევრიანება თუ შესაბამისი მიზნით  მოხდება, თავიდან ავირიდებთ პასუხისმგებლობიდან გაქცევას და პასიურობას რომელიმე გუნდის წევრისგან. ეს უკვე გუნდის ლიდერის ეფექტიან მუშაობაზეა დამოკიდებული.  გარდა ამისა, შესაძლოა ზოგიერთი თანამშრომელი უფრო ეფექტური იყოს დამოუკიდებლად მუშაობისას და გუნდში მუშაობით ვერ ახდენდეს საკუთარი უნარების გამოვლენას. ასეთ შემთხვევაში  შესაძლებელია მისი შრომითი ეფექტიანობისა და შრომითი კმაყოფილების შემცირება.  ამიტომ გუნდური მუშაობისას მნიშვნელოვანია გუნდის თითოეულ წევრს კარგად ესმოდეს თავისი როლი და ჰქონდეს სამუშაო პროცესში სრული ჩართვის შესაძლებლობა.

 

შესაბამისად, თუ წინასწარ გათვალისწინებულ იქნება ის სირთულეები, რაც გუნდურ მუშაობას შესაძლოა ჰქონდეს, შესაძლებელი ხდება ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. საბოლოო ჯამში კი,  სხვა თანამშრომლებთან, გუნდთან ერთად  უფრო ადვილია სირთულეების გადალახვა, და უფრო სასიამოვნოა წარმატების აღნიშვნა. გუნდთან ერთად მუშაობა არა მხოლოდ მეტ პროდუქტიულობას განაპირობებს, არამედ მისი თითოეული წევრისთვის სასიამოვნო გამოცდილებად შეიძლება გადაიქცეს – ერთად მუშაობის, ურთიერთდახმარების, პასუხისმგებლობის, სირთულეების ერთობლივი გადალახვის სასიამოვნო გამოცდილებად.