GEO ENG
GEO ENG

სტატიები

გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო

რაც დრო გადის სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე მისი ემოციური დამოკიდებულება პროდუქტის თუ მომსახურების ვტორის, მწარმოებლის, მომწოდებლის მიმართ.

 

გაიგებდით, ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს, ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს Facebook-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი, რომ ისინი, რასაც იწყებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს.

 

 

არასდროს ყოფილა ყურადღების მიქცევა და მერე მისი შენარჩუნება ისე ძნელი, როგორც დღეს. და ასევე – ასეთი მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრ ინდუსტრიაში სწორედ ის, თუ რამდენად იქცევს თქვენი კომპანია ყურადღებას, რამდენად საინტერესოა ის მომხმარებლისთვის და საზოგადოებისთვის – განაპირობებს წარმატებას. არადა ძალიან ძნელია, რამით გააკვირვო, გააოცო, აალაპარაკო შენზე შენი მომხმარებელი დღეს. ამის გარეშე წარმატების მიღწევა სულ უფრო რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი ხდება.

 

იყო დრო, როცა დაბალი ფასები იყო მნიშვნელოვანი მომხმარებლის გულის მოსაგებად, იყო დრო, როცა პროდუქტის და მომსახურების სტაბილური ხარისხი გახდა უფრო გადამწყვეტი, დივერსიფიკაცია, შემდეგ დიზაინი. ინდუსტრიების მიხედვით განსხვავებული ფაქტორები სხვადასხვა დროს ახდენდნენ გავლენას შედეგებზე. თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრი ადვილი ხდება ნებისმიერი მიგნების, აღმოჩენის გამეორება. პროდუქტის და მომსახურების კალკირება, სტრატეგიების კოპირებაც კი. იცვლება მომხმარებლის დამოკიდებულებაც პროდუქტების მიმართ. მათთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მწარმოებელი, მისი ხასიათი, თვისებები, ქცევა. რაც დრო გადის სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე მისი ემოციური დამოკიდებულება პროდუქტის თუ მომსახურების ავტორის, მწარმოებლის, მომწოდებლის მიმართ.

 

ამ პირობებში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თქვენი უნარი მიიქციოთ ყურადღება და შეინარჩუნოთ ის დიდი ხნის განმავლობაში. იყოთ საინტერესო მომხმარებლისათვის, როგორც კომპანია, იცოდეს თქვენზე, მოსწონდეს და აინტერესებდეს ის, რასაც აკეთებთ, როგორც აკეთებთ, როგორც ფიქრობთ და მოქმედებთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჰქონდეს მოლოდინი და იცოდეს, რომ თქვენთან ყოველთვის ახალი და საინტერესო რაღაცეები ხდება, აინტერესებდეს, რა იქნება შემდეგ, კიდევ რას მოიფიქრებთ ახალს, გამაოგნებელს, აღმაფრთოვანებელს, ისეთს რაზეც გაოცებით, ანთებული თვალებით მოუყვება მეგობრებს და კოლეგებს, ისეთს, რომლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მოთხოვნილება მასში, მინიმუმ, რამოდენიმე დღეს მაინც გასტანს. ეს არის ის, რაც წარმატებას უზრუნველყოფს დღეს. ის, რისი, გამეორებაც, რისი კალკირებაც შეუძლებელია. რაც თქვენ უნიკალურს და საინტერესოს გაგხდით.

 

რამდენი ქართული ორგანიზაცია გახსენდებათ ისეთი, რომელზეც ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ისინი საინტერესოები არიან ვიღაცისთვის. საინტერესოები თავიანთი მიგნებებით, აღმოჩენებით, გამონათებებით. ისეთები, რომლებიც ყურადღებას იქცევენ და ინარჩუნებენ დიდი ხნის განმავლობაში. ისეთები, ვინც მუდმივად აოცებენ, სიამოვნებას და სიხარულს ანიჭებენ მომხმარებელს, განუმეორებელ ემოციებს უღვიძებენ, რაც მერე, დიდი ხნის განმავლობაში, მომხმარებლების მხრიდან მათ მიმართ დადებით, თბილ, ლოიალურ დამოკიდებულებას განაპირობებს.

 

მე, პირადად, სულ რამოდენიმე მაგალითი მახსენდება ასეთი: ჯეოსელი თავისი უნიკალური სარეკლამო კამპანიებით, ახალ–ახალი წარმატებული პროექტებით, ახალ–ახალი პროდუქტებით და მომსახურებით, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი ხარისხით, მასშტაბურობით, მიზანმიმართულობით და რაც მთავარია, თითქმის ყოველთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია.

 

საქართველოს ბანკი გურგენიძის დროს, იყო რაღაცა სრულიად ახალი (არამარტო საბანკო სისტემისთვის), თავისი ამბიციური წამოწყებებით, ენერგიული და რადიკალური ნაბიჯებით, ახალი პროდუქტებით, პრომო–პროექტებით, აქციებით, კამპანიებით.

 

ჯიპისი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ინოვაციურობით, ზღარბი ბარათით, “წითელი ა”-თი  სტუდენტური ბიზნეს თამაშებით, მუდმივი ექსპერიმენტებით, მუდმივი, ახალ-ახალი საინტერესო წამოწყებებით.

ალბათ კიდევ “სტანდარტბანკი”, რომელიც შეიძლება რაღაც ნაწილში გაუგებარი იყო ცოტა, მაგრამ საინტერესო იყო ცალსახად და მუდმივი სიახლეებით, საინტერესო წამოწყებებით სულ უფრო იპყრობდა მომხმარებლის და საზოგადოების ყურადღებას (თუმცა არ დასცალდა). რასაც ვერ ვიტყვით მის სამართალმემკვიდრეზე, რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო დაჟინებით ითხოვს “დაინტერესდითო” არადა ამისათვის ხომ ჯერ რამით საინტერესო უნდა იყო?

 

არ ვიცი, კიდევ გახსოვთ თუ არა, მაგრამ “სანეტი” ინტერნეტპროვაიდერი, რომლის კარადაც კი სატელეფონო კვანძში განსხვავებული იყო სხვა დანარჩენისაგან, თავისი ძალიან შემოქმედებით ვებ–სტუდიით და ახალ–ახალი პროდუქტებით, საინტერესო გადაწყვეტილებებით.

 

ალბათ, კიდევ არიან აქა–იქ, მაგრამ ძალიან მიჭირს მათი გახსენება. ბევრი შეიძლება განაწყენდეს, ჩამოთვალოს, კი მაგრამ ჩვენ აი ეს გვქონდა, აი, ეს გავაკეთეთ, ეს დავნერგეთ, ეს კამპანია ჩავატარეთ. როგორ არ ვართ საინტერესოო, თუმცა მე ერთ რიგით მომხმარებელს არ მახსენდება. იქნებ თქვენ გაიხსენოთ.

 

სინამდვილეში კი, იმისათვის, რათა მიიქციო ყურადღება და შეინარჩუნო ის, არ არის საკმარისი ერთი კონკრეტული წამოწყება, თუნდაც ხუთი, თუნდაც ათი, ერთადერთი გზა ამისათვის არის გქონდეს კონვეერი – რომელიც მუდმივად აწარმოებს რაღაცა ახალს და საინტერესოს. მანქანა, რომელიც პერმანენტულად იგონებს და ნერგავს საოცარ იდეებს, ისეთი სიახლეებით ანებივრებს მომხმარებელს, რომელზეც მერე ისინი დიდ ხანს და აღტაცებით საუბრობენ. ერთჯერადი ცვლილება, როგორი უნიკალური და წარმატებულიც არ უნდა იყოს ის, არ არის საკმარისი შედეგისათვის, აუცილებელია ასეთი სიახლეების უწყვეტობა, რის გარეშეც შეუძლებელი ხდება, დარჩე ყურადღების ცენტრში. ამ უკანასკნელის გარეშე კი წარმატება სულ უფრო მყიფე და ცვალებადი ხდება.

 

სამი ძირითადი ჯგუფი არსებობს საკითხების, სადაც ასეთი სიახლეების, მიგნებების და აღმოჩენების მუდმივი ძიებაა საჭირო. გარეგნული გამოხატულებები, პროდუქტები და მომსახურება, აგრეთვე აქციები, რეაქციები თუ კამპანიები, ერთჯერადი პროექტები და ინიციატივები, რომლებიც, შესაძლოა, თქვენს უშუალო საქმიანობის სფეროს პირდაპირ არც კი უკავშირდება. ამ სამი მიმართულებით ნაპოვნი ორიგინალური იდეები შეიძლება გახდეს, მომხმარებლისა და საზოგადოების მხრიდან, თქვენს მიმართ მუდმივი ინტერესის წყარო.

 

გარეგნული გამოხატულებები, სადაც ყურადღების მიქცევის ბევრი შესაძლებლობება, მრავალ კომპონენტს მოიცავს, სახელი, ლოგო, სლოგანი, ინტერიერი, ექსტერიერი, ვებსაიტი, სარეკლამო კამპანია და ა.შ. ის ველებია, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებაში ახალი აღმოჩენის გაკეთება და შთამბეჭდავი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. ალბათ გახსოვთ ალფა ბანკის სარეკლამო კამპანიები. მათ შორის რამოდენიმე წლის წინანდელი, რომელიც აგებული იყო იდეაზე “ბანკი ყველა მომხმარებელთან ნახულობს საერთო ენას”, უნიკალური სარეკლამო კლიპების მთელი ჯგუფი, რომლებიდანაც თითოეული დიდხანს დარჩება, ნახვის შემდეგ, თქვენს მეხსიერებაში, გასული წლის კამპანია “სიმართლის თქმა მომგებიანია”, ასევე უნიკალური სერია, რომელიც ახდენს ეფექტს. ჯეოსელის სარეკლამო რგოლები “გურამმმმ”, “ხო თბილისში ხარ ბიჭო?”, “აგარაკიდან მოულოდნელად დაბრუნებული მშობლები”, ალბათ, ყველას ახსოვს, ვინც ერთხელ მაინც ნახა. ფარმაცევტებმა იციან, სწორად ნაპოვნი სლოგანი პრეპარატის წარმატებული დანერგვის უდიდესი ნაწილია. ასევე ადვილი მისახვედრია „ზღარბი ბარათის“ სახელი და დიზაინი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი წარმატებისთვის. მოკლედ, გარეგნული გამოხატულებები ის სფეროა, სადაც ფანტაზიის ასპარეზი შეუზღუდავია, სადაც მხოლოდ იმაზე უნდა წუხდეთ, რომ ყოველთვის ახალი და საინტერესო იყოთ, ეცადოთ, არ გაიმეოროთ ის, რაც უკვე არსებობს, არამედ მიაგნოთ ახალს, ისეთს, რაც მიიქცევს ყურადღებას და დიდხანს დაამახსოვრდება მომხმარებელს.

 

სიახლეები პროდუქტებში და მომსახურებაში, სფერო, სადაც ასევე ამოუწურავი შესაძლებლობები არსებობს,სადაც სიახლის ინდივიდუალური ეფექტურობა და ეფექტიანობა ბევრად უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი პერმანენტულობა და კომპლექსური ეფექტი, სადაც თუ შექმენი მოლოდინი, რომ შენთან სულ უფრო ახალ და საინტერესო რაღაცეებს შეიძლება ველოდეთ,  რომ შენი პროდუქტი თუ მომსახურება ხვალ უფრო კომფორტული, საინტერესო, სასარგებლო, სასიამოვნო იქნება, ეს ყველაზე დიდი პროდუქტია, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ორგანიზაციამ შექმნას. მუდმივად ახლის მოლოდინი, დაბადებული უკვე გადადგმული ნაბიჯებით, არის ყველაზე დიდი შედეგი, რომელსაც შეიძლება, რომ ორგანიზაციამ პროდუქტებსა და მომსახურებაში მიაღწიოს დღეს.

 

“საქართველოს ბანკის” ახალი პროდუქტების რამოდენიმე წლის წინანდელი ტალღა, რომლითაც მან ახალი სული ჩაბერა მიძინებულ საბანკო სისტემას, შესაძლოა, ცალკეული ცვლილებების ჭრილში, ისე ეფექტური არ ყოფილიყო, მაგრამ კომპლექსში მან, ბანკის მიმართ, დიდი ინტერესი და  კიდევ უფრო საინტერესო სიახლის მოლოდინი გააღვიძა, რამაც, ეს ერთ დროს მიძინებული ორგანიზაცია, ერთ-ორ წელიწადში მაგნიტივით მიმზიდველი გახადა.

 

მოკლედ, ეძებეთ სიახლეები პროდუქტებში და მომსახურებაში და გახსოვდეთ, რომ ისინი არა იმდენად ინდივიდუალურად არიან შედეგიანი, არამედ კომპლექსში; მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებელში და საზოგადოებაში კიდევ უფრო საინტერესო სიახლის მოლოდინს ქმნიან. სწორედ, ამ კონტექსტში დაგეგმილი საპროდუქტო სტრატეგია შეიძლება იყოს გარანტირებულად მომგებიანი დღეს და არა ერთი უნიკალური, გადამრჩენი და ამყვავებელი პროდუქტის, თუ მომსახურების ძიება.

 

და ბოლოს, აქციები, გარემოს ცვლილებაზე რეაქციები, პროექტები, პროგრამები და კამპანიები, რომლებიც, შესაძლოა, პირდაპირ თქვენს საქმიანობას არც უკავშირდება, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავია, გამაოგნებელი, აღაფრთოვანებს და იზიდავს მომხმარებელს, რომ იწვევს ინტერესს, იქცევს ყურადღებას. ადამიანებს უჩნდებათ რწმენა, რომ ამ კომპანიის პროდუქტი და მომსახურება არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და გრძნობენ კიდეც განსხვავებას კონკურენტებთან შედარებით მაშინაც კი, როდესაც ეს განსხვავება სინამდვილეში არც თუ ისე დიდია, ან საერთოდ არ არსებობს.

 

ყველაზე კარგი მაგალითი, რაც ახლა მახსენდება, არის ჯეოსელი თავისი უნიკალური ჯეოსტარით, შოუთი რომელმაც შეცვალა ტენდენცია ესტრადაზე და შექმნა ვარსკვლავები მაშინ, როცა თითქმის აღარცერთი „ვარსკვლავი“ ადრინდელივითი აღარ ანათებს. პროექტი, რომელმაც ჯეოსელი სახალხო და საყვარელ კომპანიად აქცია. რის გამოც იღებდნენ ნომრებს, დებდნენ დეპოზიტს და მერე რეკავდენ და უმესიჯებდნენ საკუთარ ფავორიტებს. ერთია რამდენად აგრძელებდნენ ისინი მერე ამ ნომრის გამოყენებას, მაგრამ თვითონ მიღწეული შედეგი ხომ ცალსახად შთამბეჭდავია?

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, როგორც ზემოთ უკვე რამდენიმეჯერ მოვასწარით აღნიშვნა ცვლილებების, სიახლეების პერმანენტულობაა. სწორედ ის, თუ როგორ ახერხებს და აღწევს ამას, კომპანია განსაზღვრავს მის მიმართ მზარდ ინტერესს. ამისათვის საჭიროა რაღაც, თუნდაც უმარტივესი, მაგრამ გარკვეული სისტემის არსებობა. სისტემის, რომელიც აერთიანებს ადამიანს, ადამიანებს ან პროცესებს, რომლებითაც ისინი მოქმედებენ და საშუალებებს, რომლებსაც ისინი ამ მოქმედებებისას იყენებენ. ყველაზე მარტივი ასეთი სისტემა შეიძლება გულისხმობდეს ერთ თანამშრომელს, რომელიც, შესაძლოა, პარალელურად რაღაც სხვა ფუნქციებსაც კი ასრულებდეს.

 

ა)  გამოარჩიეთ ყველაზე შემოქმედებითი, მოუსვენარი და საინტერესო ტიპი;

 

ბ)  სთხოვეთ მას იფიქროს ამ სამი მიმართულებით ისეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობებზე, რომელიც თქვენთვის მისაღები ბიუჯეტის ფარგლებში, თქვენი კომპანიის მიმართ ინტერესს გააჩენს და გააძლიერებს;

 

გ) თვეში ერთხელ მაინც, სასურველია ერთი და იმავე დღეს, აუცილებლად შეხვდით და გამოკითხეთ რა იდეები აქვს, რა შესაძლებლობები არსებობს და ეცადეთ მისცეთ მათ შორის ყველაზე საინტერესო და ორიგინალური მოსაზრებების განხორციელების შესაძლებლობა.

 

ასეთი ნაბიჯების უწყვეტობა დროში აუცილებლად გამოიწვევს ინტერესს მომხმარებლებში, იმის იმედს, რომ თქვენგან ყოველთვის ახალს და საინტერესოს უნდა ელოდებოდეს. ეს კი, დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ გაგხდით უფრო საინტერესოს, მიმზიდველს და შესაბამისად წარმატებულს.