GEO ENG
GEO ENG

სტატიები

გადამდგარი მენეჯერის წერილი

მე გადამდგარი მენეჯერი ვარ. ერთ ხანს იმ ადგილზე ვმუშაობდი, რაზეც შენ ახლა ხარ. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, გაგიზიარო ჩემი გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, გაგიადვილოს შენი მოვალეობის უკეთ შესრულება, რათა არ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც მე დავუშვი, მიაღწევინო ორგანიზაციას უკეთესი შედეგებისთვის, გყავდეს უფრო მეტად კმაყოფილი კლიენტები და უფრო მოტივირებული თანამშრომლები, საერთოდ იყო უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე მე.

 

ზოგადად მინდა გითხრა, რომ შენ მნიშვნელოვანი მოვალეობა დაგეკისრა. ახლა მხოლოდ შენი თავი აღარ გაბარია – არამედ თანამშრომლები, დამფუძნებლები, კლიენტები და საერთოდ მნიშვნელოვანი როლი გაქვს საზოგადოებაში.

 

გავაანალიზე განვლილი პერიოდი და ამოვარჩიე შენთვის ის რამოდენიმე რჩევა, პირველი ნაბიჯების უკეთესად გადადგმაში რომ შეიძლება დაგეხმაროს:

 

 

პირველი რჩევა – რატომ არსებობს ეს ორგანიზაცია?

 

ყველაზე მთავარი, რაზეც ფიქრი პირველივე დღიდან უნდა დაიწყო არის: რატომ შეიქმნა ეს ორგანიზაცია, რატომ არსებობს და რატომ მოდიან კლიენტები, რატომ იხდიან ისინი საფასურს შენი ორგანიზაციის პროდუქტში ან მომსახურებაში. ეს ის კითხვაა, რაზეც სწორი პასუხების ძებნაში დროის დაკარგვა არ უნდა დაგენანოს. რაც შეიძლება ბევრი ესაუბრე დამფუძნებლებს, თანამშრომლებს, რათა დაინახო, თუ რა ძირითად სარგებელს ქმნიან ისინი კლიენტებისთვის. ესაუბრე კლიენტებს, რომ დაინახო ის რეალური მიზეზები, თუ რატომ მოდიან ისინი ამ ორგანიზაციაში. ჰკითხე შენს მეგობრებს და ნაცნობებს, თუ რას ფიქრობენ და რა გაუგიათ მათ ამ ორგანიზაციის შესახებ.

 

იცოდე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და სწორი პასუხის პოვნა აუცილებელია, რათა მომავალში არ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კომპანიის გრძელვადიანი არსებობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. ასევე ეს გახდება ბევრი ახალი და რაც მთავარია, სწორი იდეის მნიშვნელოვანი წყარო.

 

 

მეორე რჩევა – არ მოერიდო რადიკალურ გადაწყვეტილებებს

 

გახსოვდეს, შენგან სიახლეებს ელოდებიან. არავინ მოჰყავთ კოსმეტიკური ცვლილებებისთვის. შენგან რადიკალურ და რევოლუციურ ნაბიჯებს ელიან. ელიან, რომ მიიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც ძირეულად შეცვლის ორგანიზაციას. ამიტომ არ დაკარგო დრო დეტალებზე და არ შეგეშინდეს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილებები სტრატეგიაში, ორგანიზაციულ სტრუქტურაში, პროდუქტებში, მიზნობრივ ბაზრებში და გაყიდვების არხებში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეეხება.

 

 

მესამე რჩევა – თავი შეიკავე ნაადრევი შეფასებებისგან

 

განსაკუთრებით მოერიდე თანამშრომლებთან დაკავშირებული შეფასებების გაკეთებას. მალე აღმოაჩენ, რომ ისინი, ვინც არ ჩანან, რეალურად უფრო ღირებულნი არიან კომპანიისთვის, ვიდრე ისინი, ვინც თავიდან ახდენენ დიდ ეფექტს. ყურადღებით იყავი, რომ არ დაუშვა შეცდომები. ეცადე შორს იყო მათგან, ვინც შენი მისვლიდან პირველ დღეებში ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ყველაფერი კარგადაა. ეცადე აღმოაჩინო და წაახალისო ის თანამშრომლები, რომელთაც დიდი სარგებელი მოაქვთ კომპანიისთვის. ამის დანახვა პირველივე დღეებში შეუძლებელია. ამიტომ არ იჩქარო და შეფასებები 2–3 თვის შემდეგ გააკეთე.

 

 

მეოთხე რჩევა – ბევრი იფიქრე როლების სწორად განაწილებაზე

 

ნუ ეცდები შენით გააკეთო ყველაფერი. პირველივე დღეებში დაინახავ, რომ ბევრი რამეა გასაკეთებელი. მალე დაინახავ, რომ ბევრ რამეზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს და არავის არ აქვს შეთავსებული ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. მაგრამ ეცადე გაუძლო ცდუნებას და დაიწყო ამ ყველაფრის შენი ძალებით კეთება. სჯობს გადაანაწილო ეს საქმეები სხვა სამსახურებზე, ან თანამშრომლებზე. არ მოერიდო შექმნა ახალი სტრუქტურები და პოზიციები მნიშვნელოვანი ფუნქციებისთვის. სჯობს იფიქრო უფრო მეტად იმაზე, თუ ვინ გადაწყვიტოს ესა თუ ის ამოცანა, ვიდრე თავად ამოცანის გადაწყვეტაზე.

 

 

მეხუთე, ბოლო რჩევა – დარჩი გარეთ, არ დაიკარგო შიგნით

 

ახალი მენეჯერის უპირატესობა, პირველ პერიოდში, მოვლენებისა და ზოგადად ორგანიზაციის გარე თვალით დანახვის უნარია. რაც დრო გავა უფრო მეტად ჩაეფლობი ორგანიზაციის ყოველდღიურ ცხოვრებაში და პრობლემებში. ამით ნელ–ნელა დაკარგავ თავდაპირველ უპირატესობას. ამიტომ საჭიროა დროდადრო გაჩერდე და გარედან შეხედო მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია ასევე იმ ადამიანების აზრი, რომლებიც გარედან აკვირდებიან შენს ორგანიზაციას. ამიტომ ყოველთვის გამოიყენე შანსი, რათ ჰკითხო მოსაზრებები იმ ხალხს, ვინც არ მუშაობენ ორგანიზაციის შიგნით.

 

კიდევ ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, რადგანაც უფრო მეტი დავინახე ჩემი მოღვაწეობის პროცესში, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გითხარი. თანაც ვიცი, დრო ცოტა გაქვს და ამიტომ ამაზეც ვიზრუნე. შესაბამისად, შევეცადე მეთქვა მხოლოდ მნიშვნელოვანი და თანაც ლაკონურად. დანარჩენს შენითაც მიხვდები.

 

 

P.S. ეს რჩევები უფრო გამოუცდელი მენეჯერებისათვის არის, რომლებმაც ახლახანს დაიკავეს კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციები და ადრე ასეთ როლში არასდროს ყოფილან. რჩევა შეიძლება ისეთივე ღირებული იყოს განყოფილების, სამსახურის ან დეპარტამენტების ახლად დანშნული ხელმძღვანელებისთვის. ასე რომ, თუ შენს გარემოცვაში არიან ასეთები მათაც გაუზიარე შენს გამოცდილებასთან ერთად.